Batumelebi | საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს – Batumelebi

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა.

გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული.

ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის – გიორგი მიქაუტაძის საქმის განმხილველი მოსამართლეა. ამ საქმის განხილვის შემდეგ დააწინაურეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და თავშესაფარს ითხოვენ – ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი