მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტროტუარზე პარკინგს აწყობენ, მერიაში ამის შესახებ არ იციან

04.05.2020 • 2839
ბათუმში ტროტუარზე პარკინგს აწყობენ, მერიაში ამის შესახებ არ იციან

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ზუსტად #14 საბავშვო ბაღის წინ, ბაღის შესასვლელ ჭიშკართან, ტროტუარზე პარკინგს აწყობენ. ამოთხრილი და დაზიანებულია ტროტუარის ფილაქანი, რომელიც გასულ წელს დააგეს. ბაღის გვერდით მრავალსართულინი შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიკალა“. სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები ქუჩის ამ მონაკვეთში არ ტარდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პარკინგის ადგილისთვის ტროტუარის ათვისებას  სწორედ ეს კომპანია ცდილობს, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა დღეს ჩვენთან საუბარში ეს უარყო:

„ჩემი რომ იყოს, არ დავასრულებდი?“ – გვითხრა მან.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და ნელი მელაძეს ეკუთვნის.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დაზიანებული და საერთოდ უგულებელყოფილია უსინათლოთა ბილიკი

 

 

სამშენებლო ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ აქტიურად მუშაობდნენ, მაშინ, როცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით საკარანტინო პერიოდში ყველა მშენებლობა შეჩერებულია. ადგილზე მომუშავეთაგან კი მხოლოდ ნაწილს ეკეთა პირბადე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში სამშენებლო  სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვა არც ერთ კომპანიას არ აქვს.

ადგილზე კომპანია „ნიკალას“ წარმომადგენელმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჯერ არ იცის, სახლს აშენებს თუ სასტუმროს. კითხვაზე, რატომ არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, გვიპასუხა, რომ „იყო და მოხსნეს“. ვერც იმის დაზუსტება შევძელით, რა დატვირთვა ექნება შენობას, მრავალბინიანი სახლია თუ სასტუმრო. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ „დასრულდება და გადაწყდება“.

მშენებარე კომპლექსი

იმავე კითხვებით მიმართა „ბათუმელებმა“  ბათუმის მერიას, სადაც იმ მიზეზით ვერ გვიპასუხეს, რომ „ამ მშენებლობაზე ნებართვა ადრეა გაცემული და მოსაძებნია.“

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანიას მერიაში მხოლოდ ფასადის შეცვლის სამუშაოები აქვს შეთანხმებული, ადრე აშენებულ შენობაზე. არის თუ არა ნებართვა გაცემული საბავშვო ბაღის წინ ტროტუარზე პარკინგის მოწყობაზე, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვიპასუხეს, რომ არკვევენ.

_____

ამავე თემაზე:

ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: