მთავარი,სიახლეები

იზოლაციისა და კარანტინის წესები ამოქმედდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარია

26.03.2020 • 5149
იზოლაციისა და კარანტინის წესები ამოქმედდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარია

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იზოლაციისა და კარანტინის წესები დამტკიცდა, რომელიც 2020 წლის 25 მარტიდან შევიდა ძალაში.

იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები
  • იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება
  • დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა
  • საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით
  • იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით
  • იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით)
  • იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა
  • იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე
  • იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება
  • იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს
  • იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.  განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

2020 წლის 26 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 75, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10, კარანტინის რეჟიმში – 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 252  ადამიანი.

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/260033/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: