ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

14.04.2020 • 2243
რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. პროგრამისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი კი ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას მოხმარდება.

ეს პროგრამა გულისხმობდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც მოიცავდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით; ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობას და სხვა.

წელს სარეკლამო კამპანია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს უნდა ეწარმოებინა აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბელარუსში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სომხეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ფინეთსა და ყაზახეთში.

„ქვეყნის შიგნით რეგიონის რეკლამირებისთვის რაც არის თანხა ბიუჯეტში, იმას არ ვეხებით, ვინაიდან ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და არის შანსი, რომ მცირე/შიდა ტურიზმის კუთხით დავგეგმოთ თვის ბოლომდე პროგრამები და განვახორციელოთ“ – გვითხრეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

რაც შეეხება ტურისტული სერვისის გაუმჯობესების პროგრამებს, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკვე მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი და შესაბამისი ტრენინგები ტურიზმის სექტორის  [სასტუმროები, რესტორნები და სხვ.] წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ონლაინ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას მთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება-განვითარებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებითაც.

„მაგალითად, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად უკვე მიმდინარეობს პროექტირება. ჩატარდება გეოლოგიური კვლევა, ეკოლოგიურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში რა როგორ არის საჭირო, ეს დასკვნა დაიდება და დაიგეგმება სამუშაოები“ – განაცხადეს დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის 2020 წლის ბიუჯეტით 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აქედან: ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის – 1,1 მილიონი, აჭარის ტურისტული მარკეტინგისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე – 5,9 მილიონი, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის – 2,6 მილიონი ლარი.

საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა:

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 2 265 318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა.

2020 წლის იანვარსა და თებერვალში კი, 1 099 610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

აჭარაში კი, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 169 910 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 13 პროცენტით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

____________________________

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, ჩაკეტილია საქართველოს საზღვრები [21 მარტიდან] უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ მუშაობენ დიდი და მცირე სასტუმროები [ბევრ სასტუმროში საკარანტინო ზონაა მოწყობილი], დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები.

დღეს, 14 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მიმართავს პრეზიდენტს, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს.

რას სთავაზობს სახელმწიფო ტურისტულ ბიზნესს:

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

შეღავათი გულისხმობს 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს კი, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, კომერციულ ბანკში, საიდანაც სესხი აქვს აღებული, 2020 წლის 1-ელი  აპრილიდან 2020 წლის 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინოს განცხადება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: