მთავარი,სიახლეები

ტრამპი აცხადებს, რომ Covid 19 ჩინური ლაბორატორიიდანაა, აშშ-ს დაზვერვა არ ეთანხმება

01.05.2020
ტრამპი აცხადებს, რომ Covid 19 ჩინური ლაბორატორიიდანაა, აშშ-ს დაზვერვა არ ეთანხმება

ტრამპი აცხადებს, რომ ნახა მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიგონეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსი. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ან ვერ შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება, ან მიიჩნიეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ნახა თუ არა მან სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსის წყარო ნამდვილად უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ სარწმუნო მტკიცებულებები აქვს.

„მათ შეცდომა დაუშვეს, შეიძლება ყველაფერი მართლაც შეცდომით მოხდა, მაგრამ მათ შეცდომას კიდევ შეცდომა დაუმატეს – ან ვინმემ ეს სპეციალურად გააკეთა“, – ამბობს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ეროვნული დაზვერვის აპარატის დირექტორის ოფიციალური პატაკის მიხედვით, რომელიც დაზვერვის საქმიანობას აკონტროლებს, დაზვერვა მივიდა დასკვნამდე, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი ვირუსი არ არის და არც გენეტიკურადაა მოდიფიცირებული.

ამერიკის დაზვერვის სამსახურები, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ეთანხმებიან მეცნიერთა უმრავლესობის დასკვნებს, რომ ვირუსი ბუნებრივ პირობებში გაჩნდა და შემდეგ გადაეცა ადამიანს.

ეს ამერიკის სპეცსამსახურების პირველი ოფიციალური პასუხია შეთქმულების თეორიაზე, რაზეც საუბრობენ როგორც ამერიკაში, ასევე ჩინეთშიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: