რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, დაკარგეთ, ან, მაგალითად, შეკვეთილი გქონდათ, მაგრამ აღება ვეღარ მოასწარით იუსტიციის სახლების დაკეტვამდე?
„ბათუმელებს“ ამ პრობლემით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დაუკავშირდა. მან პირადობის მოწმობა დაკარგა და ახლის აღებას ვეღარ ახერხებს. იუსტიციის სახლები ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, პირადობის მოწმობა კი, შესაძლოა, დღისითაც მოგთხოვოთ პოლიციელმა, როცა ქუჩაში გახვალთ.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე პირადობის მოწმობის ან პასპორტების დამზადება არ ხდება. ცხელ ხაზზე ვერ გვიპასუხეს, რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუკი მას პირადობის მოწმობა იმის გამო არ აქვს, რომ იუსტიციის სახლი ამ მიმართულებით არ მუშაობს. აქვე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ სახელმწიფო სერვისის სააგენტოს პრესცენტრთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა აქ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
„თუ მოქალაქემ პირადობის მოწმობა დაკარგა, ამის შესახებ მან აუცილებლად უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც დაიწყება გამოძიება. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დაკარგული პირადობის გამოყენება არ მოხდეს. გამოძიების დაწყების შემდეგ მოქალაქეს შეუძლია აიღოს ცნობა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მან პირადობა დაკარგა და მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, მას ვეღარ დააჯარიმებენ,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე,
რაც შეეხება პირადობის მოწმობის ვადის გასვლას – საია-ს იურისტი ამბობს, რომ ვადაგასული პირადობით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. შესაბამისად, პოლიცია ვერ დააჯარიმებს მოქალაქეს, რომლის პირადობის მოწმობასაც საგანგებო პირობების დროს გაუვიდა ვადა და მოქალაქე ახალი პირადობის მოწმობის აღებას ობიექტურად ვერ შეძლებდა.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინტერნეტგვერდის მიხედვით, ახალი პასპორტის დამზადება დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათთვის პასპორტს ორ დღეში დაამზადებენ. ახალი პასპორტის ღირებულება 205 ლარია. ახალ პასპორტს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გადამზიდავი კომპანიის საშუალებით მიიღებს.