სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

03.04.2020 • 12703
როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები.

ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტს სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი განთავსება საკარანტინო სივრცეში.

პროტოკოლის მიხედვით, თვითმოვლის რეკომენდაციები პაციენტებისთვის, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, შემდეგია:

  • დარჩით სახლში და მოახდინეთ თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში;
  • დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომეთ სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწერეთ, რათა შემდეგ მოახსენოთ ექიმს;
  • დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია, გამჭვირვალე ფერი;
  • შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
  • მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
  •  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება. ასევე თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან);
  • გადადეთ ოჯახის ექიმთან თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმეთ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა.
  • რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები). 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ზე საეჭვო სტატუსის ან კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, რომლებიც შინ გადიან იზოლაციას, ურჩევს, დაისვენონ და მიირთვან საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი.

პროტოკოლის მიხედვით, პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები ექიმმა უნდა შეაფასოს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ჰყავს თუ არა პაციენტს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში;
  • პაციენტს აქვს თუ არა იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები;
  • აქვს თუ არა ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • პაციენტსა და ოჯახის წევრებს თუ აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები;
  • ოჯახში თუ იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.).

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ.: ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავადებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები), ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

ჯანმოს რეკომენდაციით, როცა ასეთი პაციენტი რჩება ოჯახის სხვა წევრებისგან განცალკევებულ ოთახში, ოთახი უნდა ნიავდებოდეს ძალიან კარგად. ასევე თუ ეს შესაძლებელია, ვირუსზე საეჭვო დიაგნოზის ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტმა უნდა ისარგებლოს ცალკე ტუალეტითა და აბაზანით.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯანმოს გაიდლაინიდან:

  • პაციენტის გადაადგილება უნდა იყოს შეზღუდული მაქსიმალურად. ხოლო მასთან საზიარო სივრცე, როგორიცაა სააბაზანო, კარგად ნიავდებოდეს (სასურველია იყოს ღია ფანჯარა);
  • პაციენტს სახლში უნდა ეხმარებოდეს რაც შეიძლება ცოტა მზრუნველი პირი;
  •  ოჯახის წევრები უნდა რჩებოდნენ იზოლირებულად ოთახებში ან იცავდნენ სულ ცოტა ერთმეტრიან დისტანციას;
  •  ოჯახის სხვა წევრმა/წევრებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან ხელის ჰიგიენა;
  •  ხელის გასამშრალებლად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები;
  • პაციენტმა უნდა ატაროს პირბადე ყოველთვის, როცა შესაძლებელია;
  • პაციენტს უნდა ჰქონდეს ცალკე ჭურჭელი და თეთრეული;
  • ყოველდღიურად უნდა იწმინდებოდეს სადეზინფექციო საშუალებებით ზედაპირები პაციენტის ოთახში, რასთანაც შესაძლოა შეხება ჰქონდა;
  • მინიმუმ ერთხელ გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს სააბაზანოში/ტუალეტში არსებული ზედაპირები;
  • პაციენტის ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს საპნითა და წყლით ან სარეცხ მანქანაში 60–90 °C გრადუსზე;
  • პაციენტის თეთრეული და სხვა სარეცხი მოათავსეთ ცალკე ჩანთაში. არ შეანჯღრიოთ ის და მოერიდეთ მათ პირდაპირ შეხებას კანთან და ტანსაცმელთან.

რას ნიშნავს COVID-19-ის მსუბუქი მიმდინარეობა?

მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). დაავადების დამძიმება აღინიშნება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ფორმის მქონე პაციენტთა 10-15%-ში, ხოლო მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15-20%-ში ადგილი აქვს ძალიან მძიმე (კრიტიკული) ფორმის განვითარებას.

სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზე იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება (37,8) და საშუალოდ გამოხატული სისუსტე, ყელის ტკივილი, ხველა. მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი გამოჯანმრთელდება.

მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებსა და ახალშობილებში, შესაძლოა, განვითარდეს ატიპური სიმპტომები, მაგალითად: ღებინება და დიარეა, ან შესაძლოა აღენიშნებოდეთ მხოლოდ უგუნებობა და სუნთქვის გაძნელება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: