მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

01.05.2020 • 6588
ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

ნაირა პაქსაძე მარნეულში, სოფელ მარადისში ცხოვრობს. ის ამ სოფელში გაიზარდა. ოჯახი 16 წლის ასაკში იძულებით შექმნა, რადგან, როგორც გვითხრა, მოიტაცეს. ნაადრევი ქორწინების მიმართ ყოველთვის პროტესტი ჰქონდა და ახლა აქტიურად იბრძვის კიდეც მის წინააღმდეგ. „ბოლოს და ბოლოს, კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ცუდია და ბოლო 3-4 წელია, ჩვენს სოფელში ნაადრევი ქორწინება არ გვქონია“, – გვითხრა მან. ნაირა და მისი თანასოფლელი ქალები ფონდ „ტასოს“ აქტივისტები არიან და სოფელში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც აქტიურად ცდილობენ.

„9 აქტივისტი ქალი ვართ და აქედან ყველას ადრეული ქორწინების ისტორია გვაქვს. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ ამის შესაცვლელად“, – გვეუბნება ნაირა. სწორედ ამ ქალებმა აიღეს საკუთარ თავზე მათ სოფელში კორონავირუსისგან დაინფიცირებული ორი ოჯახის დახმარება და მეზობლების ნარგავები სარეველებისგან გაწმინდეს.

ნაირა პაქსაძემ და მისმა თანასოფლელმა ქალებმა კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორი ოჯახის კარტოფილის ნარგავები გათოხნეს

„რადგან სამზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, 3-3 ჯგუფად გადავნაწილდით და ასე ვმუშაობთ. ჩვენს სოფელში ორი ოჯახია დაინფიცირებული,  ერთი ოჯახიდან 4 წევრი, მეორეში 3 წევრია ინფიცირებული. ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, კარტოფილი გაფუჭებული რომ არ დახვდეთ, ნარგავები გავუწმინდეთ. ახლა ბროკოლი უნდა დავუთესოთ და როცა სახლში დაბრუნდებიან, ჩითილები დახვდებათ“ , – გვეუბნება ნაირა.

გათოხნილი ყანის ფოტოები კლინიკაში მოთავსებულ მეზობლებსაც გაუგზავნეს. „არ ელოდნენ, ცრემლებით გამოხატეს მადლიერება. საავადმყოფოში ვერ ვნახულობთ და ეს მაინც ხომ შეგვიძლია გავუკეთოთ“, – ამბობს ნაირა.

სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად არის ჩართული ციცინო კახაძეც. ის ამ სოფელში ექვსი წლის გადმოვიდა საცხოვრებლად წალკის მუნიციპალიტეტიდან. მისი ოჯახიც ეკომიგრანტია და წალკამდე ხულოში, სოფელ კორტოხში ცხოვრობდნენ.

ციცინოს ისტორია კიდევ იმით ჰგავს ნაირა პაქსაძისას, რომ ისიც ნაადრევ, 14 წლის ასაკში დააოჯახეს. ციცინო ამბობს, რომ მაშინ მას არჩევანი არ ჰქონდა და ყველაფერს მშობლები წყვეტდნენ.

„ნაადრევი ქორწინების გამო ვერ მივიღე განათლება. ახლა 42 წლის ვარ და ძალიან მინდა ბუღალტერია შევისწავლო, მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა. ატესტატი არ მაქვს, სკოლა ვერ დავასრულე“-გვეუბნება ის.

ციცინო კახაძე

აქტივისტ ქალებს კარგად ესმით განათლების მნიშვნელობა, ამიტომ ახალგაზრდებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობენ.  „მე მათ სულ ვეუბნები თუ რა ცუდია ნაადრევი ქორწინება, რამდენი პრობლემის წინაშე აყენებს ის ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგონებს. ვურჩევ, რომ მთავარია მიიღონ განათლება, ისწავლონ, გაერთონ, გამონახონ საკუთარი თავისთვის დრო და ოჯახის შექმნას ყოველთვის მოესწრებიან“-ამბობს ციცინო.

ნაირა, ციცინო და მათი თანასოფლელი ქალები კოვიდ 19-ის პანდემიისას სოფელში მარტოდ დარჩენილ მოხუცებსა და გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარებიან.

ქალებმა თავიანთი დანაზოგით პირბადეები შეკერეს, სადეზინფექციო ხსნარები და სველი ხელსახოცები შეიძინეს და სოფლის მცხოვრებლებს დაურიგეს.

„სოფელში ბავშვებს „ეკოკლუბი“ აქვთ, ამ ბავშვებმა მეზობელ სოფელშიც მოიძიეს გაჭირვებული ოჯახები და ჩვენ, ქალებმა, მათთვის სურსათი შევაგროვეთ და მივუტანეთ. 7 ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და მათაც დავეხმარეთ საკვებით. ვფიქრობ, ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში“, – ამბობს ნაირა პაქსაძე.

ციცინო კი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს თავიანთი სათბურიც აქვთ. როცა მოსავალს ჰყიდიან, იმ ფულით სხვა გაჭირვებულ თანატოლებს ეხმარებიან, მათ შორის მეზობელ სოფელშიც. „ბევრ თანატოლს აუსრულეს ოცნება“-გვეუბნება ციცინო. მისი აზრით, პიროვნული მაგალითი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მათ ყოველდღიურად უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს სოლიდარობა და თანადგომა.  როცა ჩვენ გვიყურებენ, ისინიც იგივეს აკეთებენ“-ამბობს ციცინო კახაძე. მისი თქმით, დაეხმარო შენზე სუსტს, ბედნიერებაა.

„სხვა ადამიანებს რომ ვეხმარები სიამოვნებას მანიჭებს, ეს ერთგვარი სტიმულია, რომ სოფელში ყველა კარგად ვიყოთ და არ გვყავდეს გვერდით გაჭირვებული მეზობელი. ვფიქრობ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში“-გვეუბნება ის.

აქტივისტი ქალები გარდა სოლიდარობისა, გარემოზე ზრუნვითაც გამოირჩევიან. მათ მიაჩნიათ, რომ შენი ქვეყნის სიყვარულია ის, როცა საკუთარი ჭიშკრის, ეზოს იქეთაც გრძნობ პასუხისმგებლობას.

„ცენტრალური გზიდან სოფლამდე, თითქმის ერთი კილომეტრია. გზის ამ მონაკვეთს სოფლის ახალგაზრდები თავიანთი ინიციატივით ყოველ შაბათ -კვირას ასუფთავებენ და ჩვენც ვეხმარებით, ვწმენდთ ნარჩენებისგან გარემოს. ვცდილობთ, არც ნიადაგი დავაბინძუროთ. უკვე ყველა ცდილობს გარემოს სადაც ვცხოვრობთ, გაუფრთხილდნენ“-გვეუბნება ციცინო.

ქალების აზრით, თუ გვინდა რაღაც შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ უკეთესობისკენ, ამისთვის ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი.

ციცინო კი ამბობს: „ცვლილება თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან თუ ჩვენ არ ვიქნებით აქტიურები, მზამზარეულს არავინ არაფერს მოგვიტანს. ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა და მხარდაჭერაც, მაგრამ ბრძოლა ცხოვრებისთვის, საკუთარი ინიციატივების განხორციელებისთვის, თავისუფლებისთვის, მაინც ყოველდღე და ყველგან საჭიროა“.

ყველაზე მეტად ახლა სოფელს რაც უჭირს, ის არის, რომ მოწეულ ბოსტნეულს ვერ ყიდიან. „სალათის ფოთოლი გვაქვს დიდი რაოდენობით, სხვადასხვა ჯიშის, სხვა ბოსტნეული იყიდება, მაგრამ სალათი ძნელად. ამბობენ, სასტუმროები და კაფე-ბარები რომ აღარ მუშაობს, აღარც სალათი იყიდება. ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ესაა“.

შემდეგი გამოწვევა განათლებას უკავშირდება. სოფელს ინტერნეტი არ აქვს, ამიტომ როგორც ქალები ამბობენ, ონლაინგაკვეთილების დროს ხშირია ტექნიკური პრობლემები, ამიტომ ბავშვების განათლება უფრო მეტად, ტელესკოლაზეა დამოკიდებული.

სოფლის ახალგაზრდები ყოველწლიურად სოფლის ფესტივალსაც მართავენ და აქტივისტი ქალები ამ პროცესშიც მონაწილეობენ. თუმცა პანდემიის გამო წელს ეს ნაკლებად შესაძლებელია. ფესტივალზე სოფელი თავის მოწეულ პროდუქტს გამოფენს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს, სამზარეულოს და ყიდიან, შემოსული ფულით კი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან.

ნაირა ისევ ნაადრევი ქორწინების თემას უბრუნდება. ის ამბობს, რომ ფონდი „ტასო“ ადრეული ქორწინების მსხვერპლ ქალებს პროფესიული განათლების დაფინანსებას დაჰპირდა.

„ძალიან ბევრი ქალია ასეთი, ვინც განათლება ნაადრევი ქორწინების გამო ვერ მიიღო. ძალიან უნდათ, რომ პროფესია ჰქონდეთ. გვინდა, რომ ქალები აქტიურები იყვნენ. ჩვენ ფონდში გაწევრიანებამდეც ვაპროტესტებდით ადრეულ ქორწინებებს, ოჯახში ძალადობას და ვამბობდით, რომ ქალებს უფრო მეტი შეგვიძლია. კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ძნელად, მაგრამ მაინც მიხვდნენ. ჩემი ოჯახისგან კი მხარდაჭერა მქონდა და მითხრეს, აუცილებლად უნდა ჩავრთულიყავი აქტივიზმში“, – გვეუბნება ნაირა.

სოფელ მარადისში ძირითადად აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფელში 48 ოჯახია. „გვყავს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მეზობლებიც და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – ამბობს ნაირა.

_____

https://netgazeti.ge/news/448661/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: