მთავარი,სიახლეები

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

22.03.2020 • 1853
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა.

„თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მას შეეძლო კანონით რელიგიის და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ჩვენ მას ამ საკითხზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • პაატა, რა ფორმით იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ლეგიტიმური იგივე მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში, რომელმაც სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, პანდემია არ გაითვალისწინა და არაფერი შეცვალა? 

პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, როგორც ცნობილია, არ შეზღუდულა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ვერც შეიზღუდებოდა. ასეთი დეკრეტი რომც გამოცემულიყო, ეს იქნებოდა არაკონსტიტუციური – კანონით განსაზღვრულია კონსტიტუციით გარანტირებულ იმ უფლებების ჩამონათვალი, რომელიც დეკრეტით ვერ შეიზღუდება. დეკრეტი ვერ შეეხება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, თუმცა კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელიც ეხება რელიგიის თავისუფლებას, ითვალისწინებს მსგავს შეზღუდვას. ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. გამოდის, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შესაძლებელია რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიზღუდოს.

  • ანუ ხელისუფლებას დეკრეტის გამოცემამდეც შეეძლო ღვთისმსახურების შეზღუდვა? 

კი, ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, ამას არ სჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი. თუკი ხელისუფლება ხედავს საფრთხეს, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მას შეეძლო ამ საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენება.

  • რომელ უწყებას უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და რა ფორმით? 

გადაწყვეტილება უნდა მიეღო მთავრობას და შემდეგ მოხდებოდა საკითხის დელეგირება აღსრულების ნაწილში სხვა უწყებებზე. ბუნებრივია, ადამიანების ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი… ძალიან სწრაფად იცვლება პროცესები. ვრცელდება ინფორმაციები, როგორ შეიზღუდეს თავად ღვთისმსახურება სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა. დღეს იყო ინფორმაცია იმაზეც, რომ იტალიაში სასულიერო პირებიც დაიღუპნენ კორონავირუსის დიაგნოზით. ამ მიმართულებით რომ საფრთხე არსებობს, ეს არის ნათელი, ხოლო სახელმწიფო არის ვალდებული, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

  • რასთან გვაქს საქმე, როცა ხელისუფლება ამ საკანონმდებლო მექანიზმებს არ იყენებს? 

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას სრულად იღებს სახელმწიფო. თუკი ამ მიმართულებით არსებობს საფრთხე, ეს კომპეტენტურმა უწყებამ უნდა თქვას. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ. როცა სახელმწიფო ხედავს რისკებს და არ ატარებს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, თუნდაც ეს საფრთხე მხოლოდ ერთ ადამიანს შეეხოს.

– – – – – – – – – – – – –

დღეს, 22 მარტს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში საკვირაო ღვთისმსახურება განსხვავებული წესით შედგა – წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მრევლი ტაძრის ეზოში ელოდა წირვის დასრულებას, ხოლო ზიარება ტაძრის შესასვლელთან ჩატარდა. საკვირაო წირვა არ ჩატარებულა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში. აქ გვითხრეს, რომ შაბათს ღამით არჩიეს ღვთისმსახურება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: