მთავარი,სიახლეები

შეყვარებულის ნახვა, ქუჩაში სეირნობა – დღეიდან იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

04.05.2020 • 2109
შეყვარებულის ნახვა, ქუჩაში სეირნობა – დღეიდან იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

დღეიდან, 4 მაისიდან, იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას ეტაპობრივად დაიწყებს.

მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის  თანახმად 4 მაისიდან იტალიელებს შეეძლებათ დატოვონ საკუთარი სახლები და ქუჩაში ან პარკში თავისუფლად გავიდნენ. ისეირნონ, ირბინონ და ივარჯიშონ.

ნათესავებს შეუძლიათ ერთმანეთი მოინახულონ, ერთმანეთის ნახვის უფლება აქვთ შეყვარებულებსაც, თუმცა ისევ აკრძალულია მეგობრების შეკრება.

ნებადართულია ქორწინებაც, მაგრამ ქორწილს სიძე-პატარძლის გარდა, მხოლოდ მეჯვარეები უნდა დაესწრონ. მოქალაქეებს უფლება აქვთ დაკრძალვის რიტუალის ჩატარების. თუმცა აქაც აკრძალვაა, გასვენებაში 15 ადამიანზე მეტი ვერ მივა.

4 მაისიდან მუშაობას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  ასევე დასაშვები გახდა საცხოვრებელ რეგიონში გადაადგილება ავტომანქანით, მაგრამ ისევ აკრძალულია რეგიონს გარეთ მოგზაურობა. მაგალითად, თუ მოქალაქე რომში ცხოვრობს, მილანში ან ფლორენციაში ვერ წავა.

ყველა მოქალაქე ვალდებულია საჯარო ადგილებში ატაროს ნიღაბი. მაგალითად, ნიღბის გარეშე ვერ ავა მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერ შევა სუპერმარკეტში ან აფთიაქში.

ნებადართული ხდება ეკონომიკური საქმიანობაც. ასეულობით საწარმოს შეეძლება მუშაობა განაახლოს.

მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტი – DPCM ავალდებულებს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს სუნთქვის პრობლემა ან 37.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დარჩეს სახლში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: