ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

30.04.2020 • 3004
რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა).

ასეთმა პირებმა 300-ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი გამოჩნდება.

ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია, ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:

[checklist]

  • ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში;
  • ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

[/checklist]

ვინც ბინას გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით აქირავებდა, ის სწორედ მეორე კატეგორიაში გადის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების ინსტრუქციის მიხედვით, კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს? – ინსტრუქციაში რამდენიმე შესაძლო ვარიანტია:

  • ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და რომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში (შესაბამისად ეს პირი ვერ მოხვდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ საკომპენსაციო პირთა სიაში) – აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;
  • პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაჰყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს – უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
  • პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაჰყავდა საჯარო სკოლაში და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს – უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
  • პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს – უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი
    (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);
  • პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს – უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი);
  • პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე – კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება.

ზემოთ აღნიშნულმა თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. ეს ფორმა კი სამინისტროს პორტალზე 2020 წლის 15 მაისიდან გაიხსნება.

თვითდასაქმებულებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – info@rs.ge, ტ.: 2 299 299.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: