Batumelebi | როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება – Batumelebi

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს.

კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, მაშინ, როცა იტყვიან, რომ ტაძარში მიდიან.

კომენდანტის საათის მიუხედავად, ტაძარში ან რომელიმე სხვა სასულიერო დაწესებულებაში შეკრებილ მრევლს პოლიცია ვერ დააჯარიმებს.

„ეკლესიაში ხალხის შეკრებას იცავს რელიგიის და არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა არ გულისხმობს იმას, რომ ავტომატურად ეს შეზღუდვა სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზეც გავრცელდება. რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საგანგებო რეჟიმის დროს გამოცემული დეკრეტით ვერ შეიზღუდებოდა რელიგიის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა პაატა დიასამიძეს მიაჩნია, რომ „ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, რომელიც თავად უშვებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, ჩვეულებრივ და არა საგანგებო მდგომარეობაში,“ – ამბობს ის.

რატომ შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი ქუჩაში, თუკი იგი ტაძარში მიდის, ან იქედან გამოდის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობს, რაც სახელმწიფოს არ შეუზღუდავს?

„საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილების შეზღუდვა ირიბად ზღუდავს რწმენისა და აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ უფლების დაცულ სფეროში ჩარევას. კონსტიტუციით დაცულ რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს სახეზე. ანუ 21:00 საათის შემდეგ ტაძარში წასვლა იზღუდება, რაც ირიბად ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გვერდითი ეფექტი,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

სააღდგომო ლიტურგიის ამ ფორმით ჩატარებაზე, დღეს, 2 აპრილს, უკვე ისაუბრა ერთ-ერთმა დეკანოზმა, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შალვა კეკელიამ. მან თქვა, რომ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ტაძარში საღამოს 9-მდე მივა და დილის 6-მდე გაჩერდება.

საია-ს იურისტი ასევე ამბობს, რომ ტაძარში შეკრებილ ადამიანებს პოლიცია ვერც რომელიმე რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე მოსთხოვს პასუხს, მაგალითად, ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობაზე.

პატრიარქმა გუშინ, პირველ აპრილს ასევე თქვა, რომ ღვთისმსახურება ვერ შეჩერდება და მრევლს შეუძლია ტაძრების ეზოებში შეკრება. საია-ს იურისტის თქმით, ეზოებში შეკრებილ მრევლზეც ვრცელდება რელიგიის თავისუფლების სტანდარტი, რომლის შეზღუდვაზეც სახელმწიფომ უარი თქვა. შესაძლოა, სამართლებრივი დავებიც მივიღოთ, თუკი ტაძარს ეზო არ აქვს, მაგალითად, ბარბარეს ტაძარს ბათუმში.

„დავის საგანი იქნება ეს: ადამიანი რეალურად რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად არის მისული, თუ, მაგალითად, სასეირნოდ“, – დასძინა პაატა დიასამიძემ.

ამ თემაზე:

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი