Batumelebi | გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან  გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან  – Batumelebi
RU | GE  

გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან 

ავტორი: ნათია როყვა, ნიუ ჯერსის შტატი, აშშ 

____________________________

გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო. სამსახურში მისი სიცოცხლე დააზღვიეს და ჩემი ანგარიშის ნომერი მიუთითებია. ჩემი მეგობარი ამერიკელია, მას დედაც ჰყავს, მამაც, დაც და ძმაც, მაგრამ ფულის ჩემთვის დატოვება, როგორც მითხრა, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მე ახლა აქ, ჩემი ოჯახისგან შორს ვარ და შვილს მარტო ვზრდი. ჩათვალა, რომ ყველაზე მეტად მე მჭირდება.

მესიჯი რომ წავიკითხე, მეგონა მესიზმრებოდა. ასეთი შეგრძნება ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს. ვფიქრობ, რომ რეალურ სამყაროში არ ვცხოვრობ.

ჩემი მეგობარი 26 წლისაა და დიაბეტი აქვს. თვითიზოლაციას ვერ ახერხებს, მუშაობს და, ცხადია, ეშინია. ალბათ ამ პერიოდში სიკვდილი ახლოს ბევრს უგრძნია.

„მეგობრები რეზიუმეს მიგზავნიან და მეკითხებიან, ხომ არ ვიცი რამე სამსახური… ირგვლივ ყველა სამსახურს ეძებს… ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, დავეხმაროთ, ერთმანეთის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია… ადამიანები იღუპებიან, ამ ვირუსს გადავიტანთ, მაგრამ ალბათ მეგობრებსაც დავკარგავთ”, – ეს ფრაგმენტია ნაცნობის წერილიდან, რომელიც გუშინ კალიფორნიიდან გამომიგზავნა.

წერილის ავტორი უნივერსიტეტში ასწავლის. თებერვლის ბოლოსკენ დამირეკა და მკითხა, ხომ არ მეშინოდა კორონავირუსის. მითხრა, რომ მისი სტუდენტები შეშინებულები არიან და ონლაინსწავლებას ითხოვენ, ლექციებს აცდენენო. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ტრამპი ყველას არწმუნებდა, რომ ეს უბრალო ვირუსია და მოჰყავდა სტატისტიკა, გასულ წელს სეზონური გრიპით გარდაცვლილების შესახებ.

ჯიმმა, ამ წერილის ავტორმა, მარტის დასაწყიში, ვიდრე პრეზიდენტი ფრენებს აკრძალავდა, მოასწრო და საფრანგეთში იმოგზაურა. პარიზიდან დამირეკა, ხალხი პანიკაშია, სულ სამმა ადამიანმა ვიმგზავრეთ, ბილეთები კი ჩემს რეისზე თითქმის სულ გაყიდული იყოო. ის ჯერ კიდევ ხუმრობდა ამ ვირუსზე, მიგზავნიდა თავისი ვერანდიდან პარიზის ქუჩების ფოტოებს და ამბობდა, რომ ეს სეზონური გრიპის მსგავსი რამაა და საშიში სულაც არ არის.

ჯიმის მსგავსად მეც, ალბათ, ვერასოდეს გავითავისებდი ჩინეთში დაწყებულ ამ ვირუსის მასშტაბებს, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელიც ჩინეთში ცხოვრობს. შფოთვა ჩინეთში დაწყებული ვირუსის გამო სწორედ ჩემი მეგობრის გამო დავიწყე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ ვირუსზე მგრძნობელობა არც მე არ მექნებოდა…

მგონი დანარჩენ მსოფლიოსაც ჩემსავით დაემართა. ჩვენ ძალიან გვიან გავიაზრეთ, რომ ეს მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არ იყო, ამიტომაც მგონია, რომ პანდემიად გამოცხადებაც დაგვიანდა, ამერიკაში სკოლების და კოლეჯების მოხსნაც და მკაცრი ზომების მიღებაც… საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, მეზობელი შემხვდა ქუჩაში, ნაგვის ყუთის გატანის დროს და როგორ ხარ-მეთქი როცა ვკითხე, დარდობდა, წმინდა პატრიკის დღესასწაული გადაიდო, ეკლესია დაიხურაო.

  • ჩემი ქალაქი

პატარა კუნძულზე ვცხოვრობ, ნიუ ჯერსის შტატში. ჯერ კიდევ თებერვალში გადავწყვიტე, რომ მეყიდა სამედიცინო სპირტი, პირბადეები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები, თუმცა უკვე არც აფთიაქებში იშოვებოდა და არც მაღაზიებში. პირბადე, რომელიც მარტში გამოვიწერე ამაზონიდან, მოვა ივნისში.

ბოლო ორი წელია ყველაფერს ონლაინ ვყიდულობ, ტანსაცმელს და საჭმელსაც. ბოლო ერთი თვეა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ქალაქში ონლაინ საჭმლის ყიდვა. რამდენიმე დღე ამაზონსა და ვოლმარტზე ასევე ხელმიუწვდომელი იყო ბავშვის პამპერსი. გამიმართლა, რომ მარაგი მქონდა.

ჩემი მეგობარი სხვა ქალაქში წავიდა პამპერსის საყიდლად, მაგრამ სულ ცარიელი დახვდა იქაური უზარმაზარი მაღაზიები. ადამიანებისა და სურსათისგანაც… ასე გრძელდებოდა დღეები. კვირაზე მეტი…  ახლა პროდუქტებით შეივსო დახლები, მაგრამ ონლაინგამოწერით ისევ ვერ  ვსარგებლობთ.

მაღაზიაში კი პრობლემა ისაა, რომ, მაგალითად, ვერ იყიდი ორ შეკვრა წყალს, რომელიც ჩემს შვილს ერთი კვირა ჰყოფნის. ამიტომ ყველა ქართველი, რომელიც ჩემს კუნძულზე ცხოვრობს, ჰანასთვის თითო ბოთლ წყალს აგროვებს. რომ არა გარშემომყოფების დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა.

მხარდაჭერაზე რომ მწერდა ჯიმი, მთელი სიცხადით ვიგრძენი: ჩემი მეგობარი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და რომელიც თვითიზოლაციაშია [გარეთ არ გადის მაშინაც კი, როცა მას რაღაც სჭირდება], მაღაზიაში წავიდა, მთელი თვის მარაგი საკვები მიყიდა და ტაქსით გამომიგზავნა ნიუ ჯერსიში. ეს ისე გააკეთა, რომ მე არ მითხოვია.

თვითიზოლაციაში ყოფნისას ხშირად ფოსტის ყუთზე ჩამოკიდული დამხვედრია მაფინები, კრეკერები, შოკოლადები, გუფთა და „პეროგი“… აი, ზუსტად ისე, ჩინეთის კადრებს რომ ვუყურებდი და გული მიჩუყდებოდა. ახლა მე ვცხოვრობ ამ რეალობაში. ადამიანები კი ამ ფორმით ჩემ გამხნევებას ცდილობენ.

ამ ქვეყანაში ცხოვრების მეოთხე წელს შემიძლია ვთქვა, რომ შევიძინე მზრუნველი ადამიანები, ქართველებიც და ამერიკელებიც.

კვირის დასაწყისში ტრადიციულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ რთული ორი კვირა გველის და მოგვიწოდა პირბადეების მაგივრად ყელსახვევი გამოვიყენოთ.

კი, ნამდვილად გვაქვს პირბადეების დეფიციტი – ჩვენ კი არა, ექიმებსაც. ექიმმა, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში თქვა, რომ პირბადეს რეცხავს და აუთოებს, რადგან პირბადისა და ბახილების დეფიციტია.

დაავადებულების უმრავლესობა აქ, ამერიკაში, შინ მკურნალობს. საავადმყოფო მხოლოდ მათ იღებს, ვისაც სუნთქვა უჭირს.

ვიცი, ამ ვირუსს მალე დაამარცხებს მსოფლიო, მაგრამ არ ვიცი, რა ეშველება ისედაც ღატაკ და შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.