მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

30.04.2020 • 3013
ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

„…განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პაციენტი, რომელიც პირველი გამოჯანმრთელდა: ყველას უხაროდა, ექიმებს, ექთნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტებს… მანამდე სტრესი გაცილებით დიდი იყო. გამოჯანმრთელებული ადამიანი როცა ვნახეთ, ამან დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო დიდი ინტერესით შევუდექით საქმეს,“ – გვიყვება სტუდენტი შოთა მესხიძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის კიდევ 5 სტუდენტთან ერთად კლინიკა „მედალფაში“ მოხალისედ 27 მარტიდან მუშაობს. ამ კლინიკაში Covid 19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ბსუ-ს 6 სტუდენტი კარანტინის რეჟიმში მუშაობს და კლინიკიდან გასვლის უფლება მხოლოდ იქვე მდებარე სასტუმროში აქვთ, სადაც ისვენებენ. სტუდენტები მოხალისეებად სხვადასხვა ცვლაში 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, შემდეგ კი, 24 საათს ისვენებენ.

ანა ასამბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

„თავიდან იყო სირთულე – ექსტრემალური სიტუაცია გვქონდა,“ – განაგრძობს შოთა მესხიძე და იმ დღეს იხსენებს, როცა პირველი მძიმე პაციენტი მოათავსეს „მედალფაში“. დღემდე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა – „პირველ პაციენტს ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მოგვიწია ხელოვნური ვენტილაციის ჩართვა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩვენც ამოვისუნთქეთ, ის დღემდე მართვით სუნთქვაზეა…“

მოხალისე ანა ასამბაძე გვიყვება, რომ დიდხანს არ უფიქრია, როცა უნივერსიტეტის დეკანმა მედიცინის მიმართულების ყველა სტუდენტს მოხალისეობა შესთავაზა.

„სხვებმა თავი შეიკავეს, ალბათ, რისკების გამო… მე მინდოდა აქ ყოფნა და ოჯახმაც მხარი დამიჭირა, უსაფრთხოებას ვიცავთ მუდმივად, ყველას აღჭურვილობა გვაქვს და ყველა პროცედურას ვიცავთ,“ – ამბობს ანა ასამბაძე.

შოთას კი, მოხალისეობის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მას შემდეგ უთქვამს, როცა  ის კლინიკაში მივიდა.

შოთა მესხიძე, ბსუ-ს სტუდენტი

„უცებ მივიღე გადაწყვეტილება ღამით, ღამითვე მივწერე დეკანს პასუხი და დილით უკვე აქ მოვედი…“ – გვიყვება შოთა მესხიძე.

სტუდენტების თქმით, მათ ექიმები სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაში რთავენ, ასევე ეხმარებიან პაციენტებს კვებასა და მოწესრიგებაში. ანა ასამბაძე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო პაციენტებთან ურთიერთობაა.

„ძირითადად ოჯახებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვენატრება ოჯახის წევრები… ვლაპარაკობთ მსოფლიო მოვლენებზე, სად რა სიტუაციაა პანდემიის კუთხით, დრო ერთად გაგვყავს… პაციენტებიც ინტერნეტში ნახულობენ ხშირად სიახლეებს. პირველი ორი დღე ყველა სტრესშია და უჭირს, შემდეგ ეს სტრესი ეხსნებათ. ჩვენ ფსიქოთერაპიასაც ვცდილობთ მათთან,“ – ამბობს ანა ასამბაძე.

ანას რეანიმატოლოგობა აქვს გადაწყვეტილი, შოთას – ქირურგობა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ცოდნა, რაც მოხალისეობის დროს მიიღეს, მნიშვნელოვანია მათი სამომავლო საქმიანობისთვის.

როდის დატოვებენ მოხალისეები კლინიკას? – სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ისინი კლინიკას ბოლო პაციენტთან ერთად დატოვებენ.

„გააჩნია, მოსახლეობა რამდენად გაითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციებს და რამდენად იქნება ახალი შემთხვევები,“ – გვითხრა ანა ასამბაძემ.

„ბოლომდე ვრჩებით, ვიდრე ბოლო პაციენტს არ გაწერენ,“ – ამბობს შოთა მესხიძე.

___

მთავარი ფოტო: BSU ვებგვერდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: