მთავარი,სიახლეები

ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან

01.05.2020 •
ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან

ხელვაჩაურში, სოფელ სინდიეთში, მდინარე მაჭახელაზე სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე კონკრეტული ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

მაჭახელადან ინერტული მასალის ამოღებაზე ფეისბუქლაივი მოქალაქე მერაბ ღოღობერიძეს 29 აპრილს ჰქონდა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვიდეოგადაღების დროს ხელი შეუშალეს, 112-ზე დარეკა და შემდეგ მივიდნენ ადგილზე სამართალდამცველები.

„…დიდი ხანია მიმდინარეობს ინერტული მასალის ამოღება და ამაზე არავინ რეაგირებს, ხელს აფარებენ და თითქოს ფიზიკური პირი იღებს ამ ინერტულ მასალას. რამდენიმე სატვირთო მუშაობდა ადგილზე. ჩემი ინფორმაციით, კომპანია აკეთებს ამას, რომელსაც ლიცენზია არ აქვს და პანდემიის დროსაც უკანონოდ იღებდა ამ მასალას მდინარიდან,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, კანონდარღვევა დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 აპრილს გამოავლინეს, რომ მოქალაქე რ.ვ.-ს ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 520 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. მოქალაქეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის მუხლის შესაბამისად. ამ უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ საქმის მასალები რაიონულ სასამართლოში გადააგზავნეს.

სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა 1000-1500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, ასევე სამართალდარღვევის ობიექტის – მყარი სასარგებლო წიაღისეულის კონფისკაციას.

მთავარი ფოტო: ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება მდინარე მაჭახელაზე, მერაბ ღოღობერიძის ფოტო 

________

ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: