მთავარი,სიახლეები

„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე

03.04.2020 • 2565
„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე

„საზოგადოების თვალი აღარ არის სასამართლო პროცესზე. საზოგადოება პროცესს, მართალია, მდუმარედ ესწრება, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მართლმსაჯულების ობიექტურობის ხარისხზე,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის უკვე იყო ერთ-ერთი  სასამართლო ონლაინპროცესის მონაწილე. 24 მარტიდან სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც დისტანციური წესით იმართება.

ზოგიერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დისტანციური პროცესი მოსწონს. მთავარი არგუმენტი, რასაც ადვოკატები ასახელებენ, დროის და რესურსის დაზოგვაა. ზოგიერთი კი, პრობლემების შესახებ გვიყვება.

„იზოგება დრო და რესურსი. მაგალითად, ხელვაჩაურის სასამართლოში მისასვლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. პროცესზე ჩაგვერთო პატიმარიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ჩამოყვანაც არ გახდა საჭირო, არ ყოფილა არანაირი ხარვეზი,“ – ამბობს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი, მამუკა ზოიძე. ის ერთ-ერთი ადვოკატია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ დისტნაციურ რეჟიმში გარკვეული სასამართლო პროცესები პანდემიის დასრულების შემდეგაც უნდა გაიმართოს.

„მაგალითად, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ან წინასასამართლო სხდომები. არსებითი განხილვის დროს იქნება პრობლემა ონლაინპროცესები, როცა მოწმეები უნდა დავკითხოთ და შესაძლოა, კონკრეტულ მონაკვეთში შუამდგომლობის დასმა კითხვის აცილებაზე ვერ მოასწრო ან ასე შემდეგ,“ – მიიჩნევს მამუკა ზოიძე.

ერთ-ერთი ონლაინ სასამართლო პროცესი, რომელშიც ადვოკატი მამუკა ზოიძე მონაწილეობს. ფოტოზე ასევე ჩანს მოსამართლე დავით მამისეიშვილი და პროკურორი თორნიკე გოგეშვილი

„არც ერთი პროცესი არ უნდა გაიმართოს ონლაინრეჟიმში. ეს არის საშიში ტენდენცია, რასაც ადვოკატები ახლა სოციალურ ქსელში წერენ და შესაძლოა, ეს მოწონება გამოიყენონ. ჩვენ მივიღებთ დახურულ სასამართლო პროცესებს,“ – ფიქრობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ონლაინ სასამართლო პროცესის მონაწილე ისიც იყო და ხარვეზი არ დაუფიქსირებია, თუმცა ეს ადვოკატი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მონაწილეობა სასამართლო პროცესზე გადამწყვეტია.

„ონლაინპროცესი ფუფუნებაა მოსამართლისთვის და პროკურორისთვის. მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“, ანუ პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილე არ იყო, უნდა დარწმუნდეს მოსამართლის სამართლიან გადაწყვეტილებაში და თუ პროცესს ასეთი პირი არ ესწრებოდა, ვინ დაიჯერებს ამას? მერე მე უნდა მოვყვე, რა იყო პრობლემა და შესაძლოა თქვან, რომ აი, ადვოკატი ტყუის, ან სხდომის ოქმებით უნდა ვირბინოთ…

ჩემი აზრით, ოინლაინრეჟიმში შესაძლოა დარჩეს სამოქალაქო საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე ამის გაკეთება დაუშვებელია,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატები საუბრობენ ხარვეზებზეც. მაგალითად, ლელა ბჟალავა გვიყვება, რომ დღეს, 3 აპრილს, სურდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეში მიეღო მონაწილეობა დისტანციურად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. საუბარია პროცესზე, რომელიც სასამართლო დარბაზში გაიმართა.

„ვერ დავუკავშირდი ვერც კანცელარიას, ვერც მოსამართლის თანაშემწეს. როცა დავუკავშირდი, პროცესი უკვე დაწყებული იყო… ადვოკატის გარეშე შეუფარდეს პირს ჯარიმა. ის გუშინ ღამით დააკავეს, კბილი სტკიოდა და გამაყუჩებლის საყიდლად მიდიოდა აფთიაქში. პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს ადმინისტრაციული წესით,“ – ამბობს ლელა ბჟალავა.

ადმინისტრაციულ პროცესებზე არ არის სავალდებულო ადვოკატის მონაწილეობა, თუმცა პირს, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან, აქვს უფლება, მოითხოვოს ადვოკატი.

„ამ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი ადვოკატის ორდერი ან მინდობილობა. შესაბამისად, თანაშემწე ვერ აცნობებდა მას ამ პროცესის შესახებ. არც სამართლდამრღვევს უთქვამს, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, შესაძლებელი იყო, გამოცხადებულიყო შესვენება… ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ლელა ბჟალავა დაუკავშირდა კანცელარიის თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, ვინ იყო მორიგე მოსამართლე. მოსამართლის თანაშემწისთვის კი, ადვოკატს არ დაურეკავს,“ – ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე.

„მე, მაგალითად, არც ერთი პროცესი არ მქონია ონლაინრეჟიმში, ყველა გადამიდეს. მხოლოდ პრივილეგირებულ ადვოკატებს უნიშნავენ პროცესებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი აზრით, პანდემიის პირობებში, როცა სასამართლო პროცესები ფაქტობრივად საზოგადოებისთვის დაიხურა, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია:

„პროკურატურის დაქვემდებარებულ უწყებად იქცა სასამართლო. ეს არ ეხება ყველა მოსამართლეს, მაგრამ ძირითადად ასეა. თუკი პროკურორს არ სურს კონკრეტული საქმის განხილვა, არ განიხილება. მე 30 მარტს მქონდა ჩანიშნული სხდომა, რომელიც ონლაინრეჟიმში უნდა გამართულიყო, ბრალდებულიც მზად იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხდომაზე ჩართვისთვის, მაგრამ მოულოდნელად მითხრეს, რომ სხდომა პირველ მაისამდე გადაიდო. არავის აუხსნია, რატომ გადაიდო სხდომა,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა, მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, იგი ბათუმში 27 იანვარს შემოსულა.

„ის აღიარებს ამას, ბიზნესმენია და თურქეთში ფულს სძალავდნენ, მაფიას ემალებოდა… მამამისიც აქეთაა და ელოდება შვილის გათავისუფლებას. ეს ბრალდებული მზადაა 20 ათასი ლარი გადაიხადოს  და შედგეს საპროცესო შეთანხმება. რეალურად, მსგავს სიტუაციებში ძირითადად 5 ათასი ლარით აჯარიმებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკურატურას ამ საქმის დასრულება არ სურს… ასეთ შემთხვევებში ბრალდებულს უჩნდება განცდა, რომ კონკრეტული ადვოკატია პრობლემა,“- ამბობს დავით ჯაფარიძე.

საქმეებისთვის პრიორიტეტების მინიჭებით ხსნის ამ კონკრეტული საქმის გადადებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე. ის განმარტავს, რომ ონლაინრეჟიმში მუშაობის დროს გარკვეული დრო სჭირდება სხდომის მომზადებას და მხარეების ჩართვის ტექნიკურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სხდომები იმ რაოდენობით ვეღარ იმართება, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობამდე ხდებოდა. სასამართლოს მენეჯერის თქმით, უპირატესობა იმ საქმეებს ენიჭება, რომლებიც საპატიმროა და კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადა ან კანონით გათვალისწინებული სხვა ლიმიტი იწურება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: