Batumelebi | როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის – Batumelebi
RU | GE  

როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან საჯარო სივრცეში ერთხელ გამოჩნდა, ისიც საკრებულოს იმ სხდომაზე, როცა მისი სამსახურის საჯარიმო ოქმების ფორმები დაამტკიცეს. მანამდე მასთან გასაუბრება ბევრჯერ ვცადეთ – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აპირებდა ახალი სამსახურის ფორმირებას, თუმცა უშედეგოდ. ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, საჯაროობაზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს პრაქტიკულად უგულებელყოფს, არადა ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 3,5 მილიონ ლარამდეა.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომელსაც არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, 176 პირია დასაქმებული. ახალი საზედამხედველო ა(ა)იპის შექმნის ინფორმაციის დაანონსებისთანავე, ბათუმის მერიაში თქვეს, რომ აქ გაერთიანდებოდა მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. გარდა ამისა, „ეფექტური მუშაობისთვის“ საჭირო იქნებოდა სპეციალისტების დამატებაც.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ იკითხა, რამდენი შტატის დამატება დასჭირდებოდა მერიას ახალი ა(ა)იპისთვის [იმ ადგილების გარდა, რასაც მერიაში, საზედამხედველო სამსახურებში უკვე დასაქმებული პირები შეავსებდნენ], როგორ შეარჩევდა მერი ამ პირებს, კონკურსით თუ კონკურსის გარეშე? თუმცა, მერიამ ვერც ა(ა)იპ-ის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერების და ვერც მისი დამტკიცების შემდეგ ვერ დაასახელა ციფრები, თუ რამდენი ახალი შტატი დასჭირდებოდა.

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, ინსპექციაში ბათუმის მერიიდან 138 პირი გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ინსპექციაში 176 პირი მუშაობს, ამათგან 66 პირი ხელშეკრულებითაა აყვანილი.

ახალი აიპის ბიუჯეტი 3 მილიონ 400 ათასი ლარია, აქედან ორ მილიონამდე ლარი ხელფასების ნაწილში გაითვალისწინეს.

ახალი აიპი აერთიანებს ადმინისტრაციას ოთხი განყოფილებით და სამ სამსახურს თავიანთი განყოფილებებით. დირექტორს მართვაში სამი მოადგილე ნოშრევან საგინაძე, თენგო მესხიძე და ბესო ცეცხლაძე ეხმარებიან. დირექტორის ხელფასი 2900 ლარია, მოადგილეების ხელფასების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ცოტა ხნის წინ არჩილ კონცელიძეს ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია [აქამდე მას ამის ვალდებულება არ ჰქონდა]. დეკლარაციის მიხედვით, ის არ ფლობს ბინას ან სახლს საკუთრებაში და სხვა რაიმე სახის ქონებას. მან დეკლარაციაში ჩაწერა მხოლოდ 2019 წელს შეძენილი ავტომანქანის შესახებ, რომელიც 9500 დოლარად შეუძენია.

თუმცა, დეკლარაციაში ჩანს, რომ არჩილ კონცელიძის დედას ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე აჩუქეს 549 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი და 130 კვადრატული მეტრი სარდაფი იმავე მისამართზე.

მთავარი ფოტო: არჩილ კონცელიძე – მარჯვნიდან პირველი

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი