მთავარი,სიახლეები

„აბა, მინისტრმა რომ თქვა, ფქვილი 51 ლარიო“ – რა ღირს პურის ფქვილი ბათუმში

02.05.2020
„აბა, მინისტრმა რომ თქვა, ფქვილი 51 ლარიო“ – რა ღირს პურის ფქვილი ბათუმში

„პურის ფქვილი 58 ლარი ღირს, 3-4 ლარით გაძვირდა… 51 ლარი მხოლოდ ერთი ფირმის პურის ფქვილი ღირს, „კარმენი“ ჰქვია, მაგრამ არ გვაქვს, არავის არ აქვს, ვერ ნახავთ…“ – გვითხრეს ბათუმის ავტოსადგურთან ახლოს სავაჭრო ჯიხურებში, სადაც ტრადიციულად პურის ფქვილი ქალაქში ყველაზე იაფად იყიდება. აქ უკვე ყველა მყიდველს აღიზიანებს 51-ლარიან პურის ფქვილზე საუბარი, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დასახელებულ 51 ლარს მოვაჭრეებს აქ იშვიათად გამოჩენილი ყველა კლიენტი იხსენებს.

პურის ფქვილის ერთი ტომარა რომ 51 ლარი უნდა ღირდეს, ეს დაპირება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გასულ კვირას, უფრო ზუსტად კი 23 აპრილს გასცა. ამ დროისთვის მთავრობას უკვე გამოყოფილი ჰქონდა სუბსიდია იმისთვის, რომ ხორბლის იმპორტიორებს ფასი შეენარჩუნებინათ. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პურიც არ უნდა გაძვირდეს, რადგან პურის მცხობელ კომპანიებს ბუნებრივი აირი 10 თეთრით გაუიაფეს.

„51 ლარი ღირს მარტო „კარმენი“, თუ იყიდი გორში, ან მარნეულში… აქ ჩამოტანის ფასი ემატება და 53 ლარად იყიდება,“ – განმარტავენ მოვაჭრეები. ზოგიერთი მოვაჭრე ამბობს, რომ „კარმენი“დაბალი ხარისხის ფქვილია და ამიტომაც მას მყიდველი არ ჰყავს, მეორე ნაწილი გვარწმუნებს, „კარმენი“ ფურნეს ფქვილიაო.

„არ არის მყიდველი, აი, გამოჩნდა ვინმე, ამდენს რომ გესაუბრებით? ხალხი სოფლიდან ვერ ჩამოდის. პურის ფქვილს ძირითადად სოფლებში ყიდულობენ, თორემ ქალაქში ვინ აცხობს პურს?“ – კითხულობს ზვიად დიასამიძე.

ერთი ტომარა პურის ფქვილი ბათუმის ავტოსადგურთან საშუალოდ 56-58 ლარი ღირს, საუკეთესო ხარისხის, რასაც მოვაჭრეები „ექსტრა ფქვილს“, ან „ნამცხვრის ფქვილს ეძახიან“ – 60 ლარი ღირს. მოვაჭრეების თქმით, პურის ფქვილის ფასი პანდემიის დაწყებამდე გაძვირდა და მას შემდეგ აღარ გაიაფებულა.

მთავრობამ 24 მარტს გამოაცხადა, რომ ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამავე თემაზე:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: