მთავარი,სიახლეები

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

19.03.2020
9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

დღეს, 19 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შვიდის ნაცვლად ცხრა ძირითადი პროდუქტის მარაგსა და სტაბილურ ფასს დააზღვევს.

საუბარია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბრინჯი
  • მაკარონი
  • მზესუმზირის ზეთი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ხორბალი
  • რძის ფხვნილი
  • წიწიბურა
  • ლობიო

სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად მთავრობამ  მსხვილ დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. მინისტრის განმარტებით, მთავრობას შეუძლია ამ მსხვილ მომწოდებლებს კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან,  იმისთვის, რომ მათ ურყევი ფასი შეინარჩუნონ იმ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება.

„ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ და  დღის განმავლობაში ავამუშავებთ ამ მექანიზმს. შეთანხმება უკვე შედგა მსხვილ  იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რომ ისინი უკვე გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებდნენ ფასებს და არ მოხდებოდა გაძვირება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება. ამაზე გვექნება მონიტორინგი. საწყის ეტაპზე ჩვენ გვექნება ფასი დაზღვეული და მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე ეს ინფორმაცია და სტაბილური ფასი მივიდეს ხელუხლებლად,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები არსებობს:

„იყო რამდენიმე პროდუქტზე გარკვეული შეფერხება, რაც ისევ პანიკური ქცევით იყო განპირობებული. მეორე ფაქტორი უკავშირდებოდა ამინდს, რომლის გამოც უკვე შეძენილი პროდუქტების ტრანსპორტირება გვიანდება. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში, რომ სახმელეთო გზით შემომავალი ტვირთი საქართველოში შემოვიდეს ლარსიდან. ასევე, ამინდი გამოსწორდება შავ ზღვაზე და ტვირთი იმ გემებიდან, რომლებიც შემოსულია საქართველოში, ჩამოიცლება. ასე, რომ ფასის ზრდის და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს,” – თქვა ლევან დავითაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: