ბაღის პედაგოგს, რომელმაც 10 ბავშვი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა მემორიალს გაუხსნიან

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში უკვე დაასრულეს მემორიალზე მუშაობა. მემორიალი საბავშვო ბაღის პედაგოგს ეძღვნება, რომელმაც ათი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.

მარიამ კონცელიძე 33 წლის პედაგოგი იყო და ორი შვილი ჰაყვდა. მან ბავშვები სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა – ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები გადაარჩინა. თავად სწორედ ამ დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში დაიღუპა კიდეც.

მარიამ ლაფაჩი-კონცელიძეს მემორიალი ციხისძირში უკვე მზადაა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მას როდის გახსნიან. ქობულეთის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მემორიალს სავარაუდოდ 5 აპრილს გახსნიან, როცა ავტომაქანა საბავშვო ბაღის პედაგოგს დაეჯახა.

___

ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

 

„დავკარგე სამუშაო, ვცხოვრობ ქირით, არ შემეხო დახმარება, რა ვქნა?“

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ნესტან ტარიელაძე ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თუმცა დღეს ეს სამუშაო აღარ აქვს. რესტორანი დაიხურა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. როგორც ნესტანი „ბათუმელებთან“ ამბობს, მას სამი შვილი ჰყავს და სვიშევსკის ქუჩაზე, კერძო სახლის რამდენიმე ოთახში ქირით ცხოვრობს.

ნესტანი ამბობს, რომ მისი კომუნალური გადასახადები ზამთრის პირობებში არ სცდება 100 ლარს, თუმცა, რადგან მრიცხველი სახლის მეპატრონის სახელზეა, ის ვერ სარგებლობს იმ შეღავათით, რასაც მთავრობა მოქალაქეებს დაჰპირდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოჯახებს, რომლებიც თვეში 200 კვ/ტ ელექტროენერგიაზე და 200 კუბ ბუნებრივ აირზე მეტს არ წვავს, სამი თვის კომუნალურ ხარჯს სახელმწიფო დაუფარავს.

„ჩვენი ოჯახების საკითხი დადგა კითხვის ნიშნით ქვეშ. არ ვიცი რა გვეშველება. მე აღარ სამუშაო მაქვს და არც კომუნალური შეღავათები გავრცელდება ჩემზე. სახლის პატრონს ქირის ფულს ვერ ვუხდი, სხვა შემოსავალი არც მას აქვს, რომ არ გადაიხადოს კომუნალურები და ჩამიჭრან, რა უნდა გავაკეთო? სამი შვილი მყავს და ახლა ისიც დამემატა, რომ ბავშვები ტელესკოლის გაკვეთილებით სარგებლობენ, შუქი რომ გამომირთონ, გაკვეთილებსაც ვეღარ მოუსმენენ“.

ნესტან ტარიელაძე ამბობს, რომ ენერგოკომპანიამ ან სახელმწიფომ  გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და რაიმე ფორმით გაუწიოს დახმარება მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.

არსებობს თუ არა ასეთ ვითარებაში გამოსავალი? – ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ რადგან მთავრობის მიერ განაცხადი გაკეთდა კონკრეტული პირობით, სახელმწიფო შეღავათი შეეხება მხოლოდ მათ, ვის სახელზეცაა რეგისტრირებული კომუნალური ხარჯი.

„შესაბამისად, ერთი სახლის შიგნით რა ხდება, ამას ვერავინ ვერ დაინახავს, სამწუხაროდ“,- გვეუბნება ის.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილიც ამბობს, რომ კომპანიისთვის ასეთი გაგება – „საერთო მრიცხველი“, არ არსებობს.

თუ ვინმეს ოთახებად აქვს ჩაშლილი (სახლი) და ინდივიდუალური გამრიცხველიანებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამას კანონი არეგულირებს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, „სოკარისთვის“ აბონენტი არის ის, ვინც  ოფიციალურადაა რეგისტრირებული საინფორმაციო ბაზაში.

მსგავსი პოზიციაა აქვთ „ენერგო-პრო ჯორჯიაშიც“. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე სმკ-მა უნდა იმსჯელოს.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 700-ზე მეტი ოჯახიც, რადგან ისინიც, ქირაში მყოფი ადამიანების მსგავს, ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი ამბობს, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს სოციალური დახმარების მოქნილი სისტემა, რომელიც გამარტივებული ბიუროკრატიის გარეშე დაეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს.

„10 და 100 ათასობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე პანდემიის ვითარებაში. კომუნალურებში მოსახლეობის დახმარება კარგი იდეაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს შეღავათები ყველა მოწყვლად ჯგუფზე არ ვრცელდება. უნდა შედგეს კომისია, რომელიც მარტივი კრიტერიუმებით მოახდენს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვინც შემოსავალი დაკარგა, ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორში და ჩართავს რაღაც ტიპის შემწეობის პროგრამაში“.

დღეს, 3 აპრილს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, ამას შემოსავლების სამსახურის მეშვეობით დაადგენენ. კოტე ერისთავის შეფასებით, ეს ვერ მოგვცემს რეალურ სურათს, რადგან ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორში მუშაობს.

„იქნებიან ეს გიდები, გარემოვაჭრეები თუ საცალო ვაჭრობაში ჩართული ადამიანები და სხვა. ამიტომ მხოლოდ ეს წყარო უმუშევართა დადგენის არ იქნება საკმარისი. ადამიანებს, რომლებსაც დიდი ვალი აქვთ სხვადასხვა ინსტიტუციის, შეიძლება მინიმალურ ხელფასზე მუშაობდნენ და ამის გარეშე დარჩენა ძალიან რთულია მათთვის.

სწორედ ამიტომ უნდა შექმნას სახელმწიფომ დროებითი დახმარების მოქნილი სისტემა. საიდან მოიტანს სახელმწიფო ამ რესურსებს, იქნება ეს სოლიდარობის ფონდი თუ სხვა რამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ პრობლემისკენ იყოს მიმართული“, – ამბობს კოტე ერისთავი.

გარდა ამისა, როგორც ერისთავი ამბობს, როცა სახელმწიფო ბიზნესს აძლევს დახმარების პაკეტს, აუცილებლად და ხაზგასმული უნდა იყოს პირობა, რომ ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს.

ვინ არის სოფლის ექიმი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამოიცნო

სოფელი კაპანახჩი, იგივე ქვემო ბოლნისი და ამ სოფლის ექიმი ია გოგიძე ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებებზე საუბრისას რამდეჯერმე მოიხსენიეს. ექიმს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა, იმის გამო, რომ მან მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინსტრუქციით შეძლო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის იდენტიფიცირება.

ზუსტად მაშინ, როცა მთავრობა პანდემიასთან გამკლავების საქმეში ოჯახის ექიმების ჩართვასა და მათ როლზე ალაპარაკდა,  პაატა იმნაძის ეს განცხადება ორი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი, შესაძლო გავრცელების კიდევ ერთი კერის დროულად აღმოჩენა, ხოლო  მეორე იყო იმედი იმისა, რომ ოჯახის ექიმები, თუნდაც მცირე დატრენინგების შემდეგ,  შეძლებენ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

სოფელ კაპანახჩის ექიმმა ია გოგიძემ  საეჭვო პაციენტების გამოსავლენად სოფლის კარდაკარ შემოვლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მარნეულში გამოავლინეს ინფიცირებული პაციენტი, რომლის კონტაქტების იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და აქ მასშტაბური შემოწმება დაიწყეს.

„დაგვავალეს ოჯახის ექიმებს, უნდა შეგვემოწმებინა ყველა პაციენტი, ტემპერატურა უნდა გაგვეზომა და ზოგადად, უნდა შეგვეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – გვიყვება ია.

ერთ-ერთი შემოწმების დროს ია ექიმმა საეჭვო პაციენტი აღმოაჩინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და მიმართავდა თვითმკურნალობას, იღებდა ანტიბიოტიკებს, მისი მდგომარეობა კი არ გაუმჯობესებულა:

„დაგვხვდა ქალბატონი მაღალი ცხელებით. გვითხრა, რომ  რამდენიმე დღე იყო ავად, ჰქონდა მშრალი  ხველა და გრძნობდა ძლიერ სისუსტეს, აღნიშნა, რომ სამი დღის წინ ჰყავდა სასწრაფო დახმარება გამოძახებული, მაგრამ არ გადაუყვანიათ. როგორც ჩანს, იმ დროს მისი გადაყვანა საჭიროდ არ ჩაითვალა.“

მას შემდეგ, რაც სიმპტომები საეჭვოდ ეჩვენა, ია ექიმი დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ამ ქალს მოგზაურობის ისტორია. პაციენტმა ექიმს უამბო, რომ  12 მარტს რუსეთიდან ბაქოში ჩავიდა, იქედან კი, 17 მარტს, საქართველოში დაბრუნდა.

„20 მარტიდან უკვე დაეწყო ჩივილები. ყოველივე ამის გათვალისწინებით მივიტანე ეჭვი, რომ ეს იყო სავარაუდო შემთხვევა. სიმპტომები, რაზეც ის ჰყვებოდა, იყო მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სისუსტე…  იმ მომენტში სუნთქვის უკმარისობას არ უჩიოდა, არც ვიზუალურად  იყო გამოხატული ნიშნები, მაგრამ ვინაიდან ერთი კვირის განმავლობაშიც არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევა უნდა  გადამეცა“.

ამის შემდეგ მან 112 -ში დარეკა და პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცა. მალევე პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს: „სამწუხაროდ მისთვის, დადგინდა კორონავირუსის დიაგნოზი, ეპიდემიოლოგიურად კი, საბედნიეროდ, მოხდა ამ შემთხვევის ვერიფიკაცია,“ – ამბობს ია გოგიძე.

მას შემდეგ, რაც ამ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდგომი კონტაქტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგებმა იმუშავეს. ასეთი კონტაქტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო ასზე მეტი:

„ჩივილები 20 მარტს დაეწყო. აღმოჩნდა, რომ 19 მარტს იმყოფებოდა წლისთავზე, სადაც დაახლოებით 100 ადამიანი იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა გაშიფრეს. ამ ქალს თან ახლდა ფეხმძიმე რძალი, რომელმაც იგივე გზა გამოიარა მასთან ერთად, მაგრამ იმ მომენტისთვის სიმპტომები არ ჰქონია. მე ვარ სოფლის ექიმი და მევალებოდა საეჭვო პაციენტების გამოვლენა. შემდეგ კონტაქტების მოძიება უკვე ეპიდემიოლოგიური სამსახურის საქმეა. რა თქმა უნდა, პარალელურად  განხორციელდა ეს,  საქმის კურსში ჩააყენეს ეპიდემიოლოგიური სამსახური, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი შემდეგ  გავიდნენ კონტაქტების სიაზე. კორონავირუსი რძალსაც დაუდასტურდა,“ – გვიყვება ია ექიმი.

ამ ორი შემთხვევის გარდა ქვემო ბოლნისში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც სოფელი სრულად ჩაკეტეს.

დავინტერესდით, რა აღჭურვილობით იცავდა თავს ია ექიმი პაციენტების კარდაკარ გადამოწმებისას.  როგორც თავად გვითხრა, მას ეცვა სამედიცინო ხალათი, ეხურა შესაბამისი ქუდი და ეკეთა ხელთათმანები, სახე პირბადით და თვალების დამცავი ფარით  ჰქონდა დაფარული. მას შემდეგ კი, რაც მას გაუჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, მაშინვე მიმართა ზომებს – შეიცვალა პირბადე, მოიშორა ხალათი  და  დაიმუშავა ხელები. „მქონდა მოლოდინი, რომ ეს შემთხვევა დადასტურდებოდა,“ – ამბობს ის.

ია ექიმი ადასტურებს პაატა იმნაძის ნათქვამს იმის შესახებ, რომ შესაბამის პროტოკოლს ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გაეცნო:

„ზოგადადაც მაინტერესებდა და პროფესიული თვალსაზრისითაც, რაც  ხელმისაწვდომი იყო, ყველა მასალას ვეცნობოდი, ასევე დამეხმარა წლების გამოცდილება და ინტუიცია. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობასთანაც გვქონდა კავშირი და მათგანაც ვიღებდით რეკომენდაციებს“.

ია გოგიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 წელია მუშაობს, რვა წელია უკვე ქვემო ბოლნისის, იგივე სოფელ კაპანახჩის ოჯახის ექიმია.

ერთ დღეში, მას შემდეგ, რაც ია ექიმზე პაატა იმნაძემ ისაუბრა, მის ცხოვრებაში ორი რამ შეიცვალა – ერთდროულად ბევრ ჟურნალისტს გაუჩნდა მასთან გასაუბრების სურვილი, გარდა ამისა, შეიცვალა ქვემობოლნისელი პაციენტების დამოკიდებულება მის მიმართ:

„აღფრთოვანება გამოხატეს, რა კარგი ექიმი გვყოლიაო. იცით, ეს ადამიანურად მაინც სასიამოვნოა. გარდა ამისა, ეს აზერბაიჯანულენოვანი უბანია და ენობრივი ბარიერის გამო ყველა არ მიცნობდა, მაგრამ ბოლო ექვს დღეში თითქმის ყველა ოჯახი შემოვიარე“.

ია ექიმი ფიქრობს, რომ ბოლნისელები ამ შემთხვევის შემდეგ უფრო ფრთხილად არიან: „ადრე მე  ვუხსნიდი, ყველა ოჯახს ვაძლევდი რეკომენდაციას და ვუყვებოდი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ დაეცვათ თავი, ვეუბნებოდი, რომ ეს იყო ვალდებულება. ახლა თავადაც მეკითხებიან, ისიც კი მკითხეს, პენსიის ასაღებად შეიძლება თუ არა წასვლაო“.

ია ექიმის თქმით, საჭიროა მეტი რეკომენდაცია ადამიანებისთვის, რადგან ის შეხვდა პაციენტს, რომელსაც ეგონა თვითიზოლაცია მხოლოდ სახლიდან არგასვლას ნიშნავდა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია პრობლემა არ იყო.

როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები.

ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტს სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი განთავსება საკარანტინო სივრცეში.

პროტოკოლის მიხედვით, თვითმოვლის რეკომენდაციები პაციენტებისთვის, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, შემდეგია:

  • დარჩით სახლში და მოახდინეთ თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში;
  • დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომეთ სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწერეთ, რათა შემდეგ მოახსენოთ ექიმს;
  • დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია, გამჭვირვალე ფერი;
  • შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
  • მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
  •  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება. ასევე თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან);
  • გადადეთ ოჯახის ექიმთან თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმეთ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა.
  • რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები). 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ზე საეჭვო სტატუსის ან კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, რომლებიც შინ გადიან იზოლაციას, ურჩევს, დაისვენონ და მიირთვან საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი.

პროტოკოლის მიხედვით, პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები ექიმმა უნდა შეაფასოს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ჰყავს თუ არა პაციენტს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში;
  • პაციენტს აქვს თუ არა იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები;
  • აქვს თუ არა ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • პაციენტსა და ოჯახის წევრებს თუ აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები;
  • ოჯახში თუ იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.).

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ.: ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავადებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები), ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

ჯანმოს რეკომენდაციით, როცა ასეთი პაციენტი რჩება ოჯახის სხვა წევრებისგან განცალკევებულ ოთახში, ოთახი უნდა ნიავდებოდეს ძალიან კარგად. ასევე თუ ეს შესაძლებელია, ვირუსზე საეჭვო დიაგნოზის ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტმა უნდა ისარგებლოს ცალკე ტუალეტითა და აბაზანით.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯანმოს გაიდლაინიდან:

  • პაციენტის გადაადგილება უნდა იყოს შეზღუდული მაქსიმალურად. ხოლო მასთან საზიარო სივრცე, როგორიცაა სააბაზანო, კარგად ნიავდებოდეს (სასურველია იყოს ღია ფანჯარა);
  • პაციენტს სახლში უნდა ეხმარებოდეს რაც შეიძლება ცოტა მზრუნველი პირი;
  •  ოჯახის წევრები უნდა რჩებოდნენ იზოლირებულად ოთახებში ან იცავდნენ სულ ცოტა ერთმეტრიან დისტანციას;
  •  ოჯახის სხვა წევრმა/წევრებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან ხელის ჰიგიენა;
  •  ხელის გასამშრალებლად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები;
  • პაციენტმა უნდა ატაროს პირბადე ყოველთვის, როცა შესაძლებელია;
  • პაციენტს უნდა ჰქონდეს ცალკე ჭურჭელი და თეთრეული;
  • ყოველდღიურად უნდა იწმინდებოდეს სადეზინფექციო საშუალებებით ზედაპირები პაციენტის ოთახში, რასთანაც შესაძლოა შეხება ჰქონდა;
  • მინიმუმ ერთხელ გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს სააბაზანოში/ტუალეტში არსებული ზედაპირები;
  • პაციენტის ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს საპნითა და წყლით ან სარეცხ მანქანაში 60–90 °C გრადუსზე;
  • პაციენტის თეთრეული და სხვა სარეცხი მოათავსეთ ცალკე ჩანთაში. არ შეანჯღრიოთ ის და მოერიდეთ მათ პირდაპირ შეხებას კანთან და ტანსაცმელთან.

რას ნიშნავს COVID-19-ის მსუბუქი მიმდინარეობა?

მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). დაავადების დამძიმება აღინიშნება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ფორმის მქონე პაციენტთა 10-15%-ში, ხოლო მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15-20%-ში ადგილი აქვს ძალიან მძიმე (კრიტიკული) ფორმის განვითარებას.

სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზე იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება (37,8) და საშუალოდ გამოხატული სისუსტე, ყელის ტკივილი, ხველა. მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი გამოჯანმრთელდება.

მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებსა და ახალშობილებში, შესაძლოა, განვითარდეს ატიპური სიმპტომები, მაგალითად: ღებინება და დიარეა, ან შესაძლოა აღენიშნებოდეთ მხოლოდ უგუნებობა და სუნთქვის გაძნელება.

„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე

„საზოგადოების თვალი აღარ არის სასამართლო პროცესზე. საზოგადოება პროცესს, მართალია, მდუმარედ ესწრება, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მართლმსაჯულების ობიექტურობის ხარისხზე,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის უკვე იყო ერთ-ერთი  სასამართლო ონლაინპროცესის მონაწილე. 24 მარტიდან სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც დისტანციური წესით იმართება.

ზოგიერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დისტანციური პროცესი მოსწონს. მთავარი არგუმენტი, რასაც ადვოკატები ასახელებენ, დროის და რესურსის დაზოგვაა. ზოგიერთი კი, პრობლემების შესახებ გვიყვება.

„იზოგება დრო და რესურსი. მაგალითად, ხელვაჩაურის სასამართლოში მისასვლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. პროცესზე ჩაგვერთო პატიმარიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ჩამოყვანაც არ გახდა საჭირო, არ ყოფილა არანაირი ხარვეზი,“ – ამბობს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი, მამუკა ზოიძე. ის ერთ-ერთი ადვოკატია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ დისტნაციურ რეჟიმში გარკვეული სასამართლო პროცესები პანდემიის დასრულების შემდეგაც უნდა გაიმართოს.

„მაგალითად, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ან წინასასამართლო სხდომები. არსებითი განხილვის დროს იქნება პრობლემა ონლაინპროცესები, როცა მოწმეები უნდა დავკითხოთ და შესაძლოა, კონკრეტულ მონაკვეთში შუამდგომლობის დასმა კითხვის აცილებაზე ვერ მოასწრო ან ასე შემდეგ,“ – მიიჩნევს მამუკა ზოიძე.

ერთ-ერთი ონლაინ სასამართლო პროცესი, რომელშიც ადვოკატი მამუკა ზოიძე მონაწილეობს. ფოტოზე ასევე ჩანს მოსამართლე დავით მამისეიშვილი და პროკურორი თორნიკე გოგეშვილი

„არც ერთი პროცესი არ უნდა გაიმართოს ონლაინრეჟიმში. ეს არის საშიში ტენდენცია, რასაც ადვოკატები ახლა სოციალურ ქსელში წერენ და შესაძლოა, ეს მოწონება გამოიყენონ. ჩვენ მივიღებთ დახურულ სასამართლო პროცესებს,“ – ფიქრობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ონლაინ სასამართლო პროცესის მონაწილე ისიც იყო და ხარვეზი არ დაუფიქსირებია, თუმცა ეს ადვოკატი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მონაწილეობა სასამართლო პროცესზე გადამწყვეტია.

„ონლაინპროცესი ფუფუნებაა მოსამართლისთვის და პროკურორისთვის. მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“, ანუ პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილე არ იყო, უნდა დარწმუნდეს მოსამართლის სამართლიან გადაწყვეტილებაში და თუ პროცესს ასეთი პირი არ ესწრებოდა, ვინ დაიჯერებს ამას? მერე მე უნდა მოვყვე, რა იყო პრობლემა და შესაძლოა თქვან, რომ აი, ადვოკატი ტყუის, ან სხდომის ოქმებით უნდა ვირბინოთ…

ჩემი აზრით, ოინლაინრეჟიმში შესაძლოა დარჩეს სამოქალაქო საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე ამის გაკეთება დაუშვებელია,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატები საუბრობენ ხარვეზებზეც. მაგალითად, ლელა ბჟალავა გვიყვება, რომ დღეს, 3 აპრილს, სურდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეში მიეღო მონაწილეობა დისტანციურად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. საუბარია პროცესზე, რომელიც სასამართლო დარბაზში გაიმართა.

„ვერ დავუკავშირდი ვერც კანცელარიას, ვერც მოსამართლის თანაშემწეს. როცა დავუკავშირდი, პროცესი უკვე დაწყებული იყო… ადვოკატის გარეშე შეუფარდეს პირს ჯარიმა. ის გუშინ ღამით დააკავეს, კბილი სტკიოდა და გამაყუჩებლის საყიდლად მიდიოდა აფთიაქში. პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს ადმინისტრაციული წესით,“ – ამბობს ლელა ბჟალავა.

ადმინისტრაციულ პროცესებზე არ არის სავალდებულო ადვოკატის მონაწილეობა, თუმცა პირს, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან, აქვს უფლება, მოითხოვოს ადვოკატი.

„ამ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი ადვოკატის ორდერი ან მინდობილობა. შესაბამისად, თანაშემწე ვერ აცნობებდა მას ამ პროცესის შესახებ. არც სამართლდამრღვევს უთქვამს, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, შესაძლებელი იყო, გამოცხადებულიყო შესვენება… ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ლელა ბჟალავა დაუკავშირდა კანცელარიის თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, ვინ იყო მორიგე მოსამართლე. მოსამართლის თანაშემწისთვის კი, ადვოკატს არ დაურეკავს,“ – ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე.

„მე, მაგალითად, არც ერთი პროცესი არ მქონია ონლაინრეჟიმში, ყველა გადამიდეს. მხოლოდ პრივილეგირებულ ადვოკატებს უნიშნავენ პროცესებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი აზრით, პანდემიის პირობებში, როცა სასამართლო პროცესები ფაქტობრივად საზოგადოებისთვის დაიხურა, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია:

„პროკურატურის დაქვემდებარებულ უწყებად იქცა სასამართლო. ეს არ ეხება ყველა მოსამართლეს, მაგრამ ძირითადად ასეა. თუკი პროკურორს არ სურს კონკრეტული საქმის განხილვა, არ განიხილება. მე 30 მარტს მქონდა ჩანიშნული სხდომა, რომელიც ონლაინრეჟიმში უნდა გამართულიყო, ბრალდებულიც მზად იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხდომაზე ჩართვისთვის, მაგრამ მოულოდნელად მითხრეს, რომ სხდომა პირველ მაისამდე გადაიდო. არავის აუხსნია, რატომ გადაიდო სხდომა,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა, მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, იგი ბათუმში 27 იანვარს შემოსულა.

„ის აღიარებს ამას, ბიზნესმენია და თურქეთში ფულს სძალავდნენ, მაფიას ემალებოდა… მამამისიც აქეთაა და ელოდება შვილის გათავისუფლებას. ეს ბრალდებული მზადაა 20 ათასი ლარი გადაიხადოს  და შედგეს საპროცესო შეთანხმება. რეალურად, მსგავს სიტუაციებში ძირითადად 5 ათასი ლარით აჯარიმებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკურატურას ამ საქმის დასრულება არ სურს… ასეთ შემთხვევებში ბრალდებულს უჩნდება განცდა, რომ კონკრეტული ადვოკატია პრობლემა,“- ამბობს დავით ჯაფარიძე.

საქმეებისთვის პრიორიტეტების მინიჭებით ხსნის ამ კონკრეტული საქმის გადადებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე. ის განმარტავს, რომ ონლაინრეჟიმში მუშაობის დროს გარკვეული დრო სჭირდება სხდომის მომზადებას და მხარეების ჩართვის ტექნიკურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სხდომები იმ რაოდენობით ვეღარ იმართება, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობამდე ხდებოდა. სასამართლოს მენეჯერის თქმით, უპირატესობა იმ საქმეებს ენიჭება, რომლებიც საპატიმროა და კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადა ან კანონით გათვალისწინებული სხვა ლიმიტი იწურება.

ექიმი ღმერთის ფუნქციით ღარიბი უბნის ჰოსპიტლიდან – BBC

როცა ნიუ იორკში, ჰოსპიტალ Elmhurst-ში განგაშის ზარი ირთვება, ეს ნიშნავს, რომ გული უჩერდება რომელიმე პაციენტს და მის გადასარჩენად ექიმთა სპეციალურ ჯგუფს უხმობენ.

ჩვეულებრივ ეს ხმა შეიძლება კვირაში ერთხელ ჩაირთოს. თუმცა პირველ აპრილს, 12- საათიანი მორიგეობის განმავლობაში განგაშის ზარი 10-ჯერ გაისმა. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის თქმით, ვერც ერთი პაციენტი ვერ გადარჩა.

„სულაც არ ფიქრობდა ღმერთის როლის თამაშზე ეს ახალგაზრდა ექიმი კარიერის ამ ეტაპზე“ – წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორი, ჯონ სოპელი წერილში ექიმზე, რომელიც ნიუ იორკის ღარიბი უბნის ჰოსპიტალ Elmhurst-ში მუშაობს.

„ეს ექიმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მუშაობს და არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომელიც მას იმ მტანჯველი სცენებისთვის მოამზადებდა, რასაც ყოველდღე უყურებს ეპიდაფეთქების ცენტრში,“ – წერს სტატიის ავტორი.

282- საწოლიან ჰოსპიტალში ახლა 500-ზე მეტი პაციენტია. ახლა აქ მხოლოდ მათ ეთმობათ საწოლი, ვისაც სუნთქვის უკმარისობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე შიშობდნენ, რომ ნიუ იორკის ამ ღარიბ უბანში ბევრი ინფიცირებული იქნებოდა. ასეც მოხდა. პაციენტების ნახევარს არ აქვს საბუთები, ვერ საუბრობენ ინგლისურად, ისინი ძირითადად რესტორნის მომსახურე პერსონალი და სასტუმროების დამლაგებლები არიან. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და მოწოდებებიც სოციალური დისტანცირების შესახებ მათი ყურადღების მიღმა დარჩა.

ახალგაზრდა ექიმი ამბობს, რომ სტრესი დიდია. თითქმის ყველას სჭირდება სასუნთქი აპარატი და ფილტვის ვენტილატორი, რაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს განყოფილება უკვე სავსეა.

„პაციენტებს სჭირდებათ წამლები სისხლის წნევის დასარეგულირებლად, როგორც წესი, ამ პროცესს აკონტროლებენ სპეციალისტი-ექთნები. მაგრამ ახლა ამის კეთება უწევთ ადამიანებს, ვინც ეს საქმე არ იციან. როგორ შევძლებ ვიყო მშვიდად, როცა ვიცი, რომ არიან პაციენტები, რომლებიც ვერ იღებენ მათთვის გადაუდებელ დახმარებას,“ – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ამ ჰოსპიტალში Covid 19-ით გარდაიცვალნენ არამხოლოდ ხანდაზმულები, არამედ არიან 30-დან 40 წლამდე გარდაცვლილებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები. ჰყავდათ ასევე 90 წლის პაციენტი, კაცი, რომელიც სახლში წაიქცა და ფეხის მოტეხილობით მოიყვანა სასწრაფომ. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა უსიმპტომო.

Elmhurst-ის ჰოსპიტალში ფილტვის ვენტილატორების რაოდენობა გააორმაგეს, თუმცა ყველა აპარატი დაკავებულია და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში პიკის დადგომამდე წინ კიდევ მთელი კვირაა, საჭიროა მეტი ვენტილატორი. ყველა პაციენტი, ვისაც ფილტვის ვენტილატორი სჭირდება, მას ვერ იღებს.

„დაინფიცირების არ მეშინია. არაფერი დამემართება. ახალგაზრდა ვარ და არაფერი მჭირს. გასულ კვირას ყელი მტკიოდა და შესაძლოა მართლაც ვირუსი გადავიტანე. ასაკოვანი ექიმები, რომლებსაც სხვა დაავადებების ისტორიებიც აქვთ, გაცილებით დიდ საფრთხეში არიან,“ – ამბობს ახალგაზრდა ექიმი, რომლის კლინიკაშიც მისი 12 კოლეგა დაინფიცირდა.

ის ჰყვება, რომ ჰოსპიტალში ექიმები მთელი მორიგეობის განმავლობაში ატარებენ სრულ ეკიპირებას. ყველა პაციენტი, ვისაც ისინი მკურნალობენ, ვირუსითაა ინფიცირებული. დღის ბოლოს სპეცსამოსს იხდიან და წვავენ.

„ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაა. ყველაზე ძალიან ვენტილატორების განაწილებისას ვნერვიულობ. კი, ადამიანები კვდებიან და ჩვენ შეჩვეულები ვართ სიკვდილს. არც გადაცვლილთა რაოდენობას ეხება ამჯერად საქმე.

პრობლემა არის ის, რომ იძულებულები ვართ ხანდახან დავნებდეთ აზრს, რომ პაციენტებმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიეს, პაციენტებმა, რომლებსაც სხვა დროს დანებების საშუალებას არ მივცემდით. ერთი კაცი მოხუცთა თავშესაფრიდან მოიყვანეს. ის უკვე ქრონიკულად დამოკიდებული იყო ვენტილაციის აპარატზე. დიდხანს ვერ იცოცხლებდა. პაციენტს ვერა, მხოლოდ ვენტილატორს ვხედავდი. როცა ის შემოიყვანეს, ისე გვჭირდებოდა ამ დროს ჰოსპიტლის სხვა პაციენტებისთვის სასწრაფოდ ვენტილატორი, ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ის, რომ მომეხსნა და ვინმე სხვისთვის წამეღო,“ – ამბობს ექიმი.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 245 ათასს გადასცდა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის პიკი აშშ-ში ჯერ არ დამდგარა.

____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE

თუ საგანგებო მდგომარეობის დროს პირადობას ვადა გაუვიდა ან დაკარგეთ – იუსტიციის სახლის პასუხი

რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, დაკარგეთ, ან, მაგალითად, შეკვეთილი გქონდათ, მაგრამ აღება ვეღარ მოასწარით იუსტიციის სახლების დაკეტვამდე?

„ბათუმელებს“ ამ პრობლემით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დაუკავშირდა. მან პირადობის მოწმობა დაკარგა და ახლის აღებას ვეღარ ახერხებს. იუსტიციის სახლები ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, პირადობის მოწმობა კი, შესაძლოა, დღისითაც მოგთხოვოთ პოლიციელმა, როცა ქუჩაში გახვალთ.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე პირადობის მოწმობის ან პასპორტების დამზადება არ ხდება. ცხელ ხაზზე ვერ გვიპასუხეს, რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუკი მას პირადობის მოწმობა იმის გამო არ აქვს, რომ იუსტიციის სახლი ამ მიმართულებით არ მუშაობს. აქვე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ სახელმწიფო სერვისის სააგენტოს პრესცენტრთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა აქ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

„თუ მოქალაქემ პირადობის მოწმობა დაკარგა, ამის შესახებ მან აუცილებლად უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც დაიწყება გამოძიება. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დაკარგული პირადობის გამოყენება არ მოხდეს. გამოძიების დაწყების შემდეგ მოქალაქეს შეუძლია აიღოს ცნობა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მან პირადობა დაკარგა და მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, მას ვეღარ დააჯარიმებენ,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე,

რაც შეეხება პირადობის მოწმობის ვადის გასვლას – საია-ს იურისტი ამბობს, რომ ვადაგასული პირადობით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. შესაბამისად, პოლიცია ვერ დააჯარიმებს მოქალაქეს, რომლის პირადობის მოწმობასაც საგანგებო პირობების დროს გაუვიდა ვადა და მოქალაქე ახალი პირადობის მოწმობის აღებას ობიექტურად ვერ შეძლებდა.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინტერნეტგვერდის მიხედვით, ახალი პასპორტის დამზადება დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათთვის პასპორტს ორ დღეში დაამზადებენ. ახალი პასპორტის ღირებულება 205 ლარია. ახალ პასპორტს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გადამზიდავი კომპანიის საშუალებით მიიღებს.

პოლიციამ 189 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმეს; 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე; გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

____________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა.

გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული.

ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის – გიორგი მიქაუტაძის საქმის განმხილველი მოსამართლეა. ამ საქმის განხილვის შემდეგ დააწინაურეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და თავშესაფარს ითხოვენ – ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

ფინკა ბანკი – არსებულ გამოწვევებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები სჭირდება  

ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს შესთავაზა, რომელთა შემოსავლებსა და საქმიანობაზეც ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა. ამის შესახებ ბანკმა განცხადება 19 მარტს გააკეთა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფინკა ბანკი მომხმარებლებს  შეღავათებს მსგავს სიტუაციებში ყოველთვის სთავაზობს. კორონავირუსის გავრცელებამდეც იყო შემთხვევები, როდესაც მსესხებელს ექმნებოდა გადახდისუნარიანობის პრობლემა და ბანკი მას შესაბამის გამოსავალს ინდივიდუალურად სთავაზობდა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სესხის გადავადება ხშირად აღიქმება, როგორც გადავადების პერიოდში პროცენტის დარიცხვის შეჩერება, სესხის „პატიება“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გადავადების შედეგად ბანკებს მნიშვნელოვნად უმცირდებათ ფულადი სახსრების შემოდინება, მაგრამ, მეორეს მხრივ, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ მცირდება საოპერაციო ხარჯები. როგორც მსესხებლებს აქვთ ბანკების წინაშე ვალდებულებები, ასევე ბანკებსაც გააჩნიათ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები თანამშრომლების, დეპოზიტარების, აქციონერების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და მათდამი ფინანსური ვალდებულებების შესრულება გრძელდება. ბევრი გარემოებაა, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს, რათა კრიზისით გამოწვეული ზარალი ნაკლებ მტკივნეული იყოს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მთელი სექტორისათვის.

ფინკა ბანკმა მომხმარებლებს, რომელთა საქმიანობაც შექმნილმა სიტუაციამ დააზარალა, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. რატომ 3 თვე და არა მეტით, ან ნაკლები პერიოდით გადავადება? ფინკა ბანკში ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს-თუ ამისი ობიექტური გარემოება და საჭიროებაა, სესხებს ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ნაკლები ან მეტი დროითაც გადავავადებთ.  ბანკის მიდგომა ერთია – დღეს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები, რაც ერთი შეხედვით შეიძლება არ იყოს პოპულარული, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ფინანსურ კეთილდღეობასა და მთლიანად სექტორის სტაბილურად განვითარებაზე.

19 მარტიდან 25 მარტამდე 9000-მდე განაცხადი მივიღეთ. თითოეული განაცხადი ძალიან მოკლე დროში ინდივიდუალურად განვიხილეთ, რაც საკმაოდ დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული. დაწყებულია მომხმარებლებისათვის პასუხის გაცნობა, რაც ასევე არ არის მარტივი, ვინაიდან მომხმარებელი  ყოველთვის სასურველ პასუხს ვერ მიიღებს – ისევ და ისევ განვმარტავთ, რომ ბანკი მაქსიმალურად ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის რეალურ გავლენას მომხმარებელთა გადახდისუნარიანობაზე და თითოეული მომხმარებლის სესხზე ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის მაღალ დონეზე შესრულებისა და დაზოგვის კულტურის ამაღლებაზე გაწეული მთელი რიგი აქტივობების შედეგია ის, რომ დღეს ფინკა ბანკის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კვლავ გადახდისუნარიანია (დიდ ნაწილს შერეული შემოსავლები აქვს, აქვთ დანაზოგიც).

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფინკა ბანკი ყველა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთა მხარდაჭერა, მეწარმეთა ბიზნესების მდგრადობა და ბანკის გამართული მუშაობა. დღეს მიღებულ სწორ გადაწყვეტილებებზე და მათ ეფექტურად აღსრულებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გადავლახავთ არსებულ კრიზისს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკა გამოვიყენოთ.

კორონავირუსი აქვს ხანდაზმულს, რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც სახლიდან არ გადიოდა.

„ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე, დღეს, 3 აპრილს.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების ინტენსიური კვლევა:

„ესენია, ეგრეთ წოდებული ბანკის საცავის კლასტერების გაგრძელება, კონტაქტების მოძიების შედეგად დადგენილი კიდევ ერთი შემთხვევა ასევე დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია მთელ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები:

„ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს,“ – ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძე, ასევე, აცხადებს, რომ 37 გრადუსი არ არის ტემპერატურა, რის გამოც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. მისი თქმით, 112-ს ექიმთან კონსულტაციის მიზნით იმ პირებმა უნდა მიმართონ, რომელთა ტემპერატურა 37,5 ან მეტია:

„არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37,5 და მეტი არის, როდესაც კონსულტაცია უნდა მიიღოს ადამიანმა. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს საეჭვო შემთხვევა,“ – ამბობს პაატა იმნაძე.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/440250/

დაესწრებიან თუ არა სააღდგომო წირვას რიჟვაძე და გაბაიძე

„აპირებთ თუ არა სააღგომო ლიტურგიაზე დასწრებას?” – ჰკითხა დღეს „ბათუმელებმა“ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს.

„ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები, სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, წელს ჩვენ ვერ მოვახერხებთ წასვლას,“ – თქვა კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ.

„მეც ასევე,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

დღეს, 3 აპრილს, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონულ ოფისში ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, აჭარის მთავრობა და უმაღლესი  საბჭო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში.

21 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საგანგებო  მდგომარეობაა გამოცხადებული. 30 მარტს წესები გამკაცრდა და კარანტინი გამოცხადდა. ასევე 31 მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტის საათი.

ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში.

„აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან ერთი მესამედი ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში.

პანდემიას  როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში, ახლავს ბევრი პრობლემა, ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სოლიდარობა და ამ ნაწილში, დარწმუნებული ვარ, არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე მოხდება ჩართვა ამ პროგრამაში, ვინაიდან, ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს ერთიან ძალისხმევას,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

ინიციატივას აჭარაში უერთდება არა მარტო აღმასრულებელი გუნდი, არამედ აჭარის უმაღლესი საბჭოც.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, ამის შესახებ გუშინ, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას COVID19-ის მართვისთვის ამზადებენ

საქართველოს მთავრობის 2 აპრილის განკარგულებით აჭარის მთავრობას და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს მიეცათ უფლება, გამარტივებული წესით განახორციელონ სხვადასხვა შესყიდვა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის სამედიცინო ინვენტარის შეძენა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვება covid-19-ის მართვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით, მათ შორის სამედიცინო აპარატურითაც – სასუნთქი აპარატები და სხვა. 

„საავადმყოფოს აღჭურვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს და დასრულდება უახლოეს პერიოდში,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მიღება-ჩაბარებაც. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს, შემდეგ კი გადაწყდება, თუ ვის გადაეცემა საავადმყოფო მართვაში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ დაახლოებით 2 თვის წინ ახალი ა[ა]იპ-ი, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ დააფუძნა, რომელშიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა, ეს ამ ეტაპზე არ მოხდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით აჭარის სამთავრობო უწყებებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის შესყიდვების უფლება მიეცათ:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (სამინისტროები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, აჭარის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ა.შ.), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს  სხვადასხვა საქონლის ან/და მომსახურების, მათ შორის: შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის სურსათის შეძენასთან, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან,  კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, სხვა  სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეების  სპეციალური ჩარტერული რეისით ტრასპორტირებასთან, ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვასთან, სამედიცინო პირადი დაცვის საშუალებების შეძენასთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვა.“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

ამ თემაზე:

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

 

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დროისათვის  უკვე მზადაა და სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული სპეციალური აპლიკაციები  ბიზნესისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არიან დროებით შეზღუდულ რეჟიმში ან გაჩერებული. მინისტრის განმარტებით, ეს ეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე საშენი მასალების ინდუსტრიას და სხვა ბიზნესებს, რომელთა საქმიანობის სფერო ჯერჯერობით არ არის იმ ჩამონათვალში, რომელთაც მთავრობამ მუშაობის გაგრძელების უფლება მისცა.

„ეს მარტივი ფორმებია, სადაც  იქნება ასახული კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები,“ – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, კომპანიების კონტროლის მიზნით შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები:

„ეს იმისთვის გაკეთდა, რომ  რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ ბევრი ბიზნესი ერთდროულად, როგორც კი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ კონკრეტულ ბიზნესში დაცულია  მარტივი პირობები, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კომპანიის მონაცემებს სპეციალურ შტაბს წარვუდგენთ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას“.

მინისტრის თქმით, გადამოწმების პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება: „თუმცა ეს დრო ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში, ეს არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რასაც ბიზნესები გაიღებენ იმისთვის, რომ თვითონ და მათი თანამშრომლები დარჩნენ უსაფრთხოდ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების წესების დაცვის სავარაუდო მოთხოვნაზე მომავალში, რომელიც, მისი აზრით, გლობალურად გაჩნდება ეკონომიკის მიმართულებებში. თურნავა ამბობს, რომ ყველაზე მეტად კონკურენტული უსაფრთხო ბიზნესი იქნება. მან მოუწოდა ბიზნესმენებს, დახვდნენ ამ პროცესს მომზადებული.

ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სამი სხვადასხვა აპლიკაციაა განთავსებული: სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელი კომპანიებისთვის, სამშენებლო კომპანიებისა და მეწარმე სუბიექტებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების ნებართვის მოსაპოვებლად კომპანიებმა, რომლებსაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეზღუდული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან –  www.economy.ge  უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – construction@moesd.gov.ge.

კომპანიებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე – build@tbilisi.gov.ge.

სარეგისტრაციო ფორმაში მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების ან სუბიექტის შესახებ, სადაც სჭირდებათ სამუშაოების გაგრძელება. ამ კომპანიებმა  უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წესების შესრულება-დაცვაზე.

ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან დაკავშირებით.

წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე გაღარიბდა – ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე უკიდურესად გაღარიბდა“ – განცხადებას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი აქვეყნებს.

ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, ამჟამად აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით:

„დაინტერესებული აუდიტორიისთვის შესაბამისი მოცულობით არ არის წარმოდგენილი არსებული ვითარების სოციალურ-ანალიტიკური პერსპექტივები, ხოლო საეთერო ბადეში არ აისახება მოქალაქეთა წინაშე წარმოქმნილი როგორც ყოველდღიური, ისე – სამომავლო პრობლემები სიღარიბის, უთანასწორობისა და დასაქმების კუთხით; ასევე, არ ჩანან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ან ჯგუფები, რომლებსაც დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უმძიმთ კრიზის გადატანა.

ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ – დაარწმუნოს საწინააღმდეგოში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ალტერნატიული პროფკავშირი, რომელშიც მაუწყებლის 90-მდე თანამშრომელია გაერთიანებული, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს მიმართავს საეთერო ბადეში მოდიფიცირებული ფორმატით აღადგინონ  ის შეჩერებული გადაცემები, რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს და მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე].

„ამ ეტაპისთვის, მაუწყებლის ჟურნალისტების დიდ ნაწილს, მკაცრად აქვს შეზღუდული მაუწყებლის რესურსებთან [შენობა, ტექნიკური ბაზა და სხვა] წვდომა და შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას. ისე, როგორც არასდროს – საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ – მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ – მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე, რადიკალურად შეიცვალა 23 მარტიდან და გადაცემათა უმრავლესობა შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით.

„ამგვარი ქცევის ოფიციალურ მოტივად კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად – დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დასახელდა.  მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაცნობიერებდით არსებული ვითარების სერიოზულობას, იმთავითვე გამოითქვა მზაობა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს [თუ ყველას არა] ხელეწიფებოდა ფორმატის მოდიფიცირება და მაყურებლისთვის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილებით შემოქმედებით გადაცემებს შორის #ჰეშთეგი გამოირჩეოდა. ჰეშთეგის გუნდის სახელით შესაბამისი განცხადება/მიმართვა 23 მარტსვე გავრცელდა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზადყოფნა სახეცვლილი ფორმით ეთერში დარჩენის თაობაზე. სამწუხაროდ, მოსალოდნელი შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა,“ –  აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი ხაზს უსვამს იმ მოვლენებს, რაც წინ უძღოდა გადაცემების შეჩერებას.

„2 მარტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი – ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

გაფიცვის უფლება 23 მარტს წარმოიშვა [ზუსტად ამ დღიდან გააჩერეს გადაცემათა სრული უმეტესობა], თუმცა, მანამ, ქვეყანაში არსებული კრიზის ფონზე დასაქმებულებმა თავადვე თქვეს [დროებითი] უარი ამ უფლების გამოყენებაზე და დაელოდნენ მედიაციის პროცესს. მედიაციის პროცესი, თავის მხრივ, ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ, რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა.

მიგვაჩნია, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას. კერძოდ: დირექტორს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩაბარდა და მას საკმაო დრო ჰქონდა მის გასაცნობად, თუმცა, მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მედიაციაზე უარის თქმა [და დოკუმენტის არარელევანტურად ცნობა], როდესაც ეთერიდან გადაცემების მოხსნის თარიღი მოახლოვდა და შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ დასაქმებულებს აღარ ექნებოდათ ხელთ გაფიცვის მთავარი ბერკეტი – სატელევიზიო ეთერი [ამ ეტაპისთვის, გაცხადებული იყო, რომ დასაქმებულები არ გაიფიცებოდნენ, მაგრამ დირექტორი გაფიცვის თეორიულ შესაძლებლობასაც კი, დაუპირისპირდა მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად]. მედიაციაზე უარის თქმა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ დირექტორი არ ცნობს ადეკვატურად დასაქმებულთა საჭიროებებს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაუწყებლის თანამშრომლების სათქმელი და ის ბოროტად იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას/არსებულ ვითარებას ალტერნატიული პროფესიული კავშირის წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ დაემშვიდობა თურქეთი კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს

თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი თურქი ექიმი ჯემილ ტაშიოღლუ. ის პირველია თურქეთში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა.  ექიმი სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკაში 16 მარტს მოათავსეს. ჯემილ ტაშიოღლუ წლების მანძილზე სწორედ ამ კლინიკაში მუშაობდა და ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მიიჩნეოდა.  მას  კორონავირუსი 17 მარტს დაუდასტურდა.

ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველ აპრილს მისმა შვილმა ტვიტერზე დაწერა. 2 აპრილს სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ სამედიცინო პერსონალი შეიკრიბა. ექიმებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი პროფესორის ხსოვნას.

სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის , ჯემილ ტაშიოღლუს ხსოვნას. 
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA
სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის, ჯემილ ტაშიოღლუ ხსოვნას. 
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA
სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის ხსოვნას
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 79-ით გაიზარდა. 3 აპრილის მონაცემებით, თურქეთში სულ 356 ადამიანია COVID-19-ით გარდაცვლილი. იზრდება ინფიცირებულების რაოდენობაც – ქვეყანაში ერთ დღეში 2 456 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში 18 757-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 415 პაციენტი. ამ მონაცემებით თურქეთი იმ ქვეყნების ათეულში შედის, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

თურქეთის ავიახაზებმა 1-ელ მაისამდე მთლიანად შეაჩერა ყველა საერთაშორისო ფრენა. რაც შეეხება შიდა ფრენებს, მხოლოდ 12 დიდ ქალაქშია ნებადართული.

ქვეყანაში გადაიდო ყველა დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება,  მათ შორის, ანკარის 31-ე კინოფესტივალი, რომელიც 4-14 ივნისს უნდა გამართულიყო. 27 მარტის შემდეგ დახურულია სკოლები და გადადებულია ყველა სპორტული ღონისძიება.

________________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

მაისის თვეში შევძლებთ შეფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური – ცქიტიშვილი

„ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, აპრილის თვეში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო მარტის თვის ხელფასი. შესაბამისად, მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა დაკარგა სამსახური აპრილში,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს, ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

კითხვაზე, როგორ აპირებს სახელმწიფო გაიგოს, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და რა ფორმით დაეხმარება მათ, მაია ცქიტიშვილი პასუხობს:

„შემოსავლების სამსახურში აღირიცხება საშემოსავლო გადასახადი, ასეთი სახის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ხელფასი. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სამუშაო დაკარგა და შემდგომში შევძლებთ შევაფასოთ, თუ რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება.

ამიტომ, დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ  სად და ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პირებმა, ჯერ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება,“ – ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ შეძლებს სახელმწიფო განსაზღვროს, რა ფინანსური რესურსი უნდა გამოყოს და თითოეული ადამიანისთვის რა სახის კომპენსაცია გაითვალისწინოს.

ბათუმში ერთი თვით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება სამ ადგილას

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზე:

  • რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი
  • აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი
  • აეროპორტის გზატკეცილი – აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე

მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.

„მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ – სამი კონკურსი სპორტის თემაზე

სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რამდენიმე კონკურსს აცხადებს.

პირველი კონკურსის სახელწოდებაა – „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი და ატვირთონ საკუთარ Facebook, Instagram ან Twitter-ის გვერდზე, მონიშნონ „საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის / SportForAll“ და დაწერონ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:

#სპორტისდღე2020

#PeaceAndSport

#დარჩისახლში

კონკურსის აუცილებელი პირობაა  2 ადამიანის გამოწვევა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 3-დან 10 აპრილის ჩათვლით.

დასაწყისში სამინისტრო გამოავლენს 10 ყველაზე შემოქმედებით და საინტერესო ვიდეოს, რომელთა ავტორებიც სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. „შემდეგ ეტაპზე ამ ათი ვიდეოდან გამარჯვებულს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, სამახსოვრო საჩუქრებით და სპორტსმენების ავტოგრაფებით,“ – აცხადებს სამინისტრო.

ამ დღის ფარგლებში სამინისტრო მეორე, – ნახატების კონკურსსაც აცხადებს, ოღონდ სკოლის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე  sportdep@mes.gov.ge უნდა გააგზავნონ ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:

  • გენდერული თანასწორობა და სპორტი
  • მშვიდობა და სპორტი

ნამუშევრები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქის გვერდზე. გამარჯვებულებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში (I-IV კლასები, V-IX კლასები, X-XII კლასები) სამინისტრო გამოავლენს. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით.

დამატებით ნომინაციაში – „სპორტსმენის რჩეული ნახატი“, საუკეთესო ნახატის ავტორს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენი და გადასცემს სიმბოლურ საჩუქარს.

და კიდევ ერთი, ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (V-XII კლასები):

სკოლის მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე  sportdep@mes.gov.ge უნდა გააგზავნონ ესე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:

  • „გენდერული თანასწორობა და სპორტი“
  • „მშვიდობა და სპორტი“

ესე არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX კლასები, X-XII კლასები) გამოვლინდებიან და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

6 აპრილი მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები  ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს.  წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით იწვიმებს.

მაღალ მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12-17 გრადუსი
  • ღამით:5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 5 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათს, 6 აპრილს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

როგორ უნდა მოიქცე, თუ COVID-19-ის სიმპტომები გაქვს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოში 24 ონლაინკლინიკა იქნება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებული მომსახურების მიღებას შეძლებენ. კლინიკები პირველადი ჯანდაცვის ბაზაზე გაიმართა. 24 კლინიკიდან 15 თბილისში იქნება, დანარჩენი კი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში ორ-ორი ონლაინკლინიკაა გახსნილი.

„ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. ონლაინკლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ.

როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო მიმართავს 112-ს, ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალაქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია,  რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, ის, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პროცესში,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, მსგავსი მოდელი მესამე წელია წარმატებით მუშაობს გრიპის ეპიდემიის შემთხვევების დროს.

„მოდელი არის კარგი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და არააუცილებელი მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, ასევე, დავიცვათ პირველადი ჯანდაცვის ქსელი ზედმეტი  და არააუცილებელი კონტაქტისგან პაციენტებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფექციის მატარებლები.

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავგეგმოთ  გონივრულად, მომზადებულად და ინფექციის კონტროლის წესების ზუსტად დაცვით ბინაზე ვიზიტი ან ვუზრუნველყოთ  პაციენტის გადამისამართება უკვე შესაფერის კოვიდ  კლინიკაში, სადაც სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ მივიღოთ მხოლოდ ცხელებიანი პაციენტი, მივიღოთ მხოლოდ კოვიდდადასტურებული შემთხვევები და მათ ჩაუტარდეთ შესაფერისი მკურნალობა,“ – თქვა თამარ გაბუნიამ პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

ე.წ.  ცხელების კლინიკებზე საუბრისას  მინისტრის  მოადგილემ განმარტა, რომ  ცხელების კლინიკების იდეა ემყარება მოსაზრებას – ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის  უსაფრთხოდ მისაღებად.

„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ პაციენტების ნაკადი იმართოს და გადამისამართდეს ე.წ. კოვიდ კლინიკებში, მაინც შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სიცხიანმა პაციენტმა, განსაკუთრებით რაიონულ დონეზე, სადაც უბრალოდ სხვა სამედიცინო მიმწოდებელი არ არის, მიმართოს კლინიკას, კლინიკა უნდა იყოს მომზადებული.

სავალდებულო მოთხოვნაა ყველა კლინიკისთვის, რომ ჰქონდეს სულ მცირე ერთი  გამოყოფილი ოთახი იმისთვის, რომ მან ინფექციის წესების კონტროლის დაცვით, იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცხელებასთან, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს COVID-19-ს. ასეთ დროს მთავარი აქცენტი იქნება სწრაფ დიაგნოსტიკაზე, კლინიკები იქნებიან აღჭურვილი დიაგნოსტირების შესაძლებლობებით.

სწორედ ამ კლინიკებიდან დაიწყება პირველ  რიგში იმ პერსონალის ტრენინგი, ვინც უნდა აიღოს ნაცხი და ადგილზე შეძლოს  სწრაფი ტესტის  გამოყენებით ტესტირება. თუ არ დადასტურდა COVID-19, პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ზოგადი პროფილის ჰოსპიტალში, დარჩება ადგილზე ან გადავა ბინაზე. თუ დადასტურდა, ამ შემთხვევაში ის წამოვა დიდ ქალაქებში, მომზადებულ  კლინიკებში, რომლებიც დღეს უკვე წარმატებით ართმევენ თავს კოვიდის შემთხვევების მართვას. ზოგიერთ რაიონში, სადაც არის ორი  ან მეტი კლინიკა, ბევრად უფრო რაციონალური იქნება ერთი კლინიკის  სრულად მობილიზება მხოლოდ ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის, აქ სხვა პაციენტი უბრალოდ აღარ მივა, მაგრამ იქ, სადაც არის მხოლოდ  ერთი კლინიკა, ასეთ შემთხვევაში ფასდება კლინიკის მზაობა იმისთვის, რომ მან მოახერხოს უსაფრთხოდ ცხელებიანი პაციენტების მიღება,“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დასრულდება ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირება  და უკვე  ზუსტად იქნება ცნობილი, რომელი კლინიკა რა მოცულობით გამოყოფს  საწოლ ფონდს ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის.

ბათუმში „ცხელების ცენტრი“ ბათუმის ინექციურ საავადმყოფოშია გახსნილი.

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

„ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა დინამიკა გვაქვს გაუმჯობესებისკენ. სამ პაციენტს აქვს ნაწილობრივი პნევმონია, მათი მდგომარეობაც უმჯობესდება. დაავადებული ექთნის დინამიკაც კარგია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ, კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი 13 პაციენტიდან არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ დროისთვის კლინიკაში რჩება კიდევ 8 ადამიანი, რომლის ანალიზის პასუხსაც დღის ბოლოს ელოდებიან.

აჭარის რეგიონში კარანტინში რჩება 2050-მდე პირი. კარანტინს დღეს, 3 აპრილს, დატოვებს 15 პირი. თვითიზოლაციაში რჩება 70-ზე მეტი მოქალაქე.

კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 148-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 27.

დარჩი სახლში და დახატე ისტორია – კონკურსი მოსწავლეებისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი – „დახატე ისტორია“ გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით კონკურსანტმა უნდა დახატოს აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი. ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე.

კონკურსანტს შეუძლია სურვილისამებრ შეარჩიოს მასალა [ფანქარი, ფლომასტერი, საღებავი], ნახატს დასრულების შემდეგ უნდა გადაუღოს ფოტო [ნახატი აუცილებლად შეინახეთ], მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გააგზავნოს მისამართზე: info@ajaraheritage.ge ან სააგენტოს Facebook გვერდზე.

კონკურსის პირობების მიხედვით ერთ მოსწავლეს  შეუძლია რამდენიმე ნახატის გაგზავნა.

სააგენტოს ინფორმაციით, ნახატები პერიოდულად აიტვირთება სააგენტოს ფეისბუქგვერდზე.

ნამუშევრების მიღება დაიწყება დღეიდან, 3 აპრილიდან და დასრულდება მიმდინარე წლის 15 მაისს.

კონკურსში გამარჯვებულებს სააგენტო გადასცემს სიგელებს და სამახსოვშერო საჩუქრებს.

კორონავირუსის შემთხვევები 14-ით გაიზარდა

3 აპრილის დილის მონაცემებით [10 სთ] საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა – 27.

გუშინ საღამოს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 134 იყო. 

ოფიციალური stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

UCKEBA-ს სახელით მიღებული SMS-ები 3000 ლარით დაჯარიმებაზე არ არის მართალი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: „თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge“.

„ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“ – აცხადებს შსს.

21 აპრილის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს:

რისი უფლება გაქვთ და რა გეზღუდებათ კარანტინის დროს – პასუხი 18 შეკითხვაზე

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს.

კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, მაშინ, როცა იტყვიან, რომ ტაძარში მიდიან.

კომენდანტის საათის მიუხედავად, ტაძარში ან რომელიმე სხვა სასულიერო დაწესებულებაში შეკრებილ მრევლს პოლიცია ვერ დააჯარიმებს.

„ეკლესიაში ხალხის შეკრებას იცავს რელიგიის და არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა არ გულისხმობს იმას, რომ ავტომატურად ეს შეზღუდვა სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზეც გავრცელდება. რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საგანგებო რეჟიმის დროს გამოცემული დეკრეტით ვერ შეიზღუდებოდა რელიგიის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა პაატა დიასამიძეს მიაჩნია, რომ „ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, რომელიც თავად უშვებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, ჩვეულებრივ და არა საგანგებო მდგომარეობაში,“ – ამბობს ის.

რატომ შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი ქუჩაში, თუკი იგი ტაძარში მიდის, ან იქედან გამოდის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობს, რაც სახელმწიფოს არ შეუზღუდავს?

„საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილების შეზღუდვა ირიბად ზღუდავს რწმენისა და აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ უფლების დაცულ სფეროში ჩარევას. კონსტიტუციით დაცულ რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს სახეზე. ანუ 21:00 საათის შემდეგ ტაძარში წასვლა იზღუდება, რაც ირიბად ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტი,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

სააღდგომო ლიტურგიის ამ ფორმით ჩატარებაზე, დღეს, 2 აპრილს, უკვე ისაუბრა ერთ-ერთმა დეკანოზმა, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შალვა კეკელიამ. მან თქვა, რომ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ტაძარში საღამოს 9-მდე მივა და დილის 6-მდე გაჩერდება.

საია-ს იურისტი ასევე ამბობს, რომ ტაძარში შეკრებილ ადამიანებს პოლიცია ვერც რომელიმე რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე მოსთხოვს პასუხს, მაგალითად, ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობაზე.

პატრიარქმა გუშინ, პირველ აპრილს ასევე თქვა, რომ ღვთისმსახურება ვერ შეჩერდება და მრევლს შეუძლია ტაძრების ეზოებში შეკრება. საია-ს იურისტის თქმით, ეზოებში შეკრებილ მრევლზეც ვრცელდება რელიგიის თავისუფლების სტანდარტი, რომლის შეზღუდვაზეც სახელმწიფომ უარი თქვა. შესაძლოა, სამართლებრივი დავებიც მივიღოთ, თუკი ტაძარს ეზო არ აქვს, მაგალითად, ბარბარეს ტაძარს ბათუმში.

„დავის საგანი იქნება ეს: ადამიანი რეალურად რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად არის მისული, თუ, მაგალითად, სასეირნოდ“, – დასძინა პაატა დიასამიძემ.

ამ თემაზე:

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

17 შემთხვევა ერთ დღეში – covid 19-ის 134 დადასტურება საქართველოში

ბოლო, 22:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, 2 აპრილის, დილის მონაცემებით, 13 ახალი შემთხვევა გვქონდა,  საღამოს კი ეს ციფრი კიდევ 4-ით გაიზარდა.

stopgov.ge- მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი. 

 ნიუ იორკის შტატში უმუშევრად დარჩენილებს კვირაში 1100 $-ს გადაუხდიან

ამერიკაში კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი 10 მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც ქვეყნისთვის უმუშევართა უპრეცედენტო რაოდენობაა. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი შეადგენდა დაახლოებით 8 მილიონს.

გამოცემა Figaro-ის ამერიკელი კორესპონდენტის ინფორმაციით მხოლოდ 21-დან 28 მარტამდე 6 65-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა სახელმწიფოსგან დახმარება ხელფასისა და ზარალის კომპენსაციისთვის.

უმუშევრობის მიზეზი ამერიკაში, სხვა ქვეყნების მსგავსად, გამოცხადებული თვითიზოლაციის რეჟიმია.

ორ კვირაში უმუშევართა ასეთი დიდი რაოდენობის დარეგისტრირებას აშშ-ში ხსნიან იმითაც, რომ შესაძლებელია ონლაინდარეგისტრირდე უმუშევრად. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნებმა, სადაც უმუშევრობის დაზღვევა მოქმედებს, კლიენტებთან და სადაზღვევო სისტემებთან ურთიერთობის სისტემები დახვეწეს. 2008 წელს ამდენი უმუშევრის დარეგისტრირება ფიზიკურად ძალიან გაიწელებოდა დროში, რაც ახლა ძალიან სწრაფად მოხდა.

ფედერალურმა მთავრობამ ყოველკვირეული 600 დოლარი დაამატა თითოეული უმუშევრად დარჩენილისთვის. მაგალითად, ნიუ იორკის შტატში გასულ კვირას ყოველკვირეული უმუშევრობის ჩეკი, რომელსაც სახელმწიფო გასცემდა, იყო 500 დოლარი, ახლა კი ეს თანხა შეადგენს 1100 დოლარს. უმუშევრად დარეგისტრირებულთა რიცხვის სწრაფად ზრდას ამითაც ხსნიან.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

სად გავრცელდა ყველაზე მეტად კორონავირუსი – 10 ქვეყანას შორის თურქეთიცაა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, 2 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 965 246  დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაცვლილია 49 236 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 195 929-ზე მეტი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, იანვრის თვეში, კერძოდ 22 იანვრის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 555 იყო. ზუსტად ერთ თვეში, 22 თებერვალს ეს რიცხვი 141-ჯერ გაიზარდა – 78 600-მდე. მესამე თვეს, 22 მარტს ლო ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევები 337 000-მდე მიაღწია.

  • 22.01 – 555 ინფიცირებული
  • 22.02 – 78 000 ინფიცირებული
  • 22.03 – 337 000 ინფიცირებული

ბოლო 10 დღეში, 22 მარტიდან 2 მარტამდე ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 3 -ჯერ, 941 949-მდე გაიზარდა.

  • 2.04 – 941 949 ინფიცირებული, 47 522 გარდაცვლილი

2 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყნების ათეული ასეთია:

  1. აშშ – 216 722 ინფიცირებული / გარდაცვლილი 5 137
  2. იტალია – 110 574 ინფიცირებული / გარდაცვლილი 13 155
  3. ესპანეთი – 110 235 ინფიცირებული / გარდაცვლილი 10 003
  4. ჩინეთი – 82 452 ინფიცირებული / გარდაცვლილი 3 199
  5. გერმანია – 81 728 ინფიცირებული / გარდაცვლილი 931
  6. საფრანგეთი 57 807 ინფიცირებული / გარდაცვლილი 4 032
  7. ირანი – 50 468 ინფიცირებული / გარდაცვლილი 3 144
  8. დიდი ბრიტანეთი – 34 123 ინფიცირებული / გარდაცვლილი 2, 352
  9. შვეიცარია – 19 267 ინფიცირებული / გარდაცვლილი 505
  10. თურქეთი – 15 679  ინფიცირებული / გარდაცვლილი 277

მსოფლიოში covid 19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ მზარდია და ეპიდემიური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის მრუდი დაღმავალი დინამიკით ჯერ არ წასულა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ახლა მსოფლიოში პანდემიის პიკია, რასაც თანდათან შემცირება უნდა მოჰყვეს.

#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის.

თიბისის და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ“; ჰოსტელი – „შავი პომიდორი“; ღვინის კომპანია – „ჟუჟუნა“; ბარი – „მეობა“; კაფე – „თონე“; „ჩიკატაი“; სამაგიდო თამაშების კლუბი – „წიბახა“ და სხვა.

„თიბისი შენთვის“ პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„Vendoo აცნობიერებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებსაც არსებული სიტუაციის გამო დროებით მოუწიათ მუშაობის შეჩერება. გვინდოდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. სწორედ ამას ემსახურება პლატფორმის შექმნა. იმედი გვაქვს, ბევრი მსურველი გაერთიანდება საყვარელი კომპანიების დასახმარებლად და ამ გამოწვევის გადალახვას ერთობლივად შევძლებთ“, – იმედა იმედაშვილი, ვენდუს მარკეტინგის დირექტორი

#თიბისიშენთვის  მომხმარებლეს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“.

ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომელთა“ სიაც, თუ ვინ უნდა მიიღოს დახმარება.

„ბათუმელებმა“ აღნიშნული სია სამინისტროდან ოფიციალურად მოითხოვა, თუმცა არ მოგვაწოდეს.

„გაცნობებთ, რომ დანართი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად ვერ გაწვდით“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ამ სიაში მოხვედრილი პირები თანხას „პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“ მიიღებენ.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია ასევე, რომ სიებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია „ქართუს“ წერილობითი თანხმობით და არ საჭიროებს ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას მხარეებს შორის.

საგადასახადო ვალდებულებებზე [ასეთის არსებობის ან შემდგომში გაჩენის შემთხვევაში] კი, პასუხისმგებელია მხოლოდ გრანტის მიმღები ანუ სამინისტრო.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტროს „უფლება არ აქვს, გამოიყენოს გრანტი სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნებისთვის“.

„ქართუ“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის თაობაზეც ის 30 დღით ადრე შეატყობინებს სამინისტროს.

4 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე აწერენ.

ფონდი „ქართუ“ კულტურის მუშაკებზე ყოველთვიურ ჰონორარებს სამინისტროს გავლით რამდენიმე წელია გასცემს.

გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან 

ავტორი: ნათია როყვა, ნიუ ჯერსის შტატი, აშშ 

____________________________

გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო. სამსახურში მისი სიცოცხლე დააზღვიეს და ჩემი ანგარიშის ნომერი მიუთითებია. ჩემი მეგობარი ამერიკელია, მას დედაც ჰყავს, მამაც, დაც და ძმაც, მაგრამ ფულის ჩემთვის დატოვება, როგორც მითხრა, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მე ახლა აქ, ჩემი ოჯახისგან შორს ვარ და შვილს მარტო ვზრდი. ჩათვალა, რომ ყველაზე მეტად მე მჭირდება.

მესიჯი რომ წავიკითხე, მეგონა მესიზმრებოდა. ასეთი შეგრძნება ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს. ვფიქრობ, რომ რეალურ სამყაროში არ ვცხოვრობ.

ჩემი მეგობარი 26 წლისაა და დიაბეტი აქვს. თვითიზოლაციას ვერ ახერხებს, მუშაობს და, ცხადია, ეშინია. ალბათ ამ პერიოდში სიკვდილი ახლოს ბევრს უგრძნია.

„მეგობრები რეზიუმეს მიგზავნიან და მეკითხებიან, ხომ არ ვიცი რამე სამსახური… ირგვლივ ყველა სამსახურს ეძებს… ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, დავეხმაროთ, ერთმანეთის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია… ადამიანები იღუპებიან, ამ ვირუსს გადავიტანთ, მაგრამ ალბათ მეგობრებსაც დავკარგავთ”, – ეს ფრაგმენტია ნაცნობის წერილიდან, რომელიც გუშინ კალიფორნიიდან გამომიგზავნა.

წერილის ავტორი უნივერსიტეტში ასწავლის. თებერვლის ბოლოსკენ დამირეკა და მკითხა, ხომ არ მეშინოდა კორონავირუსის. მითხრა, რომ მისი სტუდენტები შეშინებულები არიან და ონლაინსწავლებას ითხოვენ, ლექციებს აცდენენო. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ტრამპი ყველას არწმუნებდა, რომ ეს უბრალო ვირუსია და მოჰყავდა სტატისტიკა, გასულ წელს სეზონური გრიპით გარდაცვლილების შესახებ.

ჯიმმა, ამ წერილის ავტორმა, მარტის დასაწყიში, ვიდრე პრეზიდენტი ფრენებს აკრძალავდა, მოასწრო და საფრანგეთში იმოგზაურა. პარიზიდან დამირეკა, ხალხი პანიკაშია, სულ სამმა ადამიანმა ვიმგზავრეთ, ბილეთები კი ჩემს რეისზე თითქმის სულ გაყიდული იყოო. ის ჯერ კიდევ ხუმრობდა ამ ვირუსზე, მიგზავნიდა თავისი ვერანდიდან პარიზის ქუჩების ფოტოებს და ამბობდა, რომ ეს სეზონური გრიპის მსგავსი რამაა და საშიში სულაც არ არის.

ჯიმის მსგავსად მეც, ალბათ, ვერასოდეს გავითავისებდი ჩინეთში დაწყებულ ამ ვირუსის მასშტაბებს, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელიც ჩინეთში ცხოვრობს. შფოთვა ჩინეთში დაწყებული ვირუსის გამო სწორედ ჩემი მეგობრის გამო დავიწყე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ ვირუსზე მგრძნობელობა არც მე არ მექნებოდა…

მგონი დანარჩენ მსოფლიოსაც ჩემსავით დაემართა. ჩვენ ძალიან გვიან გავიაზრეთ, რომ ეს მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არ იყო, ამიტომაც მგონია, რომ პანდემიად გამოცხადებაც დაგვიანდა, ამერიკაში სკოლების და კოლეჯების მოხსნაც და მკაცრი ზომების მიღებაც… საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, მეზობელი შემხვდა ქუჩაში, ნაგვის ყუთის გატანის დროს და როგორ ხარ-მეთქი როცა ვკითხე, დარდობდა, წმინდა პატრიკის დღესასწაული გადაიდო, ეკლესია დაიხურაო.

  • ჩემი ქალაქი

პატარა კუნძულზე ვცხოვრობ, ნიუ ჯერსის შტატში. ჯერ კიდევ თებერვალში გადავწყვიტე, რომ მეყიდა სამედიცინო სპირტი, პირბადეები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები, თუმცა უკვე არც აფთიაქებში იშოვებოდა და არც მაღაზიებში. პირბადე, რომელიც მარტში გამოვიწერე ამაზონიდან, მოვა ივნისში.

ბოლო ორი წელია ყველაფერს ონლაინ ვყიდულობ, ტანსაცმელს და საჭმელსაც. ბოლო ერთი თვეა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ქალაქში ონლაინ საჭმლის ყიდვა. რამდენიმე დღე ამაზონსა და ვოლმარტზე ასევე ხელმიუწვდომელი იყო ბავშვის პამპერსი. გამიმართლა, რომ მარაგი მქონდა.

ჩემი მეგობარი სხვა ქალაქში წავიდა პამპერსის საყიდლად, მაგრამ სულ ცარიელი დახვდა იქაური უზარმაზარი მაღაზიები. ადამიანებისა და სურსათისგანაც… ასე გრძელდებოდა დღეები. კვირაზე მეტი…  ახლა პროდუქტებით შეივსო დახლები, მაგრამ ონლაინგამოწერით ისევ ვერ  ვსარგებლობთ.

მაღაზიაში კი პრობლემა ისაა, რომ, მაგალითად, ვერ იყიდი ორ შეკვრა წყალს, რომელიც ჩემს შვილს ერთი კვირა ჰყოფნის. ამიტომ ყველა ქართველი, რომელიც ჩემს კუნძულზე ცხოვრობს, ჰანასთვის თითო ბოთლ წყალს აგროვებს. რომ არა გარშემომყოფების დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა.

მხარდაჭერაზე რომ მწერდა ჯიმი, მთელი სიცხადით ვიგრძენი: ჩემი მეგობარი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და რომელიც თვითიზოლაციაშია [გარეთ არ გადის მაშინაც კი, როცა მას რაღაც სჭირდება], მაღაზიაში წავიდა, მთელი თვის მარაგი საკვები მიყიდა და ტაქსით გამომიგზავნა ნიუ ჯერსიში. ეს ისე გააკეთა, რომ მე არ მითხოვია.

თვითიზოლაციაში ყოფნისას ხშირად ფოსტის ყუთზე ჩამოკიდული დამხვედრია მაფინები, კრეკერები, შოკოლადები, გუფთა და „პეროგი“… აი, ზუსტად ისე, ჩინეთის კადრებს რომ ვუყურებდი და გული მიჩუყდებოდა. ახლა მე ვცხოვრობ ამ რეალობაში. ადამიანები კი ამ ფორმით ჩემ გამხნევებას ცდილობენ.

ამ ქვეყანაში ცხოვრების მეოთხე წელს შემიძლია ვთქვა, რომ შევიძინე მზრუნველი ადამიანები, ქართველებიც და ამერიკელებიც.

კვირის დასაწყისში ტრადიციულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ რთული ორი კვირა გველის და მოგვიწოდა პირბადეების მაგივრად ყელსახვევი გამოვიყენოთ.

კი, ნამდვილად გვაქვს პირბადეების დეფიციტი – ჩვენ კი არა, ექიმებსაც. ექიმმა, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში თქვა, რომ პირბადეს რეცხავს და აუთოებს, რადგან პირბადისა და ბახილების დეფიციტია.

დაავადებულების უმრავლესობა აქ, ამერიკაში, შინ მკურნალობს. საავადმყოფო მხოლოდ მათ იღებს, ვისაც სუნთქვა უჭირს.

ვიცი, ამ ვირუსს მალე დაამარცხებს მსოფლიო, მაგრამ არ ვიცი, რა ეშველება ისედაც ღატაკ და შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს საქართველოში.

ისარგებლებენ თუ ვერა დენის გადასახადის შეღავათით „ოცნების ქალაქში“ 

ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასახლებაში 7 საერთო მრიცხველი აქვს დამონტაჟებული. ოჯახები კომპანიას დენის საფასურს ამ საერთო მრიცხველების მიხედვით უხდიან, პარალელურად თავიანთი მრიცხველებიც აქვთ. საერთო ჩვენებას [შესაბამისად გადასახადს] ისინი ამ ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით ინაწილებენ.

შეეხება თუ არა ამ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდია, მაშინ, როცა მთავრობა დენის გადასახადს გადაუხდის აბონენტს, რომელმაც თვეში 200 კილოვატი ან ამაზე ნაკლები [ანუ 36,4 ლარის ან ნაკლები თანხის] ელექტროენერგია მოიხმარა?

„ოცნების ქალაქში“ რეგისტრირებულ საერთო მრიცხველებზე ჩვენება 200 კილოვატზე გაცილებით მეტია, ოჯახების უმეტესობა კი, როგორც თავად ამბობენ, 24-30 ლარის დენს ხარჯავენ.

ამ საკითხზე „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს.

„ეს ოჯახები ჩვენს აბონენტებად ფაქტობრივად არ ითვლებიან. თავის დროზე საერთო მრიცხველების დამონტაჟება და მათთვის ამ ფორმით დენის მიწოდება ადგილობრივი მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა და ჩვენი კომპანიის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება იყო“, – გვითხრეს „ენერგო-პროში“.

„ბათუმელები“ აჭარის მთავრობას დაუკავშირდა.

„დასახლებაში მცხოვრები ყველა ოჯახი, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმს, ისარგებლებს სახელმწიფო სუბსიდიით“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

ამ თემაზე:

მოსახლეობის ნაწილს 3 თვის კომუნალურ გადასახადებს დავუფარავთ – გახარია

 

 

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ინფორმაციას „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი, ლევან ანთაძე ადასტურებს.

ახალგაზრდა ქალს გუშინ, პირველ აპრილს, შუალედური ტესტი ჩაუტარეს, რომლის პასუხი უარყოფითი იყო, დღეს განმეორებითმა ანალიზმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის უახლოეს საათებში კლინიკას დატოვებს და რეკომენდაციის შესაბამისად, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იქნება.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი, 2 აპრილის მდგომარეობით, 26-ია. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კი გასული დღე-ღამის განმავლობაში 13-ით მოიმატა.

პირველ აპრილს, დილით, ინფიცირებული იყო 117 პაციენტი, დღეს კი – 130-ია. გამომდინარე იქიდან, რომ 27 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, საქართველოს კლინიკებში 103 პირი რჩება, რომელთაც კორონავირუსი აქვთ.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 რჩება.

როგორ მივა სამსახურში ის, ვისაც დისტანცირება არ ეხება – გადაადგილების პრობლემა

მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გააჩერეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ, თავად უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების სამსახურამდე, შემდეგ კი სახლამდე მიყვანა. პრემიერმა განმარტა, რომ მათ ამისთვის სპეციალური ტრასპორტი უნდა დაიქირაონ.

შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით მუნიციპალურ  შპს-ს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია გაურიგდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „საკონტეინერო ტერმინალმა“ დაიქირავა ტრანსპორტი თანაშრომლების გადაყვანის მიზნით, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“.

„ავტოტრანსპორტს“ რა ფასად გაურიგდა „საკონტეინერო ტერმინალი“, ამის შესახებ მერიიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, თანამშრომლების გადაადგილების მომსახურებისთვის ტრანსპორტის დაქირავების მიზნით, მერიის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე კომპანია აწარმოებს: „ჯერ არ შევთანხმებულვართ, ამიტომ ჩამონათვალს ვერ მოგცემთ“, – გვითხრეს ბათუმის ავტოტრანსპორტში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ სააფთიაქო ქსელებსა და სასურსათო მაღაზიებსაც მივმართეთ. კომპანია „ავერსში“ გვითხრეს, რომ თანამშრომლებს გამოჰკითხეს და მათგან უმეტესობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს: „ზოგი ახლოს ცხოვრობს, ზოგიერთი კი საკუთარი მანქანით გადაადგილდება. ვისაც აქვს პრობლემა, ჩვენ ვემსახურებით“.

კომპანია უზრუნველყოფს PSP -ს აფთიაქების ქსელის თანამშრომლების გადაყვანასაც: „მათ სპეციალური ტრასპორტი ემსახურებათ“, კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა ბათუმში ე.წ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა, შესაბამისად კომპანია ამ დროიდან ზრუნავს თანამშრომლების ტრასპორტით მომსახურებაზე.

„ბათუმელებმა“ ამ პრობლემის შესახებ ჰკითხა სხვა სააფთიაქო ქსელებსაც. კომპანიების ნაწილმა დაპირებული პასუხი ამ საკითხზე არ მოგვაწოდა.

სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ გვითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დაწყებისთანავე თანამშრომლებისთვის ავტობუსი დაიქირავეს. „ამ დრომდე თანამშრომლებს ეს ავტობუსი ემსახურებოდა, ჩვენთან საკმაოდ ბევრ თანამშრომელს აქვს პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით. ახლა გვითხრეს, რომ ამხელა ტრანსპორტის გაადგილება არ იქნება შესაძლებელი. მოვილაპარაკეთ და გამოვყეთ ლიმიტი თანამშრომლებისთვის ტაქსებით გადასაადგილებლად“, – გვითხრა „ნიკორას“ წარმომადგენელმა.

იგივე პრობლემა დაუდგათ დღის წესრიგში იმ პირებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, მაგრამ ქალაქში მუშაობენ.

„დამიკავშირდა მოქალაქე, რომელიც მუშაობს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დაცვაში. მართალია, მაღაზია დაკეტილია, მაგრამ დაცვას არ გაუჩერებია მუშაობა. მე შევთავაზე, რომ დაუკავშირდეს ვინმეს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ერთად მოაგვარონ… სხვა არაფერი შემიძლია“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ქედის მერი ლევან გორგილაძე კი საკუთარი მანქანით ემსახურება ქედის ერთ-ერთი სოფლის ექიმსა და მის ასისტენტს: „დილით რომ მივდივარ, მიმყავს, ადრე ოთხი ადამიანი მიმყავდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება“.

მერი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემით მას არავინ დაკავშირებია. „აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჩვენ მოვემსახურებით, მე თუ არ მეცლება, მოადგილეს გავაგზავნი“, – გვითხრა ლევან გორგილაძემ. ქედის მერის აზრით, ეს პრობლემა დამსაქმებლებმა უნდა მოაგვარონ.

ჯერჯერობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების/დაქირავების თხოვნით, გარდა ბათუმისა, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის არავის მიუმართია.

საქართველოში  გამოცხადებული კარანტინი 31 მარტიდან შევიდა ძალაში, შეზღუდვა  შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით. ამასთან, აკრძალულია გარეთ გასვლა 21:00 საათის შემდეგ.

Exit mobile version