განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. ჩვენ ვეძებთ ცვლილებებს ვირუსში, რომ დავინახოთ, ნიშნავს თუ არა ესა თუ ის ცვლილება იმას, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია; რომ დავინახოთ ცვლილებები ამ ვირუსში გადადების და ადამიანების დაინფიცირების მხრივ ან მისი უნარი – გამოიწვიოს დაავადების მძიმე მიმდინარეობა. ჯერჯერობით ეს ვირუსი [COVID-19] შედარებით სტაბილურია,“ – თქვა მარია ვან კერჰოვმა.
მისივე თქმით, ვირუსში შეინიშნება ცვლილებები, რაც ნებისმიერ ვირუსთან არის მოსალოდნელი და ეს ცვლილებებიც ამ მოსალოდნელი ნიშნულების დიაპაზონში ექცევა. მარია ვან კერჰოვის განმარტებით, არანაირი განსხვავება არ შეინიშნება COVID19-ში, რომლებიც გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში:
„ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მისი ქცევა/უნარი არ შეცვლილა გადადებისა და ადამიანების მძიმედ დასნებოვნების ნაწილში”.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 29 აპრილის [14 სთ] მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით [COVID-19] ინფიცირების 3 126 806 შემთხვევა, მათ შორის 217 555 ადამიანი გარდაიცვალა.
ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწის 21 ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
ამ ნაკვეთებს [სულ 1489 კვ.მ] შემდგომში აჭარის მთავრობა საკუთრებაში გადასცემს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც აქ ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ანძების მშენებლობას გეგმავს.
„ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა ქალაქ ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიის დაგეგმარება, სხვადასხვა საწარმოის ამოქმედების, სამრეწველო ზონის განვითარების ხელშეწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეთხოვა მოსაზრების წარმოდგენა ე.წ. სამრეწველო ზონის საპროექტო არეალში უკვე არსებული ანძების მდინარის [ჭოროხის] მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე მონაცვლეობასთან დაკავშირებით“, – წერია მერიის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, 2019 წლის მაისში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა ბათუმში, ახალი სამრეწველო ზონის პროექტის არეალში, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების განთავსებისათვის შერჩეული ამ 21 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რის შემდეგაც ისინი ბათუმის საკუთრებად დარეგისტრირდა.
ამ ნაკვეთების გადაცემის მიზანი კი „ახალი სამრეწველო ზონის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საქმეში აჭარის მთავრობისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ხელშეწყობაა“, – წერია განმარტებით ბარათში.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ბათუმის ენერგომომარაგებისთვის აშენებს, რაშიც დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“[ანუ მდინარე ჭოროხის გასწვრივ], შემდეგ ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო უბანს.
ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს.
სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა].
ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები 17 აპრილამდე და შემდეგ პერიოდში. 27 აპრილიდან კი ტრანსპორტის [მსუბუქი ავტომანქანების და ტაქსების] მოძრაობა უკვე დაშვებულია.
მონაცემები აღებულია გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, რომელიც სპეციალური ავტომატური სადგურების მეშვეობით აკონტროლებს ჰაერის ხარისხს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური არის ბათუმშიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს დამაბინძურებლების შემცველობას ჰაერში.
[red_box]NO2 – აზოტის დიოქსიდი[/red_box]
ეს მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირია, რომელიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.
ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 40-მდე ითვლება ძალიან კარგ მაჩვენებლად, 40-100 კი – კარგი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ეს მაჩვენებელი ბათუმში ხშირად იყო 40-ზე მეტი, მარტში კი 95,2-იც დაფიქსირდა [ანუ საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული].
15 აპრილს ბათუმში NO2-ის შემცველობა ჰაერში 62 იყო, 17 აპრილს, დილით – 33,27, ხოლო 18 აპრილს, როცა მანქანების მოძრაობა სრულად იყო აკრძალული – ეს მაჩვენებელი 8,15-მდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 7,92-იც იყო. 27 აპრილს, როცა მსუბუქი ავტომანქანები ამოძრავდა, ამ მაჩვენებელმა 54,85-ს მიაღწია [წინა დღით კი 18 დაფიქსირდა].
2019 წლის აპრილში კი, ბათუმში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი, მთელი თვის განმავლობაში, 42-დან 69-მდე მერყეობდა.
აზოტის დიოქსიდს ახასიათებს რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება (მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება).
[gray_box]PM – მტვრის მყარი ნაწილაკები[/gray_box]
ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით, მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5.
ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.
[highlight color=”red”] PM2.5[/highlight] – ჰაერში ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ის ზემოთ კი – საშუალო და ცუდი.
მაგალითად, 15 აპრილისთვის ბათუმში ეს მაჩვენებელი იყო 34,64 [ანუ ცუდი] თუმცა, 17 აპრილს ის 12-მდე ჩამოვიდა [ანუ იყო კარგი]. 21 აპრილს კი – 9,86, ანუ ძალიან კარგი იყო. თუმცა 27 აპრილს ამ მაჩვენებელმა 18-ს გადააჭარბა.
[highlight color=”red”] PM10[/highlight] – ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი, თუმცა, იგივე 15 აპრილს ბათუმში 78,93 [ანუ ცუდი მაჩვენებელი] დაფიქსირდა. 17 აპრილს კი 17,44-მდე ჩამოვიდა. მომდევნო დღეებშიც შენარჩუნებული იყო ძირითადად, ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა 27 აპრილს საღამოს, ეს მაჩვენებელი თითქმის 33-მდე გაიზარდა.
ამ ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
SO2 – გოგირდის დიოქსიდი
ეს უფერო აირი წყლის ორთქლში გახსნისას გარდაიქმნება გოგირდმჟავად. იგი ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. მისი წყაროებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გოგირდმჟავას წარმოება, გოგირდის შემცველი მადნების დნობა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვა, თუმცა მისი ჰაერში გაფრქვევების მთავარი წყარო თბოელექტროსადგურების მიერ წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, მაზუთი და ა.შ.) წვაა.
ბოლო პერიოდში ბათუმში ჰაერში გოგირდის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ძალიან კარგი ფიქსირდებოდა, თუმცა თუ 15 აპრილს ეს მაჩვენებელი იყო 1,26, უკვე 17 აპრილიდან ის 0-ზე ჩამოვიდა. 27 აპრილს კი 2,4 დაფიქსირდა [2019 წლის აპრილში, მაქსიმალური მაჩვენებელი 3,12 იყო].
SO2-ს ახასიათებს თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება
CO – ნახშირჟანგი
CO უფერო და უსუნო აირია. ნახშირჟანგის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, ასევე შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.
ბათუმის შემთხვევაში ბოლო პერიოდში ნახშირჟანგის დიდი შემცველობა ჰაერში შესაბამის სადგურზე არ დაფიქსირებულა. 1,46 იყო თებერვალში, 1,91 – მარტში. მარტის ბოლოდან კი, მისი შემცველობა ჰაერში 0-ია. ეს მაჩვენებელი ცუდია, როცა 10-ს გადააჭარბებს.
ნახშირჟანგის ზემოქმედების შედეგია თავის ტკივილი, მენტალური ცნობიერების დაქვეითება, გულის შეტევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში სიკვდილი. ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის ძალიან მაღალი კონცენტრაციები პრაქტიკულად ვერ მყარდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას, გადაადგილების და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს, ჰაერის ხარისხზე მთელ ქვეყანაში დადებითად აისახა.
„პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია,“ – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
„გუშინ ამ დროისთვის ჩვენ გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და არის 517 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. დღეს, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს, ქოვიდ ცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
29 აპრილის მონაცემებით [13 სთ] საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.
ოფიციალური მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 549 პირი, კარანტინის რეჟიმში კი იმყოფება 5153 მოქალაქე.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი პროგნოზით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ქალები დადგებიან გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ.
კერძოდ, 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რაც უახლოეს თვეებში 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს.
გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალების მდგომარეობაზე COVID19-ის გავლენის მასშტაბი უზარმაზარია – პანდემიის შედეგად გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა, დაიხურა სამედიცინო დაწესებულებები, ქალებსა და გოგონებს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ შეზღუდულ პაკეტზე მიუწვდებათ ხელი; ვირუსით დაინფიცირების შიშით, ისინი ხშირად ამჯობინებენ მნიშვნელოვანი გეგმიური სამედიცინო შემოწმებები გამოტოვონ. სავარაუდოა, რომ მომარაგების გლობალურ ჯაჭვში არსებული ხარვეზები კონტრაცეპტივების მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, ასევე მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდაც, რადგან ქალებს გახანგრძლივებული დროით უწევთ სახლში დარჩენა.
„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ,“ – ამბობს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა UNFPA– ს მიერ, Avenir Health– ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით.
კვლევის ძირითადი პროგნოზი ასეთია:
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა.
COVID19-ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
COVID19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-2030 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალთა და გოგონათა საჭიროებები დამკვიდრდეს პრიორიტეტებს შორის და ასევე, უპასუხოს გამოწვევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში.
„ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა,“ – აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის პრესრელიზში.
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 16 მოქალაქე დააჯარიმა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Mastercard საქართველოში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bolt-თან თანამშრომლობით, მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებს.
Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმადე დაიყვანოს.
საქართველო მუდმივად მზადაა ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მისაღებად, სწორედ ამიტომ, Mastecard-მა ქვეყანაში წარმატებულად განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება – როგორიცაა საბანკო ოპერაციების სრულიად ელექტრონიზირება – გადახდის ისეთი მრავალფეროვანი, სანდო, სწრაფი და უსაფრთხო მეთოდებით, როგორებიცაა: უკონტაქტო ბარათით გადახდა ; Apple Pay; Tap On Phone.
Mastercard უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიებსა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას იყენებს, რათა თითოეული ინდივიდისა თუ სისტემის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
ამავე მიზეზით, კომპანია შეუერთდა გლობალურ ინიციატივას, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან და Wellcome-თან ერთად, COVID-19 პანდემიის სამკურნალო მედიკამენტების შექმნისა და ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად.
უკონტაქტო გადახდების ლიმიტი კი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, 45 ლარიდან 100 ლარამდე გაზარდა, რითაც ბარათის მფლობელებსა თუ საცალო მოვაჭრეეებს შესაძლებლობა მისცა, გადახდები გაცილებით უფრო მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განახორიელონ, ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.
ასევე, Wolt-თან თანამშრომლობით, აპლიკაციაში ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა ნებისმიერ შეკვეთა სრულიად უფასოდ მიიღონ, მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე უბრუნდებათ.
ახლა უკვე Mastercad Bolt-ის საშუალებით ფრონტის წინა ხაზზე, ინფექციურ სავადმყოფოსა და ცხელების ცენტრებში, Covid19 პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალურ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს და მათ ტრანსპორტირების ხარჯებს სრულიად დაფარავს.
პროექტი საქართველოს სამ დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს მოიცავს და იმ კლინიკების თანამშრომლებს მოემსახურება, რომლებშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.
“პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენს მთავარ ძალას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს, მათი კეთილდღეობა Mastercard-ისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა – იგორ სტეპანოვმა.
მისივე თქმით: „კომპანია მუდმივად აკვირდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არეალს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რათა შეამსუბუქოს ის სირთულეები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.”
ამ კამპანიის ფარგლებში Bolt-ის აპლიკაციაში სპეციალური ბიზნეს ექაუნთი შეიქმნება – Mastercard for Medics. ჩართული კლინიკების სია, კამპანიის დაფარვის ზონები და ყველა საჭირო ინფორმაცია ლინკზეა მოცემული https://docdro.id/rorN9kd. ინფორმაცია ასევე დეტალურად იქნება განთავსებული Mastercard-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/MastercardGeorgia.
Mastercard-ის შესახებ
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (https://newsroom.mastercard.com)
აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24- მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, დღეს აჭარაში Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 97 ლაბორატორიული ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.
ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და მონაცემები არც ამ მხრივ გაზრდილა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ კლასტერთან დაკონტაქტებული პირების თითქმის ოთხმოცი პროცენტი უკვე შესწავლილია და კვლევა ისევ გრძელდება.
ქობულეთში თვითიზოლაციის პერიოდი დასრულდა სოფელ გვარაში, 29-30 აპრილს კი ეს პერიოდი დასრულდება ლეღვასა და მუხაესტატეში.
ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან.
თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის შემოსულობები, საშუალოდ, 332 000 ლარით შემცირდება.
იმ დაწესებულებებს კი, რომლებსაც გათვალისწინებულ პერიოდზე უკვე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე. ამავე დადგენილების პროექტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი განაცხადონ.
უარის თქმის შესახებ კი, მათ განცხადებით უნდა მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან შპს „სანდასუფთავებას“.
[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ საქმიანობის სფეროები, რომლებიც შესაძლოა ბათუმში დასუფთავების გადასახადისგან გაათავისუფლონ”]მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
ოფისები, სააგენტოები (გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა)
კინოთეატრები და თეატრები
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა‐ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
სასტუმროები (გარდა იმ ობიექტებისა, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება)
სტადიონები, სპორტულ‐გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების
გარდა)
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (გარდა აფთიაქებისა და ზოომაღაზიებისა)
აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხუთი ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება,“ – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
მთავარი ფოტო: მეზღვაურები საქართველოში გამომგზავრების წინ /თურქეთში საქართველოს საელჩო
ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიაა.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საბრძოლო მანქანა სოფელში 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.
ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავადაც იყო სპეცრაზმის წევრი.
„ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით. ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო,“ – იხსენებს ლევან გობაძე.
ლევან გობაძის ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ავიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.
„ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე,“ – ამბობს ლევან გობაძე.
მისივე თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანა სპეცრაზმს არასდროს გამოუყენებია. იარაღის ჩაბარების შემდეგ კი საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.
ზუსტად მათი რაოდენობა არასდროს არავის დაუთვლია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს – სეზონი მაისში იწყებოდა. ჩაის მკრეფავებს არც ხელშეკრულება ჰქონდათ და არც შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დღეს მათ არც თვითდასაქმებულად მიიჩნევს ვინმე. ჩაის მკრეფავები ახლა წინასწარ დარდობენ ზამთარს. დარდობენ თურქი დამსაქმებლებიც: „საზღვარი თუ არ გაიხსნა, ვინ მოკრეფს ამდენ ჩაის?“ – კითხულობენ ისინი.
„…2000 წლიდან დავდივარ თურქეთში ჩაის საკრეფად, ერთი წელიც არ ჩამიგდია,“ – გვიყვება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სულიკო გუნდაძე. სხვების მსგავსად იცის, რომ წელს თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი ჩავარდა.
„ვისთანაც ვმუშაობდი, დამირეკა, კარანტინი გამოცხადდა და რა უნდა იქნას, არ ვიციო… ძალიან რთული იყო მუშაობა, დილის ექვსზე გავდიოდი და საღამომდე ვმუშაობდი, მარა ეს იყო ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. თვეში დაახლოებით 1000 ლირამდე გამომქონდა. გამოვდიოდი, ცოტას დავისვენებდი და ისევ მივდიოდი.
მარტო მე ხომ არა? მთელ საქართველოს იქ ნახავდი: გურიიდან გინდოდა, სამეგრელოდან, რომ გავიგონებდი ქართულ ლაპარაკს, ვეცნობოდი ახლო-მახლო ბიჭებს. ხომ იცი, როგორ გიხარია უცხო მხარეში ქართველის ნახვა?
რამდენი ბავშვიც მუშაობდა, ასე 16-17 წლის იქნებოდნენ. გაჭირვება აწი ნახეთ, თურქეთის საზღვარი თუ არ გაიხსნა. ტელევიზორებიდან ყველაფერს აცხადებენ დახმარება იქნებაო, მაგრამ ჩემს ოჯახში არ მოსულა ჯერ არაფერი. ვართ ასე – უმუშევრად დარჩენილები,“ – გვითხრა სულიკო გუნდაძემ.
„ჩვენი დახმარება არ განიხილება, არავის უხსენებია ეს… ჩავედი ბოსტანში და ვამუშავებ, მაგრამ ამით ვერ გავიტანთ თავს, წინ ზამთარია. ჩემი ოჯახის შემოსავალიც ეს იყო – ჩაის კრეფა თურქეთში. მე და ჩემი ძმა მაისის დასაწყისში თურქეთში მივდიოდით,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები რუსლან ნოღაიდელი. ის ყოველ სეზონზე დაახლოებით 100 ადამიანის თურქეთში გადაყვანას უკეთებდა ორგანიზებას – დამსაქმებელს აკავშირებდა ჩაის მკრეფავებს და თავადაც მუშაობდა.
რუსლანს ახლა ყოველდღიურად ურეკავს ჩაის პლანტაციების თურქი მესაკუთრე, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე საზღვარი გაიხსნება.
არავის არასდროს დაუთვლია, რამდენი ადამიანი გადადის თურქეთში ჩაის საკრეფად
„რუსლანი ჩემთან მუშაობდა… ერთ კვირაში მოსაკრეფია უკვე ჩაი. თუ არ ჩამოვლენ საქართველოდან, არ ვიცი, როგორ მოიკრიფება ამდენი ჩაი… მე იმედი მაქვს, რომ გაიხსნება სარფის საზღვარი. შეიძლება ერთ კვირაში არა, მაგრამ მალე გაიხსნება. ისე არ ვიცი, როგორ მოვკრეფთ ამხელა მოსავალს,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ, რომელსაც თურქეთში სოციალური ქსელით დავუკავშირდით. ერჰანი თურქეთში, სოფელი დემირისარიში ცხოვრობს.
ერჰანის თქმით, ახლა ჩაის ბუჩქების დამუშავების დროა, რასაც მისი ოჯახი საკუთარი ძალებით ახერხებს, ჩაის მასობრივი კრეფა კი, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.
უმუშევრად დარჩა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რამაზ ჯინჭარაძეც.
„სეზონზე ჯამში 5 ათას ლირამდე გამომდიოდა, მთელი ზამთრის პროდუქტებს მაგით ვყიდულობდი… ამბობენ, რთულია იქ მუშაობაო. რთულია, მაგრამ მართლა მიხაროდა იქ წასვლა, ვიცოდი, რომ ვიმუშავებდი და ფულს ავიღებდი. ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერავინ გვთავაზობს გამოსავალს,“ – გვითხრა რამაზმა.
ჩაის საკრეფად რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში, ეს ციფრი უცნობია, თუმცა დაახლოებით სამი წლის წინ კავშირ „ინტელექტს“ ჰქონდა პროექტი ამ კონკრეტული ადამიანების კონსულტაციისთვის. მაშინ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული კონსულტაცია აჭარაში მცხოვრებმა 2 ათასამდე პირმა გაიარა. ისინი პერიოდულად თურქეთში გადადიოდნენ ჩაის საკრეფად.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც.
16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს: ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.
დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი.
ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21 საათიდან შეიზღუდა.
არის გარკვეული გამონაკლისებიც. მათ შორის, ბათუმიდან მოქალაქეს შეეძლება გასვლა, თუ ის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით მიდის ქალაქიდან აჭარის ან სხვა რეგიონის მუნიციპალიტეტში.
თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მას უფლება აქვს გავიდეს ქალაქიდან დილის 6 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, რისთვისაც სასურველია, წინასწარ დარეკოს ცხელ ხაზზე: 577 59 44 55 [აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო].
ან დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე. ბათუმის შემთხვევაში, ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად კრეფთ 144-ს, შემდეგ 2-ს და ბოლოს 0-ს. აქედან კი ან ზემოთ აღნიშნულ ნომერზე გადაგამისამართებენ, ან ბათუმის მერიაში, შესაბამის ნომრებზე.
მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმ ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აპირებს სამუშაოებისთვის გასვლას [საკმარისია ამონაწერი რეესტრიდან, რომ კონკრეტული ნაკვეთი არის მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში].
ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ თუ ასეთი საბუთი გაქვთ, შეგიძლიათ არ დარეკოთ ცხელ ხაზზე და დოკუმენტი წარადგინოთ ბლოკ პოსტზე [თუმცა, ქალაქიდან გასვლის დრო ამ შემთხვევაში შეზღუდულია – დილის 6 საათიდან დილის 8 საათამდე].
თუ ქალაქგარეთ გაქვთ ნაკვეთი, ამუშავებთ, მაგრამ ეს ნაკვეთი არ გაქვთ საკუთრებაში, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტს, მერის წარმომადგენელს და ის მოგცემთ დამადასტურებელ საბუთს, რომ თქვენ ფლობთ და ამუშავებთ მიწის ნაკვეთს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დადასტურება საკმარისი იქნება, რომ თქვენ გახვიდეთ ქალაქიდან, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად.
თუ მოქალაქე არ არის ბათუმში რეგისტრირებული[ჩაწერილი], მაგრამ ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს, მასაც შეეძლება გავიდეს ქალაქიდან სასოფლო სამუშაოებისთვის [შესაბამისი დოკუმენტების ქონის შემთხვევაში] და დაბრუნდეს შემდეგ ქალაქში.
რაც შეეხება დაბრუნებას, ანუ ქალაქის ტერიტორიაზე შემოსვლას, ეს დროც შეზღუდულია. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ქალაქიდან გასულ მოქალაქეს შეუძლია ქალაქში შემოსვლა მხოლოდ საღამოს 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე პერიოდში.
„მოქალაქეს შეუძლია დილით განსაზღვრულ საათებში ქალაქიდან გავიდეს ერთი-ორი ან რამდენიმე დღით. შესაძლოა, ასეთ მოქალაქეებზე გაიცეს რამდენიმედღიანი ნებართვაც“, – გვითხრეს ცხელ ხაზზე.
ოთხ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა 27 და 28 აპრილს დროებით იყო გაუქმებული.
რაც შეეხება სხვა გამონაკლის შემთხვევებს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
აჭარის მთავრობა ბოსტნეულის მოყვანას იწყებს. საუბარია ქობულეთში, სოფელ გვარაში დაახლოებით ორ-ნახევარ ჰექტარზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც 43 სათბურია განთავსებული. მთავრობას წელს ეს სასათბურე მეურნეობა აუქციონის წესით უნდა გაეყიდა, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეული მოყვანა არჩიეს. გარდა ამისა, წელს მთავრობამ ვერ შეიძინა სასათბურე კონსტრუქციები, რომლებიც ფერმერებისთვის უნდა გადაეცა.
„რისკი იყო ძალიან მაღალი, რომ აუქციონი არ შედგებოდა და ჩაიშლებოდა. ამიტომ, სახელმწიფომ მისივე მოწყობილი სათბურის მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა… კრიზისულ მომენტში თავი შეიკავეს ინვესტორებმა იმ მიზეზით, რომ ჩითილების შემოტანა იქნებოდა პრობლემა, ასევე ავტომანქანების გადაადგილება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ტიტე აროშიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრი ამბობს, რომ სათბურებში ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს მოიყვანენ – კიტრს, პომიდორს, ბულგარულს, წიწაკას, ბადრიჯანს.
„ეს იქნება ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბაზრის სასურსათო პროდუქციის მარაგების შესავსებად. ის პროდუქცია, რომელიც ზაფხულის პერიოდში მთლიანად შემოდიოდა იმპორტის სახით, ნაწილობრივ შეავსებს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს,“ – განმარტავს მინისტრი ტიტე აროშიძე.
რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ ფერმერების ნაცვლად ბიზნესის წამოწყება, რა იქნება ამ პროდუქტის ფასი, ან როგორ შევა კონკურენციაში ბიუჯეტის ხარჯზე მოწეული ბოსტნეული კერძო პირების მიერ მოყვანილი ბოსტნეულისგან? – ტიტე აროშიძემ გვიპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მხოლოდ კრიზისიდან გამომდინარე მიიღო და, პირველ ეტაპზე, სათბურებში მოწეულ ბოსტნეულს სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდიან. შემდეგ ეტაპზე კი, მთავრობის მიერ მოწეული ბოსტნეული შესაძლოა ბაზარზე გავიდეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს ვერ მოხერხდა სათბურების შეძენა.
„დაახლოებით 5 ჰექტარზე ჩვენ უკვე გვაქვს მოწყობილი სასათბურე მეურნეობა კერძო სექტორში. ეს პროგრამა გადავადდა, რადგან მომწოდებლებმა გვითხრეს, რომ პანდემიის გამო ქარხნები დაკეტილია და სასათბურე კონსტრუქციების შემოტანა გაუჭირდებათ, ამას შემოდგომამდე ვერ მოახერხებდნენ. ამიტომაც, ჩვენ გადავაწყვეთ ბიუჯეტის გეგმა,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
რაც შეეხება სოფელ გვარაში მოწყობილ სათბურს, მთავრობა მის გასხვისებას პირობებით აპირებს – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი და ბრენდირებული პროდუქციის შექმნა. მინისტრი ამბობს, რომ რადგან პანდემიის გამო აგროპარკის გაყიდვა ვერ მოხერხდა, ამიტომაც გამოიყენებს მას მთავრობა ბოსტნეულის მოსაყვანად.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა მთავრობის მიერ მოყვანილი ბოსტნეულით ბაზრის ნაწილობრივ შევსებაზე გვესაუბრა, კერძო პირებთან კონკურენციასა და ფასებზე საუბრის დროს, მინისტრმა თქვა, რომ ამ ბოსტნეულის 90 პროცენტს „მოწყვლადი ჯგუფები მიიღებენ“.
„…თუკი ეს ოჯახები გვეტყვიან, რომ აღარ გვინდა ეს ბოსტნეული და მის შეძენას ისედაც ვახერხებთო, მაშინ შეგვიძლია ჩავრთოთ კერძო სექტორი და მოხდება მისი რეალიზება, თანხა წავა ბიუჯეტში,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.
ანტიკირიზისული გეგმის ფარგლებში წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2500 ჰექტარ მიწას დაუხნას გლეხებს.
Covid19 მხოლოდ სასუნთქი გზების დაზიანებით არ შემოიფარგლება და როგორც უკვე პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება ნერვული სისტემის დაზიანებაც.
ნერვულ უჯრედებზე მისი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ შეუსწავლელია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კავშირი არსებობს: გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დროებითი დაკარგვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დასახელდა Covid 19-ის სპეციფიკურ სიმპტომებად.
გარდა ამისა, ცხვირიდან ვირუსს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინამდე, ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს გართულებათა მთელი ჯაჭვი პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს ფუნქციის მოშლით.
კორონავირუსის თანმდევი გართულებების სია დიდია: საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემებით, თრომბით დაწყებული, გულის უკმარისობითა და ენცეფალიტით დამთავრებული.
ინფექციის საერთო სურათი ნელ-ნელა ჩნდება, სამეცნიერო ჟურნალებში ასობით პუბლიკაციის საშუალებით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ექიმები ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდებზე უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
ყველაზე ხშირად ექიმები ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლას აღწერენ. ორი, საფრანგეთსა და ჩინეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამა თუ იმ ფორმით ნევროლოგიური სიმპტომები კორონავირუსით ინფიცირებულთა მესამედზე მეტს აქვს.
Covid 19-ით გამოწვეული გართულებების სიაში არის ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის, გულის, სისხლის მიმოქცევის მოშლის პრობლემები.
ნერვულ სისტემაზე ვირუსი განსხვავებულად მოქმედებს, ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ნევროლოგიური გართულებები სცდება მხოლოდ გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვას. კორონავირუსის თანმდევ გამოვლინებად გარკვეულ შემთხვევებში ასახელებენ ენცეფალიტს (ტვინის ანთებას) და გიიენა-ბარეს სინდრომს – იმუნურ სისტემას ამ დროს საკუთარი ორგანიზმის უჯრედებზე მიაქვს იერიში, ვითარდება კუნთების სისუსტე და გართულების შემთხვევაში პარალიჩი.
ამერიკელი ექიმების ცნობით ნიუ იორკში ორი კვირის განმავლობაში 50 წლამდე 5 ინფიცირებულს განუვითარდა მწვავე ინსულტი, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები საერთოდ არ ჰქონიათ.
კვლევების მიხედვით, ნევროლოგიური პრობლემები უვითარდებათ მძიმე პაციენტებს და ეს გართულებები ხშირად არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგაც.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას.
ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში:
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული სახსრებია.
მაგალითად, მცირდება არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის დაფინანსება 80 ათასი ლარით [2,4 მილიონის ნაცვლად იქნება 2,32 მილიონი ლარი], ხოლო 10 ათასი ლარით შემცირდება საარჩევო სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების ხარჯები.
250 ათასი ლარით შემცირდება აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები. შესაბამისად, ნაცვლად 3 220 200 ლარისა იქნება 2 980 200 ლარი. აქედან: 50 ათასით შემცირდება ხელფასები [და იქნება ჯამში 1 778 200 ლარი], ხოლო 10 ათასი ლარით შემცირდება არაფინანსური აქტივები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება 9 762 600 ლარით, რაც ასევე გამოთავისუფლებული სახსრებია.
მაგალითად, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი 380 ათასის ნაცვლად დაფინანსდება 7,1 ათასი ლარით; მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შემცირდება 100 ათასი ლარით; რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა კი მცირდება 1,7 მილიონი ლარით.
მნიშვნელოვნად შემცირდება ტურიზმის პროგრამებიც. აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე 5,9 მილიონი ლარის ნაცვლად 684 ათასი ლარით დაფინანსდება. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დაფინანსება კი 1,3 მილიონი ლარით შემცირდება.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 9 454 700 ლარით (საიდანაც, კანონპროექტის მიხედვით, 9 მილიონი ლარი გამოთავისუფლებული სახსრებია, ხოლო 450 ათასი ლარი შეადგენს კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადატანას).
ამ სამინისტროს ხარჯები 43,8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და ცვლილების შეტანის შემდეგ დარჩება 36,6 მილიონი. აქედან ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა მცირდება 427 ათას 800 ლარით; არაფინანსური აქტივების ზრდა კი დაახლოებით 2 მილიონით.
3 მილიონი ლარით მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხა. აქედან მარტო 1,4 მილიონი ლარი, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას მოაკლდება.
მცირდება აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაფინანსებაც 350 ათასი ლარით, ხოლო კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – 2,8 მილიონი ლარით.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,9 მილიონი ლარი.
საგანგებო ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად. ცვლილებებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში დაჩქარებული წესით 29 აპრილის ჩათვლით განიხილავენ – ასეთი გადაწყვეტილება დღეს, 28 აპრილს, ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული 23 370 300 ლარით, შემდეგი ღონისძიებები დაფინანსდება:
7,3 მილიონი ლარით დაფინანსდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამა – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, საკარანტინო ზონების ორგანიზებისთვის.
მთავრობის პროექტის მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტში საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება – 4 314 600 ლარით გაიზრდება.
მათ შორის:
3,8 მილიონი ლარით – აჭარის სარეზერვო ფონდი [რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს] და ის 6,8 მილიონი იქნება;
ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ჯამში 268 ათასი ლარით გაძვირდება – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის დაბრუნება, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯები, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისათვის (KFW) მიღებული სესხის დაბრუნება.
246,6 ათასი ლარით გაიზრდება პროგრამის – მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში – დაფინანსება.
აპრილის ბოლო შაბათ-კვირას ბათუმში ქალაქის დღესასწაული, „ბათუმობა“ უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაული წელს ჩაიშალა.
„ბათუმობისთვის“ 2020 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, „ბათუმობისთვის“ განკუთვნილი თანხა, ისევ კულტურის ცენტრის ანგარიშზეა, თუმცა ღონისძიებების გაუქმების გამო ბიუჯეტში თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.
„ალბათ დაგვიბარებენ მერიაში და გადავწყვეტთ. რაც არ დავხარჯეთ, თავისთავად, ბიუჯეტი დაბრუნდება“ – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“.
„ბათუმობის“ გარდა, პანდემიის გამო წელს ბათუმში არ გაიმართება ფესტივალი „განდაგნა“ და, ასევე, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები.
„ბევრი აქტივობა იყო დაგეგმილი. მათ შორის, „ბათუმობის“ ფარგლებში უნდა მოგვეწვია ბენდები, ორკესტრი, დაგეგმილი იყო გალა კონცერტი, კინო ღია ცის ქვეშ და ბევრი სხვა. ტენდერის გამოცხადება ვეღარ მოვასწარით, რადგან მალე დაიწყო კორონავირუსის პანდემია,“ – ამბობს საბაშვილი.
„განაცხადით აგროსერვისცენტრს გასული წლის შემოდგომაზე მივმართე. ამ დრომდე არ გვეუბნებიან, მივიღებ თუ არა შესაწამლავ აპარატს და როდის, ახლაა ყველაფრის შეწამვლის დრო,“ – ეს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა.
„შესაწამლი აპარატების გაცემა უკვე დაწყებულია… 5 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული, ჩვენ ვიყიდეთ 520 აპარატი,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.
მინისტრის განმარტებით, ფერმერების მიერ შევსებულ განაცხადებს კომისია სწავლობს. კომისიაში შედიან, როგორც სამინისტროს და აგრარული სექტორის წარმომადგენლები, ასევე მერიის რწმუნებული სოფლად.
„…პირველ რიგში, ვითვალისწინებთ, რამდენი აპარატია სოფელში გაცემული. არის შემთხვევები, როცა ადამიანს მიღებული აქვს აპარატი და ისევ ითხოვს, ან მის ძმას აქვს, ბუნებრივია, ასეთ ოჯახებს ვერ მივანიჭებთ პრიორიტეტს. უპირატესობა ენიჭება ასევე მიწის ფართობს ნათესების და ნაკვეთების მიხედვით, რა სახის აგროსაქმიანობას ეწევა. სახელების და გვარების მიხედვით არ ხდება ამის გაცემა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.
მინისტრის ინფორმაციით, შესაწამლავი აპარატების ნაწილი უკვე გაცემულია და წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, აპარატები მუნიციპალიტეტებში გაიტანეს იმისთვის, რომ ფერმერმა მარტივად მოახერხოს მისი წაღება.
ერთი ერთეული შესაწამლი აპარატის ღირებულება 1000 ლარია. ფერმერი თანადაფინანსების პირობებში 190 ლარს იხდის.
„ევროპული საქართველოს სახელით მსურს გამოვეხმაურო გაზეთ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ძალიან შთამბეჭდავ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ეხება გადამზიდავების, კერძოდ, თურქეთიდან სომხეთში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავების რეკეტს, ვინმე რუსეთის მოქალაქის, ფელიქს ხუდოევის მიერ, რომელიც, როგორც ამ გამოძიებიდან ჩანს და რაზეც საუბრობენ ღიად, ყოველგვარი ანონიმურობის გარეშე ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან უნისონში.
გადამზიდავები იძულებულნი არიან, შევიდნენ გარიგებაში ამ ბატონთან, ბატონ ხუდოევთან, სხვა შემთხვევაში მათ ტვირთებს აჩერებენ სარფში, რაც იწვევს მათ გაკოტრებას. ამაზე ღიად საუბრობენ დამსაქმებლები, ბიზნესმენები, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს და თავისი შრომით იხდიან გადასახადებს.
როგორც ჩანს, პანდემიის დროს, როცა საზოგადოების ყურადღება არის ფოკუსირებული კორონავირუსზე, ვიღაცები სარგებლობენ ამ სიტუაციით და სურთ დააბრუნონ 90-იანი წლები და რეკეტი, სხვა სიტყვას მე ვერ ვიხმარ.
მინიმალური შემხებლობა ვისაც აქვს გადაზიდვებთან და ამ სფეროსთან, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რაღაცები არ ხდება ფინანსთა მინისტრის უშუალო ინფორმირების და მონაწილეობის, მის მიერ გაცემული ინსტრუქციების გარეშე. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრს, გააკეთოს განმარტება ამ საქმესთან დაკავშირებით, რატომ ხდება კეთილსინდისიერი გადამზიდავების ტვირთების გაჩერება საბაჟოზე ასეთი ხანგძლივი დროით და რატომ არაფერი არ ხდება მოკვლევასთან/გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, იმიტომ რომ გადამზიდავებმა საჩივარი შეიტანეს შემოსავლების სამსახურში 26 მარტს.
პრაქტიკულად ერთი თვეა გასული და არაფერი არ ხდება გამოძიების კუთხით, სამაგიეროდ ხდება ის, რასაც ბატონი ფელიქსი, როგორც მას მოიხსენიებენ, დაჰპირდა გადამზიდავებს, ყველა იმ გადამზიდავის ტვირთი, ვინც არ არის მასთან შესული გარიგებაში, ჩერდება საბაჟოზე“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე მთავრდება.
ცენტრის ცნობით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის წარდგენის ვადა.
„თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს საგამოცდო პროცესი უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც არ მოგვიხსნია 27 აპრილს. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე როგორც სხვა შეზღუდვების მოქმედებას, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, ეს არის ქუჩაში მობილობის შემცირება“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, კომენდანტის საათის მოქმედებამ გარკვეული გავლენა მოახდინა თავშეყრის ადგილებზე, რასაც ქუჩებში ე.წ. ბირჟების სახით ჰქონდა ადგილი.
„თუმცა, თუ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ამის საჭიროება აღარ იქნება, შეგვიძლია კომენდანტის საათი, ასევე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაცილებით ადრე მოვხსნათ,“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი, თუმცა, მისი თქმით, 22 მაისამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ნაკლებ სავარაუდოა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცილებით რთულია სოციალური დისტანციის დაცვა და რისკის შემცველია. ამიტომ 22 მაისამდე ეს ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ,“ – განაცხადა მან.
„ლელო“ იმ ადამიანების დახმარებას ითხოვს, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელი ქვეყნის ქალაქებში – ხოფასა და ქემალფაშაში და იქ მუშაობით/ვაჭრობით ირჩენდნენ თავს.
„45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ადგილები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ უხდის ხელფასს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი მათ ყოველგვარი ზრუნვის და დახმარების გარეშე ტოვებს,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლოს დახმარების მისაღებად. მისი აზრით, ამ მოქალაქეების იდენტიფიცირება შესაძლებელია სარფის გამშვები პუნქტის მონაცემებით.
„ეს არის ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. მათ დღეს ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა,“ – დასძინა ირაკლი კუპრაძემ.
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს.
ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში რამდენიმე სასტუმროსთან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“.
მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში უნდა დარიგდეს.
ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ჯაბა სტამბოლიშვილი ადასტურებს, რომ ერთ ოჯახს მართლაც 7 ცალი კიტრის ჩითილი მისცეს. ის უარყოფს „ერთი ჩითილის დაკლების ფაქტს“. „7-ზე ნაკლები გამორიცხულია“, – ამბობს ის.
ჯაბა სტამბოლიშვილის თქმით, კიტრის გარდა ელოდებიან პომიდვრის, ბულგარულის და ბადრიჯნის ჩითილებსაც. „კიტრით დავიწყეთ და ველოდებით სხვა ნერგებსაც. გამოყვანილი ჩითილებია და ყველა ოჯახს არ ექნება, ნაადრევად მიიღებენ პროდუქტს“, – გვეუბნება ის.
ჩითილები „აგროსერვისცენტრს“ გამოჰყავს. როგორც ცენტრის ხელმძღვნელი გოჩა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩითილების წარმოება წელს პირველად დაიწყეს.
„რატომ ვარიგებთ და პანდემიიდან გამომდინარე ბევრი დაბრუნდა სოფელში, ბევრმა სამუშაო დაკარგა და მიწას ამუშავებს, ამიტომ წელს უსასყიდლოდ გადაეცემა მოსახლეობას ჩითილები. სოფლებში გვეუბნებიან, რომ ვერ გამოჰყავთ ჩითილები, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ“.
გოჩა ბერიძე ამბობს, რომ თესლი ძირითადად ჰოლანდიიდან აქვთ შემოტანილი.
„პირველ წელს რა რაოდენობის ნაყოფსაც იძლევა, იმდენს აღარ იძლევა მომდევნო წელს, ამიტომ ყოველწლიურად არის დეფიციტი და პრობლემები. სოფლებში არ იციან ამ პროცესის მართვა, ამიტომ მზა ჩითილის წარმოება და მიწოდება ხდება“, – ამბობს გოჩა ბერიძე.
მოსახლეობა უსასყიდლოდ ჩითილს მხოლოდ წელს მიიღებს, შემდგომ წლებში კი მათ ჩითილს თვითღირებულების გადახდა მოუწევთ. „მოსახლეობა ყიდვასაც უნდა მიეჩვიოს“, – ამბობს გოჩა ბერიძე.
კითხვაზე, – რამდენი ცალი ჩითილი დარიგდება მთლიანობაში? გოჩა ბერიძე ამბობს, რომ დაახლოებით 150 ათასი ლარის. რაოდენობა კი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. „ზოგი მიიღებს ჩითილს, ზოგმა შეიძლება უარი თქვას. გააჩნია“, – ამბობს ის.
მოსახლეობისთვის დასარიგებელი ჩითილები, როგორც ბერიძე გვეუბნება, ბათუმის მერიის საჩითილე მეურნეობაშია მოყვანილი.
„ჩვენ პირველი რეალიზება თებერვალში გავაკეთეთ და 80 ათასი ცალი ჩითილი გავყიდეთ. მეორე რეალიზება კი ახლა დაიწყო.
წელს ყველას შეუძლია უფასოდ წაიღოს, მათ შორის სასათბურეებიც, რადგან კრიზისია, თუმცა მომავალ წელს შესყიდვა მოუწევთ“.
გოჩა ბერიძის თქმით, ჩითილები ნახევარმილიონიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს. პროგრამა ჩითილების გარდა ნერგების გამოყვანასაც ითვალისწინებს.
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას.
აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით.
იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემატება შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:
732,8 ათასი ლარი – სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
505,4 ათასი ლარი – ქვეპროგრამა „მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ – მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება.
462,2 ათასი ლარი – სამინისტროს ააიპ აგროსერვის ცენტრს ემატება ახალი ქვეპროგრამა „ბოსტნეული კულტურების წარმოება“ რეგიონში ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლების მიზნით ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის ქვეყანაში არსებული სასურსათო მარაგების შევსების მიზნით.
578,2 ათასი ლარი – ემატება ააიპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამა „აგრო-მომსახურების განვითარების ხელშეწყობა“ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით.
125,4 ათასი ლარით – იზრდება ააიპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამა „მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობების და ვეტერინარული კლინიკის განვითარების ხელშეწყობა“ ქედის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კლინიკის მშენებლობის თანადაფინანსების გაზრდისა და მოსახლეობის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩითილების შეძენისათვის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით დაფინანსდა.
27 ათას 200 ლარს კი დამატებით მიიღებს სამინისტროს დაქვემდებარებული აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
ეს ცვლილება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შედის, რომელიც უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს.
—
22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა.
ბათუმში Covid19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
დღესვე სამინისტრომ მიიღო 130 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, აქედან 129 პასუხი უარყოფითია:
„გარდა ამისა, იცით, რომ გუშინ, 27 აპრილს, დაგვემატა ოთხი გამოჯანმრთელებული და ამ დროის მდგომარეობით აჭარაში უკვე 20 გამოჯანმრთელებული გვყავს“.
რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ამ მიმართულებით მონაცემები არ გაზრდილა [35 პირი], ამ კლასტართან დაკავშირებით გამოვლენილია 550 კონტაქტი და 530- ს უკვე ჩაუტარდა კვლევა.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„არ გვყავს პაციენტი, რომლის ინფექციის წყაროც არის უცნობი,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დასრულდა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 42 პირის თვითიზოლაციის პერიოდი.
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მოქალაქე დააჯარიმა.
გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან მისასვლელი სამანქანო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო თანხა 484 ათას 356 ლარია.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დამთავრდება. გზების კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
ტექნიკური დავალების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია:
ისარგებლოს მარტო იმ ასფალტობეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ლაბორატორიული დასკვნა ამ ქარხნის პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოები არ იქნება მიღებული.
ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
—
სტადიონის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს. „სტადიონის“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მშენებლობა სახელშეკრულებო ვადაზე ადრე, 2020 წლის მარტში დასრულდებოდა. თუმცა 2 თვის წინ ზუსტი თარიღი ვერ მოგვაწოდეს.
„სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადაა 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა სამშენებლო სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულება შესაძლებელია განხორციელდეს ვადაზე ადრე“, – მოგვწერეს მიმდინარე წლის თებერვალში შპს „სტადიონიდან“.
„სტადიონმა“ ამ ბოლოს ავეჯის შეძენაზე ტენდერი 876 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე შპს „ჯეოსტილი“ კი ავეჯს შემსყიდველს ზუსტად 876 ათას ლარად სთავაზობს. კომპანიამ უკვე წარადგინა საბანკო გარანტიაც. ის მიწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ყველასათვის კარგად ნაცნობი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „რანდი“, თავისი მოღვაწეობის 25- წლიანი გამოცდილების შედეგად, გამორჩეულია ავეჯის ორიგინალური დიზაინით, ხარისხითა და წარმოების მაღალი სტანდარტით.
რანდის ბათუმური ისტორია დაიწყო 1995 წელს. კომპანიის დაარსების დღიდან იზრდება, იხვეწება და ვითარდება ავეჯის წარმოების ხარისხი, გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და კარების წარმოება.
„რანდის“ კუთვნილი საწარმო ბაზა აღჭურვილია თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით. ავეჯის დამზადებაში გამოყენებულია მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიები, ევროპული მასალები, ლაკ-საღებავები და აქსესუარები.
„რანდის“ საწარმო
კომპანიის საწარმო და მომსახურების სფეროში 80-ზე მეტი პროფესიონალი კადრია დასაქმებული, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს სამუშაოს ორგანიზებულ და ხარისხიან შესრულებას.
დღეისათვის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საწარმო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა, გაყიდვების გუნდი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და უფასოდ ეხმარება ყველა მსურველს ავეჯის დაპროექტებაში, დიზაინის შექმნაში და კონსულტაციაში. ასევე, მუშაობს გაყიდვების ონლაინ პლატფორმა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სასურველი ნივთი მიიღოს უფასო მიტანის სერვისით, სახლიდან გაუსვლელად.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 28 აპრილს, ღამის 12 საათიდან 29 აპრილის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
[crosslist]
ხასან ჰელიმიშის ქუჩა
ანგისის ქუჩა
ანგისის პირველი შესახვევი
[/crosslist]
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მთელ მსოფლიოში ექიმები ფილტვის ვენტილაციის აპარატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობდნენ. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, უარეს შემთხვევაში აღწევს ფილტვებამდე და სუნთქვის უკმარისობას იწვევს.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთში ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულებს შორის იმატა თირკმლის უკმარისობის შემთხვევებმა. საავადმყოფოებში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის, ჰემოდიალიზის დეფიციტია, არასაკმარისია ასევე რაოდენობა იმ მედპერსონალისა, ვინც ამ აპარატთან მუშაობა იცის.
ვირუსი ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი და დანამდვილებით არ იციან, ის პირდაპირ აზიანებს თირკმელს თუ ეს თანმდევი დაზიანებაა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, როცა იმუნური სისტემა აღმოაჩენს უცნობ ინფექციას, ის იწყებს ბრძოლას არამხოლოდ ვირუსის, არამედ საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების წინააღმდეგაც, თირკმელი კი საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა.
ერთი-ერთი ვერსიით ინფიცირებულებს ხშირად უვითარდებათ თრომბი სისხლძარღვებში, რაც შესაძლოა ასევე უარყოფითად აისახებოდეს თირკმელზე.
თირკმელი მჭიდროდაა დაკავშირებული ღვიძლთან და შარდის ბუშტთან. ექიმები შიშობენ, რომ თუ Covid-19-ით ინფიცირებულებს აქვთ თირკმლის პრობლემები, სამომავლოდ მათ დაეწყებათ ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვა ორგანოების გართულებებიც.
როგორც New York Times-ი წერს, ამერიკელი ექიმების ცნობით, თირკმლის სერიოზული დაზიანება რეანიმაციაში მყოფი პაციენტების 20-დან 40%-ს აქვს და ყველას აუცილებლად სჭირდება ჰემოდიალიზი.
ამერიკული კლინიკის ქსელის, Mount Sinai-ს ექიმის, ბარბარა მერფის თქმით, მათ ერთ კლინიკაში სამჯერ გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა, რომლებსაც ჰემოდიალიზი სჭირდებათ.
აშშ-ში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატებს და პროცედურისთვის საჭირო მოწყობილობებს მხოლოდ ორი მსხვილი კომპანია ამზადებს. ორივეგან აცხადებენ, რომ მოთხოვნა აპარატებზე 5-ჯერ გაიზარდა არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებშიც.
ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების თქმით, რუსეთის მოქალაქეს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს.
გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები
5 გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლობით ნაშენი მათი ბიზნესი „უკვე წაიღო ფელიქსამ“. გადამზიდავებმა ზუსტად იციან, რომ ამ პირს გავლენიანი სახელმწიფო მოხელეები მფარველობენ. „ბათუმელებმა“ არაერთ წყაროსთან გადამოწმებით დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევია ის პირი, ვის შესახებაც ბათუმელი გადამზიდავები აცხადებენ, რომ მან მათი ბიზნესი მიიტაცა.
ბათუმელი გადამზიდავების თქმით, 2020 წლის 14-15 იანვარს სწორედ ფელიქს ხუდოევმა შეკრიბა მათი თურქი პარტნიორები თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში და დაემუქრა – „თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, მაშინ საერთოდ ვერ იმუშავებთ“.
ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი გადამზიდავი, ბესიკ ქორიძე: „შეხვედრა გაიმართა სასტუმროში, რუსთაველზე. თურქებთან ერთად მეც შევედი, თითქოს თურქი ბიზნესმენი ვიყავი. სასტუმროს კარებთან დაგვხვდა ფელიქსის მძღოლი, რომელმაც გვთხოვა, რომ ტელეფონები და საათები მანქანაში დაგვეტოვებინა. ალექსანდრე ჰქვია და მის სახელზე აქვს კომპანია გაფორმებული – „არარატ საქართველო“. სწორედ ამ კომპანიით ჩაგვანაცვლეს ჩვენ.
სასტუმროში ფელიქსმა თქვა, რომ საქმე „გაიასნებული“ აქვს სახელმწიფო დონეზე. პირდაპირ გვითხრა – ვინც არ ითანამშრომლებს ჩემთან, ერთადერთი სიტყვა იყო, რომ ყველას მანქანა გაჩერდება. დანარჩენი იყო ციფრებზე საუბარი. ერთგვაროვან ტვირთზე, ერთ მანქანაზე ის ითხოვს 450 დოლარს; „გრუპაში“, რომელსაც კარგოს ვეძახით – 750-800 დოლარს. ყველას დაგვპირდა, რომ თუ მასთან არ გადავალთ და ამ თანხას არ გადავუხდით, საბაჟოზე მანქანებს გაგვიჩერებს 10-20 დღით. იტრაბახა თუ ნამდვილად აქვს „გაიასნებული“, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეხვედრიდან მეორე დღესვე ჩვენი მანქანები მართლა გააჩერეს… ჩვენი ბიზნესის 90% ფელიქსმა უკვე წაიღო“.
ბესიკ ქორიძე ამ სფეროში ათ წელზე მეტია მუშაობს და ახლა მისი კომპანია – „რეექსპოტრანსი“ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას: დატვირთულ ტრანსპორტს ზოგჯერ 20 დღითაც კი აჩერებენ საბაჟოზე, რაც მისთვის გაკოტრების ტოლფასია.
„ბათუმელები“ ბესიკ ქორიძესთან ერთად კიდევ 4 კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. გადამზიდავებმა გვითხრეს, რომ მათაც იმავე მეთოდით გაუჩერეს ბიზნესი, როგორც ბესიკ ქორიძეს.
ბესიკ ქორიძე და სხვა გადამზიდავები წლებია თურქეთიდან საქონელს ეზიდებიან სომხეთში. ამ ხნის განმავლობაში მათ ჩამოუყალიბდათ პარტნიორობაზე დამყარებული ნდობა როგორც თურქ მომწოდებლებთან, ისე სომეხ შემსყიდველებთან. შესაბამისად, არც თურქ და არც სომეხ ბიზნესმენებს არ ხიბლავთ მათთვის უცხო პირთან, იგივე ფელიქს ხუდოევთან თანამშრომლობა, მაგრამ სხვა გზა, ბათუმელი ბიზნესმენების მსგავსად, არც მათ დარჩათ – ქართულ საბაჟოებზე ტვირთების ხელოვნურად დაყოვნების გამო მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიიღეს. როგორც გადამზიდავები აცხადებენ, „თანდათან პარტნიორები იძულებული ხდებიან ითანამშრომლონ „ფელიქსთან“, რადგან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მხოლოდ ის „ანთებს მწვანეს“.
გადამზიდავების თქმით, საუბარია 100 ათასობით დოლარზე და ეს ყველაფერი საქართველოში ერთი კაცის ხელში ხვდება.
„ჩვენ ვთავაზობდით ერთიან სერვისს – რეექსპორტს და გადაზიდვას სომხეთის მიმართულებით, რადგან სომხეთი და თურქეთი არც თუ ისე კარგი პარტნიორები არიან. რეექსპორტის პირობებში, რადგან ფელიქსა უარს ამბობს ქართველებთან თანამშრომლობაზე, გადაზიდვის პროცესში შემოიყვანეს თურქული სატრანსპორტო კომპანიები. ამით დაზარალდნენ როგორც ჩვენი კომპანიები, ისე ქართული ავტოპარკიც – ტრანსპორტი გაგვიჩერა.
თურქული ტრანსპორტის სომხეთში შესვლა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქართულის. ქართულ მანქანას თავის დაზღვევიანად სომხეთის საბაჟო მაქსიმუმ 55 ლარი უჯდება, თურქულს – 400 დოლარი და ამას ემატება შავი ფული, რასაც თურქი მძღოლები იქ იხდიან.
ჩვენ რეექსპორტში ერთ მანქანაზე გვიხდიდნენ დაახლოებით 100 დოლარს. ეს ოფიციალური ფასია და იბეგრება. ფელიქსა შემოვიდა და ითხოვს 450 დოლარს. სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ ბიზნესმენს უღირს გაიღოს დამატებით ეს 350 დოლარიც, ქარხანა რომ არ გაუჩერდეს.
თავისუფალი კონკურენციის პირობებში ქართული ტრანსპორტი თურქულ ტრანსპორტთან იყო კონკურენტუნარიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სხვა უპირატესობა – მათი ავტოპარკი გაცილებით უკეთესია, გადაზიდვების 50 %-ს ქართული მხარე ახორციელებდა, 50 %-ს – თურქული. მაგრამ რეექსპორტში და ტრანსპორტირებაში როცა გაჩნდა მესამე ძალა, ქართულ ტრასპორტს აღარც კი დარჩა შანსი, რომ ჩაერთოს ამ კონკურენციაში. ახლა დამკვეთს არჩევანის გაკეთება ფასსა და ხარისხს შორის კი არ უწევს, არამედ ის იძულებულია აირჩიოს თურქული ავტოპარკი, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს 700-დან 1000 დოლარით გაუძვირდა რეექსპორტის მომსახურება“, – ასე ჩამოაყალიბა კიდევ ერთმა დაზარალებულმა გადამზიდავმა, ირაკლი ნემსაძემ კონკრეტული კომპანიების ზიანი.
დატვირთული მანქანები, რომლებსაც ბათუმისა და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ერთი და ზოგჯერ ორი კვირითაც აყოვნებენ.მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან საერთოდაც შემოსავლების გარეშე დარჩნენ ამ კომპანიებში დასაქმებულები და ქართველი მძღოლები, რომლებიც რეექსპორტზე მუშაობდნენ. „დაახლოებით 1000-1500 ადამიანი მაინც ზარალდება“, – აცხადებს ირაკლი ნემსაძე, კიდევ ერთი გადამზიდავი კომპანიის მფლობელი.
რას ამბობენ თურქი ბიზნესმენები
„ბათუმელები“ სამ თურქ ბიზნესმენს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ადასტურებენ თუ არა ინფორმაციას ტრანსპორტის ქართულ საბაჟოზე ხელოვნური დაყოვნების შესახებ და რამდენად უკავშირდება ეს ფელიქს ხუდოევს.
თურქმა ბიზნესმენმა, მუსა ალთინკაიამ, სატელეფონო საუბარში დეტალურად აგვიხსნა, რომ ფელიქს ხუდოევმა და მისმა გავლენიანმა მფარველებმა მისი ბიზნესი საქართველო-სომხეთის მიმართულებით პრაქტიკულად გააჩერეს:
ეროლ კაია
„მე ვეღარ შევძელი სარფის საბაჟოზე მანქანების გატარება, ამიტომ საერთოდ გავაჩერე ეს მიმართულება. რიზეში 20-30 გადამზიდავი ვართ და ყველა გაგვაფრთხილეს ფელიქსის შესახებ. ჩვენ ბიზნესასოციაციასაც მივწერეთ ანკარაში, მაგრამ გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ეს საქართველოში ხდება.
საქართველოში რატომღაც გვთხოვენ, რომ არ ვეთანამშრომლოთ ბათუმელ პარტნიორებს… ვინც რეექსპორტზე მუშაობს, ყველა გააფრთხილეს, რომ მათ არ გაატარებენ, თუ არ იმუშავებენ თბილისის გავლით. მე ამას არ დავთანხმდი და რეექსპორტი საქართველოში შევაჩერე“.
კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, ეროლ კაიამ კი ეს მოგვწერა:
„ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა მაგ ფირმის გამო – 2 დატვირთული მანქანა ერთი ბათუმში, ერთიც თბილისში გამიჩერეს. ფელიქსის გავლენით კლიენტურა გამექცა. ერთი მანქანა, რომელიც დატვირთული იყო… 5 დღე გააჩერეს წითელ ზოლში და მხოლოდ ის მითხრეს, რომ უნდა დაელოდოთო. მე 20 წელია ერევანზე ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადრეც იყო შემთხვევა, როცა მაჩერებდნენ, მაგრამ 1 დღე გრძელდებოდა ხოლმე. დიდი ფირმები ამ და სხვა ბერკეტით ბათუმში მყოფ ჩვენს პარტნიორებს საქმეს ურთულებენ და საბოლოოდ ცდილობენ საქმე ხელიდან გამოსტაცონ “.
როგორ აჩერებენ საბაჟოზე მანქანებსა და ტვირთებს
გადამზიდავებს მორიგი მცდელობა ჰქონდათ 20 მარტს, როცა ისინი მივიდნენ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზში] და ერთ-ერთ მებაჟეს კატეგორიულად მოსთხოვეს ტვირთი ან ჩამოერთვა, როგორც უკანონო საქონელი, ან გაეტარებინა. მებაჟე მათ პასუხობს: „ვამოწმებთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“. ბოლოს კი ბესიკ ქორიძეს ეუბნება: „მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ უშუალოდ ჩვენ მაგის გადაწყვეტის უფლება არ გვაქვს და სხვა, თქვენ იცით, ვისაც უნდა მიმართოთ“.
ბესიკ ქორიძე რამდენჯერმე ჩაეკითხა – „ვის უნდა მივმართო?“, თუმცა მას ამ კითხვაზე არ უპასუხეს და ტელეფონი გაუთიშეს.
ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ანუ 26 მარტს გადამზიდავებმა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკეს. მათ უთხრეს, რომ ამ საკითხს გამოიძიებენ. მას შემდეგ ზუსტად 27 დღე გავიდა. ახლა ბესიკ ქორიძე ამბობს, რომ დღემდე მას არავინ დაკავშირებია „ცხელმა ხაზმა და გამოძიების დაწყებამაც არაფერი შეცვალა ჩვენი ბიზნესის მიტაცების საქმეში“.
გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები საბაჟოებზე არსებულ ვითარებას ასე ახასიათებენ – „მარაზმამდე მივიდა სიტუაცია“: „კრიმინალური ელემენტები“, „90-იანები დაბრუნდა, სადღაც უნდა „გააიასნო“, „ზემოდან უნდა დარეკონ“.
გადამზიდავები ამას საკუთარი გამოცდილებით ასაბუთებენ.
„რამდენჯერმე შევხვდი გეზის უფროსს და რისკების უფროსს. გეზის უფროსი ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია. რისკების უფროსი გელაპარაკება კანონის ენით, რომ მათ ამის უფლება აქვთ. მე მას დავუმტკიცე, რომ ეს ასე არ არის: მე შემიძლია ფელიქსს გადავუხადო ის თანხა, რასაც ითხოვს და ფელიქსა გაატარებს მანქანას-მეთქი. არაო, კანონით ვერ ვახერხებო, მაგრამ მე ღამის ორ საათზე გავაშვებინე მანქანები. ჩემმა პარტნიორმა ჩაურიცხა 1000 დოლარი ფელიქსას, ღამის ორ საათზე მოიყვანეს სახლიდან მებაჟე, ვისაც გაჩერებული ჰყავდა მანქანა და გაუშვა. პირადად მე მქონდა ეს“, – ამბობს ბესიკ ქორიძე და დასძენს: „ახლაც შემიძლია მივიდე საბაჟოზე, თურქეთში ხმოვან მესიჯს გავაგზავნი პარტნიორთან, ის მიწერს ფელიქსას და გაუშვებენ ნახევარ საათში“.
„მებაჟე ოფიცერს როგორც კი მოუვა სიგნალი „გაიასნებაზე“, მაშინვე უშვებენ მანქანას. ყოფილა შემთხვევა, როცა გაიხსნა მანქანა, ვერ მოესწრო დათვალიერება, რადგან დაღამდა, მეორე დღეს უნდა დაესრულებინა დათვალიერება, მაგრამ ღამით შეთანხმდნენ მხარეები და ეს მანქანა დათვალიერების გარეშე გაუშვეს. დილით მოსულ მებაჟეს ისღა დარჩა გაკვირებოდა, მანქანა რომ არ დახვდა გზშ-ში“, – გვითხრა კიდევ ერთმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელმა ირაკლი არძენაძემ.
მისივე თქმით, „საბაჟოზე უნდა გაიხსნას მანქანა, დაითვალოს, დოკუმენტებთან შესაბამისობა დადგინდეს და გაგიშვან. რიგები გეზ-ში არ არის, დღეში 30 მანქანას დაათვალიერებენ, არ აქვთ ამის პრობლემა, მით უფრო ეს ტრანზიტული საქონელია, საქართველოში არ რჩება, პროცედურაში იღებს სახელმწიფო ფულს – ჩვენ მოგებას გვიბეგრავს“.
ბესიკ ქორიძის თქმით კი, მათი ბიზნესის გასაჩერებლად გამოყენებული ხელოვნური ბარიერები ერთ რამეზე მიუთითებს: „რომ ეს საქმე მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელების ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება“:
„მანქანების რისკჯგუფში მოხვედრის ორი ვარიანტია – ალგორითმი, რომელიც მანქანებს ახვედრებს რისკჯგუფში და მეორეა მექანიკურად მოხვედრების შესაძლებლობა, ანუ ვიღაც ერთვება და შესაბამის ღილაკს აჭერს ხელს. რა ჯგუფია ამაში ჩარეული? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელები ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება.
როცა „აწითლებენ“ საქონელს, აცხადებენ, რომ არის პრევენციული ზომა. ურეკავ, დადიხარ, ეკითხები და პასუხს არავინ გცემს. მინიმუმ ხელმძღვანელები და საბაჟოს ოფიცრები ინფორმირებულები არიან, რაც ხდება. მაქსიმუმ ამათ შორისაც არსებობს გარკვეული კავშირი. პირად საუბრებში გვეუბნებიან, ხომ იცით რა ხდება, რას გვეკითხებით ჩვენო.
მეწარმეს, როცა მანქანაში ჩადებული აქვს 50-100 ათასი დოლარი და უჩერდება საბაჟოზე ორი კვირით და მეტით, ამით წარმოებას ნედლეული აღარ აქვს, სამუშაო ფერხდება და კლიენტურას კარგავს. შესაბამისად, შენში ხედავს პრობლემას და ალტერნატიულ გზებს ეძებს. სწორედ ამ დროს ფელიქსა ირთვება „მაიაკივით“ და პრობლემას, მართალია ძვირად, მაგრამ აგვარებს“.
ვინ არის ფელიქს ხუდოევი?
„ბათუმელებს“ უნდოდა ფელიქს ხუდოევისთვის ეკითხა გადამზიდავებისთვის ბიზნესის წართმევის შესახებ. მან მოკლედ გვიპასუხა, რომ არ არის საქართველოში, ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს და ამიტომ ვერ გვიპასუხებს. მას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მივწერეთ, რომ კითხვებს რუსულად მივაწვდიდით, მაგრამ ფელიქს ხუდოევი ჩვენთან კავშირზე აღარ გამოვიდა.
ოფიციალური წყაროების თანახმად კი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფელიქს შირინის ძე ხუდოევი 1965 წელს თბილისში დაიბადა.
ხუდოევმა, როგორც რუსეთში რეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსის“ ერთადერთმა აქციონერმა და დირექტორმა, 2014 წლის იანვარში საქართველოში დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსი-ს თბილისის ფილიალი“ დაარეგისტრირა. ის ამ ფილიალის დირექტორადაც დაინიშნა.
ფელიქს ხუდოევი
ფილიალის რეგისტრაციის პროცესში ხუდოევისგან გაცემული მინდობილობით ვახტანგ რამიშვილი და მიხეილ ქრისტესაშვილი მოქმედებდნენ. დებულების მიხედვით, ფილიალის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ქურთუკების წარმოება; ფილიალი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ფელიქს ხუდოევმა და გურამ ნამთალაშვილმა [ისრაელის მოქალაქე] 2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაარეგისტრირეს შპს „მითფუდტრანსლოჯისტიკი“, რომლის წილებს, 50-50%-ს, თავად ფლობენ. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითად საგნად კი მითითებულია ვაჭრობა და ლოჯისტიკა.
„მითფუდტრანსლოჯისტიკის“ წესდებას/პარტნიორთა შეთანხმებას ხელს აწერს მხოლოდ ფელიქს ხუდოევი. დოკუმენტების მიხედვით, ხუდოევზე შესაბამისი მინდობილობა გურამ ნამთალაშვილის მიერ ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში გაფორმდა.
ამ კომპანიის დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე კოტოიანი. „მითფუდტრანსლოჯისტიკის“ იურიდიულ მისამართად კი მითითებულია ალექსანდრე კოტოიანის საცხოვრებელი მისამართი.
ამავე მისამართზე ალექსანდრე კოტოიანმა 2020 წლის იანვარში ახალი შპს – „არარატ საქართველო“ დააფუძნა, რომლის 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც თავადაა.
წესდების მიხედვით, შპს „არარატ საქართველოს“ საქმიანობის ძირითად საგნად რეექსპორტია მითითებული.
ბათუმელი გადამზიდავების თქმით, სწორედ ალექსანდრე კოტოიანია ფელიქს ხუდოევის პირადი მძღოლი. შესაბამისად, მის სახელზე რეგისტრირებული კომპანია „არარატ საქართველოც“ სწორედ ხუდოევის საკუთრებაა და ალექსანდრე კოტოიანი მხოლოდ ნიღაბია.
„ბათუმელები“ ალექსანდრე კოტოიანსაც დაუკავშირდა. მან თავდაპირველად გვითხრა, რომ „ცოტა ხანში დაგვიკავშირდებოდა“, მაგრამ მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
რას ამბობენ შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ნამდვილად დაიწყო თუ არა გამოძიება 26 მარტს გადამზიდავების მიერ ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის შედეგად. თითქმის ერთი თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა უწყებამ იმ ბიზნესმენების გამოკითხვა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სისტემა მათ აზარალებს?
დილით უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებას მივიღებდით. სამუშაო დღე ისე დასრულდა, რომ დაპირებული განმარტება არ მოუწოდებიათ.
______
ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის ახორციელებს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
თურქეთის 31 დიდ ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 აპრილის 24 საათიდან 3 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
კარანტინის წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოებს, ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08