მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიები გადასახადისგან გაათავისუფლა

30.04.2020
ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიები გადასახადისგან გაათავისუფლა

სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც ბათუმის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევის ნებართვები მერიისგან აქვთ მიღებული, ამავე ნებართვების გადასახადისგან გაათავისუფლეს.

მერიას ექვს კომპანიაზე ნებართვა აქვს გაცემული. სატრანსპორტო სამსახურის უფროსის ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, ექვსივე კომპანიის გადასახადი თვეში დაახლოებით 15 000 ლარია.

მერიის განმარტებით შეღავათი მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით იმოქმედებს.

მერიის ეს ინიციატივა ბათუმის საკრებულომ დღეს, 30 აპრილს, დაამტკიცა.

დღესვე, სხდომაზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა არჩილ მამულაძემ ამ კომპანიების მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა: „მერამდენედ ვამბობ, დავიწყებ ვიდეოების მოტანას, როგორ ცუდად იქცევიან და აბუჩად იგდებენ ხალხს,“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

არჩილ მამულაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი  –  „პატრიოტთა ალიანსი“

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაჰპირდა მას, რომ დაიბარებს სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს და ამ საკითხზე იმსჯელებენ: „ვინიშნავ და გპირდები, დავიბარებ მე ემზარს და ერთად გავიაროთ ეს საკითხი“.

აღსანიშნავია, რომ იმ 6 კომპანიიდან, რომლებსაც მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვთ, ერთ-ერთთან, შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ ბათუმის მერიამ 188 500 ლარზე ხელშეკრულება გააფორმა იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე გადასაყვანად, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ.

ამავე კომპანიასთან, ანალოგიური მომსახურების მიზნით, 300 ათას ლარზე გააფორმა ხელშეკრულება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: