მთავარი,სიახლეები

„ვიწყებთ პოსტვირუსულ განვითარებაზე ფიქრს“ – რას უპირებს ტურიზმს აჭარის მთავრობა

04.05.2020 • 1511
„ვიწყებთ პოსტვირუსულ განვითარებაზე ფიქრს“ – რას უპირებს ტურიზმს აჭარის მთავრობა

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა არ იციან, როდის დაიწყებს ვირუსის გავრცელება კლებას, აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ „პოსტვირუსულ განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი“. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დაახლოებით სამი თვის გასვლის მიუხედავად, რეგიონში, სადაც ტურიზმი წამყვანი სექტორია, არავის დაუთვლია, ვის რა ზარალი მიადგა.

„ჩვენ ვიწყებთ პოსტივირუსულ განვითარებაზე ფიქრს…“ – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ დღეს, 4 მაისს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, რა გამოწვევები აქვს ახლა ტურიზმის სექტორს და რით შეიძლება მას მთავრობა დაეხმაროს. შეხვედრაზე მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემების შეგროვება და დამუშავებაა საჭირო.

„27 სასტუმროს, სადაც საკარანტინო სივრცე იყო მოწყობილი, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა…“ – აღნიშნა შეხვედრაზე თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მას მთავრობის თავმჯდომარემ კონკრეტული მონაცემების შეგროვება დაავალა და შემდეგ ჰკითხა: „რამდენმა ისარგებლა ტურიზმის სექტორიდან საგრანტო პროგრამით, არის ეს ცნობილი თქვენთვის?“

„კონკრეტული მონაცემები ჩემთვის უცნობია,“ – უპასუხა თინათინ ზოიძემ თორნიკე რიჟვაძეს.

რატომ არ შეგროვდა ეს მონაცემები აქამდე და რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია არის ყველასთვის უცნობი ფენომენი, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით და პირველი ფრონტი იყო ამ ვირუსთან ბრძოლა. პირველი ღონისძიებები ემსახურებოდა იმას, რომ კომპანიები დაგვეცვა გადახდისუუნარობისგან, შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები. შემდეგი ამოცანაა, რომ დავიწყოთ ჩვენ ეკონომიკის აღდგენა და ტურიზმის გადარჩენა.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო კარგად შევისწავლოთ ის პრობლემები, რომლებიც ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აწუხებთ, მათ შორის, გიდებს და სხვა თვითდასაქმებულ ადამიანებს. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება დამუშავებული და ანალიტიკურად იქნება შესაძლებელი ჩვენ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, ეს აუცილებლად იქნება გატარებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ კი თქვა, რომ მთავრობას დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ექნება ეს მონაცემები. მინისტრი შიდა ტურიზმის გაძლიერებაზე ამყარებს იმედს.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება ინიციატივები, რომლებიც იქნება მიმართული თითოეულ სექტორთან მიმართებით, ეს იქნება საოჯახო ტიპის სასტუმროები, სასტუმროები, სხვადასხვა კვების ობიექტი თუ გიდები. შემდეგ ბიუჯეტის კორექტირებისას უკვე შევძლებთ, რომ ეს საჭიროებები სრულად ავსახოთ,“ – უთხრა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: