მთავარი,სიახლეები

სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

01.05.2020
სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა.

სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს შეხვდა და ფული გადასცა. ამ შეხვედრის ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერი სასამართლოში მთავარი მტკიცებულება გახდა. მოწმემ, რომელმაც განუბაჟებელი სამშენებლო მასალის შემოტანისთვის ქრთამი გადაიხადა, მოსამართლეს უთხრა, რომ სარფის საბაჟოზე გაიცნო მებაჟე, დაუახლოვდა და მებაჟემ თავად შესთავაზა არადეკლარირებული საქონლის შემოტანაში დახმარება.

„საუბრისას ბრალდებული ამტკიცებდა, რომ პატივისცემის შემთხვევაში რ.-ის ავტომანქანას სკანირების პრობლემის გარეშე გაატარებდა…“ – თქვა მოწმემ. მოწმის განმარტებით, მას მებაჟის შეთავაზებაში ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა. ამ თანამშრომლობის შემდეგ გადაუღეს მებაჟეს ფარულად. მებაჟე იმავე დღეს დააკავეს სუს-ის თანამშრომლებმა.

საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება სასჯელის სახით მხოლოდ და მხოლოდ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: