როდის დასრულდება პანდემია? – გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ თავი მოუყარა გერმანიის ცნობილი მეცნიერების, ეპიდემიოლოგებისა და მათემატიკოსების მოსაზრებებს ამ თემაზე.
ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ერთი წლის განმავლობაში საჭირო იქნება კარანტინის ამა თუ იმ შეზღუდვის შენარჩუნება პანდემიის შესაჩერებლად.
„ვშიშობ, რომ ნიღბების ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა – ამაში პირველ რიგში სხვებთან ურთიერთობისას დისტანციის დაცვას ვგულისხმობ, ალბათ, მთელი წლის განმავლობაში მოგვიწევს“, – განაცხადა ცნობილმა ვირუსოლოგმა, ალექსანდრე კეკულემ, სამედიცინო მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ჰალლე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში 22 აპრილს გერმანულ ZDF- თან ინტერვიუში.
პანდემიაზე შედარებით სწრაფი გამარჯვების მთავარ ფაქტორად მეცნიერები ვაქცინის დამზადებას ასახელებენ. ავტორიტეტული ვირუსოლოგი, ქრისტიან დროსტენი, რომელიც ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი, „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორია, იმედოვნებს, რომ ერთი წლის შემდეგ ვაქცინა გამოჩნდება საჭირო რაოდენობით.
„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მეცნიერების იმედი და ველოდოთ, რომ მომავალ წელს ერთი ან რამდენიმე ვაქცინით [რომლებზეც ახლა ერთდროულად მუშაობენ] მოვამარაგებთ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს“, – განაცხადა დროსტენმა 24 აპრილს, ავსტრიულ ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში.
„შესაძლოა, სეზონის ეფექტმა მოგვცეს საშუალება ზაფხული გავიაროთ უსაფრთხოდ, შემსუბუქებული შეზღუდვებით“, – თქვა იმავე ინტერვიუში დროსტენმა. მისივე თქმით, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ზაფხული იყოს თბილი და მშრალი, მეორე მხრივ კი – ადამიანები პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაძლო ახალ რეგულაციებს და სოციალური კონტაქტები შეძლებისდაგვარად შედგეს ღია სივრცეში და არა შენობებში.
ამასთან, სცენარის ამ ვარიანტის გაგრძელება არც ისე პოზიტიურია. „კოლექტიური იმუნიტეტი ისევ დაბალი იქნება, იმუნოლოგიურად „გულუბრყვილო“ მოსახლეობით შევალთ ინფიცირების ზამთრის ტალღაში. ეს საშიში იქნებოდა“, – გვაფრთხილებს ექსპერტი. ასეთ შემთხვევაში ადამიანები მზად უნდა იყვნენ ზამთარში სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღებისთვის.
ნაკლები ოპტიმიზმით საუბრობს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე კიდევ ერთი ცნობილი ვირუსოლოგი, ვირუსილოგიისა და აივ/შიდსის კვლევების ფაკულტეტის პროფესორი ბონის უნივერსიტეტიდან, ჰენდრიკ შთრეკი.
„ნებისმიერი წინასწარმეტყველება იმაზე, რომ ჩვენ გვექნება ვაქცინა, არასერიოზულია, რადგან ეს, უბრალოდ, არ ვიცით. არსებობს მრავალი ვირუსი, რომელთა წინააღმდეგაც წლებია უშედეგოდ ვეძებთ ვაქცინას“, – განაცხადა მან ZDF-თან ინტერვიუში. შთრეკმა მაგალითად მოიყვანა ისეთი ვირუსები, როგორიცაა შიდსი და C ჰეპატიტი.
რამდენ ხანს იქნება კორონავირუსი კაცობრიობის პრობლემა, თუ ვაქცინა არ იქნება? აქ პროფესორი მიუთითებს პარადოქსზე: რაც უფრო წარმატებით შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.
გერმანიაში პანდემიის დასრულების მათემატიკურ მოდელირებაზე ერთდროულად მუშაობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის ინსტიტუტი და იულიხის კვლევითი ცენტრი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერძლიერი კომპიუტერია. მეცნიერების ჯგუფმა უკვე წარმოადგინა მუშაობის პირველი შედეგები. შედეგებში არ არის მოცემული მზა პასუხი პანდემიის დასრულების კონკრეტულ თარიღზე, რადგან კვლევაში განხილულია საკარანტინო შეზღუდვებისა და მათი მოხსნის სხვადასხვა ვარიანტი.
მაგრამ თუ შევაჯამებთ მათემატიკური მოდელირების შუალედურ შედეგებს, ვნახავთ, რომ „მოდელირებული სცენარებიდან არც ერთი არ იძლევა იმედს, რომ კრიზისის სწრაფად დაძლევა იქნება შესაძლებელი“, – უთხრა „დოიჩე ველეს“ მარია ბარბაროსამ, ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელიც პროექტზე მუშაობს.
ერთ-ერთი მოდელში მოცემულია საკარანტინო შეზღუდვების თანდათან და ნაწილობრივ მოხსნა გერმანიაში. მათ შორის, სკოლებისა და უნივერსიტეტების, მაღაზიებისა და რესტორნების ნაწილის გახსნა მაისის დასაწყისში, ხოლო ივნისში – მუშაობის განახლება ოფისებსა და სპორტული დაწესებულებების უმრავლესობაში, გაძლიერებული ტესტირებისა და ინფიცირებულთა იზოლაციის ფონზე. გათვლა აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში ინფიცირებული პირების რაოდენობა პიკს ნოემბრის ბოლოს მიაღწევს და გერმანიაში SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ერთდროულად 1,3 მლნ ადამიანს დაუდასტურდება.
სხვა სცენარი გულისხმობს შეზღუდვების თანდათან, მაგრამ სრულ მოხსნას. ასეთ შემთხვევაში პიკი გერმანიაში დადგება აგვისტოს ან სექტემბრის ბოლოს [ეს დამოკიდებულია რამდენად სწრაფად მოიხსნება შეზღუდვები], ხოლო ერთდროულად ინფიცირებულთა რაოდენობა 6,3-7,2 მილიონს მიაღწევს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები გერმანიაში გაგრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, მათემატიკური მოდელირების პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში იქნებოდა 550 ათასი ინფიცირებული და 14 ათასი გარდაცვალების შემთხვევა.
ასევე, არის რამდენიმე მოდელი, რომელიც შეზღუდვების გახანგრძლივების ეფექტურობას უკეთ აჩვენებს. თუ კი გერმანიაში არ შემოიღებდნენ არანაირ შეზღუდვას, ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებული იქნებოდა 32 მლნ, ხოლო უფრო მკაცრი შეზღუდვების შემთხვევაში – დაახლოებით 361 000 ადამიანი.
პირველი მაისის მდგომარეობით, გერმანიაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 161 173 შემთხვევა, გარდაიცვალა 6 518 ადამიანი, განიკურნა – 123 500.
_____________
მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მასალაზე დაყრდნობით.
ფოტო: ქრისტიან დროსტენი. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CLEMENS BILAN






