ბათუმში ახალი გაზსაცავების მოწყობის გზშ-ის საჯარო განხილვა 7 აპრილსაა ჩანიშნული

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს, რომელთა მოცულობა ჯამში 21 000 კუბ/მ იქნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ მომზადებული გზშ-ს განხილვა 2019 წლის 7 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მისამართზე – ბათუმი, იუსუფ ფაღავას N 69.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე მხოლოდ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე ჩანიშნული სხვა ანალოგიური საჯარო განხილვები გადადო [გაურკვეველი ვადით].

„საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმში 7 აპრილს დაგეგმილი საჯარო განხილვა კი ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. ამასთან, წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თბილისში, ან ელფოსტით.

ამ თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

 

ბათუმის ინფექციურში შეყვანილ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში შეყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ორი პირი დღეს შეიყვანეს კარანტინის ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში მცირე ცხელებით და მსუბუქი სიმპტომატიკით. COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ისინი კვლავ საკარანტინო ზონას დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით იმყოფება, მისი მდგომარეობა, ბოლო მონაცემებით, დამაკმაყოფილებელია.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 81. 

ვენეციის არხებში წყალი გასუფთავდა და თევზი დაბრუნდა

კორონავირუსის პანდემიის გამო იტალია 10 მარტიდან კარანტინში იმყოფება, ქალაქები თითქმის ცარიელია, მოსახლეობა სახლში რჩება, დაიკეტა დაწესებულებები, შეწყდა გადაადგილება.

ერთი კვირა გავიდა და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქში, ვენეციაში, ცნობილ არხებში წყალი გასუფთავდა და თევზიც კი გამოჩნდა, რომელიც ვენეციელებს წლებია არხებში არ უნახავთ.

წყალში თევზი გამოჩნდა. წყარო: twitter

ვიდეო: ამერიკის ხმა

___________

მთავარ ფოტოზე: ვენეცია. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANDREA BUOSO

გვექნება მექანიზმი, რომ ფასები შევინარჩუნოთ 7 ძირითად პროდუქტზე – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სურსათის მარაგის დეფიციტი არ აქვს:

„შეკვეთები გზაშია, ამინდის გამო რთულდება ფოთში ჩამოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტზე, ამინდის გამო, არის სირთულეები. ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი  მანქანა დგას დღეს ლარსზე, რადგან ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე არის შეზღუდული,” – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სურსათის მარაგი კონტროლდება და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ:

„სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელ რგოლთან კომუნიკაცია. ჩვენ ძირითადად სასურსათო პროდუქტებს ვამონიტორინგებთ, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებს (ეს არის 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი). მიწოდების მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტიურად უკონტროლო შესყიდვებს. ბევრ სუპერმარკეტსა თუ საცალო ობიექტში დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს ერთადერთი მიზეზითაა გამოწვეული, შეკვეთები გზაშია“.

მინისტრმა ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არ გამოიყენონ სიტუაცია სპეკულაციისთვის.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კრიზისული პერიოდის დროს ქვეყანაში შენარჩუნდეს  სტაბილური ფასები, რის გამოც ბიზნესსექტორთან შეთანხმების შემდეგ, იმუშავებენ სპეციალური მექანიზმით, რაც უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას იმ 7 ძირითად პროდუქტზე, რომელზეც ახლა ძალიან გაზრდილია მოთხოვნა.

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი ან/და მისგან წარმოებულ პროდუქტები.

„გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითადად სასურსათო პროდუქტზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის სავალუტო რისკები, იმისთვის, რომ ფასები შევინარჩუნოთ პირველადი მოხმარების ყველაზე კრიტიკულად მოთხოვნად, სასურსათო პროდუქტებზე. ეს მექანიზმი გულისხმობს საკურსო ფლუქტუაციის [მერყეობის] დაზღვევას, მაგრამ იმ პირობით, რომ ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებენ ეს ბიზნესები,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზების გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით – აცხადებენ გზების დეპარტამენტში

 

მთავარი ფოტო: ლანჩხუთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მინისტრი ავიაკომპანიების შესაძლო სუბსიდირებასა და მოქალაქეების ჩამოყვანაზე 

დღეს, 18 მარტს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ჰკითხეს, ხომ არ ხედავს მთავრობა ავიაკომპანიების სუბსიდირების საჭიროებას საქართველოს იმ მოქალქეების ჩამოსაყვანად, რომლებმაც ამ დრომდე ვარ მოახერხეს ქვეყანაში დაბრუნება.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა სუბსიდირების საკითხს განიხილავს კომერციული რეისების მდგრადობისთვის, იმ ზარალის შესავსებად, რომელიც კომპანიებს მიადგა პოტენციური მგზავრების დაკარგვის გამო, რაც უცხო ქვეყნის მოქალქეების ჩამოსვლის აკრძალვამ გამოიწვია.

ასეთ დანახარჯს სახელმწიფო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად მიიღებს, თუმცა, მინისტრის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბილეთები უფასო იქნება, ამ მხრივ იქნება მხოლოდ შეღავათები:

„სახელმწიფო მიდის ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო ზომებზე. ვეხმარებით, განსაკუთრებით ბიზნესის იმ ნაწილს, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ მილიარდიანი პაკეტით, ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაციაც, ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს მარტო ჩვენ არ გვეხება.

შეთანხმებულები ვართ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, გავწევთ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა სახის. ეს არის სუბსიდია არა რომელიმე კომპანიისთვის… თუმცა არც ამას მოვერიდებით დღეს,  ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით.

აქ საუბარი არ არის უფასო რეისებზე, საუბარია კომერციულ რეისებზე. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა, პოტენციური მგზავრები გამოაკლდნენ ამ კომპანიებს და რა თქმა უნდა, ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა იყოს შესაძლებელი. კომერციულად ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას  გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი.

ასევე გეტყვით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ბილეთების ფასი, რომელიც იწვევდა გარკვეულ კრიტიკას, იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი იყო, ასეთი თანამონაწილეობის შედეგად  დაიკლებს და იქნება ხელმისაწდომი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

„სენსესმა“ ინფექციურ საავადმყოფოს უფასოდ გადასცა საბნები და თეთრეული

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კომპანია „სენსესმა“ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს სტაციონარისთვის უსასყიდლოდ გადასცა საბნები, ბალიშები და თეთრეული, ჯამში 30 წყვილი.  კომპანიამ ამის ამსახველი ფოტომასალა თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

„ჩვენ ვგრძნობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოლიდარობას ვუცხადებთ სახელმწიფოს,“ – ამბობს „სენსესის“ წარმომადგენელი დავით ბერიძე.

მისივე თქმით, კომპანია „სენსესს“ საქველმოქმედო მიზნისთვის 100 კომპლექტი აქვს გამზადებული და მზადაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებს, უფასოდ გადასცეს.

კომპანია თავად უზრუნველვყოფს ტრანსპორტირებას.

სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის

გორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ „არასრულწლოვანი შვილის მიმართ  ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე  არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს,  ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ლ.ბ. – ს.,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებული ოჯახში ძალადობის, ასევე ოჯახის წევრის მუქარის მუხლებით გაასამართლეს.

 

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“.

„კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი მიიჩნევს, რომ ახლა ქართული პოლიტიკის მომავალი ერთგვარად იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და რა მასშტაბს მიიღებს იგი.

რა დამოკიდებულება ჩნდება ხელისუფლების მიმართ მსგავს ვითარებაში და რა პოლიტიკურ ფასს შეიძენს ის თემები, რომლებსაც ახლა „გვაპარებენ“? – „ბათუმელები“ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, თქვენი დაკვირვებით, როგორ აისახა „კორონავირუსი“ პოლიტიკურ ცხოვრებაზე? 

უკვე აისახა იმით, რომ ყურადღების ფოკუსი გახდა არა პოლიტიკა, არამედ სამედიცინო პოლიტიკა, ვირუსის უსაფრთხოება. ყურადღების ცენტრში აღარაა საარჩევნო სისტემა, ძალთა ბალანსი, პოლიტიკური პატიმრების თემაც კი ჩრდილში გადავიდა. ასევე, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადეს ხელისუფლების კრიტიკაზე გასაგები მიზეზების გამო, ანუ ეს არის ჟესტი, მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას არ აუშალონ ნერვები და მან იზრუნოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

  • თუ ასე გაგრძელდა, რა შეიძლება მოხდეს? როგორ აისახება ეს პროცესი პოლიტიკურ აქტორებზე? 

თუ ეს ვითარება შენარჩუნდა, რაც ახლა გვაქვს, ხელისუფლება აშკარად კიდევ უფრო მეტ პლუსებს დაიწერს ამომრჩევლის წინაშე, თუნდაც ეპიდემიოლოგიურ საზოგადოებაზე გავლით. მაგალითად, ვხედავთ, რომ არსებობს საყოველთაო ნდობა და პატივისცემა ამირან გამყრელიძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ, ვინც ამ კუთხით გადაწყვეტილებებს იღებს ან ახმოვანებს. გამოიკვეთა, რომ დღეს ყველაზე დიდი ნდობით ეს ჯგუფი სარგებლობს. ეს ხელისუფლების მიმართ ნდობასაც ზრდის, რადგან ეს ხალხი არ წარმოადგენს კერძო სექტორს, ისინი საუბრობენ სახელმწიფოს სახელით და ეს, ბუნებრივია, ხელისუფლების აქტივში იწერება.

  • ზოგადად ,მსგავს ვითარებაში, ანუ პანდემიის და ეპიდემიის დროს, რამდენად იზრდება ხალხის ნდობა ხელისუფლების მიმართ, რადგან ისაა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება. მაგალითად, ბრიტანეთში ფიქსირდება მზარდი უკმაყოფილება ჯონსონის ხელისუფლების მიმართ… ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებები, მაგალითად, იგივე გამკაცრებული ღონისძიებები სწავლის გაუქმებაზე ან საზღვრების ჩაკეტვაზე ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ვირუსი საქართველოში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს ჯერჯერობით, მაგრამ აქ არის დიდი ნაღმი ჩადებული – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია ეს პროცესი და უმუშევრობის მასშტაბი ახლა კიდევ უფრო იზრდება. კერძო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანი უკვე უმუშევარი დარჩა. უმუშევრობის პრობლემა და ზოგადად, სოციალური დაუცველობის დონე და ხარისხი კიდევ უფრო მწვავდება და იზრდება. ეს პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ვირუსის გავრცელება არ შეიზღუდება.

  • ეს მოცემულობა ხელისუფლებას ხომ არ მისცემს არგუმენტს, რომ ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და მარტივად პრობლემას ვერ მოაგვარებს? 

კი, ხელისუფლებას ექნება ობიექტური მიზეზი, ეს მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ადამიანზე, რომელსაც შია, შვილები ვერ გამოუკვებავს და სიღარიბეში, როგორც ჭაობში, ისე ეფლობა, ეს არგუმენტი ვერ იმუშავებს. ადამიანების პრეტენზია ამ დროს მიემართება ხელისუფლებისკენ, როგორც ძალაუფლების მატარებელზე. შესაბამისად, ხელისუფლება იტყვის, რომ ეს მისი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც მას მოსთხოვენ პასუხს.

ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვენ სოციალური დაცვის არაეფექტური პოლიტიკის გატარებაზეც. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში უზრუნველყვეს იმ ადამიანებისთვის ხელფასის გაცემა, ვინც ვირუსის გავრცელების გამო აღარ მუშაობს. ამ ქვეყნებში სახელმწიფო გახდა მედიატორი კერძო კომპანიებსა და ხალხს შორის. ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ მოახერხებს – უმუშევრობის შემწეობა არც გვაქვს და არც გვქონია. მეეჭვება, რომ უმუშევრობის კომპენსაცია მოხერხდეს, ანუ ხელისუფლება ვერ მოუვლის ამ მზარდ ეკონომიკურ კრიზისს და მზარდ სიღარიბეს. ეს არის ზუსტად „დენთის კასრი“ ხელისუფლებისთვის. მზარდი ნდობა, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს, შესაძლოა მარტივად გაიფანტოს მზარდი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

  • ამ ფონზე ხდება კონკრეტული თემების „გაპარებაც“. თქვენი აზრით, რის „გაპარება“ არ გამოვა? 

ეს არის კარგი პერიოდი, რომ რაღაც საკითხები გააპარონ. ვეღარ გააპარებენ, ცხადია, შეთანხმებას საარჩევნო მოდელზე, რადგან თითქმის ყველა ელჩის წინაშე დადეს ეს პირობა. მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების საკითხს გააპარებენ. უფრო შესაძლებელია, უგულავას შეწყალება მოხდეს, თუმცა ხელისუფლება კი არ აიღებს უშუალო პასუხისმგებლობას უგულავას გათავისუფლებაზე, არამედ სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ამას და ამ გზით აიცილებს „ქართული ოცნება“ ორთოდოქსული ამომრჩევლის რისხვას. პოლიტიკური ნიშნით სხვა დაკავებულების შემთხვევაში ეს არ მოხდება.

  • „აპარებენ“ აჭარის ტელევიზიასაც, სადაც „შავი პარასკევის“ სერია გრძელდება. მაგალითად, საპროტესტო აქციაც ვერ შედგა კორონავირუსის გამო. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან რაც არ უნდა მართალი იყო, თუ შენ დარჩი მარტო, არაფერი გამოვა. სიმართლე გზას გაიკვალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ხდება რეზონანსული. პროტესტი, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს, იმ შემთხვევაში გამოიღებს ნაყოფს, როცა ის მეტ-ნაკლებად მასშტაბური ხდება. ხელისუფლებას აქვს ერთგვარი კომფორტის ზონა, რადგან ახლა ადამიანებს აჭარის ტელევიზიისთვის არ სცხელათ.

  • ოპოზიციური პოლიტიკური აქტორებისთვის რა იცვლება? 

ოპოზიციას, თავის მხრივ, აქვს კარტბლანში, რადგან ის არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციას ოპოზიცია გამოიყენებს და ხელისუფლებასთან ექნება, მათ შორის, უტოპიური მოთხოვნები, მაგალითად, სესხების დაფარვა. გვახსოვს, წინა არჩევნებზე რა მოხდა, როცა პრობლემური სესხები დაფარეს… თუმცა ახლა ამ ეკონომიკური პრობლემის მასშტაბი შეუდარებლად მაღალი იქნება და ამის მოგვარებას ბიუჯეტი ვერ აიტანს, ვერც „ქართუ ბანკი“ გაწვდება. ამ თვალსაზრისით, ცხადია, ოპოზიციას ექნება პოლიტიკურად მომგებიანი გარემო.

  • რა როლს თამაშობს ამ პროცესში დრო? ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემია. 

თუ ეს პრობლემა, ვგულისხმობ ვირუსს, მალე მოგვარდება, მაშინ ხელისუფლებას ჯიბეში აქვს გამარჯვება, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა დიდხანს, ორი-სამი თვე და ასე შემდეგ და ამან გამოიწვია კრიზისი, შესაძლოა, ეს უკვე ხელისუფლებისთვისაც ძალიან მძიმე შედეგად მობრუნდეს არჩევნებზე.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 9 პროცენტს შეადგენს.

„იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ბანკის განცხადებით „იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს“.

იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.

„ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება.“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის დინამიკა:

გადაწყვეტილების მიღების თარიღი ძალაში შესვლის თარიღი საპროცენტო განაკვეთი, %
7/24/2019 7/25/2019 6.50
9/4/2019 9/5/2019 7.00
9/25/2019 9/26/2019 7.50
10/23/2019 10/24/2019 8.50
12/11/2019 12/12/2019 9.00
1/29/2020 1/30/2020 9.00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 19 მარტს, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდიან. ამ დროისთვის (14:20) ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 3.16 ლარი ღირს.

ლარის კურსი:

https://netgazeti.ge/news/434739/

რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა და ქალაქებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ.

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებმა მინიმუმ 1-2 მეტრის დისტანცია უნდა დაიცვან ერთმანეთისგან, თუმცა ბათუმის რამდენიმე მუნიციპალურ ავტობუსში ამ რეკომენდაციის დაცვა შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსები ხალხითაა სავსე.

„დღეს შედარებით ბევრი  მგზავრი იყო. ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს N12 ავტობუსს, რადგან გრძელ მარშრუტზე დადის, დანარჩენი ნომრები სავსე არ არის. კიდევ გავაკეთებთ მონიტორინგს,“ – გვითხრა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ბესო დათიაშვილმა.

მისივე თქმით, ავტობუსების დამატება გამორიცხულია, რადგან ბათუმს ამდენი მუნიციპალური ავტობუსი არ აქვს:

„ისედაც მაქსიმალურად დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ. თუ რამე არ შეიცვლება, დავფიქრდებით, რა როგორ გავაკეთოთ,“ – გვითხრა ბესო დათიაშვილმა.

მისივე თქმით, ავტობუსებში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია. „მაშინ ორი კაცი უნდა ავიდეს ავტობუსში ან საერთოდ უნდა გავაჩეროთ მოძრაობა.“

თუ არის რეკომენდაცია იმაზე, რომ ავტობუსში იმდენი მგზავრი იყოს, რამდენი სკამიცაა? – ამ კითხვაზე ბესო დათიაშვილი ამბობს, რომ მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაცია და აუცილებლობის გარდა, ტრანსპორტით არ გადაადგილდნენ.  „მეც ფეხით გადავადგილდები უკვე,“ – გვითხრა მან.

N17 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი დღეს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებით, მუნიციპალურ ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება. ავტობუსებში მძღოლის დაინფიცირების პრევენციის მიზნით კი, სივრცე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ლენტებით გამოყოფილი სივრცე

__________________

მთავარ ფოტოზე: N12 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში დღეს. მინდია ფუტკარაძის ფოტო

ბათუმის კლინიკებში ვიზიტორთა შესვლა შეიზღუდა

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა პაციენტების თანმხლები პირებისთვის და მნახველებისთვის შეზღუდულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითრეს, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კლინიკებმა შეზღუდვები ინდივიდუალურად დააწესეს.

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] არ უშვებენ პაციენტის თანმხლებ პირებს, პაციენტებს კი შენობის შესასვლელშივე უზომავენ სიცხეს და ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ.

„თუ კონსულტაციაზე მოსულ მოქალაქეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მას უკეთდება ნიღაბიც და ისე შედის ექიმთან. კლინიკაში საერთოდ არ დაიშვებიან მნახველები. თუ პაციენტის მდგომარეობა აინტერესებს ახლობელს, უშუალოდ ექიმი ჩამოდის ფოიეში და იქ ხდება შეხვედრა. ხოლო, თუ რაიმე გადასაცემი აქვთ პაციენტისთვის, ამას დაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ასევე, თუ ვინმე გაეწერება კლინიკიდან, მასთან გარეშე პირი არავინ შედის და მედპერსონალს ჩამოჰყავს,“ – გვითხრეს ბაუში.

პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვებია ბათუმის რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებშიც. აქ შესაძლებელია პაციენტების და მნახველების მხოლოდ ციფრული კომუნიკაცია, შემუშავებულია პაციენტების გადაადგილებისა და მართვის პროტოკოლები.

_________________

„ყველაზე დიდი რისკზონები არის სამედიცინო დაწესებულებები“ – ეს განცხადება გუშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გააკეთა „ბათუმელებთან“.

„კლინიკებში სხვა დიაგნოზით მწოლიარე პაციენტებთან, ტრადიციულად გვახასიათებს, რომ დღეში ათმა ნათესავმა უნდა მოინახულოს. მსგავსი რამ არ დაიშვება და ნუ შევლენ კონფლიქტში კლინიკებთან ამის გამო. ბოლო სამი დღის მანძილზე 200-ზე მეტი ზარი მქონდა, მინისტრი ხარ და სთხოვე, შემიშვანო. არათუ არ ვთხოვ, არამედ კატეგორიულად ვავალებ, რომ არ დაიშვას ასეთი ნახვები კლინიკაში. ერთი პირი, ოჯახის ახლობელი აბსოლუტურად საკმარისია, თუ რაიმეს მიწოდება უნდა პაციენტს, ან ინფორმაციის გამოტანა. ყველაზე დიდი რისკზონები არის სამედიცინო დაწესებულებები და ნუ მიმართავენ მათ უმიზეზოდ,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამ თემაზე:

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

18 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 38, კარანტინის რეჟიმშია – 1130სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 81 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

მთავარი ფოტო: ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის შესასვლელი / 18.03.2020 /

როგორ გამოიყენებს სახელმწიფო მოხალისეებს – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის გარდა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორთან ერთად მუშაობასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაზე გადამზადებული მოხალისეები ჰყავს, დახმარება მთავრობას კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ შესთავაზა.

ჯანდაცვის მინისტრის,  ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ორგანიზაციების მოხალისეებს გავლილი არ აქვთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, ამიტომაც მათი გამოყენება ამ ეტაპზე სარისკო იქნება, თუმცა მინისტრმა დაადასტურა ინფრომაცია, რომ  პროცესში შესაძლოა ჩაერთოს  საქართველოს ფოსტა, თუმცა როგორ – ამ კითხვაზე მინისტრს ჯერ დაზუსტებული პასუხი არ აქვს.

მინისტრის ინფორმაციით „საქართველოს ფოსტის“ ჩართულობაზე დღეს, 18 მარტს, მათთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას:

„პირველ საათზე ჩვენ გვექნება დეტალური განხილვა და თუ როგორ მოხდება მათი ჩართვა და უკუკავშირი, თუ რა ფორმატში იმუშავებს საქართველოს ფოსტა ჩვენი დავალებით. პირველ რიგში, ვიზრუნებთ, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს მათი გადაადგილება უსაფრთხო, ხოლო ამის შემდეგ უკვე კონტროლირებადი იქნება ჩვენთვის, თუ რას გააკეთებენ, ისინი იქნებიან სპეციალურ რგოლებთან მიბმულები.“

სპეცრგოლები კი სავარაუდოდ  იმოძრავებენ ქრონიკული დაავადებების მქონე და მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად:

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ბაზა,  რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სიას. ასევე, იმ პენსიონერების სიას, რომლებიც იმყოფებიან რისკჯგუფში და არიან მარტოხელები,“ – განაცხადა მინისტრმა.

მოხალისეებზე პაატა იმნაძემაც ისაუბრა. მისი განმარტებით,  დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს: „ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში და ვერც კონტაქტების მოძიებაში. ვერც მეთვალყურეობაში, ვერც მათ ტრენინგში მივიღებთ მონაწილეობას. უამრავი მასალა გვაქვს გავრცელებული ამ მიმრთულებით, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ტრენერების მომზადებაში“.

 

საფრანგეთში ბიზნესს კომუნალური გადასახადები გაუუქმეს და კრედიტები შეუჩერეს

პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დასაძლევად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ბიზნესს შეღავათებს სთავაზობს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ბიზნესს დროებით შეუჩერებს  იჯარისა და კრედიტის გადასახადებს.

ორშაბათ საღამოს მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ფრანგული ბიზნესკომპანიები პანდემიის პირობებში გაკოტრებისგან რომ დაიცვას.

მაკრონის თქმით, მცირე ბიზნესს სახელმწიფო შეუჩერებს არამხოლოდ იჯარის, არამედ შუქის, გაზისა და წყლის კომუნალურ გადასახადებსაც.

პრეზიდენტმა პირობა მისცა ყველა მასშტაბის ფრანგულ ბიზნესკომპანიებს, რომ სახელმწიფო იქნება გარანტი და შუამავალი ბანკებთან მათი კრედიტების შესაჩერებლადაც, რაც ჯამში 300 მილიარდ ევროს მოიცავს.

______________

ფოტო: brownsvilleherald.com

ქადაგება არ იქნება, ხანდაზმულები ლოცვაზე არ უნდა მივიდნენ – მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება. დროებით აღარ იქნება ტრადიციული ქადაგებები, მლოცველებს კი მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ პარასკევისა და  სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში.

17 მარტს ბათუმში, სამუფთო სამმართველოში, მუნიციპალიტეტების მუფთები და თეოლოგები შეიკრიბნენ. სწორედ ამ სხდომაზე მიიღეს სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება და გამოსცეს რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მკაცრად ევალებათ მლოცველებსა და იმამებს:

დაიცვან სამლოცველოებში ჰიგიენის წესები და პერიოდულად ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები;

ლოცვის წინ და ლოცვის შემდეგ მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით შემოიფარგლონ, არ ჩამოართვან ხელი და არ გადაეხვიონ ერთმანეთს, ნუ გამოიყენებენ საერთო სარგებლობის კრიალოსანს და ლოცვის დასრულების შემდეგ არ ჩამოისვან ხელები სახეზე;

რეკომენდებულია იქონიონ საკუთარი სალოცავი ხალიჩა;

ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ისინი, ვისაც რესპირატორული დაავადებების სიმპტომები აღენიშნებათ, არავითარ შემთხვევაში არ მივიდნენ მეჩეთებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში;

მაღალი საფრთხის მქონე ადგილებში არსებულ მეჩეთებში შესრულდეს მხოლოდ ლოცვის სავალდებულო ნაწილი (ფარძი და ხუტბა), ხოლო ნებაყოფლობითი ნაწილი (სუნნეთი ლოცვები) შესრულდეს სახლებში, დროებით შეჩერდეს ქადაგება, რომელიც პარასკევის ლოცვის დროის დადგომამდე სრულდება, რითაც შემცირდება მეჩეთებში მლოცველთა დიდი დროით გაჩერება;

ვირუსის გავრცელების მასშტაბებისა და რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ცენტრალურ და ხალხმრავალ მეჩეთებში, გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ გაივლის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, მლოცველს შეუძლია თავი შეიკავოს პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. ამ შემთხვევაში, პარასკევის ლოცვის ნაცვლად პიროვნება ინდივიდუალურად შეასრულებს შუადღის ლოცვას საკუთარ სახლში.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით, თუკი ქვეყანაში უფრო გართულდება ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრდება ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ.

“ჩართე” – ინტერნეტი მათ, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება

„ჩართე“ საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც შეგიძლიათ, თუნდაც 1 ლარად და სულ რაღაც 3 წუთში დაუფინანსოთ ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს – ვკითხულობთ “ჩართეს” ფეისბუქგვერდზე.

მარი გელაშვილი, „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი, ამბობს, რომ „ჩართე“ 2017 წლიდან არსებობს და მაისში ზუსტად 3 წელი გახდება, რაც პროექტმა აქტიური მუშაობა დაიწყო.

„ამჟამად 500-მდე მოსწავლეა, რომელსაც გადავეცით კომპიუტერი და ყოველთვიურად charte.ge-ს ონლაინშემომწირველების დახმარებით, ინტერნეტის გადასახადს ვუხდით.

ბენეფიციარების შესარჩევად ვუკავშირდებით ადგილობრივ სკოლებს და ისინი გვაწვდიან დოკუმენტაციას მათ შესახებ. შერჩევის კრიტერიუმებია: საშუალო საფეხურის მოსწავლე (მე-10,მე-11,მე-12-კლასელი), რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი (70 ათასი ქულის ქვემოთ) და არ აქვს სახლში კომპიუტერი ან/და ინტერნეტი“.

“ჩართეს” ერთ-ერთი ბენეფიციარია 17 წლის დიმა კვარაცხელია, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ცხოვრობს. მან საკუთარი ინიციატივით შექმნა საინფორმაციო სააგენტო „ჯვარინიუსი“, რომელიც აშუქებს ახალ ამბებს. დიმა თავადაა „ჯვარინიუსის“ დამფუძნებელი, ოპერატორი, რეჟისორიც და პროდიუსერიც. “ჩართემ” მას ლეპტოპი გადასცა.

ინტერვიუ ბენეფიციართან - დიმა ჯვარიდან

მედო 17 წლისაა, ის ამბობს, რომ “ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც რასაც გინდა იმას უყურებ, რასაც გინდა იმას გააკეთებ. სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებ, მომზადება გჭირდება, ან უბრალოდ ტესტები უნდა გაიარო, რომ გქონდეს იმის გამოცდილება, თუ რისი ჩაბარება გიწევს,“ – ამბობს მედო.

“ჩართეს” ბენეფიციარი მედო

„დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის საკითხი. ქვეყნის სკოლების ონლაინსწავლებაზე გადასვლის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ისიც არის, რომ ბევრ ადამიანს საქართველოში არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. ჩვენი ორგანიზაცია „ედუქეარ ჯორჯია“ უკვე 5 წელია ონლაინგანათლების პოპულარიზაციაზე მუშაობს და „ჩართეს“ შექმნაც გარკვეულწილად ამ მიზნის გაგრძელება იყო, „ჩართემდე“ კი „ხანის აკადემიის“ ქართული ვერსიის შექმნა დავიწყეთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობით გავზარდოთ წვდომა მსოფლიო დონის განათლებაზეც,“ – ამბობს მარი გელაშვილი.

ახლა, როცა დისტანციური სწავლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, მარი გელაშვილი რამდენიმე საგანმანათლებლო პლატფორმას უწევს რეკომენდაციას:

„პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის რეკომენდაციას გავუწევდი ხანის აკადემიას, სადაც უფასოდ, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და პროგრამირების გაკვეთილები. პლატფორმას ყოველთვიურად 80 ათასი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, ვებგვერდზე კი მილიონზე მეტი ვიზიტორია ნამყოფი. ამ პერიოდში, როდესაც ბევრი ადამიანი სახლშია, ჩემი პირადი გამოცდილებით, ყველას ვურჩევდი Edx.org-ს, Coursera.org-ს, Classcentral.com-ს და Futurelearn.com-ს, ყველაზე სანდო და მრავალფეროვან ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმებს, სადაც ნებისმიერ ადამიანს უფასოდ შეუძლია მისთვის საინტერესო თემის შესწავლა და ზოგადად, ამ რესურსების თვითგანვითარებისთვის გამოყენება.”

როგორ ჩავრთო?

პლატფორმაზე რეგისტრაცია მარტივია:
  1. შედით საიტზე charte.ge და აირჩიეთ ღილაკი „მე ჩავრთავ“;
  2. აირჩიეთ თანხის რაოდენობა, რომელიც გსურთ ყოველთვიურად ავტომატურად ჩამოგეჭრათ ბარათიდან;
  3. შეიყვანეთ პირადი და საბანკო მონაცემები.
სულ ეს არის.  „ჩართეს“ გუნდისგან მიიღებთ გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება პროექტის თითოეული ხარჯი და აქტივობა.  ყოველი ბენეფიციარის ისტორია, პარტნიორი, შემომწირველი, ხარჯი და გუნდის თითოეული წევრი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.
__________
მთავარ ფოტოზე: მარი გელაშვილი, „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი

ვისაც მსუბუქად გამოუვლინდება COVID-19, სახლში მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას – მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: 

„სწრაფ ტესტებზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს იმედი, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება უკვე იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება.

კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას.

სად მოხდება ტესტირება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ გეგმას და მას შემდეგ, რაც ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან პროცესში, გეგმა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“.

_____________

წყარო: საქართველოს მთავრობა, ბრიფინგის ჩანაწერი 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს, საღამოს 21 საათიდან მოიმატებს ღრუბლიანობა, ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ზვავსაშიშროება.

ხვალ, 19 მარტს კი, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7-12 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 20 მარტს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში – თოვა, მომდევნო 2 დღეს კი,  21-22 მარტს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“

მთავრობის ბრიფინგებს ჟურნალისტები ვეღარ დაესწრებიან

საქართველოს მთავრობამ ბრიფინგების დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი.  გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა.

„იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა დღეს, მთავრობა გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანლირებისას,“  – განმარტა სხდომის შემდეგ მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით,  თითოეული ტელევიზია საერთო სიგნალს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით მიიღებს, ხოლო ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მხოლოდ პრესსამსახურის გავლით მოუწევთ:

„ასევე, თქვენ გექნებათ საშუალება, წინასწარ მიაწოდოთ ჩვენს პრესსამსახურს კითხვები, ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და  ჩვენ მზად ვართ, ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ ოპერატიულად,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

შსს აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს,” – წერს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

ბათუმში ორ პაციენტს იკვლევენ – ბოლო ინფორმაცია აჭარიდან COVID-19-ზე

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი შეიყვანეს კარანტინის ზონიდან.

ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ორივე მათგანს აქვს მოგზაურობის ისტორია, რის გამოც იმყოფებოდნენ კარანტინში:

„მათ ჰქონდათ მცირედგამოხატული ცხელება და ოდნავ გამოხატული კატარალური მოვლენები, ყელის ტკივილი, წამოხველება და ა.შ. ორივე ახალი შემთხვევაა, ანალიზები აღებულია, ველოდებით პასუხს“.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით იმყოფება, მისი მდგომარეობა, დავით მურვანიძის თქმით, დამაკმაყოფილებელია, პაციენტს ამ დროისთვის ჩივილები და ცხელება არ აღენიშნება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში COVID-19-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 81. 

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას აჩერებს

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას დროებით აჩერებს. სასტუმროს მისაღებში გვითხრეს, რომ ჯავშნებს უკვე რამდენიმე დღეა აღარ იღებენ, ხოლო როდის შეაჩერებს სასტუმრო მუშაობას, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვაჩერებთ მუშაობას, ზუსტად რომელ რიცხვში, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჯავშნებს უკვე აღარ ვიღებთ,“ – აღნიშნეს „რადისონის“ მისაღებში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „რადისონი“ 23 მარტიდან აჩერებს მუშაობას.

„ბათუმელები“ სხვა სასტუმროებსაც დაუკავშირდა – „შერატონსა“ და „ეუფორიაში“ ადასტურებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა მუშაობის შეჩერებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„შესაძლოა, ესეც დადგეს დღის წესრიგში“, – გვითხრეს სასტუმრო „ეუფორიაში“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არის მათთვის ცნობილი, რომელიმე სასტუმროს მუშაობის შეჩერების შესახებ.

ამ თემაზე:

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

აჭარაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 7 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, აჭარაში შვიდი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გააყალბეს ნავთობპროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ერთმანეთს შორის თითქოსდა განახორციელეს საწვავის მიწოდებები.

აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადების გზით,  კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა აღურიცხავი/დაუსაბუთებელი ქონება – ნავთობპროდუქტის სახით, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული  ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა  მიიღეს 1 872 349 ლარის  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავალი, ამავე დროს, აღნიშნული ოპერაციებით დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო – ყალბი აქტივი 285 000 ლარის ოდენობით.

დაკავების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიუჯეტში შეიტანა მიყენებული ზიანის ნაწილი – 155 000 ლარის ოდენობით“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე ვადით.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა. 18 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსი სულ 38 ადამიანს აქვს დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 1130 პირია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 81 პირი რჩება.

ბათუმში მიკროავტობუსები აღარ მოძრაობენ

ბათუმში მგზავრებს დღეიდან, 18 მარტიდან, სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ ემსახურება. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში დღეიდან ასასვლელი კარები აღარ გაიღება, მძღოლის ადგილიდან დაახლოებით 2 მეტრი მანძილით კი წითელი ლენტებია გაბმული.

N4 ავტობუსი, ბათუმი / 18.03.2020

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მძღოლების მეტი უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

ბათუმში ყოველდღიურად სხვადასხვა ხაზზე 115 ავტობუსი მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან 10:30 წუთამდე მოძრაობენ.

N11 ავტობუსი / ბათუმი / 18.03.2020

ბათუმის ავტოსადგური დღეიდან, 18 მარტიდან, თავის ტერიტორიაზე აღარ მიიღებს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მოძრაობის შეჩერება-შეზღუდვაზე 17 მარტს მთავრობამ განაცხადა.

მიკროავტობუსები აღარ მოძრაობენ აჭარის მუნიციპალიტეტების მიმართულებითაც.

გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

18 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 38, კარანტინის რეჟიმშია – 1130, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 81 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

ამ თემაზე:

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს აღარ მიიღებს

პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: 

„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს.

მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება.

ის, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და თავი არ მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბავშვი რეგიონებში გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ, აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ“.

______________

წყარო: რუსთავი 2 

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად და გასაკონტროლებლად.

კიდევ რა პრობლემებს ქმნის თვითიზოლაციის დარღვევა? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უპასუხა.

  • ბატონო ზაალ, რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეებმა არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესი, რა დამატებით პრობლემებს უკავშირდება ეს მათთან კომუნიკაციის მქონე პირებისთვის და ასევე, სახელმწიფოსთვის?

მგონი არ გვჭირდება მოყოლა იმისა, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით ევროპაში. სწორედ თვითიზოლაციის წესები იქნა დარღვეული, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას. შეკავების ღონისძიება პირველ რიგში გულისხმობს, კარანტინის და თვითიზოლაციის წესების მკაცრ დაცვას. თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა პირი, ვისაც ბოლო დროს რაიმე კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალი იყო დასნებოვნების კერები, ან იყო საეჭვო შემთხვევები.

თვითიზოლაცია არ ნიშნავს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ყოფნას, თვითიზოლაცია ნიშნავს იმ სივრცეში, სადაც ეს პირი გაჩერდება, იზოლირებულად ყოფნას. გამონაკლისი დაიშვება, თუ რამდენიმე ოთახიდან ერთს იკავებს ის იზოლირებულად, ხოლო თუ ბინას ერთი საერთო სველი წერტილი აქვს, ამ სველი წერტილით მან უნდა ისარგებლოს ასევე იზოლირებულად, ოჯახის სხვა წევრმა კი სველი წერტილი შემდეგ უნდა დაამუშაოს ხსნარებით, თუნდაც ჩვეულებრივი, საოჯახო ტიპის დეზინფექტანტებით.

თვითიზოლაცია გულისხმობს ასევე საკვების მიწოდებას. ვიღაცამ უნდა მოამზადოს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანისთვის საკვები და მიაწოდოს მას. თუ ის ბინაში მარტოა, შეუძლია თვითონაც მოამზადოს. უკეთესია, თუ ის მთელ ბინას იკავებს, ამ მხრივ უფრო ნაკლები იქნება პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არ უნდა გამოდიოდეს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ოთახში და მით უმეტეს – არც საერთო სადარბაზოში, არც ქუჩაში. ეს არის მკაცრი წესი, მისი არდაცვის შემთხვევაში ეს ადამიანი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც მას კონტაქტი ექნება.

თუ მოქალაქე ვერ იცავს თვითიზოლაციის წესს, შეგვატყობინოს, ჩვენ გადაგვყავს ის უკვე კარანტინის ზონაში, სადაც უზრუნველვყოფთ მის კვებას, მოვლას და ყველა საჭიროებას.

  • ერთია, როცა მათ დაარღვიეს თვითიზოლაციის წესი ოჯახის წევრებთან მიმართებაში. მინდა გკითხოთ მოქალაქეებზე, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდში გავიდნენ ქუჩაში – ასეთ შემთხვევაში რა ძალისხმევის გაღება უწევს სახელმწიფოს კონტაქტების დასადგენად?

ჯერ არ ვიცით შეუქმნეს თუ არა მათ პრობლემები სხვებს. ასეთ შემთხვევაში, თუ არ შეგვატყობინეს, ისედაც შეიძლება ვერ გავიგოთ და თუ ვინმემ შეგვატყობინა ამის შესახებ, მერე უკვე ვიძიებთ [შესაძლო კონტაქტებს]. ჩვენ ამხელა რესურსი არ გვაქვს, ყველა ექიმი არ არის ამ მიმართულებით მოწოდებული, ნუ გონიათ, რომ ქვეყანაში 30 000 ექიმია და ყველა ამ თემას მიჰყვება – შესაძლო კავშირების მოძიებით დაკავებული არიან ეპიდემიოლოგები, ასეთი აჭარაში გვყავს 30.

წარმოიდგინეთ, ბათუმში საკარანტინო ზონაში 300-ზე მეტი ადამიანია, თვითიზოლაციაში – ასზე მეტი. ნუ იფიქრებენ, რომ მხოლოდ ეს ორი ნაწილია საყურადღებო, ძალიან ბევრი თემაა, რითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ექიმები არიან დაკავებული და უბრალოდ არ გვეყოფა რესურსი. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ უკვე პრაქტიკულად ორი კვირაა ექიმები, ეს ადამიანური რესურსიც ამოგვეწურება. ერთი ადამიანის ასეთი ქმედება უკვე იწვევს იმას, რომ თუ მას პირობითად ჰქონდა 30-40 კაცთან კონტაქტი გარეთ, საჭირო ხდება იმ ორმოცი კაცის და მათი კონტაქტების მოძიება, რაც საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. დავანებოთ თავი ფინანსურ რესურსს, ადამიანური რესურსი არ გვეყოფა ჩვენ ამისთვის და ეს გახდება სწორედ ინფექციის გავრცელების საფუძველი.

მგონი მთელმა მსოფლიომ იცის სამხრეთ კორეის 31-ე ადამიანის შესახებ. მოწოდებაა – „ნუ გახდები 31-ე“. კორეამ თავისი უზარმაზარი სამედიცინო და ფინანსური რესურსით მოახერხა 30 დაინფიცირებულის იზოლაცია, თუმცა იმ 31-ე პაციენტმა მოახერხა 1100 ადამიანის დასნებოვნება და უკვე 1100 ადამიანი გახდა გადამცემი დანარჩენი კორეისთვის. ნუ ჩაიდენენ ამას. თუ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სანათესაოს და კოლეგებს არ უფრთხილდებიან, საერთოდ, ალბათ, არც ღირს საუბარი ადამიანებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთები არ გვეყოლება.

  • განხილვის თემა იყო ასევე გარემო, რომელიც საჭიროა თვითიზოლაციისთვის. ვიცით, რომ სპეციალისტი ამოწმებს ამ გარემოს. ასეა?

დიახ, გარემოს შეუმოწმებლად ეს არ წყდება, საზღვარგარეთიდან შემოსული პირი წინასწარვე, სპეციალურ ნომერზე ტოვებს შეტყობინებას, რომ აქვს სურვილი თვითიზოლაციაში ყოფნის. ასეთ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური ჯგუფი გადის ადგილზე, სწავლობს გარემოს, სადაც ის გაჩერდება. თუ ეს გარემო სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შემდეგ ეძლევა პირს ნებართვა თვითიზოლაციაზე. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი რჩება მუდმივ კომუნიკაციაში, მინიმუმ დღეში ორჯერადი მონიტორინგით ეპიდემიოლოგთან. ახლა უკვე დავიხმარეთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებიც, ამ მონიტორინგისთვის. ბოლო პერიოდში ბევრია უკვე საკონტროლო ჯგუფები, დახმარება შემოგვთავაზა „წითელმა ჯვარმა“. დაგვეხმარებიან მოხალისეები, რომლებიც დატრენინგდენ ამ მიმართულებით, ისინიც რეკავენ და ერთვებიან ამ თემაში, ასე, რომ სრული მონიტორინგია ამასთან დაკავშირებით.

  • შესაძლებელია თუ არა კერძო სახლშიც დარჩეს პირი თვითიზოლაციაში ცალკე ოთახში, თუ მას სხვებთან, მაგალითად გვერდით ოთახებში ოჯახის წევრებთან შეხება საერთოდ არ ექნება?

დიახ, შეუძლიათ, თუნდაც ბინა იყოს. თუ ბინა სამოთახიანია და პაციენტი ერთ ოთახს იკავებს, არანაირი პრობლემა არაა. აქ ლაპარაკია თვითიზოლაციაზე, არ არის საუბარი საეჭვო შემთხვევაზე ან შესაძლო კონტაქტზე, თუ შესაძლო კონტაქტზეა საუბარი, ისინი თვითიზოლაციაში კი არა, კარანტინში გადადიან. თვითიზოლაციაში შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მოგზაურობდა საზღვრებს გარეთ.

  • ხშირად გვირეკავენ მოქალაქეები, რომ მაგალითად მათ კორპუსში, ან უბანში ჩამოვიდა მეზობელი საზღვარგარეთიდან, რომელიც არ შეუმოწმებიათ და არ არის თვითიზოლაციაში. 

ჩვენთანაც შემოდის ასეთი შეტყობინებები და ვამოწმებთ. დღეს საზღვრის კვეთა შემოწმების გარეშე, კარგად იცით, ვერ მოხერხდება. მოქალაქე ფიქსირდება ამა თუ იმ საზღვარზე, აქედან გამომდინარე ასეთი შეტყობინების დროს, პირადობით, სახელითა და გვარით ვამოწმებთ საზღვარზე კვეთას და უმეტეს შემთხვევაში ასეთი შეტყობინებები აღმოჩნდა 14 დღეზე უფრო ადრე ჩამოსულებზე. მათზე თვითიზოლაცია ნამდვილად არ ვრცელდება, გასულია ყველანაირი ინკუპაციური პერიოდი. უბრალოდ მეზობელმა იცის, რომ მან იმოგზაურა, მხოლოდ ამასთან გვაქვს საქმე.

 ვთხოვ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომელთაც წლებია რაღაც პრობლემა აწუხებთ, ახლა ნუ გაახსენდებათ ამ პრობლემის მოგვარების საჭიროება, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით. პირობითად ავიღოთ ცხვირის ძგიდის გამრუდება, თუ 30 წელი ცხოვრობს ადამიანი ასე, 2 თვე ამ ცხვირს არაფერი არ მოუვა. იგივე, ვთქვათ ქრონიკული ანგინა, რომელიც დიდი ხანია აქვს ბავშვს. მაინცდამაინც ახლა ნუ გადაწყვეტს მშობელი, რომ მიიყვანოს კლინიკაში.

დიდი ნაკადების მართვა კლინიკებში შეუძლებელი იქნება, თანაც, ტრადიციის თანახმად, ჩვენთან რიგების თემაა მოუგვარებელი. აქედან გამომდინარე, როგორც წესი ამ რიგებში ძალიან ახლო კონტაქტში არიან ადამიანები. ასევე, კლინიკებში სხვა დიაგნოზით მწოლიარე პაციენტებთან, ტრადიციულად გვახასიათებს, რომ დღეში ათმა ნათესავმა უნდა მოინახულოს. მსგავსი რამ არ დაიშვება და ნუ შევლენ კონფლიქტში კლინიკებთან ამის გამო. ბოლო სამი დღის მანძილზე 200- ზე მეტი ზარი მქონდა, მინისტრი ხარ და თხოვე, შემიშვანო. არათუ არ ვთხოვ, არამედ კატეგორიულად ვავალებ, რომ არ დაიშვას ასეთი ნახვები კლინიკაში. ერთი პირი, ოჯახის ახლობელი აბსოლუტურად საკმარისია, თუ რაიმეს მიწოდება უნდა პაციენტს, ან ინფორმაციის გამოტანა. ყველაზე დიდი რისკზონები არის სამედიცინო დაწესებულებები და ნუ მიმართავენ მათ უმიზეზოდ.

___________

ფოტოზე: ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფოტო

 

„ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ

„არ მინდა, ვთქვა, რომ მარიონეტი იქნება, ის იქნება კლანის წარმომადგენელი და იმას გააკეთებს, რასაც დაავალებენ“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე. დღეს, 17 მარტს, პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე აირჩი, ის 2013 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა და მისი ხელმძღვანელი 2017 წლიდან მიხეილ ჩინჩალაძე იყო. „ჩინჩალაძის კლანი“ – ეს ფრაზა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე ყველაზე ხშირად ისმოდა.

ამ პროცესში დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი სიტყვა „გააპარეს“ – ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, სასამართლოს კლანთან ერთად, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე „კორონავირუსის“ ამბების ჩრდილში აირჩია.

რა ადასტურებს იმას, რონ ნინო ქადაგიძე „ჩინჩალაძის კლანის“ წევრია? – „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ნაზი, რა იცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევით? 

არაფერი იცვლება. ამ პროცესში გამოჩნდა, რომ ყველაფერს კადრულობს ე.წ. კლანი, რომ დააკომპლექტოს სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე და გარანტირებულად მოიპოვონ თანამდებობები, რადგან მომავალში, ცხადია, არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები და იქნება თუ არა იგივე შესაძლებლობა – პარლამენტის გზით დაიკავონ ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციები.

ნინო ქადაგიძის არჩევით კლანის სათავეში ისევ რჩებიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მათ გვერდს უმშვენებენ მიქაუტაძე და სხვები. ნინო ქადაგიძე იქნება ამ გავლენიანი პირების ერთგვარი წარმომადგენელი. არ მინდა ვთქვა, რომ ბუტაფორია იქნება, ის იქნება წარმომადგენელი მესამე პირებთან, ღონისძიებებზე… ასეთ ღონისძიებებზე ჩინჩალაძე თავს არ იწუხებს. ის შეირგებს ამ თანამდებობას და შეასრულებს დავალებებს, თუმცა ფაქტობრივად პროცესს წარმართავს მიხელ ჩინჩალაძე.

  • რა ადასტურებს, რომ ნინო ქადაგიძე ამ კლანს წარმოადგენს? 

ნინო ქადაგიძე 20 წელია მოსამართლეა. როგორც ჩანს, ის საკმაოდ კარგად ლავირებს, რადგან სხვაგვარად 20 წელი ამ სისტემაში ფიზიკურად ვერავინ გაჩერდება. მას „ვარდების რევოლუციამდეც“ აქვს ნამუშევარი, შემდეგაც, სულ ჰქონდა მაღალი თანამდებობები ამ სისტემაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში არასდროს უმუშავია.

  • არსებობს კონკრეტული საქმე, რომელიც ნინო ქადაგიძემ განიხილა და ჩანს, რომ არ იყო კვალიფიციური, ან კეთილსინდისიერი? მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის გამო აირჩიეს. 

არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არც პარლამენტში მას თავისი კვალიფიკაციით თავი არ გამოუჩენია – ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან ამ ადამიანს აქვს 20-წლიანი გამოცდილება, ეს აპრიორი ნიშნავს მაღალ კვალიფიკაციას. ნინო ქადაგიძემ პარლამენტში გასაუბრებაზე ძალიან მარტივ კითხვებს ვერ უპასუხა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის ამის გამო გააკრიტიკეს კიდეც.

ჩვენს კანონმდებლობაში კეთილსინდისიერება დეტალურადაა ჩამოწერილი. ნინო ქადაგიძე მე არ მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის იყო ერთ-ერთი მოსამართლე იმ ათკაციან სიაში, ფურცლის ნაგლეჯზე მიაწერეს მისი სახელი და გვარი. 2018 წლის დეკემბერში გიორგი მიქაუტაძემ მისი სახელი და გვარიც ამოიკითხა და გახსოვთ, მაშინ, რა მოჰყვა ამას. ეს ხდებოდა ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე და ამაზე ნინო ქადაგიძეს არ ჰქონია არანაირი უხერხულობა, არანაირი პრეტენზია.

შემდეგ შეადგინეს ახალი კანდიდატების სია და იქაც იყო დარღვევები, ამაზე საუბრობდა სახალხო დამცველი, ეუთო, მაგრამ არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკა ყურადსაღები არ აღმოჩნდა ნინო ქადაგიძისთვის, ისე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასე გახდა იგი თავმჯდომარეც, მაგრამ რაც მთავარია – მას არ ექნება ხალხის ნდობა. არ ვიცი რა ფასი აქვს სახელმწიფო ორგანოში ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტოში ხელმძღვანელ პირად ყოფნა, როცა ხალხი არ გენდობა, არ გაფასებს და პატივს არ გცემს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეები უყვართ, საქართველოში – მოსამართლეები სძულთ, ერთეული გამონაკლისის გარდა.

ოდესმე ხომ უნდა დადგეს დრო, რომ აი, ამ ადამიანს რომ ვირჩევთ, ის ჩვენი წარმომადგენელი იქნება, ჩვენს უფლებებს დაიცავს?! ნინო ქადაგიძე იცავს თავის ინტერესებს, ოღონდ შეინარჩუნოს თანამდებობა, ის ყველაფერზე წამსვლელია.

  • დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი „გააპარესო“. თქვენც ასე ფიქრობთ? 

კი, გააპარეს, აიცილეს კრიტიკული ფონი, რაც არჩევის დროს იყო მოსალოდნელი. წარმოიდგინეთ, საუბარია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელი პირის არჩევაზე, ხომ?! რა დაშავდებოდა, რომ დღეს არ აერჩიათ? აქამდეც იყო ეს სასამართლო თავმჯდომარის გარეშე და მაინცდამაინც „კორონავირუსის“ მსგავსი უბედურება უნდა დაგვტყდომოდა თავს, რომ ასე დაჩქარებული წესით აგვერჩია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? დღეს, როცა ასეთი პირობებია ამ ვირუსის გამო, შეკრებების უფლებაც პრაქტიკულად შეზღუდული გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს და ამ ვითარებაში ირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ხელისუფლებას აშკარად არ ჰქონდა სურვილი, ამ პროცესში ჩაერთო მოქალაქეები.

  • მოლოდინი იყო, რომ ამ პოსტს დაიკავებდა ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. თქვენი აზრით, რატომ გაკეთდა საბოლოოდ არჩევანი ნინო ქადაგიძეზე? 

კი, თადუმაძისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. რაღაცები იცვლება და ეს მიხარია. ის კი არ მიხარია, რომ ნინო ქადაგიძე აირჩიეს, არამედ ის, რომ თადუმაძეზე მოუხდათ უარის თქმა. თადუმაძე სრულად ოდიოზურ ფიგურად იქცა. ამიტომაც არჩიეს ისევ ამ კლანიდან გაეკეთებინათ ვინმეზე არჩევანი და შეარჩიეს კანდიდატი, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი. ის ნამდვილად არაა თადუმაძის მსგავსი ოდიოზური ფიგურა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალში გამოიჩინოს თავი.

ამ პროცესმა დაგვანახა ისიც, რომ ხელისუფლება იდეალურად თანამშრომლობს და გარიგებულია სასამართლოს „კლანთან“ – ამას ადასტურებს კონსულტაციები, რომელიც ჩატარდა ფორმალურად, დღეს მოსმენები პარლამენტში, როცა იურიდიულში მოუსმინეს და დღესვე პლენარულზეც გაიტანეს…

  • თქვენ კი ახსენეთ, არაფერი იცვლებაო, მაგრამ საუბარია საბოლოო ინსტანციის ხელმძღვანელზე. რა რესურსი რჩება დღეს მართლმსაჯულების სისტემის შეცვლისთვის? 

დღეს არსებითად სასამართლო სისტემაში იცვლება ის, რომ მოსამართლეები აქტიურად ინაწილებენ თანამდებობებს, რომ გაიმყარონ საკუთარი როლი. პოლიტიკური ვითარება არის იმგვარი, რომ პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. პოლიტიკური ნების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა გატარდეს სამომავლოდ, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კვალიფიციური და პრინციპული მიდგომა. ახლა უფრო მეტი საფიქრალი გაგვიჩნდა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ადამიანები დანიშნეს უვადოდ, რაც კიდევ უფრო მეტი თავსატეხია ქვეყნისთვის.

__________________

მთავარი ფოტო: ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

 

საკვების მომზადებისას პერსონალმა უნდა იმუშაოს პირბადით და ხელთათმანით – სეს

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, კერძოდ:

  • მათ მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით;
  • იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება;

მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:

  •  სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;
  •  პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
  •  ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
  •  ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
  •  ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  •  სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  •  პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
  •  სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს აღარ მიიღებს

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს თავის ტერიტორიაზე აღარ მიიღებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ავტოსადგურის დირექციაში უთხრეს.

„ის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან არიან შემოსულები, ან დღეს საღამოს და დილით შემოვლენ, დარჩებიან და ხვალ, 18 მარტს გავლენ ავტოსადგურიდან. ეს მიკროავტობუსები კერძო კომპანიების საკუთრებაშია და ჩვენ ყველა მათგანს ვაფრთხილებთ ამის შესახებ. შეიძლება ეს საკითხი უცებ, ერთ დღეში არ მოგვარდეს, თუმცა მზად ვართ, მივყვეთ იმ რეკომენდაციას, რაც გაიცა,“ – გვითხრეს ბათუმის ავტოსადგურში.

__________________

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მარტიდან დროებით აიკრძალება სამარშრუტო ტაქსები, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობას აჩერებს ბათუმის მერიაც – ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მოხდება მუნიციპალური ავტობუსებით.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება შეჩერდება აჭარის მუნიციპალიტეტებშიც.

ჯერ არ არის ცნობილი, რა ვადით იზღუდება მიკროავტობუსების მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით.

ბათუმის მერია სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის მერია ქალაქში სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 17 მარტს, მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯამში მერია ბათუმში მდებარე 850 კორპუსის დეზინფექციას გეგმავს.

მერის განცხადებით, სადარბაზოების დეზინფექციას მერია პირველ ჯერზე ჩაატარებს უფასოდ, მეორე-მესამე შემთხვევაში კი, დეზინფექცია ფასიანი იქნება და კვადრატულ მეტრზე 10 თეთრი იქნება გადასახდელი.

დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოს: 577 49 59 59.

ბათუმში „მარშუტკები“ მუშაობას აჩერებენ – ბათუმის მერია

ბათუმის მერია ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობას აჩერებს – ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მოხდება მუნიციპალური ავტობუსებით.

ქალაქში 150 ავტობუსი და 620 მიკროავტობუსი მუშაობს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 620 მიკროავტობუსი გაჩერდება და მათ საქალაქო ინსპექცია გააკონტროლებს. სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს უკავშირდება.

ჯერჯერობით  უცნობია რა ვადით გაჩერდება მიკროავტობუსები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 17 მარტს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამიტომ მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მარტიდან თბილისში დროებით აიკრძალება სამარშრუტო ტაქსები, დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება შეჩერდება აჭარის მუნიციპალიტეტებშიც.

_________

ფოტოზე: ლაშა კომახიძე, ბათუმის მერი

ბათუმში ორ პირს COVID-19 არ დაუდასტურდა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორ პირს, რომლებსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმში COVID-19-ზე იკვლევდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი საკარანტინე სივრცეში დაბრუნდნენ.

დღეს ბათუმის ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პირი შეიყვანეს კორონავირუსზე ეჭვით. ანალიზის პასუხი მოკლე ხანში იქნება ცნობილი.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში უკვე 300-ზე მეტი პირი იმყოფება. მათზე მონიტორინგი ხორციელდება.

17  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება, 64 პირი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, მაგრამ უკვე მზად გვაქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი – სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა უკვე სისტემას ჰყავს მიღებული. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“,-აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, სამინისტროს უკვე მზად აქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი.
„ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქედის მერია: ქედა-ბათუმის მიმართულებით „მარშუტკები“ მოძრაობას აჩერებენ

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,  18 მარტიდან შეჩერდება ქედა-ბათუმის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მძღოლებს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შპს ქედის ავტოტრანსპორტის დირექციამ უკვე მიაწოდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას.

ხვალიდან არ იმოძრავებენ მიკროავტობუსები ხულოდან ბათუმის მიმართულებითაც:

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები ხვალიდან მოძრაობას წყვეტენ

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით კი, ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრებს მიკროავტობუსების ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება:

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

 

 

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობას წყვეტენ

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები ხვალ, 18 მარტიდან, აღარ იმოძრავებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ შპს „ხულოს ავტოსერვისმა“ მიიღო. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ასეთი მითითება ხულოს მერიისგან მიიღეს. ხულო-ბათუმი-ხულოს ხაზზე ამ კომპანიის 30-მდე მიკროავტობუსი მუშაობს.

„მგზავრების ნაკლებობა ისედაც იყო, ბათუმიდან ხულოში მომავალ მიკროავტობუსში ზოგჯერ 3-4 მგზავრი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მერიის რეკომენდაცია და ბათუმის მიმართულებით რეისებს 18 მარტიდან შევწყვეტთ, თუმცა შესაძლოა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებს მოვემსახუროთ. ამ შემთხვევაში შიდა რეისებზე რაიმე ვირუსის გავრცელების რისკი ალბათ არ არსებობს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალისთვის მივიღებთ,“ – გვითხრა შპს „ხულოს ავტოსერვისის“ დირექტორმა ფრიდონ ბოლქვაძემ.

კომპანიის დირექტორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა დროით შეაჩერეს მუშაობა: „მერიაში გვითხრეს, რომ დროს, თუ როდის განვაახლოთ მუშაობა, დამატებით გვაცნობებენ“.

ხვალიდან არ იმოძრავებენ მიკროავტობუსები ქედა-ბათუმის მიმართულებითაც:

ქედის მერია: ქედა-ბათუმის მიმართულებით „მარშუტკები“ მოძრაობას აჩერებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას.

ამ თემაზე:

ქალაქ ქობულეთსა და სოფლებში მგზავრებს სპეციალური გრაფიკით ავტობუსები მოემსახურება

Exit mobile version