მთავრობის ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპის ფარგლებში იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის იმ დაქირავებულებზე ანუ დასაქმებულებზე, რომლებიც პანდემიის გამო მარტის თვიდან სამსახურში შეამცირეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ მათ ყოველთვიურ ხელფასს.
აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომელიც გაიცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.
დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.
ინფორმაციაში მიეთითება:
[checklist]
- დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);
- დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).
[/checklist]
ყოველი თვის 20 რიცხვამდე, საწარმოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან ბაზას და უგზავნის სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.
[crosslist]
- საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.
[/crosslist]
მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია „ა“-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია „ბ“-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გასცა ხელფასი. ამ შემთხვევაში, ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში.
დამქირავებელს საშუალება აქვს, დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური სააგენტოს უგზავნის დაზუსტებულ სიას.
სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიაში არსებულ პირებზე ახორციელებს საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას შესაბამისი თვის 30 რიცხვამდე.
იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა.
შესაძლო კითხვები:
დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.
ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.
ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?
უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – info@rs.ge, ტ.: 2 299 299.
—
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა). ასევე სხვა არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/273757/