Batumelebi | ვინ არის სოფლის ექიმი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამოიცნო ვინ არის სოფლის ექიმი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამოიცნო – Batumelebi

ვინ არის სოფლის ექიმი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამოიცნო

სოფელი კაპანახჩი, იგივე ქვემო ბოლნისი და ამ სოფლის ექიმი ია გოგიძე ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებებზე საუბრისას რამდეჯერმე მოიხსენიეს. ექიმს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა, იმის გამო, რომ მან მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინსტრუქციით შეძლო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის იდენტიფიცირება.

ზუსტად მაშინ, როცა მთავრობა პანდემიასთან გამკლავების საქმეში ოჯახის ექიმების ჩართვასა და მათ როლზე ალაპარაკდა,  პაატა იმნაძის ეს განცხადება ორი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი, შესაძლო გავრცელების კიდევ ერთი კერის დროულად აღმოჩენა, ხოლო  მეორე იყო იმედი იმისა, რომ ოჯახის ექიმები, თუნდაც მცირე დატრენინგების შემდეგ,  შეძლებენ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

სოფელ კაპანახჩის ექიმმა ია გოგიძემ  საეჭვო პაციენტების გამოსავლენად სოფლის კარდაკარ შემოვლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მარნეულში გამოავლინეს ინფიცირებული პაციენტი, რომლის კონტაქტების იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და აქ მასშტაბური შემოწმება დაიწყეს.

„დაგვავალეს ოჯახის ექიმებს, უნდა შეგვემოწმებინა ყველა პაციენტი, ტემპერატურა უნდა გაგვეზომა და ზოგადად, უნდა შეგვეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – გვიყვება ია.

ერთ-ერთი შემოწმების დროს ია ექიმმა საეჭვო პაციენტი აღმოაჩინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და მიმართავდა თვითმკურნალობას, იღებდა ანტიბიოტიკებს, მისი მდგომარეობა კი არ გაუმჯობესებულა:

„დაგვხვდა ქალბატონი მაღალი ცხელებით. გვითხრა, რომ  რამდენიმე დღე იყო ავად, ჰქონდა მშრალი  ხველა და გრძნობდა ძლიერ სისუსტეს, აღნიშნა, რომ სამი დღის წინ ჰყავდა სასწრაფო დახმარება გამოძახებული, მაგრამ არ გადაუყვანიათ. როგორც ჩანს, იმ დროს მისი გადაყვანა საჭიროდ არ ჩაითვალა.“

მას შემდეგ, რაც სიმპტომები საეჭვოდ ეჩვენა, ია ექიმი დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ამ ქალს მოგზაურობის ისტორია. პაციენტმა ექიმს უამბო, რომ  12 მარტს რუსეთიდან ბაქოში ჩავიდა, იქედან კი, 17 მარტს, საქართველოში დაბრუნდა.

„20 მარტიდან უკვე დაეწყო ჩივილები. ყოველივე ამის გათვალისწინებით მივიტანე ეჭვი, რომ ეს იყო სავარაუდო შემთხვევა. სიმპტომები, რაზეც ის ჰყვებოდა, იყო მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სისუსტე…  იმ მომენტში სუნთქვის უკმარისობას არ უჩიოდა, არც ვიზუალურად  იყო გამოხატული ნიშნები, მაგრამ ვინაიდან ერთი კვირის განმავლობაშიც არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევა უნდა  გადამეცა“.

ამის შემდეგ მან 112 -ში დარეკა და პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცა. მალევე პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს: „სამწუხაროდ მისთვის, დადგინდა კორონავირუსის დიაგნოზი, ეპიდემიოლოგიურად კი, საბედნიეროდ, მოხდა ამ შემთხვევის ვერიფიკაცია,“ – ამბობს ია გოგიძე.

მას შემდეგ, რაც ამ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდგომი კონტაქტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგებმა იმუშავეს. ასეთი კონტაქტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო ასზე მეტი:

„ჩივილები 20 მარტს დაეწყო. აღმოჩნდა, რომ 19 მარტს იმყოფებოდა წლისთავზე, სადაც დაახლოებით 100 ადამიანი იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა გაშიფრეს. ამ ქალს თან ახლდა ფეხმძიმე რძალი, რომელმაც იგივე გზა გამოიარა მასთან ერთად, მაგრამ იმ მომენტისთვის სიმპტომები არ ჰქონია. მე ვარ სოფლის ექიმი და მევალებოდა საეჭვო პაციენტების გამოვლენა. შემდეგ კონტაქტების მოძიება უკვე ეპიდემიოლოგიური სამსახურის საქმეა. რა თქმა უნდა, პარალელურად  განხორციელდა ეს,  საქმის კურსში ჩააყენეს ეპიდემიოლოგიური სამსახური, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი შემდეგ  გავიდნენ კონტაქტების სიაზე. კორონავირუსი რძალსაც დაუდასტურდა,“ – გვიყვება ია ექიმი.

ამ ორი შემთხვევის გარდა ქვემო ბოლნისში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც სოფელი სრულად ჩაკეტეს.

დავინტერესდით, რა აღჭურვილობით იცავდა თავს ია ექიმი პაციენტების კარდაკარ გადამოწმებისას.  როგორც თავად გვითხრა, მას ეცვა სამედიცინო ხალათი, ეხურა შესაბამისი ქუდი და ეკეთა ხელთათმანები, სახე პირბადით და თვალების დამცავი ფარით  ჰქონდა დაფარული. მას შემდეგ კი, რაც მას გაუჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, მაშინვე მიმართა ზომებს – შეიცვალა პირბადე, მოიშორა ხალათი  და  დაიმუშავა ხელები. „მქონდა მოლოდინი, რომ ეს შემთხვევა დადასტურდებოდა,“ – ამბობს ის.

ია ექიმი ადასტურებს პაატა იმნაძის ნათქვამს იმის შესახებ, რომ შესაბამის პროტოკოლს ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გაეცნო:

„ზოგადადაც მაინტერესებდა და პროფესიული თვალსაზრისითაც, რაც  ხელმისაწვდომი იყო, ყველა მასალას ვეცნობოდი, ასევე დამეხმარა წლების გამოცდილება და ინტუიცია. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობასთანაც გვქონდა კავშირი და მათგანაც ვიღებდით რეკომენდაციებს“.

ია გოგიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 წელია მუშაობს, რვა წელია უკვე ქვემო ბოლნისის, იგივე სოფელ კაპანახჩის ოჯახის ექიმია.

ერთ დღეში, მას შემდეგ, რაც ია ექიმზე პაატა იმნაძემ ისაუბრა, მის ცხოვრებაში ორი რამ შეიცვალა – ერთდროულად ბევრ ჟურნალისტს გაუჩნდა მასთან გასაუბრების სურვილი, გარდა ამისა, შეიცვალა ქვემობოლნისელი პაციენტების დამოკიდებულება მის მიმართ:

„აღფრთოვანება გამოხატეს, რა კარგი ექიმი გვყოლიაო. იცით, ეს ადამიანურად მაინც სასიამოვნოა. გარდა ამისა, ეს აზერბაიჯანულენოვანი უბანია და ენობრივი ბარიერის გამო ყველა არ მიცნობდა, მაგრამ ბოლო ექვს დღეში თითქმის ყველა ოჯახი შემოვიარე“.

ია ექიმი ფიქრობს, რომ ბოლნისელები ამ შემთხვევის შემდეგ უფრო ფრთხილად არიან: „ადრე მე  ვუხსნიდი, ყველა ოჯახს ვაძლევდი რეკომენდაციას და ვუყვებოდი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ დაეცვათ თავი, ვეუბნებოდი, რომ ეს იყო ვალდებულება. ახლა თავადაც მეკითხებიან, ისიც კი მკითხეს, პენსიის ასაღებად შეიძლება თუ არა წასვლაო“.

ია ექიმის თქმით, საჭიროა მეტი რეკომენდაცია ადამიანებისთვის, რადგან ის შეხვდა პაციენტს, რომელსაც ეგონა თვითიზოლაცია მხოლოდ სახლიდან არგასვლას ნიშნავდა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია პრობლემა არ იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი