მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გაერო: ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი

01.05.2020 • 2139
გაერო:  ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ.

  • როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო?

შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი ზეგავლენა აქვს ამას ეკონომიკებსა და საზოგადოებებზე, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მაგრამ არ ვარ გაკვირვებული, რადგან სამწუხაროდ, ფაქტია, მსოფლიომ ვერ შეძლო გაერთიანებულიყო და ერთად გამკლავებოდა COVID19-ს, ერთმანეთთან შეთანხმებულად. ყველა ქვეყანამ თავისი პოლიტიკა გაატარა, ქვეყნებს ჰქონდათ განსხვავებული ხედვები, სტრატეგიები და ამან საშუალება მისცა ვირუსს გავრცელებულიყო, ემოგზაურა ერთი ადგილიდან მეორეზე… ჩვენ დაგვჭირდება პანდემიაზე საერთაშორისო საპასუხო რეაქციის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც ყველა ქვეყანას ექნება დამატებითი, როგორც COVID19-თან ბრძოლის, ისე მისგან გამოსვლის, შემდეგ ქვეყნების ხელახლა გახსნისა და აღდგენის სტრატეგიები.

  • ამერიკა-ჩინეთს შორის ძალების დატოლებას და პროპაგანდისტულ ომს გულისხმობთ, რომელიც COVID19 პანდემიის შემდეგ დაიწყო? 

ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩვენ გვაკლია ლიდერობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მთავარი ქვეყნები, მთავარი ძალები შეძლებენ გაერთიანებას, შეძლებენ ჰქონდეთ ერთიანი სტრატეგია და შემდეგ, მათთან ერთად გაერთიანდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს ერთგვარი შესაძლებლობა, კერძოდ, კლიმატის ცვლილებასთან, მსოფლიოში გაბატონებულ უთანასწორობასთან და იმ ხარვეზებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენს სოციალურ დაცვის სისტემაში არსებობს – ეს შეიძლება იყოს სხვანაირად აღდგენის შესაძლებლობა. მაგრამ ეს მოითხოვს ბევრად უფრო ეფექტურ საერთაშორისო  თანამშრომლობას.

  • დააგვიანა თუ არა ჯანმომ განგაშის ზარი? ჯანმოს წევრმა სახელმწიფოებმა თქვეს, რომ მათ არ მიუღიათ გაფრთხილება იანვარში ან თებერვალში. 

ვფიქრობ, როდესაც გაფრთხილება იყო, ეს, სულ მცირე, საკმარისი იყო ბევრისთვის იმის გასაკეთებლად, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, რომ სერიოზულად შევხედოთ იმას, რაც მოხდა, შევისწავლოთ და ვისწავლოთ გაკვეთილი აქედან. ჩემი აზრით, ახლა არ არის ეს მომენტი, ახლა არის მომენტი, რომ კონცენტრირებულად მივმართოთ ძალისხმევა COVID19ის დამარცხებისკენ.

  • შეცდომა იყო თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა დაფინანსება ჯანმოსთვის?

მიმაჩნია, რომ აუცილებელია WHO-ში მაქსიმალური რესურსების შენარჩუნება, რადგან არსებულ ვითარებაში შეუძლებელია მისი ჩანაცვლება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდებაში და დღეს ჩემი მთავარი წუხილი სწორედ განვითარებადი სამყაროა. განვითარებად სამყაროზე გაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მოცემულ მომენტში არ არის გულუხვობის საკითხი, ეს საკუთარი ინტერესის საკითხია. გლობალური ჩრდილოეთი ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ გლობალური სამხრეთი იმავდროულად არ დაამარცხებს მას.

  • როგორი უნდა იყოს ახალი რეალობა, რომელიც პანდემიის შემდეგ უნდა დადგეს?

ვფიქრობ, ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ რაღაცები გავაკეთოთ სხვანაირად. ნათელია, რომ მსოფლიო ძალიან მსხვრევადია/სათუთია იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, რის წინაშეც ვდგავართ. ეს მსხვრევადობა აშკარად გამოჩნდა პანდემიასთან მიმართებაში, რადგან ეს იყო მყისიერი ზეგავლენა. ბევრს ეჭვი ეპარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხანგრძლივ პროცესში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უკვე აქ არის და ვიცით, რომ ის უკვე დამანგრეველია. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღდგენის პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ ყველაფერი იყოს უფრო მეგობრული მწვანე ეკონომიკის, მწვანე საზოგადოების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: