მთავარი,სიახლეები

კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

02.04.2020 •
კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“.

ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომელთა“ სიაც, თუ ვინ უნდა მიიღოს დახმარება.

„ბათუმელებმა“ აღნიშნული სია სამინისტროდან ოფიციალურად მოითხოვა, თუმცა არ მოგვაწოდეს.

„გაცნობებთ, რომ დანართი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად ვერ გაწვდით“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ამ სიაში მოხვედრილი პირები თანხას „პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“ მიიღებენ.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია ასევე, რომ სიებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია „ქართუს“ წერილობითი თანხმობით და არ საჭიროებს ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას მხარეებს შორის.

საგადასახადო ვალდებულებებზე [ასეთის არსებობის ან შემდგომში გაჩენის შემთხვევაში] კი, პასუხისმგებელია მხოლოდ გრანტის მიმღები ანუ სამინისტრო.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტროს „უფლება არ აქვს, გამოიყენოს გრანტი სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნებისთვის“.

„ქართუ“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის თაობაზეც ის 30 დღით ადრე შეატყობინებს სამინისტროს.

4 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე აწერენ.

ფონდი „ქართუ“ კულტურის მუშაკებზე ყოველთვიურ ჰონორარებს სამინისტროს გავლით რამდენიმე წელია გასცემს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: