მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

30.04.2020 • 1552
ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს.

„დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა.

კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების შედეგად ახალი შემთხვევების შკალაზე პლატო ან კლება შეინიშნება, იტალიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ესპანეთს დადასტურებული შემთხვევების კვლავ მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში – ბელარუსში, რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში.

ევროპის რეგიონში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Covid19-ის შემთხვევების ჯამური რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და 1 480 266 შეადგინა, სიკვდილიანობა ამავე პერიოდში +18%-ით (129 344 გარდაცვალება) გაიზარდა.

„ჯანმოს ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, რომლებმაც დააწესეს შიდა შეზღუდვები, 21-მა უკვე დაიწყო ამ ზომების შემსუბუქება და კიდევ 11 აპირებს ამის გაკეთებას უახლოეს დღეებში. ეს ვირუსი უმოწყალოა. უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, დაჟინება და მოთმინება, უნდა ვიყოთ მზად, რომ კვლავ  გავაძლიეროთ ზომები, როგორც და როდესაც ეს საჭირო იქნება,”- თქვა კლუგერმა.

დღეს სამი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

_____________

ფოტო: CNN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: