საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, განახლდა პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, რომლითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, 2-ის ნაცვლად აიღოს 5 მილიონამდე ლარის სესხი, ხოლო ამ სესხის უზრუნველყოფის 90 პროცენტს სახელმწიფო დააფინანსებს.
„ეს არის პროგრამა, როცა სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება სესხის უზრუნველყოფაში, თანაგარანტორად ვუდგებით ჩვენ ბიზნესს, როცა მათ არ ჰყოფნით თავიანთი უზრუნველყოფა ბანკში ჩასადებად იმისთვის, რომ აიღონ სესხი. აქამდე ჩვენ მივყვებოდით ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 70%-ში და დღეს, როცა საუბარია ახალი სესხის მოზიდვაზე, 90%-ის სუბსიდირებას მოახდენს სახელმწიფო, ანუ პრაქტიკულად სრულად და ბიზნესებს არ დასჭირდებათ დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა“, – აღნიშნა დღეს, 1-ელ მაისს მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
ნათია თურნავას განცხადებით, უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ბიზნესს 30%-მდე უზრუნველყოფას შესთავაზებენ: „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ადრე იყო 2 მილიონი ლარი მაქსიმალური ზღვარი, რაც შეეძლო აეღო ჩვენი უზრუნველყოფით, ამჯერად კი 5 მილიონამდე ცალკეულ სესხს ჩვენ დავუდგებით გვერდში. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესებმა შეძლონ შეინარჩუნონ აქტივობა, შეინარჩუნონ პერსონალი, მოემზადონ გახსნისთვის. სულ ისარგებლებს რამდენიმე ათასი ბენეფიციარი, მაგრამ ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მაქსიმალური წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარია და ასეთები არის ჩვენი ბიზნესის 90%-ზე მეტი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, „რესტრუქტურიზაციის დროს ვავალდებულებთ ბანკებს, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ იგივე პროცენტი და არ გაუძვირონ დღეს გაცემული სესხები ბიზნესებს“.
ამ პროგრამის მთლიანი მოცულობა კი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ეს დაეხმარება ბიზნესს ჯამში 2,1 მილიარდი ლარის პორტფელი მოიზიდონ და გააჯანსაღონ.
განახლდა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამაც: ბიზნესის სესხის პროცენტის თანადაფინანსება 24-ის ნაცვლად იქნება 36 თვე; თანადაფინანსების პროცენტი ამ პროგრამის ფარგლებში 7-ის ნაცვლად იქნება 11,5%; სესხის მინიმალური ზღვარი კი 150 000 ლარის ნაცვლად იქნება 50 000 ლარი.
„ამასთან ჩვენ საბრუნავ საშუალებებს არ ვაფინანსებდით. ამჯერად ნახევარს 50%-ს დავაფინანსებთ [ვალდებულებებისთვის და ხელფასების გასაცემად]. პროგრამაში 104 დარგი გვქონდა, ახლა იქნება 211 და სულ მცირე 300 მცირე და საშუალო საწარმო ისარგებლებს ამ პროგრამით,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად სპეციფიკურ გეგმასაც ამზადებს და ეს გეგმა ახლა შემუშავების პროცესშია.
ამ თემაზე:
https://netgazeti.ge/news/448684/