ბათუმი,მთავარი,სიახლეები

27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა

26.04.2020 • 2508
27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, ისიც ნაწილობრივ, გაიხსნება. ვაჭრობა იქნება ძირითადად ეზოს ტერიტორიაზე და არა უშუალოდ შენობაში – ვინაიდან დახურულ სივრცეში მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის“, – გვითხრა ეკა ბაკურიძემ, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მენეჯერმა.

თევზის ბაზარში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ 27 აპრილიდან ბაზარი განაახლებს მუშაობას.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაზრები საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებენ.

„ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

„დეზინფექცია მთლიანი ტერიტორიის და შენობის დღეს მართალია ჩატარდა, მაგრამ, მაგალითად, დეზობარიერებია მოსაწყობი, შემომსვლელ მანქანას რომ დეზინფექცია ჩაუტარდეს, სადეზინფექციო საშუალებებია შესაძენი და სწორედ ამისთვის გვჭირდება დრო პირველ მაისამდე, რომ სრულად მოვემზადოთ“, – გვითხრა ეკა ბაკურიძემ.

მერიის ინფორმაციით, რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება; დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.

უცნობი რჩება, თუ როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

მთავარი ფოტო: დეზინფექცია ბაზრების ტერიტორიაზე / ფოტო: ბათუმის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: