მთავარი,სიახლეები

ექიმი ღმერთის ფუნქციით ღარიბი უბნის ჰოსპიტლიდან – BBC

03.04.2020 • 2278
ექიმი ღმერთის ფუნქციით ღარიბი უბნის ჰოსპიტლიდან – BBC

როცა ნიუ იორკში, ჰოსპიტალ Elmhurst-ში განგაშის ზარი ირთვება, ეს ნიშნავს, რომ გული უჩერდება რომელიმე პაციენტს და მის გადასარჩენად ექიმთა სპეციალურ ჯგუფს უხმობენ.

ჩვეულებრივ ეს ხმა შეიძლება კვირაში ერთხელ ჩაირთოს. თუმცა პირველ აპრილს, 12- საათიანი მორიგეობის განმავლობაში განგაშის ზარი 10-ჯერ გაისმა. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის თქმით, ვერც ერთი პაციენტი ვერ გადარჩა.

„სულაც არ ფიქრობდა ღმერთის როლის თამაშზე ეს ახალგაზრდა ექიმი კარიერის ამ ეტაპზე“ – წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორი, ჯონ სოპელი წერილში ექიმზე, რომელიც ნიუ იორკის ღარიბი უბნის ჰოსპიტალ Elmhurst-ში მუშაობს.

„ეს ექიმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მუშაობს და არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომელიც მას იმ მტანჯველი სცენებისთვის მოამზადებდა, რასაც ყოველდღე უყურებს ეპიდაფეთქების ცენტრში,“ – წერს სტატიის ავტორი.

282- საწოლიან ჰოსპიტალში ახლა 500-ზე მეტი პაციენტია. ახლა აქ მხოლოდ მათ ეთმობათ საწოლი, ვისაც სუნთქვის უკმარისობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე შიშობდნენ, რომ ნიუ იორკის ამ ღარიბ უბანში ბევრი ინფიცირებული იქნებოდა. ასეც მოხდა. პაციენტების ნახევარს არ აქვს საბუთები, ვერ საუბრობენ ინგლისურად, ისინი ძირითადად რესტორნის მომსახურე პერსონალი და სასტუმროების დამლაგებლები არიან. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და მოწოდებებიც სოციალური დისტანცირების შესახებ მათი ყურადღების მიღმა დარჩა.

ახალგაზრდა ექიმი ამბობს, რომ სტრესი დიდია. თითქმის ყველას სჭირდება სასუნთქი აპარატი და ფილტვის ვენტილატორი, რაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს განყოფილება უკვე სავსეა.

„პაციენტებს სჭირდებათ წამლები სისხლის წნევის დასარეგულირებლად, როგორც წესი, ამ პროცესს აკონტროლებენ სპეციალისტი-ექთნები. მაგრამ ახლა ამის კეთება უწევთ ადამიანებს, ვინც ეს საქმე არ იციან. როგორ შევძლებ ვიყო მშვიდად, როცა ვიცი, რომ არიან პაციენტები, რომლებიც ვერ იღებენ მათთვის გადაუდებელ დახმარებას,“ – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ამ ჰოსპიტალში Covid 19-ით გარდაიცვალნენ არამხოლოდ ხანდაზმულები, არამედ არიან 30-დან 40 წლამდე გარდაცვლილებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები. ჰყავდათ ასევე 90 წლის პაციენტი, კაცი, რომელიც სახლში წაიქცა და ფეხის მოტეხილობით მოიყვანა სასწრაფომ. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა უსიმპტომო.

Elmhurst-ის ჰოსპიტალში ფილტვის ვენტილატორების რაოდენობა გააორმაგეს, თუმცა ყველა აპარატი დაკავებულია და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში პიკის დადგომამდე წინ კიდევ მთელი კვირაა, საჭიროა მეტი ვენტილატორი. ყველა პაციენტი, ვისაც ფილტვის ვენტილატორი სჭირდება, მას ვერ იღებს.

„დაინფიცირების არ მეშინია. არაფერი დამემართება. ახალგაზრდა ვარ და არაფერი მჭირს. გასულ კვირას ყელი მტკიოდა და შესაძლოა მართლაც ვირუსი გადავიტანე. ასაკოვანი ექიმები, რომლებსაც სხვა დაავადებების ისტორიებიც აქვთ, გაცილებით დიდ საფრთხეში არიან,“ – ამბობს ახალგაზრდა ექიმი, რომლის კლინიკაშიც მისი 12 კოლეგა დაინფიცირდა.

ის ჰყვება, რომ ჰოსპიტალში ექიმები მთელი მორიგეობის განმავლობაში ატარებენ სრულ ეკიპირებას. ყველა პაციენტი, ვისაც ისინი მკურნალობენ, ვირუსითაა ინფიცირებული. დღის ბოლოს სპეცსამოსს იხდიან და წვავენ.

„ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაა. ყველაზე ძალიან ვენტილატორების განაწილებისას ვნერვიულობ. კი, ადამიანები კვდებიან და ჩვენ შეჩვეულები ვართ სიკვდილს. არც გადაცვლილთა რაოდენობას ეხება ამჯერად საქმე.

პრობლემა არის ის, რომ იძულებულები ვართ ხანდახან დავნებდეთ აზრს, რომ პაციენტებმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიეს, პაციენტებმა, რომლებსაც სხვა დროს დანებების საშუალებას არ მივცემდით. ერთი კაცი მოხუცთა თავშესაფრიდან მოიყვანეს. ის უკვე ქრონიკულად დამოკიდებული იყო ვენტილაციის აპარატზე. დიდხანს ვერ იცოცხლებდა. პაციენტს ვერა, მხოლოდ ვენტილატორს ვხედავდი. როცა ის შემოიყვანეს, ისე გვჭირდებოდა ამ დროს ჰოსპიტლის სხვა პაციენტებისთვის სასწრაფოდ ვენტილატორი, ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ის, რომ მომეხსნა და ვინმე სხვისთვის წამეღო,“ – ამბობს ექიმი.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 245 ათასს გადასცდა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის პიკი აშშ-ში ჯერ არ დამდგარა.

____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: