მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა მოიქცე, თუ COVID-19-ის სიმპტომები გაქვს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

03.04.2020 • 3426
როგორ უნდა მოიქცე, თუ COVID-19-ის სიმპტომები გაქვს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოში 24 ონლაინკლინიკა იქნება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებული მომსახურების მიღებას შეძლებენ. კლინიკები პირველადი ჯანდაცვის ბაზაზე გაიმართა. 24 კლინიკიდან 15 თბილისში იქნება, დანარჩენი კი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში ორ-ორი ონლაინკლინიკაა გახსნილი.

„ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. ონლაინკლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ.

როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო მიმართავს 112-ს, ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალაქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია,  რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, ის, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პროცესში,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, მსგავსი მოდელი მესამე წელია წარმატებით მუშაობს გრიპის ეპიდემიის შემთხვევების დროს.

„მოდელი არის კარგი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და არააუცილებელი მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, ასევე, დავიცვათ პირველადი ჯანდაცვის ქსელი ზედმეტი  და არააუცილებელი კონტაქტისგან პაციენტებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფექციის მატარებლები.

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავგეგმოთ  გონივრულად, მომზადებულად და ინფექციის კონტროლის წესების ზუსტად დაცვით ბინაზე ვიზიტი ან ვუზრუნველყოთ  პაციენტის გადამისამართება უკვე შესაფერის კოვიდ  კლინიკაში, სადაც სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ მივიღოთ მხოლოდ ცხელებიანი პაციენტი, მივიღოთ მხოლოდ კოვიდდადასტურებული შემთხვევები და მათ ჩაუტარდეთ შესაფერისი მკურნალობა,“ – თქვა თამარ გაბუნიამ პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

ე.წ.  ცხელების კლინიკებზე საუბრისას  მინისტრის  მოადგილემ განმარტა, რომ  ცხელების კლინიკების იდეა ემყარება მოსაზრებას – ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის  უსაფრთხოდ მისაღებად.

„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ პაციენტების ნაკადი იმართოს და გადამისამართდეს ე.წ. კოვიდ კლინიკებში, მაინც შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სიცხიანმა პაციენტმა, განსაკუთრებით რაიონულ დონეზე, სადაც უბრალოდ სხვა სამედიცინო მიმწოდებელი არ არის, მიმართოს კლინიკას, კლინიკა უნდა იყოს მომზადებული.

სავალდებულო მოთხოვნაა ყველა კლინიკისთვის, რომ ჰქონდეს სულ მცირე ერთი  გამოყოფილი ოთახი იმისთვის, რომ მან ინფექციის წესების კონტროლის დაცვით, იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცხელებასთან, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს COVID-19-ს. ასეთ დროს მთავარი აქცენტი იქნება სწრაფ დიაგნოსტიკაზე, კლინიკები იქნებიან აღჭურვილი დიაგნოსტირების შესაძლებლობებით.

სწორედ ამ კლინიკებიდან დაიწყება პირველ  რიგში იმ პერსონალის ტრენინგი, ვინც უნდა აიღოს ნაცხი და ადგილზე შეძლოს  სწრაფი ტესტის  გამოყენებით ტესტირება. თუ არ დადასტურდა COVID-19, პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ზოგადი პროფილის ჰოსპიტალში, დარჩება ადგილზე ან გადავა ბინაზე. თუ დადასტურდა, ამ შემთხვევაში ის წამოვა დიდ ქალაქებში, მომზადებულ  კლინიკებში, რომლებიც დღეს უკვე წარმატებით ართმევენ თავს კოვიდის შემთხვევების მართვას. ზოგიერთ რაიონში, სადაც არის ორი  ან მეტი კლინიკა, ბევრად უფრო რაციონალური იქნება ერთი კლინიკის  სრულად მობილიზება მხოლოდ ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის, აქ სხვა პაციენტი უბრალოდ აღარ მივა, მაგრამ იქ, სადაც არის მხოლოდ  ერთი კლინიკა, ასეთ შემთხვევაში ფასდება კლინიკის მზაობა იმისთვის, რომ მან მოახერხოს უსაფრთხოდ ცხელებიანი პაციენტების მიღება,“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დასრულდება ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირება  და უკვე  ზუსტად იქნება ცნობილი, რომელი კლინიკა რა მოცულობით გამოყოფს  საწოლ ფონდს ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის.

ბათუმში „ცხელების ცენტრი“ ბათუმის ინექციურ საავადმყოფოშია გახსნილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: