მთავარი,სიახლეები

„ასეთი რამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა“ – გოგი გვახარია აჭარის მაუწყებელზე

02.05.2020 • 5443
„ასეთი რამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა“ – გოგი გვახარია აჭარის მაუწყებელზე

დღეს, 2 მაისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა – EMC-მა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ონლაინდისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და მედიაკონტექსტის შეფასება იყო.

დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი კინომცოდნე გოგი გვახარია იყო. გთავაზობთ მისი ონლაინგამოსვლის ერთ მონაკვეთს.

გოგი გვახარია:

“დღეს მოთხოვნილება არის გაზრდილი იმ ჟურნალისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ პროპაგანდის კეთება. რომლებიც დაუფლებულნი არიან პროპაგანდის ტექნიკას. რეჟიმს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ტექნიკა არ იცვლება არცერთი რეჟიმის დროს.  თუ ჟურნალისტი ფლობს ამ ტექნიკას და რაც მთავარია  არ რცხვენია იმის, რომ ფლობს და მუშაობს ამ ტექნიკით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი რეჟიმის დროს იმუშავებს ის. ამ ჟურნალისტებზე მოთხოვნილება არის, განსაკუთრებით არის არჩევნების წინ. ახლა ვართ ზუსტად არჩევნების წინ. ამიტომ, ჩემი აზრით ბუნებრივიცაა ის რაც ხდება და გრძელდება ახლაც აჭარის მაუწყებელში.

მე არ მიკვირს რაც ხდება სატელევიზიო მედიაში და კონკრეტულად აჭარის მაუწყებელში. სრულიად მოსალოდნელი იყო ეს. როგორც კი ნათია კაპანაძეს თანამდებობა დაატოვებინეს. მაშინ რადიო „თავისუფლებამ“ აღარ გააგრძელა ჩვენი პროგრამა. მე ვიცი რომ აჭარის ტელევიზიაში ბევრს ეწყინა და გული დაწყდა. გვირეკავდნენ, გვეკითხებოდნენ, რატომ ვთქვით უარი პროგრამის გაგრძელებაზე. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ახალი მენეჯმენტი ამ ჩვენს გადაცემას ეთერში არ დატოვებდა. ცხადია თვალს ვადევნებდით დირექტორის არჩევნებს და ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში აბსოლუტურად დავრწმუნდით, როდესაც ბატონი კოხრეიძე დირექტორის გახდა. იმიტომ, რომ ეს ბატონი კოხრეიძე სწორედ ის ადამიანის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო როდესაც „წითელი ზონა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა დახურა, ისევე როგორც სალომე ასათიანის გადაცემა დახურეს. იმხანად, როდესაც ნათია კაპანაძემ თანამშრომლობა შემოგვთავაზა და ეს გადაწყვეტილება მან დირექტორად არჩევისთანავე მიიღო, ზუსტად ვიცით რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტის რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი.

შეგიძლიათ ჰკითხოთ მას [ნათია კაპანაძეს], რას მოითხოვდნენ მისგან, როგორ შეუზღუდეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წვდომა არქივებში. შეიძლება ითქვას უბრალოდ დასაჯეს მაშინ.

მაგრამ ნათია კაპანაძემ ბოლომდე გამოიჩინა პრინციპულობა და ახლა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას მადლობა.

ამას პირველად ვამბობ დღეს, იმ პერიოდში ჩვენ სხვა ტელევიზიებისგანაც გვქონდა შემოთავაზება. შემოთავაზება გვქონდა „რუსთავი 2“ -სგანაც. ჩემთვის იყო ძალიან პრინციპული საკითხი, რომ გადაცემა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ძალიან მომწონდა თავიდანვე ნათია კაპანაძის დაწყებული რეფორმები.

ბევრი დამეთანხმება ალბათ რომ აჭარის ტელევიზია მაშინ გახდა ისეთი, როგორიც უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. გარდა იმისა რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა მართლა ხალხის ტელევიზია, ეს იყო ღირებულებებზე აგებული ტელევიზია. უბრალო მაყურებლის ინტერსები იყო ამ ტელევიზიაში გათვალისწინებული. შემთხვევითი არაა რომ ნათია სულ ამას ამბობდა – ვმუშაობთ საზოგადოებისთვის.

ბევრი ვარიანტი წარმოვიდგინე, მაგრამ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ კარგ ტელევიზიასთან ბრძოლა, მისი გადაქცევა ხელისუფლების რუპორად, როგორც ახლა ხდება,  რიგითი თანამშრომლების უფლებების დარღვევის  ხარჯზე მოხდებოდა.

ეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა ასე. ასე უხეშად, ასე რადიკალურად, მე ვიტყოდი ასე ვულგარულადაც კი, როგორც მოხდა აჭარის ტელევიზიაში”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: