Batumelebi | „დავკარგე სამუშაო, ვცხოვრობ ქირით, არ შემეხო დახმარება, რა ვქნა?“ „დავკარგე სამუშაო, ვცხოვრობ ქირით, არ შემეხო დახმარება, რა ვქნა?“ – Batumelebi

„დავკარგე სამუშაო, ვცხოვრობ ქირით, არ შემეხო დახმარება, რა ვქნა?“

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ნესტან ტარიელაძე ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თუმცა დღეს ეს სამუშაო აღარ აქვს. რესტორანი დაიხურა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. როგორც ნესტანი „ბათუმელებთან“ ამბობს, მას სამი შვილი ჰყავს და სვიშევსკის ქუჩაზე, კერძო სახლის რამდენიმე ოთახში ქირით ცხოვრობს.

ნესტანი ამბობს, რომ მისი კომუნალური გადასახადები ზამთრის პირობებში არ სცდება 100 ლარს, თუმცა, რადგან მრიცხველი სახლის მეპატრონის სახელზეა, ის ვერ სარგებლობს იმ შეღავათით, რასაც მთავრობა მოქალაქეებს დაჰპირდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოჯახებს, რომლებიც თვეში 200 კვ/ტ ელექტროენერგიაზე და 200 კუბ ბუნებრივ აირზე მეტს არ წვავს, სამი თვის კომუნალურ ხარჯს სახელმწიფო დაუფარავს.

„ჩვენი ოჯახების საკითხი დადგა კითხვის ნიშნით ქვეშ. არ ვიცი რა გვეშველება. მე აღარ სამუშაო მაქვს და არც კომუნალური შეღავათები გავრცელდება ჩემზე. სახლის პატრონს ქირის ფულს ვერ ვუხდი, სხვა შემოსავალი არც მას აქვს, რომ არ გადაიხადოს კომუნალურები და ჩამიჭრან, რა უნდა გავაკეთო? სამი შვილი მყავს და ახლა ისიც დამემატა, რომ ბავშვები ტელესკოლის გაკვეთილებით სარგებლობენ, შუქი რომ გამომირთონ, გაკვეთილებსაც ვეღარ მოუსმენენ“.

ნესტან ტარიელაძე ამბობს, რომ ენერგოკომპანიამ ან სახელმწიფომ  გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და რაიმე ფორმით გაუწიოს დახმარება მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.

არსებობს თუ არა ასეთ ვითარებაში გამოსავალი? – ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ რადგან მთავრობის მიერ განაცხადი გაკეთდა კონკრეტული პირობით, სახელმწიფო შეღავათი შეეხება მხოლოდ მათ, ვის სახელზეცაა რეგისტრირებული კომუნალური ხარჯი.

„შესაბამისად, ერთი სახლის შიგნით რა ხდება, ამას ვერავინ ვერ დაინახავს, სამწუხაროდ“,- გვეუბნება ის.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილიც ამბობს, რომ კომპანიისთვის ასეთი გაგება – „საერთო მრიცხველი“, არ არსებობს.

თუ ვინმეს ოთახებად აქვს ჩაშლილი (სახლი) და ინდივიდუალური გამრიცხველიანებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამას კანონი არეგულირებს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, „სოკარისთვის“ აბონენტი არის ის, ვინც  ოფიციალურადაა რეგისტრირებული საინფორმაციო ბაზაში.

მსგავსი პოზიციაა აქვთ „ენერგო-პრო ჯორჯიაშიც“. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე სმკ-მა უნდა იმსჯელოს.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 700-ზე მეტი ოჯახიც, რადგან ისინიც, ქირაში მყოფი ადამიანების მსგავს, ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი ამბობს, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს სოციალური დახმარების მოქნილი სისტემა, რომელიც გამარტივებული ბიუროკრატიის გარეშე დაეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს.

„10 და 100 ათასობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე პანდემიის ვითარებაში. კომუნალურებში მოსახლეობის დახმარება კარგი იდეაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს შეღავათები ყველა მოწყვლად ჯგუფზე არ ვრცელდება. უნდა შედგეს კომისია, რომელიც მარტივი კრიტერიუმებით მოახდენს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვინც შემოსავალი დაკარგა, ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორში და ჩართავს რაღაც ტიპის შემწეობის პროგრამაში“.

დღეს, 3 აპრილს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, ამას შემოსავლების სამსახურის მეშვეობით დაადგენენ. კოტე ერისთავის შეფასებით, ეს ვერ მოგვცემს რეალურ სურათს, რადგან ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორში მუშაობს.

„იქნებიან ეს გიდები, გარემოვაჭრეები თუ საცალო ვაჭრობაში ჩართული ადამიანები და სხვა. ამიტომ მხოლოდ ეს წყარო უმუშევართა დადგენის არ იქნება საკმარისი. ადამიანებს, რომლებსაც დიდი ვალი აქვთ სხვადასხვა ინსტიტუციის, შეიძლება მინიმალურ ხელფასზე მუშაობდნენ და ამის გარეშე დარჩენა ძალიან რთულია მათთვის.

სწორედ ამიტომ უნდა შექმნას სახელმწიფომ დროებითი დახმარების მოქნილი სისტემა. საიდან მოიტანს სახელმწიფო ამ რესურსებს, იქნება ეს სოლიდარობის ფონდი თუ სხვა რამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ პრობლემისკენ იყოს მიმართული“, – ამბობს კოტე ერისთავი.

გარდა ამისა, როგორც ერისთავი ამბობს, როცა სახელმწიფო ბიზნესს აძლევს დახმარების პაკეტს, აუცილებლად და ხაზგასმული უნდა იყოს პირობა, რომ ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com