მთავარი,სიახლეები

საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია

03.05.2020 • 2941
საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1-ლი მაისის ბრძანებით, შეჩერდა საქართველოდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების პროცედურები. ეს პროცედურები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით და განახლდება ამ მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები/პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენას [შეჩერებული პუნქტები: უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.];
  • საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე [შეჩერებული პუნქტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.];
  • საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა [შეჩერებული პუნქტი: გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გასაძევებელ უცხოელს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე.];
  • სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება [შეჩერებული მუხლი: „საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო];
  • შეჩერდა ასევე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება [ამ მუხლით, „უცხოელზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოწმობა გაიცემა განმეორებით, იმავე ვადით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად.“.

აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოდან გაძევების მიზნით შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე.

ამასთან, უცხოელის დაკავება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში:

  • თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
  • ასევე,  თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ან იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ქვეყნიდან გასაძევებელი იმ უცხოელისთვის, რომელსაც 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, ამ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

იმ პირისთვის კი, რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში აქვს საქართველოში დარჩენის უფლება უცხოელს, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: