ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას COVID19-ის მართვისთვის ამზადებენ

03.04.2020
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას COVID19-ის მართვისთვის ამზადებენ

საქართველოს მთავრობის 2 აპრილის განკარგულებით აჭარის მთავრობას და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს მიეცათ უფლება, გამარტივებული წესით განახორციელონ სხვადასხვა შესყიდვა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის სამედიცინო ინვენტარის შეძენა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვება covid-19-ის მართვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით, მათ შორის სამედიცინო აპარატურითაც – სასუნთქი აპარატები და სხვა. 

„საავადმყოფოს აღჭურვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს და დასრულდება უახლოეს პერიოდში,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მიღება-ჩაბარებაც. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს, შემდეგ კი გადაწყდება, თუ ვის გადაეცემა საავადმყოფო მართვაში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ დაახლოებით 2 თვის წინ ახალი ა[ა]იპ-ი, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ დააფუძნა, რომელშიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა, ეს ამ ეტაპზე არ მოხდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით აჭარის სამთავრობო უწყებებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის შესყიდვების უფლება მიეცათ:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (სამინისტროები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, აჭარის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ა.შ.), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს  სხვადასხვა საქონლის ან/და მომსახურების, მათ შორის: შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის სურსათის შეძენასთან, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან,  კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, სხვა  სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეების  სპეციალური ჩარტერული რეისით ტრასპორტირებასთან, ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვასთან, სამედიცინო პირადი დაცვის საშუალებების შეძენასთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვა.“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

ამ თემაზე:

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: