მთავარი,სიახლეები

როგორ დაემშვიდობა თურქეთი კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს

03.04.2020 • 4427
როგორ დაემშვიდობა თურქეთი კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს

თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი თურქი ექიმი ჯემილ ტაშიოღლუ. ის პირველია თურქეთში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა.  ექიმი სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკაში 16 მარტს მოათავსეს. ჯემილ ტაშიოღლუ წლების მანძილზე სწორედ ამ კლინიკაში მუშაობდა და ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მიიჩნეოდა.  მას  კორონავირუსი 17 მარტს დაუდასტურდა.

ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველ აპრილს მისმა შვილმა ტვიტერზე დაწერა. 2 აპრილს სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ სამედიცინო პერსონალი შეიკრიბა. ექიმებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი პროფესორის ხსოვნას.

სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის , ჯემილ ტაშიოღლუს ხსოვნას. 
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის, ჯემილ ტაშიოღლუ ხსოვნას. 
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის წინ პერსონალი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილი ექიმის ხსოვნას
ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 79-ით გაიზარდა. 3 აპრილის მონაცემებით, თურქეთში სულ 356 ადამიანია COVID-19-ით გარდაცვლილი. იზრდება ინფიცირებულების რაოდენობაც – ქვეყანაში ერთ დღეში 2 456 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში 18 757-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 415 პაციენტი. ამ მონაცემებით თურქეთი იმ ქვეყნების ათეულში შედის, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

თურქეთის ავიახაზებმა 1-ელ მაისამდე მთლიანად შეაჩერა ყველა საერთაშორისო ფრენა. რაც შეეხება შიდა ფრენებს, მხოლოდ 12 დიდ ქალაქშია ნებადართული.

ქვეყანაში გადაიდო ყველა დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება,  მათ შორის, ანკარის 31-ე კინოფესტივალი, რომელიც 4-14 ივნისს უნდა გამართულიყო. 27 მარტის შემდეგ დახურულია სკოლები და გადადებულია ყველა სპორტული ღონისძიება.

________________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

გადაბეჭდვის წესი


ასევე: