მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება

02.05.2020 • 2454
ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება

ავტორი: ესმა გუმბერიძე

რუსეთი ავტორიტარიზმისკენ რომ მიექანება, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება. უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს ეს, ფაქტებით უნდა ავხსნათ. სახელმწიფოს კონსტიტუცია საჯარო განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, კონსტიტუცია უფრო ხედვაა, ერთგვარი იდეალი, პრაქტიკა კი კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე. კონსტიტუციაში ისეთ რამეს არ ჩაწერ, რაც არ გინდა, ყველამ რომ გაიგოს და გაგკიცხოს. ამიტომ კონსტიტუციის შეფასება გვაჩვენებს, მინიმუმ რა პრობლემები ექნება ამა თუ იმ ქვეყანას.

რუსეთი თავს დემოკრატიულ სახელმწიფოს უწოდებს. ეს კონსტიტუციის პირველივე წინადადებებში წერია, თუმცა ის, რაც შემდეგ მუხლებშია, ამ ხმამაღალ განაცხადს პირდაპირ გამორიცხავს. ხშირად ღირებულებების დასაცავად მათ ხმამაღლა დეკლარირებაზე უფრო მნიშვნელოვანია დაცვის რეალური მექანიზმების შექმნა, დეკლარირებულის აღსრულების ხელშემწყობი წესების შემუშავება.

ამ სტატიაში ავღწერ რუსეთის კონსტიტუციაში არსებულ ავტორიტარიზმის განმაპირობებელ ყველაზე თვალსაჩინო ნორმებს, იმას, რისი შემჩნევაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლის ბაკალავრისთვის ერთ ღამეში კონსტიტუციის ორჯერ წაკითხვით, სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, განცხადებების, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციების გაცნობისა და შედარებითი სიღრმისეული ანალიზის გარეშე. დემოკრატიის პირდაპირ გამომრიცხავ დებულებათა მიმოხილვის გარდა, გაგაცნობთ რამდენიმე ნეიტრალურ დაკვირვებასაც, ანალიზისა და შეფასების გარეშე, რომელთა მიმართაც კონკრეტული პოზიცია არ მაქვს. აღვწერ იმას, რაც ზედაპირზევე დევს. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უამრავი მომენტი გამომეპარა.

  • ეს პირდაპირ ავტორიტარიზმს არ ეხება, თუმცა საქართველოსთვის საინტერესო ფაქტად ჩავთვალე: 67-ე მუხლის თანახმად, რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ქონებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იყო, სამართალმემკვიდრეობას რუსეთი ახორციელებს.
  • მუხ.3.2. მიხედვით ხელისუფლების წყარო ხალხია, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მოქალაქეებს არ აქვთ. ამავე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, არავის შეუძლია ხელისუფლების მისაკუთრება, მაგრამ ახლანდელ პრეზიდენტს რატომღაც მისცეს უფლება, 2036 წლამდე იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე.
  • რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ხელს უწყობს მსოფლიოში სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის გატარებას. მოკლედ თავისი საგარეო პოლიტიკით ის თავისივე კონსტიტუციას არღვევს.
  • მუხ. 7 სიტყვა „ინვალიდი“ (invalid: ლათინურად უსარგებლო, უმოქმედო) ჯერ კიდევ პირდაპირ ქვეყნის მთავარ კანონში უწერიათ.
  • 2 ამ მუხლის თანახმად, სიკვდილით დასჯა სრულ გაუქმებამდე შესაძლოა წესდებოდეს ფედერალური კანონმდებლობით. სიკვდილით დასჯა რუსეთის კონსტიტუციით პირდაპირ რომ არ არის აკრძალული, ძალიან გამიკვირდა. რუსეთი ხომ ევროპის საბჭოს წევრია. თანაც წელს მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობს. მე სწორედ ახლა მისაღებ ვარიანტს განვიხილავ. გასაკვირია, რომ სხვა ცვლილებებს სიკვდილით დასჯის აკრძალვაც არ მიაყოლეს და არ შეიტანეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი შემოღების და დამკვიდრების შესაძლებლობის ბოლომდე გამორიცხვა არ სურთ.
  • 2 მიმოწერის და პირადი საიდუმლოების უფლების შეზღუდვა შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ რა შემთხვევაში, მითითებული არაა, თუნდაც ფართო მიზანი, როგორიც შეიძლება იყოს მძიმე დანაშაულის თავიდან აცილება ან გამოძიება. ეს რაღაცა შემთხვევაში მაინც გამორიცხავდა მოსამართლის თვითნებობას. მით უმეტეს, რომ მოსამართლეთა დიდ ნაწილს, როგორც შემდგომში ვნახავთ, პრეზიდენტი ან პირდაპირ ნიშნავს ან დიდ გავლენას ახდენს მათ დანიშვნა-გადაყენებაზე.
  • 3. ამ და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ მუხლში უფლების შეზღუდვის საგამონაკლისო შემთხვევათა ჩამონათვალში შეზღუდვათა დაწესების კრიტერიუმად არ არის მითითებული, რომ შეზღუდვა აუცილებელი, საჭირო და სასარგებლო უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს ფორმულირება ნიშნავს, რომ გამოყენებულ უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლებად შემზღუდველი წესი, რაც შეიძლება, ნაკლები დროით.
  • 67–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს ისტორიული სიმართლის დაცვას. „სამშობლოს დაცვისას ხალხის ღვაწლის დაკნინება დაუშვებელია“. აი ეს უკანასკნელი დებულება კი წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს ამავე კონსტიტუციაში გაწერილ ცენზურის აკრძალვასთან. კონკრეტული ისტორიული ფაქტებისა და პროცესების საკრალიზაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ისტორიასთან დაკავშირებული დისკუსიის თავისუფლებას.
  • 2 რუსეთის პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელსაც ოდესმე ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მთლიანად ან რომლის ნაწილიც მიღებულ იქნა რუსეთის შემადგენლობაში. ესეც აწ უკვე ოკუპირებული ყირიმისა და, ვინ იცის, კიდევ პოტენციურად დასაპყრობი რომელი ქვეყნების მკვიდრთათვის განკუთვნილი საკენკია, რომ თეორიულად მათაც შეეძლებათ ტერიტორიით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტობა.
  • 3.1 ეს მუხლი პუტინს აძლევს საშუალებას, იყოს პრეზიდენტი 2036 წლამდე. ამ მუხლის მიხედვით პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე პირს შეუძლია არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თუმცა აქვეა შენიშვნაც, რომ ვადების ათვლა არ ვრცელდება მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაზე. პირს, რომელიც ამჟამად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, უფლება ექნება კენჭი იყაროს მიმდინარე ვადის გასვლის შემდეგ და ის პირველ ვადად ჩაეთვლება. არ ვიცი, ნუთუ შიშობენ, რომ შემდეგი 16 წლის განმავლობაში 140 მილიონიან ქვეყანაში ამ ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესაბამის კადრს ვერ იპოვიან? აკი ძალაუფლების მითვისება კანონით ისჯებაო?
  • 81–ე მუხლი პრეზიდენტს არც კომერციულ საქმიანობას უკრძალავს, არადა სახელმწიფო დუმის (ფედერალური კრების ქვედა პალატაა) დეპუტატებს ეს აკრძალვა კონსტიტუციის 97.3 მუხლით აქვთ დაწესებული.
  • პრეზიდენტი დასამტკიცებლად ფედერალურ კრებას (საკანონმდებლო ორგანოს) წარუდგენს ცენტრალური ბანკის (ჩვენი ეროვნული ბანკის ანალოგია) საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა, მათი მოადგილეების, ასევე მოსამართლეთა კანდიდატურებს და თავისით ნიშნავს და ათავისუფლებს ყველა სხვა სასამართლოს თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს; ფედერალურ საბჭოსთან (ფედერალური კრების ზედა პალატა) კონსულტაციის გავლით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარ პროკურორს, მის მოადგილეს, ფედერაციის სუბიექტთა, ასევე სამხედრო პროკურორებს და თავისი ნებით ნიშნავს და ათავისუფლებს სხვა დანარჩენ პროკურორებს. აქვე წარუდგენს ფედერალურ საბჭოს გადასაყენებელ მოსამართლეთა სიებს. ყოველივე ეს იმის ფონზე, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით არც პარტიული საქმიანობა ეკრძალება (არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე კონსტიტუციით პრეზიდენტი სახელდება სახელმწიფოს მეთაურად და მთავარ აღმასრულებლად). სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს წარუდგენს გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილისა და აუდიტორთა ნახევრის კანდიდატურებს. ფედერალურ კრებას, რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი ნებით არ შეუძლია ზემოთჩამოთვლილ თანამდებობებზე პირთა კანდიდატურების განსაზღვრაც კი. პრეზიდენტი დასამტკიცებლად ვის წარუდგენს? იმათ, ვინც მას აწყობს. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთის კონსტიტუციის პირველივე მუხლები (მაგ. მე–10) მოითხოვს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, თუმცა პრეზიდენტი მოსამართლესაც რომ ნიშნავს, მინისტრსაც, პროკურორსაც, აუდიტორსაც, რომლის მოვალეობაც ისევ მთავრობის/აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ თანხების ხარჯვაზე კონტროლია, თან როგორც შემდგომ ვნახავთ, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში (ფედერალურ საბჭოში) 30-მდე სენატორის დანიშვნის უფლებაც აქვს, ხელისუფლების დანაწილებაზე, გაწონასწორობასა და ურთიერთგადამოწმებაზე საუბარი აღარაა.
  • 85-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი განიხილავს და მედიატორობს დავებს ფედერალურ და რეგიონულ სახელმწიფო ორგანოთა შორის. დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში მას შეუძლია, ის განსახილველად გადასცეს სასამართლოს. 85.2 მუხლით პრეზიდენტს უფლება აქვს, შეაჩეროს ფედერაციის სუბიექტთა აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტების მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას შესაბამისი სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე (ანუ პრაქტიკულად პრეზიდენტს სასამართლო განჩინების გამოტანის უფლება აქვს).
  • 1 პრეზიდენტი, რომელსაც ამოეწურება ვადა ან რომელიც ვადამდე ადრე შეწყვეტს უფლებამოსილების განხორციელებას საკუთარი განცხადებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო, ხელშეუხებელია. 93–ე მუხლის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტისთვისაც კი იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის წარდგინებითა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ მის ქმედებებში იკვეთება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ან სხვა მძიმე დანაშაული. კორუფციისა და ნეპოტიზმის ზოგიერთი შემთხვევა, მაგალითად, შესაძლოა, მძიმე დანაშაულად არ კვალიფიცირდებოდეს, შესაბამისად მათი ჩადენის შემთხვევაშიც კი ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, დაუსჯელი დარჩეს. უმაღლესი თანამდებობის პირთა იმუნიტეტი/ხელშეუხებლობა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ემსახურება მათ მიერ მოვალეობათა შეუფერხებლად შესრულების მიზანს; რომ არ იყოს მარტივი სამართლებრივი გადატრიალების მოწყობა, მაგ. არჩევითი თანამდებობის პირთა დაკავება, რათა არ ხდებოდეს დანიშნულ ძალოვანთა მიერ პირდაპირ სამუშაო კაბინეტიდან, გასამართლება და დასჯა. ამ დროს დიდია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩეულ თანამდებობის პირთა ძალოვან სტრუქტურათა მიერ დაშინების რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს იმუნიტეტი. და ვადის ამოწურვის ან გადადგომის შემთხვევაში რაღაა ხელშეუხებლობის მიზეზი, თანაც ასეთი უპირობო? მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციით ყოფილ პარლამენტარსაც არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა პარლამენტში ყოფნისას მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო, ასევე არ შეიძლება მოეთხოვოს, გასცეს ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც პარლამენტარს, გაანდეს. მაგრამ ეს ემსახურება კონკრეტულ ინტერესს, რომ ყოფილ პარლამენტართა დევნა არ დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით, მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო და იმისთვის, რომ სხვათა უფლებები იყოს დაცული, ვინც დეპუტატს გაანდო კონფიდენციალური ინფორმაცია იმ იმედით, რომ ის მას არ გასცემს. პრეზიდენტისთვის მის მიერ თანამდებობის დასრულების შემდეგ ზოგადი/ბლანკეტური ხელშეუხებლობის მინიჭება დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობას სცემენ პატივს, ყოვლად გაუმართლებელია.
  • ფედერაციის საბჭოში სენატორის პოზიციას ავტომატურად იკავებს ყოფილი პრეზიდენტი. პრეზიდენტს ასევე აქვს უფლება, მიანიჭოს სენატორის წოდება არაუმეტეს 30 პირს, მათგან მაქსიმუმ 7-ს – სამუდამოდ.
  • 104-ე მუხლი საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას არ ანიჭებს მოქალაქეებს, 134–ე მუხლი კი არც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივის უფლებას აძლევთ მოქალაქეთა ჯგუფებს.
  • თუკი პრეზიდენტი მიიჩნევს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არაკონსტიტუციურად, მას შემდეგ, რაც ვეტო დაიძლევა, მას აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონი არ ამოქმედდება. ეს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩევით კოლეგიალურ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს. გამოდის, რომ პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა კანონმდებლებს ძალიან გაუჭირდებათ, თუნდ ისინი უფრო მეტნი არიან რაოდენობრივად (პარლამენტი ხომ დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის გამომხატველი ორგანოა).
  • თუკი სახელმწიფო დუმა 3–ჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ მთავრობის თავმჯდომარის, ასევე რამდენიმე მინისტრის კანდიდატურას, პრეზიდენტი თავად ნიშნავს მთავრობის თავმჯდომარეს. ასევე აქვს უფლება, დაითხოვოს დუმა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. აქვე ვიტყვი, რომ დუმის დეპუტატთა არჩევის წესი კონსტიტუციაში გაწერილი არაა. (მაჟორიტარული თუ პროპორციული. 96.2 მუხლი მიუთითებს, რომ დუმის წევრთა არჩევისა და ფედერაციის საბჭოს დაკომპლექტების წესს ფედერალური კანონმდებლობა განსაზღვრავს).
  • დუმის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის ზედიზედ ორჯერ გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს მთავრობა ან დუმა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. 117.4 მთავრობის თავმჯდომარეს (იგივე პრემიერ–მინისტრია) უფლება აქვს, დუმის (საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა) წინაშე დასვას მთავრობის უნდობლობის საკითხი. თუკი დუმა მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა ან სახელმწიფო დუმა. ანუ მთავრობის წევრთა უმრავლესობის კანდიდატურებს პრეზიდენტი წარადგენს, რითიც პარლამენტს უზღუდავს არჩევანს, მერე თუ არ დაამტკიცებენ – პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით რომ უცხადებს დუმა უნდობლობას მთავრობას, აქაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია. დათხოვნის ამხელა საფრთხის წინაშე რომელი საპარლამენტო შემადგენლობის უმრავლესობა იქნება ისეთი გამბედავი, რომ პრეზიდენტის ნებას აღუდგეს წინ?
  • 5.ბ საკონსტიტუციო სასამართლო ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციათა და სასამართლოთა, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ეს ნორმა პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთისადმი საერთაშორისო მექანიზმთა ქმედითობას. საერთაშორისო სასამართლოს, არბიტრაჟსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანოებისადმი მიმართვის უფლება მოქალაქეებს ხომ მხოლოდ ყველა შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვის შემდეგ აქვთ. ანუ თუ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის შიგნით სამართალს ვერ პოულობ, მიმართავ საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებს შენი უფლებების დასაცავად, მაგრამ შემდეგ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ მაინც არ აღსრულდება – მათ ჯერ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს. მაშ რაღა აზრი აქვს საერთაშორისო სტრუქტურისადმი მიმართვას? ბარემ ისევ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოთი მოუწევს მის მოქალაქეს უფლების დასაცავ მექანიზმთა ამოწურვა. საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის არსებობს, რომ ცუდად მომუშავე შიდა ეროვნული სასამართლო სისტემის მიერ დარღვეული ადამიანის უფლებები დაიცვას და თუ ამგვარ დაცვას მაინც შიდა დამოწმება სჭირდება პრობლემური სისტემის მიერ, ეს აზრს კარგავს.
  • რუსეთის საკმაოდ ვრცელი კონსტიტუციაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ბავშვების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე (მუხ. 67.4), ტრადიციული ოჯახური ღირებულებებს დაცვაზე (მუხ. 114.1.ბ) და მისთ. გასაკვირია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა/მუნიციპალიტეტთა მოწყობაზე საკმაოდ ცოტა რამაა ნათქვამი. მაგ. არ არის გაწერილი მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანოების (რასაც ჩვენთან საკრებულო ეწოდება) დაკომპლექტების წესი. რუსეთის კონსტიტუცია იცნობს ფედერაციაში შემავალი რეგიონების (ფედერაციის სუბიექტების) მრავალრიცხოვან სტატუსებს (რესპუბლიკა, მხარე, ფედერალური მნიშვნელობისა და დანიშნულების ქალაქი, ოლქი, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური რაიონი/უბანი). ამ სტატუსთან ჩამონათვალი მოცემულია 66–ე და მე–5 მუხლებში. 65–ე მუხლიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სუბიექტი შეიძლება შედიოდეს სხვა სუბიექტის შემადგენლობაში. თუმცა დეტალურად ეს მიმართებები კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. უბრალოდ მითითებაა, რომ მსგავს სუბიექტთა შორის ურთიერთობა, კომპეტენციათა გამიჯვნა რეგულირდება მათ შორის დადებული შეთანხმებით. კონსტიტუციაში ასეთი სიტყვაძუნწობა ფედერალური მოწყობის დეტალებთან დაკავშირებით ამ მოწყობას არაგანჭვრეტადს ხდის. არათანმიმდევრულობა შეინიშნება სუვერენიტეტის ცნების გამოყენებასთან მიმართებაშიც. 67–ე მუხლის მე–2 ნაწილში წერია, რომ რუსეთი სუვერენულ უფლებებს ახორციელებს, მათ შორის კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაშიც. აქ სიტყვას „სუვერენული“ ის გაგება აქვს, რაც საყოველთაოდაა ცნობილი, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ფლობს ძალაუფლებას, როგორც მის შიდა მართვასთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის მე–2 განყოფილების 1–ლ მუხლში კი რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებსაც „სუვერენული“ ეწოდება. ამ რესპუბლიკებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ თავიანთი საგარეო ურთიერთობების რუსეთისგან დამოუკიდებლად წარმართვის უფლება. ესეც ამ კონსტიტუციის არაგანჭვრეტადობასა და ერთგვარ ტყუილზეც მიგვანიშნებს. ე.წ „სამხრეთ ოსეთსაც“ სთავაზობდნენ რეფერენდუმის ჩატარებას კითხვით, სურთ თუ არა „დამოუკიდებლობა და რუსეთთან მიერთება“. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეორე ცნება ურთიერთგამომრიცხავია. არ შეიძლება, თან სუვერენული/დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და თან სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდე.
  • ანექსირებული/ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობის სიამაყესაც უყრის ეს კონსტიტუცია ერთგვარ საკენკს. 65–ე მუხლის თანახმად, სევასტოპოლი, მოსკოვთან და სანკტ-პეტერბურგთან ერთად, იწოდება ფედერალური მნიშვნელობის ქალაქად. კიდევ ერთი – ქალაქს ძველი სახელი სანკტ-პეტერბურგი კი დაუბრუნდა, მაგრამ მის შემოგარენს ისევ ლენინგრადის ოლქი ეწოდება ამავე 65–ე მუხლის თანახმად.
  • აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს, მთავრობისა და ფედერალური კრების წევრს, ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს (მაგ. გუბერნატორი), ომბუდსმენს, მოსამართლეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს და მაღალი თანამდებობის სხვა რამდენიმე პირს ეკრძალებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ან იქ მუდმივი ბინადრობის ნებართვის ქონა. ასევე რუსეთის საზღვრებს მიღმა არსებულ ბანკებში ანაბრების ქონა ან ძვირფასეულობის შენახვა. ამ შეზღუდვათა მიზანი თანამდებობის პირთა უცხოურ გავლენებისგან განთავისუფლება უნდა იყოს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემაც, პროკურატურაც, აუდიტის სამსახურიც, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველმყოფი ცენტრალური ბანკიც პრაქტიკულად ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის, ხელშია მოქცეული, ფინანსების უცხო ქვეყნებში გატანის აკრძალვა, მოხელეთა დავალდებულება, ანაბრები ისევ ქვეყნის შიგნით მდებარე ბანკებს მიანდონ, გაზრდის მათს დამოკიდებულებას ძალაუფლების მქონე პრეზიდენტზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის კონსტიტუციით განსაზღვრული წესები დემოკრატიას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ამ წყობილებას მაინც ეწოდება დემოკრატია. შეიძლება, ეს შეგნებულადაცაა გაკეთებული, ადამიანებს დემოკრატიაზე გული რომ აუცრუვდეთ – თქვან, არ ვარგაო. ნიჰილიზმის ფონზე კი რეჟიმის უფრო გატოტალიტარულებაც მარტივი იქნება და გადიქტატორებაც. უკვე საკმარისად მოიპოვებიან რუსეთში საბჭოთა კავშირის დაბრუნების მქადაგებლები, „გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღების“ მეხოტბეები (დემოკრატია კი სისწრაფეს ვერ უზრუნველყოფს, რადგანაც დემოკრატიულ წყობილებაში გადაწყვეტილების მიღება უფრო ძნელია, უფრო მეტი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს). ეს სტატიაც იმას ემსახურება, რომ უკეთ დავინახოთ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ისტორიულად ცნობილია, რომ დამპყრობელი იმპერიები საგარეო ექსპანსიის დაწყებამდე ცდილობდნენ, ქვეყნის შიგნით დაეთრგუნათ რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ელემენტები. რუსეთის კონსტიტუცია კი ქმნის ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის წინაპირობებსა და ნიადაგს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებით, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების აღმასრულებლისადმი დაქვემდებარებით.

____

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 

ესმა გუმბერიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: