მთავარი,სიახლეები

კარანტინში მყოფი პირების სახლებში გადასაყვანად ბათუმი დამატებით 138 ათას ლარს დახარჯავს

10.04.2020 • 2063
კარანტინში მყოფი პირების სახლებში გადასაყვანად ბათუმი დამატებით 138 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რაც იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ.

ხელშეკრულება ამჯერად 138 500 ლარზე გაფორმდა. კომპანიას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან – ხელშეკრულება ბათუმიდან სხვადასხვა რეგიონში 2000-მდე პირის გადაყვანაზეა გაფორმებული.

ამდენივე პირის გადაყვანაზე მერიამ იგივე კომპანიასთან ხელშეკრულება ადრეც გააფორმა, თუმცა სახელშეკრულებო თანხა მაშინ 50 ათასი ლარი იყო.

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება კომპანიამ შეასრულა და დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება ამიტომ გახდა საჭირო: „თანხა და რაოდენობა აღებულია პირობითად, ამასთან გაიზარდა გადასაყვანი პირების და რეისების რაოდენობაც, ვინაიდან ადრე, თუ ვთქვათ, 12 კაცის გადაყვანა შეიძლებოდა, ამჯერად, მხოლოდ 7-8 პირის გადაყვანაა შესაძლებელი მიკროავტობუსით.“

ხელშეკრულებები მერიამ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გააფორმა. როგორც მერიაში აცხადებენ, ორთავე შემთხვევაში ჩატარდა ბაზრის კვლევა ყველაზე დაბალი ფასის დასადგენად.

გამორიცხული არაა კარანტინგავლილ პირთა ტრანსპორტირებაზე მერიამ ხელშეკრულება კიდევ გააფორმოს.

„საქართველოს მასშტაბით ახალ კორონავისრუსთან (COVID-19) ბრძოლის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შექმნილ უწყებათშორის საკორდინაციო საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. შესაბამისად, საქართველოს
მთელს ტერიტორიაზე მოწყობილი იქნა საკარანტინო სივრცები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია აჭარაში (ბათუმი). ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

2020 წლის 10 აპრილის 19:30 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანი იმყოფება. ეს მონაცემი მუდმივად იცვლება – 14 დღის გასვლის შემდეგ მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, ტოვებს კარანტინს, ხოლო სიმპტომების მქონე მოქალაქეები გადაჰყავთ სტაციონარში. 

რაც შეეხება სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, მათ უმრავლესობას თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან. რამდენიმე სასტუმროს მფლობელმა კი, სასტუმროს შენობა საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უფასოდ დაუთმო.

ამ თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: