ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

ევროპარლამენტის შენობაში, ბრიუსელში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს, რომელთა უმრავლესობაც ბელგიაში, კორონავირუსის პანდემიისას, კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.

BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტის ოფისი მათთვის ოთხშაბათიდან, 29 აპრილიდანაა ღია.

ოფისები საძინებლებად იქცა. თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. მათ ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებით და უწევენ სამედიცინო დახმარებას.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში განთავსებულ ევროპარლამენტის შენობაში ძალადობის მხვერპლი ქალების განთავსების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პანდემიის გამო ქვეყანაში დაიხურა მსხვერპლთა თავშესაფრების უმეტესობაი, მოძალადეებთან ერთად ერთ ჭერქვეშ იზოლირებულ მსხვერპლ ქალებს კი ხშირად უწევდათ ძალადობისგან თავდასაღწევად სახლიდან გასვლა და ქუჩაში ყოფნა.

ბრიუსელის მთავრობა ზოგადად უსახლკაროებს დროებით საცხოვრებელს სთავაზობს ასევე სასტუმროებშიც, პანდემიის დროს.

ევროპარლამენტის შენობა ახლა ძირითადად ცარიელია, სხდომებზე მხოლოდ ევროპარლამენტის რამდენიმე ძირითადი წევრი მიდის, სხვები კი ვიდეოზარებით ერთვებიან.

შენობა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, ევროპის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

პანდემიის პირობებში ევროპარლამენტის შენობის სამზარეულოში ახლა 1000-მდე სხვადასხვა კერძი მზადდება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უსახლკაროებს ამარაგებენ და ეხმარებიან.

ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან

ხელვაჩაურში, სოფელ სინდიეთში, მდინარე მაჭახელაზე სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე კონკრეტული ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

მაჭახელადან ინერტული მასალის ამოღებაზე ფეისბუქლაივი მოქალაქე მერაბ ღოღობერიძეს 29 აპრილს ჰქონდა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვიდეოგადაღების დროს ხელი შეუშალეს, 112-ზე დარეკა და შემდეგ მივიდნენ ადგილზე სამართალდამცველები.

„…დიდი ხანია მიმდინარეობს ინერტული მასალის ამოღება და ამაზე არავინ რეაგირებს, ხელს აფარებენ და თითქოს ფიზიკური პირი იღებს ამ ინერტულ მასალას. რამდენიმე სატვირთო მუშაობდა ადგილზე. ჩემი ინფორმაციით, კომპანია აკეთებს ამას, რომელსაც ლიცენზია არ აქვს და პანდემიის დროსაც უკანონოდ იღებდა ამ მასალას მდინარიდან,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, კანონდარღვევა დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 აპრილს გამოავლინეს, რომ მოქალაქე რ.ვ.-ს ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 520 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. მოქალაქეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის მუხლის შესაბამისად. ამ უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ საქმის მასალები რაიონულ სასამართლოში გადააგზავნეს.

სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა 1000-1500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, ასევე სამართალდარღვევის ობიექტის – მყარი სასარგებლო წიაღისეულის კონფისკაციას.

მთავარი ფოტო: ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება მდინარე მაჭახელაზე, მერაბ ღოღობერიძის ფოტო 

________

ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 88 პირი დააჯარიმეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან 1-ლი მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 88 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 7 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 61 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

მთავარი ფოტო: შსს

ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

ნაირა პაქსაძე მარნეულში, სოფელ მარადისში ცხოვრობს. ის ამ სოფელში გაიზარდა. ოჯახი 16 წლის ასაკში იძულებით შექმნა, რადგან, როგორც გვითხრა, მოიტაცეს. ნაადრევი ქორწინების მიმართ ყოველთვის პროტესტი ჰქონდა და ახლა აქტიურად იბრძვის კიდეც მის წინააღმდეგ. „ბოლოს და ბოლოს, კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ცუდია და ბოლო 3-4 წელია, ჩვენს სოფელში ნაადრევი ქორწინება არ გვქონია“, – გვითხრა მან. ნაირა და მისი თანასოფლელი ქალები ფონდ „ტასოს“ აქტივისტები არიან და სოფელში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც აქტიურად ცდილობენ.

„9 აქტივისტი ქალი ვართ და აქედან ყველას ადრეული ქორწინების ისტორია გვაქვს. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ ამის შესაცვლელად“, – გვეუბნება ნაირა. სწორედ ამ ქალებმა აიღეს საკუთარ თავზე მათ სოფელში კორონავირუსისგან დაინფიცირებული ორი ოჯახის დახმარება და მეზობლების ნარგავები სარეველებისგან გაწმინდეს.

ნაირა პაქსაძემ და მისმა თანასოფლელმა ქალებმა კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორი ოჯახის კარტოფილის ნარგავები გათოხნეს

„რადგან სამზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, 3-3 ჯგუფად გადავნაწილდით და ასე ვმუშაობთ. ჩვენს სოფელში ორი ოჯახია დაინფიცირებული,  ერთი ოჯახიდან 4 წევრი, მეორეში 3 წევრია ინფიცირებული. ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, კარტოფილი გაფუჭებული რომ არ დახვდეთ, ნარგავები გავუწმინდეთ. ახლა ბროკოლი უნდა დავუთესოთ და როცა სახლში დაბრუნდებიან, ჩითილები დახვდებათ“ , – გვეუბნება ნაირა.

გათოხნილი ყანის ფოტოები კლინიკაში მოთავსებულ მეზობლებსაც გაუგზავნეს. „არ ელოდნენ, ცრემლებით გამოხატეს მადლიერება. საავადმყოფოში ვერ ვნახულობთ და ეს მაინც ხომ შეგვიძლია გავუკეთოთ“, – ამბობს ნაირა.

სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად არის ჩართული ციცინო კახაძეც. ის ამ სოფელში ექვსი წლის გადმოვიდა საცხოვრებლად წალკის მუნიციპალიტეტიდან. მისი ოჯახიც ეკომიგრანტია და წალკამდე ხულოში, სოფელ კორტოხში ცხოვრობდნენ.

ციცინოს ისტორია კიდევ იმით ჰგავს ნაირა პაქსაძისას, რომ ისიც ნაადრევ, 14 წლის ასაკში დააოჯახეს. ციცინო ამბობს, რომ მაშინ მას არჩევანი არ ჰქონდა და ყველაფერს მშობლები წყვეტდნენ.

„ნაადრევი ქორწინების გამო ვერ მივიღე განათლება. ახლა 42 წლის ვარ და ძალიან მინდა ბუღალტერია შევისწავლო, მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა. ატესტატი არ მაქვს, სკოლა ვერ დავასრულე“-გვეუბნება ის.

ციცინო კახაძე

აქტივისტ ქალებს კარგად ესმით განათლების მნიშვნელობა, ამიტომ ახალგაზრდებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობენ.  „მე მათ სულ ვეუბნები თუ რა ცუდია ნაადრევი ქორწინება, რამდენი პრობლემის წინაშე აყენებს ის ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგონებს. ვურჩევ, რომ მთავარია მიიღონ განათლება, ისწავლონ, გაერთონ, გამონახონ საკუთარი თავისთვის დრო და ოჯახის შექმნას ყოველთვის მოესწრებიან“-ამბობს ციცინო.

ნაირა, ციცინო და მათი თანასოფლელი ქალები კოვიდ 19-ის პანდემიისას სოფელში მარტოდ დარჩენილ მოხუცებსა და გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარებიან.

ქალებმა თავიანთი დანაზოგით პირბადეები შეკერეს, სადეზინფექციო ხსნარები და სველი ხელსახოცები შეიძინეს და სოფლის მცხოვრებლებს დაურიგეს.

„სოფელში ბავშვებს „ეკოკლუბი“ აქვთ, ამ ბავშვებმა მეზობელ სოფელშიც მოიძიეს გაჭირვებული ოჯახები და ჩვენ, ქალებმა, მათთვის სურსათი შევაგროვეთ და მივუტანეთ. 7 ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და მათაც დავეხმარეთ საკვებით. ვფიქრობ, ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში“, – ამბობს ნაირა პაქსაძე.

ციცინო კი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს თავიანთი სათბურიც აქვთ. როცა მოსავალს ჰყიდიან, იმ ფულით სხვა გაჭირვებულ თანატოლებს ეხმარებიან, მათ შორის მეზობელ სოფელშიც. „ბევრ თანატოლს აუსრულეს ოცნება“-გვეუბნება ციცინო. მისი აზრით, პიროვნული მაგალითი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მათ ყოველდღიურად უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს სოლიდარობა და თანადგომა.  როცა ჩვენ გვიყურებენ, ისინიც იგივეს აკეთებენ“-ამბობს ციცინო კახაძე. მისი თქმით, დაეხმარო შენზე სუსტს, ბედნიერებაა.

„სხვა ადამიანებს რომ ვეხმარები სიამოვნებას მანიჭებს, ეს ერთგვარი სტიმულია, რომ სოფელში ყველა კარგად ვიყოთ და არ გვყავდეს გვერდით გაჭირვებული მეზობელი. ვფიქრობ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში“-გვეუბნება ის.

აქტივისტი ქალები გარდა სოლიდარობისა, გარემოზე ზრუნვითაც გამოირჩევიან. მათ მიაჩნიათ, რომ შენი ქვეყნის სიყვარულია ის, როცა საკუთარი ჭიშკრის, ეზოს იქეთაც გრძნობ პასუხისმგებლობას.

„ცენტრალური გზიდან სოფლამდე, თითქმის ერთი კილომეტრია. გზის ამ მონაკვეთს სოფლის ახალგაზრდები თავიანთი ინიციატივით ყოველ შაბათ -კვირას ასუფთავებენ და ჩვენც ვეხმარებით, ვწმენდთ ნარჩენებისგან გარემოს. ვცდილობთ, არც ნიადაგი დავაბინძუროთ. უკვე ყველა ცდილობს გარემოს სადაც ვცხოვრობთ, გაუფრთხილდნენ“-გვეუბნება ციცინო.

ქალების აზრით, თუ გვინდა რაღაც შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ უკეთესობისკენ, ამისთვის ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი.

ციცინო კი ამბობს: „ცვლილება თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან თუ ჩვენ არ ვიქნებით აქტიურები, მზამზარეულს არავინ არაფერს მოგვიტანს. ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა და მხარდაჭერაც, მაგრამ ბრძოლა ცხოვრებისთვის, საკუთარი ინიციატივების განხორციელებისთვის, თავისუფლებისთვის, მაინც ყოველდღე და ყველგან საჭიროა“.

ყველაზე მეტად ახლა სოფელს რაც უჭირს, ის არის, რომ მოწეულ ბოსტნეულს ვერ ყიდიან. „სალათის ფოთოლი გვაქვს დიდი რაოდენობით, სხვადასხვა ჯიშის, სხვა ბოსტნეული იყიდება, მაგრამ სალათი ძნელად. ამბობენ, სასტუმროები და კაფე-ბარები რომ აღარ მუშაობს, აღარც სალათი იყიდება. ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ესაა“.

შემდეგი გამოწვევა განათლებას უკავშირდება. სოფელს ინტერნეტი არ აქვს, ამიტომ როგორც ქალები ამბობენ, ონლაინგაკვეთილების დროს ხშირია ტექნიკური პრობლემები, ამიტომ ბავშვების განათლება უფრო მეტად, ტელესკოლაზეა დამოკიდებული.

სოფლის ახალგაზრდები ყოველწლიურად სოფლის ფესტივალსაც მართავენ და აქტივისტი ქალები ამ პროცესშიც მონაწილეობენ. თუმცა პანდემიის გამო წელს ეს ნაკლებად შესაძლებელია. ფესტივალზე სოფელი თავის მოწეულ პროდუქტს გამოფენს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს, სამზარეულოს და ყიდიან, შემოსული ფულით კი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან.

ნაირა ისევ ნაადრევი ქორწინების თემას უბრუნდება. ის ამბობს, რომ ფონდი „ტასო“ ადრეული ქორწინების მსხვერპლ ქალებს პროფესიული განათლების დაფინანსებას დაჰპირდა.

„ძალიან ბევრი ქალია ასეთი, ვინც განათლება ნაადრევი ქორწინების გამო ვერ მიიღო. ძალიან უნდათ, რომ პროფესია ჰქონდეთ. გვინდა, რომ ქალები აქტიურები იყვნენ. ჩვენ ფონდში გაწევრიანებამდეც ვაპროტესტებდით ადრეულ ქორწინებებს, ოჯახში ძალადობას და ვამბობდით, რომ ქალებს უფრო მეტი შეგვიძლია. კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ძნელად, მაგრამ მაინც მიხვდნენ. ჩემი ოჯახისგან კი მხარდაჭერა მქონდა და მითხრეს, აუცილებლად უნდა ჩავრთულიყავი აქტივიზმში“, – გვეუბნება ნაირა.

სოფელ მარადისში ძირითადად აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფელში 48 ოჯახია. „გვყავს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მეზობლებიც და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – ამბობს ნაირა.

_____

ქალებმა Covid-19-ით ინფიცირებულის ოჯახს მოსავალი შეუნარჩუნეს

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ ვირტუალური კვირეული

წელს „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში – www.kolga.ge უმასპინძლებს.

4 მაისს, გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელსა და „არტ არეას“ პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

[checklist]

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • ერთი კადრი
  • საუკეთესო მობილური ფოტო

[/checklist]

5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური თუ ინდივიდუალური გამოფენა, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.

წელს საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს – 1000 აშშ დოლარი, საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი, 500 აშშ დოლარი გადაეცემა.

25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით – KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში – www.kolga.ge ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ფაბიო სგროის (იტალია), მარტინ ბოგრენის (შვედეთი), ნინა კორონენის (შვედეთი), ფინბარ ორაილის (ინგლისი), მეს ნისენის (დანია), გიორგი შენგელიას (საქართველო), ლუის ვაინშტაინის (ჩილე) და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის, საერთაშორისო ფოტოჟურნალების – GUP-ისა და EEP Berlin-ის გამოფენები.

გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტკრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ და საუკეთესო გამოცდილება მიიღონ. ამ სექციით „ქოლგა თბილისი ფოტო“ საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

„თიბისი“ მე-16 წელია „ქოლგას“ მხარდამჭერია. წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, „თიბისი“ სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა – სტატუს შეხვედრები, საკუთარი მომხმარებლებისთვის 2 დისკუსიას უმასპინძლებს:

[checklist]

  • ფოტოგრაფიის ლექტორი, ხოსე ლუის ნევესი – „Let’s Get Physical! Interrogating the Boundaries of Photobook Making“.
  • ბრიტანელი ფოტოგრაფი, „Canon“-ის ელჩი, კლაივ ბუთი – „Recipe for a portrait“.

[/checklist]

ფოტოკვირეულის პარტნიორი მუზეუმები და გალერეები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელოვნების სასახლე, თიბისი არტ გალერეა, არტარეა გალერეა, გალერეა Fotografia, უსახელო გალერეა, გალერეა ლიჰტბლიკი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.kolga.ge

მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ს სახელმწიფო დაუფარავს-მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, განახლდა პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, რომლითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, 2-ის ნაცვლად აიღოს 5 მილიონამდე ლარის სესხი, ხოლო ამ სესხის უზრუნველყოფის 90 პროცენტს სახელმწიფო დააფინანსებს.

„ეს არის პროგრამა, როცა სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება სესხის უზრუნველყოფაში, თანაგარანტორად ვუდგებით ჩვენ ბიზნესს, როცა მათ არ ჰყოფნით თავიანთი უზრუნველყოფა ბანკში ჩასადებად იმისთვის, რომ აიღონ სესხი. აქამდე ჩვენ მივყვებოდით ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 70%-ში და დღეს, როცა საუბარია ახალი სესხის მოზიდვაზე, 90%-ის სუბსიდირებას მოახდენს სახელმწიფო, ანუ პრაქტიკულად სრულად და ბიზნესებს არ დასჭირდებათ დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა“, – აღნიშნა დღეს, 1-ელ მაისს მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ბიზნესს 30%-მდე უზრუნველყოფას შესთავაზებენ: „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ადრე იყო 2 მილიონი ლარი მაქსიმალური ზღვარი, რაც შეეძლო აეღო ჩვენი უზრუნველყოფით, ამჯერად კი 5 მილიონამდე ცალკეულ სესხს ჩვენ დავუდგებით გვერდში. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესებმა შეძლონ შეინარჩუნონ აქტივობა, შეინარჩუნონ პერსონალი, მოემზადონ გახსნისთვის. სულ ისარგებლებს რამდენიმე ათასი ბენეფიციარი, მაგრამ ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მაქსიმალური წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარია და ასეთები არის ჩვენი ბიზნესის 90%-ზე მეტი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, „რესტრუქტურიზაციის დროს ვავალდებულებთ ბანკებს, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ იგივე პროცენტი და არ გაუძვირონ დღეს გაცემული სესხები ბიზნესებს“.

ამ პროგრამის მთლიანი მოცულობა კი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ეს დაეხმარება ბიზნესს ჯამში 2,1 მილიარდი ლარის პორტფელი მოიზიდონ და გააჯანსაღონ.

განახლდა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამაც: ბიზნესის სესხის პროცენტის თანადაფინანსება 24-ის ნაცვლად იქნება 36 თვე; თანადაფინანსების პროცენტი ამ პროგრამის ფარგლებში 7-ის ნაცვლად იქნება 11,5%; სესხის მინიმალური ზღვარი კი 150 000 ლარის ნაცვლად იქნება 50 000 ლარი.

„ამასთან ჩვენ საბრუნავ საშუალებებს არ ვაფინანსებდით. ამჯერად ნახევარს 50%-ს დავაფინანსებთ [ვალდებულებებისთვის და ხელფასების გასაცემად]. პროგრამაში 104 დარგი გვქონდა, ახლა იქნება 211 და სულ მცირე 300 მცირე და საშუალო საწარმო ისარგებლებს ამ პროგრამით,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად სპეციფიკურ გეგმასაც ამზადებს და ეს გეგმა ახლა შემუშავების პროცესშია.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/448684/

როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC

პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი და არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი რამდენი ხნით დარჩება სამუშაოს გარეშე. COVID 19-ის პანდემია საყოველთაო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც მასშტაბურ რისკებს აჩენს.  ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გადააზრებისა და ახალ დღის წესრიგზე გადაწყობის საშუალებასაც ქმნის.

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი  მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება და სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.

EMC: ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია მშრომელების მნიშვნელობასა და მოწყვლადობას ერთდროულად ააშკარავებს. დღეს ყველაზე უკეთ ჩანს, რამდენადაა დამოკიდებული სოციალური კეთილდღეობა, თანამედროვე ცხოვრების წესი და არსებული ეკონომიკური წესრიგი საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების, ექიმებისა და ექთნების, მკერავების, მეეზოვეების და სხვების ფიზიკურად მძიმე და არასათანადოდ ანაზღაურებულ ყოველდღიურ შრომაზე. დღეს, როცა ტყიბულში, რუსთავში, ჭიათურაში და სხვაგან, მძიმე და სამთო-მოპოვებით ინდუსტრიებში დასაქმებულები მუშაობას პანდემიის მიუხედავად, გაზრდილი საფრთხის პირობებში აგრძელებენ, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შრომა ქვეყნის ეკონომიკისთვის. თვალსაჩინოა ისიც, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი სამუშაო გარემო მათთვის უკვე წლებია უცვლელი მოცემულობაა.

EMC-ი წერს, რომ საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. “სისტემატიური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ. შექმნილმა ვითარებამ ზედაპირზე გამოიტანა და ხილული გახადა მშრომელთა მოწყვლადობა და სამართლიანი საკანონმდებლო მოწესრიგების, ქმედითი ინსტიტუტებისა და სოციალური დაცვის მყარი გარანტიების არარსებობა”.

უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში – “ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელ პრობლემად რჩება და მეშახტეები, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ყოველდღიურად, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი აუდიტის დასკვნის თანახმად, შახტების ფუნდამენტური ოპტიმიზაციის გარეშე იქ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა დაუშვებელია, მუშაობა ისე გრძელდება, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესებულა, არამედ რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. მძიმე და უსამართლო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ჭიათურასა და რუსთავშიც, სადაც გასულ წელს მშრომელთა მასიურ გაფიცვას ჰქონდა ადგილი”.

შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფა ხშირი პრაქტიკაა სერვისის სექტორშიც – “სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს  არარეგულირებული სამუშაო დრო, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროის არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსების შემლახავი პრაქტიკები. ამასთან, კონსულტანტებს საფრთხის შემცველ გარემოში და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო, რაც წლის დასაწყისში კონსულტანტის გარდაცვალების მიზეზიც გახდა”.

მაღალი რჩება მშენებლობაზე დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვიც – “2019 წელს 29 მუშა გარდაიცვალა და 54 დაშავდა; შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ, მათ შორის, არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა. გახმაურებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები, – ღირსებისშემლახავი დისციპლინა და საფრთხისშემცველი გარემო, მძიმე შრომისთვის შეუსაბამო დაბალი ანაზღაურება, რომლის ოდენობა არასტაბილური და არაგანჭვრეტადია და სხვა…”

გარდა ამისა, EMC-ი წერს, რომ კვლავ დაუფასებელია და მძიმე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე სოციალური მუშაკების შრომა – “მათ არ აქვთ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსები, ხოლო მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ძალზე სუსტია. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვეა, გრძელდება შრომითი უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა”.

შრომის ინსპექცია, როგორც შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმის გაძლიერების აუცილებლობა EMC-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი მუხლები ამოქმედდა და ინსპექციას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორის შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა, კვლავ დღის წესრიგში რჩება ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით გაძლიერების საჭიროება.

“გარდა ამისა, შრომის ინსპექცია დღეს მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო გარემოს კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებს და კვლავ არ აქვს შრომითი უფლებების დარღვევაზე სანქცირების მანდატი, რაც გადატვირთული სასამართლოსა და გაჭიანურებული შრომითი დავების პირობებში, უკიდურესად ართულებს მშრომელთა უფლებების დაცვას, 2014 წლიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი მედიაციის ინსტიტუტიც, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა დავების გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კოლექტიური დავის პროცესში შრომითი მედიაციის წარუმატებლობამ კიდევ ერთხელ ცხადყო”.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დასაქმების ფორმალურ სექტორში შრომითი უფლებების კუთხით არსებული ჩავარდნების გარდა, ეხმაურება თვითდასაქმებული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას  –  “სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თვითდასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რამაც თავი პანდემიის დროს იჩინა, როცა ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის მიზნებისთვის თვითდასაქმებულთა აღრიცხვა და მათი საჭიროებების ცოდნა გახდა საჭირო. აღნიშნული ჯგუფი, რომელთა ყველაზე მოწყვლად ნაწილს ზრუნვით შრომაში (დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები) ჩართული ქალები წარმოადგენენ, სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება”.

EMC: სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობის რეფორმის 2019 წელს დაწყებული პროცესი, რომელიც მშრომელების უფლებების დაცვის კუთხით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებდა, როგორიც სამუშაო დროის დარეგულირება, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება, დისკრიმინაციის თუ დეკრეტული შვებულების, სტაჟირების თუ არასრული განაკვეთის წესების დახვეწა, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური გაძლიერებაა, გაურკვეველი დროით გადავადდა. შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბისა და კანონმდებლობისა და მისი აღსრულების ინსტრუმენტების ხარვეზების გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშნველოვანია ამ პროცესის დაუყოვნებლივ განახლება და მასში მშრომელების მაქსიმალური ჩართულობა.

 

გაერო: ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ.

  • როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო?

შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი ზეგავლენა აქვს ამას ეკონომიკებსა და საზოგადოებებზე, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მაგრამ არ ვარ გაკვირვებული, რადგან სამწუხაროდ, ფაქტია, მსოფლიომ ვერ შეძლო გაერთიანებულიყო და ერთად გამკლავებოდა COVID19-ს, ერთმანეთთან შეთანხმებულად. ყველა ქვეყანამ თავისი პოლიტიკა გაატარა, ქვეყნებს ჰქონდათ განსხვავებული ხედვები, სტრატეგიები და ამან საშუალება მისცა ვირუსს გავრცელებულიყო, ემოგზაურა ერთი ადგილიდან მეორეზე… ჩვენ დაგვჭირდება პანდემიაზე საერთაშორისო საპასუხო რეაქციის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც ყველა ქვეყანას ექნება დამატებითი, როგორც COVID19-თან ბრძოლის, ისე მისგან გამოსვლის, შემდეგ ქვეყნების ხელახლა გახსნისა და აღდგენის სტრატეგიები.

  • ამერიკა-ჩინეთს შორის ძალების დატოლებას და პროპაგანდისტულ ომს გულისხმობთ, რომელიც COVID19 პანდემიის შემდეგ დაიწყო? 

ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩვენ გვაკლია ლიდერობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მთავარი ქვეყნები, მთავარი ძალები შეძლებენ გაერთიანებას, შეძლებენ ჰქონდეთ ერთიანი სტრატეგია და შემდეგ, მათთან ერთად გაერთიანდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს ერთგვარი შესაძლებლობა, კერძოდ, კლიმატის ცვლილებასთან, მსოფლიოში გაბატონებულ უთანასწორობასთან და იმ ხარვეზებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენს სოციალურ დაცვის სისტემაში არსებობს – ეს შეიძლება იყოს სხვანაირად აღდგენის შესაძლებლობა. მაგრამ ეს მოითხოვს ბევრად უფრო ეფექტურ საერთაშორისო  თანამშრომლობას.

  • დააგვიანა თუ არა ჯანმომ განგაშის ზარი? ჯანმოს წევრმა სახელმწიფოებმა თქვეს, რომ მათ არ მიუღიათ გაფრთხილება იანვარში ან თებერვალში. 

ვფიქრობ, როდესაც გაფრთხილება იყო, ეს, სულ მცირე, საკმარისი იყო ბევრისთვის იმის გასაკეთებლად, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, რომ სერიოზულად შევხედოთ იმას, რაც მოხდა, შევისწავლოთ და ვისწავლოთ გაკვეთილი აქედან. ჩემი აზრით, ახლა არ არის ეს მომენტი, ახლა არის მომენტი, რომ კონცენტრირებულად მივმართოთ ძალისხმევა COVID19ის დამარცხებისკენ.

  • შეცდომა იყო თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა დაფინანსება ჯანმოსთვის?

მიმაჩნია, რომ აუცილებელია WHO-ში მაქსიმალური რესურსების შენარჩუნება, რადგან არსებულ ვითარებაში შეუძლებელია მისი ჩანაცვლება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდებაში და დღეს ჩემი მთავარი წუხილი სწორედ განვითარებადი სამყაროა. განვითარებად სამყაროზე გაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მოცემულ მომენტში არ არის გულუხვობის საკითხი, ეს საკუთარი ინტერესის საკითხია. გლობალური ჩრდილოეთი ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ გლობალური სამხრეთი იმავდროულად არ დაამარცხებს მას.

  • როგორი უნდა იყოს ახალი რეალობა, რომელიც პანდემიის შემდეგ უნდა დადგეს?

ვფიქრობ, ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ რაღაცები გავაკეთოთ სხვანაირად. ნათელია, რომ მსოფლიო ძალიან მსხვრევადია/სათუთია იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, რის წინაშეც ვდგავართ. ეს მსხვრევადობა აშკარად გამოჩნდა პანდემიასთან მიმართებაში, რადგან ეს იყო მყისიერი ზეგავლენა. ბევრს ეჭვი ეპარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხანგრძლივ პროცესში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უკვე აქ არის და ვიცით, რომ ის უკვე დამანგრეველია. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღდგენის პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ ყველაფერი იყოს უფრო მეგობრული მწვანე ეკონომიკის, მწვანე საზოგადოების მიმართ.

სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა.

სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს შეხვდა და ფული გადასცა. ამ შეხვედრის ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერი სასამართლოში მთავარი მტკიცებულება გახდა. მოწმემ, რომელმაც განუბაჟებელი სამშენებლო მასალის შემოტანისთვის ქრთამი გადაიხადა, მოსამართლეს უთხრა, რომ სარფის საბაჟოზე გაიცნო მებაჟე, დაუახლოვდა და მებაჟემ თავად შესთავაზა არადეკლარირებული საქონლის შემოტანაში დახმარება.

„საუბრისას ბრალდებული ამტკიცებდა, რომ პატივისცემის შემთხვევაში რ.-ის ავტომანქანას სკანირების პრობლემის გარეშე გაატარებდა…“ – თქვა მოწმემ. მოწმის განმარტებით, მას მებაჟის შეთავაზებაში ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა. ამ თანამშრომლობის შემდეგ გადაუღეს მებაჟეს ფარულად. მებაჟე იმავე დღეს დააკავეს სუს-ის თანამშრომლებმა.

საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება სასჯელის სახით მხოლოდ და მხოლოდ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში Covid19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 114 431-ია, მათგან 7 933 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ეს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 30 აპრილის მონაცემებით, რუსეთში 24 საათში 7 099 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

Covid19-ის ეპიდაფეთქების შედეგად რუსეთში ჯამში 1169 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 96 – ბოლო 24 საათის განმავლობაში. ჯამში გამოჯანმრთელებულია 13 220 ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა COVID19-ის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იგი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.
გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი, ვიცე-გუბერნატორის ოლეგ ერგაშევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პეტერბურგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 111 თანამშრომელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია

პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი ბათუმში შეჩერებულია. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს, თუმცა, როგორც ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგი პანდემიის გამოა შეჩერებული და როდის განახლდება, ჯერ უცნობია.

„არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე მონიტორინგი ჯერ ვერ აღდგება, ვიდრე ამ მიმართულებით არ იქნება გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული. როცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, შესაძლოა მონიტორინგიც განახლდეს,“ – გვითხრეს ინსპექციაში.

ბათუმში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, ნიშანში, ტროტუარსადა ველობილიკზე დგომის, ასევე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის ჯარიმა 50 ლარია.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის ოდენობას, ის 2020 წლის თებერვლის ბოლოს შეიცვალა. ეს გადასახადი გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს:

1 დღე – 10 ლარი [იყო 1 ლარი];
7 დღე – 20 ლარი [იყო 5 ლარი];
30 დღე – 30 ლარი [იყო 10 ლარი];
182 დღე – 45 ლარი [იყო 25 ლარი];
365 დღე – 60 ლარი [იყო 40 ლარი].

როგორც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“  გვითხრეს, გადასახადის გადახდის ვალდებულების კუთხით არაფერი შეცვლილა და გადასახადის ოდენობა მარტიდან ძალაშია.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები

სააგენტო ბარათაშვილზე დამწვარი სახლის რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში, აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის ღირებულება 12 000 ლარია. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხანძარი 28 მარტს გაჩნდა, დაიწვა სახურავი და მეორე სართულის ნაწილი, ხოლო ნაწილი წყლის ჭავლმა დააზიანა.

ხანძრის შედეგად ბათუმში რვა ოჯახის საცხოვრებელი დაზიანდა. ისინი ამ დროისთვის ნათესავებთან ცხოვრობენ. მერიის ინფორმაციით, ოჯახები თავად მოძებნიან დროებით საცხოვრებელს, რომელთა დასაქირავებლად თანხას მერია გაიღებს.

რას უპირებს სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე დამწვარ სახლს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა.

სულ დარეგისტრირდა:

  • აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი
  • სტუდენტები – 3 600-ზე მეტი
  • მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი
  • მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი

ცენტრის ინფორმაციით,  პანდემიის მიუხედავად, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. „ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები“.

ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

გოდერძის უღელტეხილზე თერმოსკრინინგი დაიწყო

„ბათუმი-ახალციხის გზის გოდერძის უღელტეხილი გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამიტომ იქ დავიწყეთ თერმოსკრინინგი. ჯერ გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ინტენსიური არ არის, თუმცა ყველა გამვლელს შეამოწმებენ, ადგილზე მუშაობს მობილური ბრიგადა. “  – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე.

ამ დრომდე თერმოსკრინინგი მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 11 100-ზე  მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა ქობულეთის კლასტერის გამო. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1600 პირია, 4600-მა პირმა კი ასეთი სივრცეები უკვე  დატოვა.

ცხელების კლინიკაში კი, ბათუმში, ამ დროისთვის სულ 40 პირია და მათი კვლევის შედეგებს დღეს, 1-ელ მაისს ელოდებიან.

ამ თემაზე:

ნიჟარაძე: არ გვაქვს კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა, დაგვემატა 3 გამოჯანმრთელებული

ტრამპი აცხადებს, რომ Covid 19 ჩინური ლაბორატორიიდანაა, აშშ-ს დაზვერვა არ ეთანხმება

ტრამპი აცხადებს, რომ ნახა მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიგონეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსი. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ან ვერ შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება, ან მიიჩნიეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ნახა თუ არა მან სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსის წყარო ნამდვილად უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ სარწმუნო მტკიცებულებები აქვს.

„მათ შეცდომა დაუშვეს, შეიძლება ყველაფერი მართლაც შეცდომით მოხდა, მაგრამ მათ შეცდომას კიდევ შეცდომა დაუმატეს – ან ვინმემ ეს სპეციალურად გააკეთა“, – ამბობს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ეროვნული დაზვერვის აპარატის დირექტორის ოფიციალური პატაკის მიხედვით, რომელიც დაზვერვის საქმიანობას აკონტროლებს, დაზვერვა მივიდა დასკვნამდე, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი ვირუსი არ არის და არც გენეტიკურადაა მოდიფიცირებული.

ამერიკის დაზვერვის სამსახურები, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ეთანხმებიან მეცნიერთა უმრავლესობის დასკვნებს, რომ ვირუსი ბუნებრივ პირობებში გაჩნდა და შემდეგ გადაეცა ადამიანს.

ეს ამერიკის სპეცსამსახურების პირველი ოფიციალური პასუხია შეთქმულების თეორიაზე, რაზეც საუბრობენ როგორც ამერიკაში, ასევე ჩინეთშიც.

ნიჟარაძე: არ გვაქვს კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა, დაგვემატა 3 გამოჯანმრთელებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, დღეს დილის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდ 19 – ის ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ლაბორატორიული ანალიზის პასუხების მიხედვით კი, კიდევ სამი პირი გამოჯანმრთელდა. ისინი რეაბილიტაციას გადიან საკარანტინო სივრცეებში. შესაბამისად 1-ელი მაისის მდგომარეობით აჭარაში 27 პირი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 28 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის ლაბორატორიულ პასუხს შესაძლო გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით დღეს ელიან, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ისევ 36 პირს აქვს დადასტურებული კოვიდ 19, მათგან ექვსი უკვე განკურნებულია. სოფელ გვარას შემდეგ, იზოლაციის პერიოდი დასრულდა ლეღვასა და მუხაესტატეში, 50 პირი გათავისუფლდა ამ სოფლებში თვითიზოლაციიდან, თუმცა სოფელი ითვლება ისევ მაღალი რისკის ზონად.

„რაც შეეხება ზოგად ვითარებას, სიტუაცია გახლავთ სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული. განვითარება და პროგნოზი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე, სოციალური დისტანცირების ვალდებულებაზე, რაც თითოეულს მოგვეთხოვება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ

რა შემთხვევაში მიიღებს 1200 ლარის კომპენსაციას დაქირავებული, რომელიც უმუშევარი დარჩა

მთავრობის ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპის ფარგლებში იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის იმ დაქირავებულებზე ანუ დასაქმებულებზე, რომლებიც პანდემიის გამო მარტის თვიდან სამსახურში შეამცირეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

იმ დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი [დახმარების მიღების ინსტრუქცია]: 

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ მათ ყოველთვიურ ხელფასს.

აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომელიც გაიცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

ინფორმაციაში მიეთითება:

[checklist]

  • დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);
  • დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

[/checklist]

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, საწარმოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან ბაზას და უგზავნის სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

[crosslist]

  • საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.

[/crosslist]

მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია „ა“-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია „ბ“-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გასცა ხელფასი. ამ შემთხვევაში, ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში.

დამქირავებელს საშუალება აქვს, დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური სააგენტოს უგზავნის დაზუსტებულ სიას.

სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიაში არსებულ პირებზე ახორციელებს საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას შესაბამისი თვის 30 რიცხვამდე.

იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა.

შესაძლო კითხვები:

დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.

ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.

ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – info@rs.ge, ტ.: 2 299 299.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა). ასევე სხვა არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, პირველი მაისის 21 საათიდან 2  მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 3-4 მაისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა 15 გრადუსია.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 27-ით გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დღეს, პირველ მაისს, არის სულ – 566, რაც 27-ით მეტია წინა დღის საღამოს მონაცემთან შედარებით.

566 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა – 184 და გარდაიცვალა – 6

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/448594/

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აშშ-ში გასულ კვირას 3.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო განაცხადი უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა.

CNN-ი წერს, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, უმუშევრობის სოციალური დახმარება უხეში დათვლით 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ითხოვა, „რაც აშშ-ს მუშა ძალის 18,6%-ია”.

სპეციალისტების შეფასებით ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და უმუშევრობის პრობლემის მასშტაბს მთელი სისრულით არ ასახავს.

უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს მომავალ დღეებში.

ისეთი ბიზნესები, როგორიცაა სხვადასხვა სახის ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, პირველები იყვნენ, ვინც თანამშრომლები პანდემიის დასაწყისშივე დაითხოვეს, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ შემცირებები „თეთრსაყელოიან მუშაკებსაც“ შეეხება.

ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

„…განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პაციენტი, რომელიც პირველი გამოჯანმრთელდა: ყველას უხაროდა, ექიმებს, ექთნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტებს… მანამდე სტრესი გაცილებით დიდი იყო. გამოჯანმრთელებული ადამიანი როცა ვნახეთ, ამან დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო დიდი ინტერესით შევუდექით საქმეს,“ – გვიყვება სტუდენტი შოთა მესხიძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის კიდევ 5 სტუდენტთან ერთად კლინიკა „მედალფაში“ მოხალისედ 27 მარტიდან მუშაობს. ამ კლინიკაში Covid 19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ბსუ-ს 6 სტუდენტი კარანტინის რეჟიმში მუშაობს და კლინიკიდან გასვლის უფლება მხოლოდ იქვე მდებარე სასტუმროში აქვთ, სადაც ისვენებენ. სტუდენტები მოხალისეებად სხვადასხვა ცვლაში 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, შემდეგ კი, 24 საათს ისვენებენ.

ანა ასამბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

„თავიდან იყო სირთულე – ექსტრემალური სიტუაცია გვქონდა,“ – განაგრძობს შოთა მესხიძე და იმ დღეს იხსენებს, როცა პირველი მძიმე პაციენტი მოათავსეს „მედალფაში“. დღემდე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა – „პირველ პაციენტს ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მოგვიწია ხელოვნური ვენტილაციის ჩართვა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩვენც ამოვისუნთქეთ, ის დღემდე მართვით სუნთქვაზეა…“

მოხალისე ანა ასამბაძე გვიყვება, რომ დიდხანს არ უფიქრია, როცა უნივერსიტეტის დეკანმა მედიცინის მიმართულების ყველა სტუდენტს მოხალისეობა შესთავაზა.

„სხვებმა თავი შეიკავეს, ალბათ, რისკების გამო… მე მინდოდა აქ ყოფნა და ოჯახმაც მხარი დამიჭირა, უსაფრთხოებას ვიცავთ მუდმივად, ყველას აღჭურვილობა გვაქვს და ყველა პროცედურას ვიცავთ,“ – ამბობს ანა ასამბაძე.

შოთას კი, მოხალისეობის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მას შემდეგ უთქვამს, როცა  ის კლინიკაში მივიდა.

შოთა მესხიძე, ბსუ-ს სტუდენტი

„უცებ მივიღე გადაწყვეტილება ღამით, ღამითვე მივწერე დეკანს პასუხი და დილით უკვე აქ მოვედი…“ – გვიყვება შოთა მესხიძე.

სტუდენტების თქმით, მათ ექიმები სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაში რთავენ, ასევე ეხმარებიან პაციენტებს კვებასა და მოწესრიგებაში. ანა ასამბაძე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო პაციენტებთან ურთიერთობაა.

„ძირითადად ოჯახებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვენატრება ოჯახის წევრები… ვლაპარაკობთ მსოფლიო მოვლენებზე, სად რა სიტუაციაა პანდემიის კუთხით, დრო ერთად გაგვყავს… პაციენტებიც ინტერნეტში ნახულობენ ხშირად სიახლეებს. პირველი ორი დღე ყველა სტრესშია და უჭირს, შემდეგ ეს სტრესი ეხსნებათ. ჩვენ ფსიქოთერაპიასაც ვცდილობთ მათთან,“ – ამბობს ანა ასამბაძე.

ანას რეანიმატოლოგობა აქვს გადაწყვეტილი, შოთას – ქირურგობა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ცოდნა, რაც მოხალისეობის დროს მიიღეს, მნიშვნელოვანია მათი სამომავლო საქმიანობისთვის.

როდის დატოვებენ მოხალისეები კლინიკას? – სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ისინი კლინიკას ბოლო პაციენტთან ერთად დატოვებენ.

„გააჩნია, მოსახლეობა რამდენად გაითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციებს და რამდენად იქნება ახალი შემთხვევები,“ – გვითხრა ანა ასამბაძემ.

„ბოლომდე ვრჩებით, ვიდრე ბოლო პაციენტს არ გაწერენ,“ – ამბობს შოთა მესხიძე.

___

მთავარი ფოტო: BSU ვებგვერდი

ვებინარები – მხარდამჭერი ღონისძიება მასწავლებლებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერებისათვის ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „მასწავლებლის სახლი“ მასწავლებლის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია სახელმწიფოში, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ცდილობს მხარი დაუჭიროს მასწავლებელთა დახმარების პროცესს ქვეყნისათვის ამ რთულ დროს. ფონდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აქტივობების ჩამონათვალს (ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები, უცხოეთში სტაჟირება, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები) ახლა ვებინარები დაემატა.

Webinar (ინგლისური “ვებ” + “სემინარი”) – არის ინტერნეტ სემინარი. ვებინარის მიზანი პირველ რიგში ახალი ცოდნის მიღებაა. დღეს ძალიან პოპულარული გახდა ვებინარი, რადგან ის ძალიან მოსახერხებელია. მსმენელი არ უნდა წავიდეს დარბაზში და ასე გაეცნოს ინფორმაციას. მას შეუძლია უბრალოდ კომფორტულად იჯდეს სახლში და მიიღოს სიახლეები. თუ ვერ დაესწრო პრემიერულ ჩვენებას, მაშინ მოგვიანებით უყურებს, რადგან ვებინარი არის ჩაწერილი.

ვებინარის უპირატესობებია: ონლაინ ვიდეო აუდიო კომუნიკაცია; პრეზენტაციები სლაიდებით; ელექტრონული კოლეგის კომენტარები და განმარტებები; გამოკითხვა, დეკსტოპის დემონსტრირება და მასზე ღია განცხადებები; ჩანაწერი და მრავალჯერადი მაუწყებლობა.

ფონდის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული, წინასწარ მომზადებული ვიდეოების ნახვა, ყველა მონაწილეს შეეძლება. ტრენერებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ეკრანის დემონსტრირება და პრაქტიკული ამოცანების ჩვენება. თითოეულ მაყურებელს შეუძლია ქვემოთ დატოვოს კომენტარი. წამყვანი, როგორც წესი, ვებინარის შემდეგ, უყურებს სტატისტიკას და ცდილობს პასუხის გაცემას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ პედაგოგებს დისტანციური გაკვეთილი ჩაატარონ.

30 აპრილიდან აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს ვებინარებს, რომელიც ჩვენმა სხვადასხვა საგნის გამოცდილმა ტრენერებმა მოამზადეს. ცალკეული მიმართულებისთვის მოვამზადეთ ყოველკვირეული აფიშა, რომელიც აჭარის განათლების ფონდის ფეისბუქ-გვერდზე იქნება განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს წინასწარ ეცოდინებათ, როდის რა ვებინარი გაიმართება.

ფონდის მხრიდან დაგეგმილი ვებინარები დროული და სწორი აქტივობაა ჩვენი მასწავლებლებისთვის. ეს არის სწორად გათვლილი დამხმარე რესურსი: საგნობრივი + დისტანციური.

ამასთანავე, აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გეგმავს გააგრძელოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვა აქტივობები.

როცა მერი დარბაზში იყო და მას მაინც მონიტორზე მოუსმინეს

დღეს ბათუმის მერიამ  2019 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს. მერი ლაშა კომახიძე თავად იყო საკრებულოში მისული, თუმცა ეს ანგარიში საკრებულოს წევრებმა მაინც ვირტუალურად, მონიტორიდან მოისმინეს.

მერმა სხდომაზე ვიდეო მიიტანა, სადაც ის თავად არის გადაღებული. ვიდეოში ლაშა კომახიძე ჰყვება, რა პროექტები განახორციელა მერიამ 2019 წელს, ნაჩვენებია ასევე კადრები, თუ როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორ ეცნობიან მერი თუ მისი თანამშრომლები მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე და ასე შემდეგ…

დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ლაშა კომახიძე თავადაც გულდასმით უსმენდა თავისივე ანგარიშს. საკრებულოს უმრავლესობამ მხოლოდ 2-3 კითხვა დაუსვა მერს, შემდეგ ანგარიში მოიწონა და ლაშა კომახიძეს მადლობაც გადაუხადეს.

ამის შემდეგ ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ეჩქარება და წასასვლელია: „ბოდიშს გიხდით, თუ კითხვები დაგრჩათ. აგერაა ედნარი და გიპასუხებთ“.

ედნარ ნარატიძე ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსია, ტრიბუნასთან დგომა დღეს დიდხანს არც მას მოსწევია [დაახლოებით ხუთი წუთი].

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა 173 მილიონი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 177 მილიონი  შეადგინა. გადასახდელების ნაწილში დაზუსტებული გეგმა 182 მილიონ 496 300 ლარი იყო, შესრულება კი – 172 მილიონ 591 500  ლარი.

2019 წლისთვის  პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება.

ხარჯები კი ასე გადანაწილდა:

 

 

 

 

ბავშვთან ქორწინება იყო სისხლის სამართლის 200-მდე საქმეში დანაშაულის მოტივი – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით,  200-მდე სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა, დანაშაულის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.

„აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს,“ – ამბობს შსს.

ამავე წყაროს ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი მომართვიანობისა და სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.

„კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს – 1 პირის მიმართ“.

დღეს, 30 აპრილს, ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დროულ გამოვლენასა და ეფექტიანი გამოძიების თემაზე ონლაინკონფერენციაც გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს.

„დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა.

კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების შედეგად ახალი შემთხვევების შკალაზე პლატო ან კლება შეინიშნება, იტალიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ესპანეთს დადასტურებული შემთხვევების კვლავ მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში – ბელარუსში, რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში.

ევროპის რეგიონში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Covid19-ის შემთხვევების ჯამური რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და 1 480 266 შეადგინა, სიკვდილიანობა ამავე პერიოდში +18%-ით (129 344 გარდაცვალება) გაიზარდა.

„ჯანმოს ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, რომლებმაც დააწესეს შიდა შეზღუდვები, 21-მა უკვე დაიწყო ამ ზომების შემსუბუქება და კიდევ 11 აპირებს ამის გაკეთებას უახლოეს დღეებში. ეს ვირუსი უმოწყალოა. უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, დაჟინება და მოთმინება, უნდა ვიყოთ მზად, რომ კვლავ  გავაძლიეროთ ზომები, როგორც და როდესაც ეს საჭირო იქნება,”- თქვა კლუგერმა.

დღეს სამი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

_____________

ფოტო: CNN

ბათუმში Covid19-ისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს, 30 აპრილს, ბათუმში, კლინიკა „მედალფადან“ Covid19-ისგან განკურნებულ კიდევ 3 პაციენტს გაწერენ.

როგორც „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ლევან ანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ორი ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთი კი საზღვრის კვეთის შემდეგ, კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს.

ლევან ანთაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პირები კლინიკაში დაახლოებით 15-16 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. მათი კლინიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „პნევმონია ჰქონდა სამივე პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის, თუმცა ახლა კარგად არიან. დღეს გაიწერებიან და გადავლენ კარანტინში,“- ამბობს ლევან ანთაძე.

ამავე კლინიკაში მკურნალობს აშშ-სა და საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქეც, რომლის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო მკურნალობის პერიოდში, თუმცა როგორც ლევან ანთაძემ გვითხრა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „მდგომარეობა დასტაბილურდა და პაციენტი აპარატიდან მოიხსნა. მალე გადავწყვეტთ, სად შეიძლება წავიდეს და როგორ. ჯერჯერობით ჩვენთან რჩება“.

„ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში ათობით ოჯახი ისევ ელოდება მთავრობის ე.წ. სურსათის კალათის მიღებას. ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცხელ ხაზზე დღემდე აქტიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სასურსათო კალათა ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს ან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

„ამ დროს, აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები, ვინც 3-4-ჯერ მიიღო სასურსათო დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმუნებულებთან ახლობლობენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სამოქალაქო აქტივისტი, EMC-ის აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზის მიმღები და მხარდამჭერი აითაჯ ხალილლი.

„ამის შესახებ ცხელ ხაზზე რეკავდნენ და გვიყვებოდნენ ადამიანები. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანი, 20-40-მდე ადამიანი რეკავდა და ხანდახან მთელი სოფელიც კი. ის ადამიანები, ვინც მთელი ერთი თვე ელოდა სასურსათო დახმარებას და ვერ იღებდნენ, რწმუნებულებთან ახლო ურთიერთობის გამო თუ სხვა ნაცნობობით, სხვები რამდენჯერმე იღებდნენ დახმარებას“, – ამბობს აითაჯ ხალილლი.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, სულ ცოტა 30-40 ოჯახი ისევ დახმარების მოლოდინშია. გარდა ამისა, საგრძნობლად შემცირდა პროდუქტების რაოდენობაც.

„თუ პირველ ეტაპზე ერთ სულზე რიგდებოდა, ვთქვათ, 10 კგ ფქვილი, 5 კგ შაქარი, ბრინჯი და ა.შ. მე-4 და მე-5 ეტაპზე ვისაც დაურიგეს, იქ სურსათის მოცულობა თითქმის განახევრებული იყო. ფქვილი იყო 3 კგ, შაქარი და ბრინჯი 2 კგ ჩამოვიდა, ზეთიც 2 კგ და ა.შ. მერიაში ამაზე აქვთ ერთი პასუხი – მწირი რესურსებია და ყველას დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ“, – ამბობს აითაჯი.

მარნეული და ბოლნისი ამ დრომდე ჩაკეტილია კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც აითაჯ ხალილლი ამბობს, ამ რეგიონების სწრაფად ჩაკეტვის გამო მოსახლეობამ ვერ შეძლო სურსათის მარაგების შევსება, ამას დაემატა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ  დამოკიდებული, რეგიონის ჩაკეტვის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ცხელ ხაზზე დაგვირეკეს დაჯარიმებულმა პირებმა. ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელიც მარნეულში გამართულ აქციაზე რწმუნებულს ეუბნებოდა, რომ ოჯახის წევრები მშიერი ჰყავს, პოლიციამ კი 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ ადამიანს დედა ჰყავს მწოლიარე ავადმყოფი და მცირეწლოვან ბავშვს ზრდის. იმ დღეს, როცა დააჯარიმეს, დედა გაუხდა ცუდად, სასწრაფოს გამოძახების შემდეგ კი პურის შესაძენად გავიდა მაღაზიაში, სადაც 3 ადამიანი იდგა. ამის მიუხედავად, პოლიციამ მაინც დააჯარიმა. ოჯახს საკვებიც კი არ აქვს და, ბუნებრივია, ვერც ამხელა ჯარიმას გადაიხდის. ადამიანები ტიროდნენ, როცა გვირეკავდნენ“, – ამბობს აითაჯი.

მისი თქმით, მარნეულის შემთხვევაში, როცა ცხელ ხაზზე დაკავშირებული ადამიანების კონტაქტებს უგზავნიდნენ მერიას, უწყება არ რეაგირებდა. „პასუხსაც ვერ ვიღებდით. საბოლოოდ კი, სხვადასხვა ორგანიზაციასთან მოგვიწია დაკავშირება, რომ ამ ოჯახებს დახმარებოდნენ.

ხშირ შემთხვევაში მოსახლეობამ არ იცის, ვის უნდა მიმართოს – მათ აქვთ განცდა, რომ რადგან რწმუნებულები ისე მოიქცევიან, როგორც უნდათ და არც მერიაში მოუსმენენ“, – ამბობს აითაჯი.

მისი თქმით, EMC-ის ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები დღემდე შედის.

_____

ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიები გადასახადისგან გაათავისუფლა

სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც ბათუმის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევის ნებართვები მერიისგან აქვთ მიღებული, ამავე ნებართვების გადასახადისგან გაათავისუფლეს.

მერიას ექვს კომპანიაზე ნებართვა აქვს გაცემული. სატრანსპორტო სამსახურის უფროსის ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, ექვსივე კომპანიის გადასახადი თვეში დაახლოებით 15 000 ლარია.

მერიის განმარტებით შეღავათი მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით იმოქმედებს.

მერიის ეს ინიციატივა ბათუმის საკრებულომ დღეს, 30 აპრილს, დაამტკიცა.

დღესვე, სხდომაზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა არჩილ მამულაძემ ამ კომპანიების მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა: „მერამდენედ ვამბობ, დავიწყებ ვიდეოების მოტანას, როგორ ცუდად იქცევიან და აბუჩად იგდებენ ხალხს,“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

არჩილ მამულაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი  –  „პატრიოტთა ალიანსი“

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაჰპირდა მას, რომ დაიბარებს სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს და ამ საკითხზე იმსჯელებენ: „ვინიშნავ და გპირდები, დავიბარებ მე ემზარს და ერთად გავიაროთ ეს საკითხი“.

აღსანიშნავია, რომ იმ 6 კომპანიიდან, რომლებსაც მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვთ, ერთ-ერთთან, შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ ბათუმის მერიამ 188 500 ლარზე ხელშეკრულება გააფორმა იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე გადასაყვანად, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ.

ამავე კომპანიასთან, ანალოგიური მომსახურების მიზნით, 300 ათას ლარზე გააფორმა ხელშეკრულება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

მერიამ 8 სართული დაამტკიცა, კომპანიამ 10 ააშენა – ბათუმში უკანონო მშენებლობები გრძელდება

შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილება სართულების დამატებაზე მერიაში არ შეუთანხმებია.

ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთა  – შპს „ძმების სახლის“ პროექტი

უკანონოდ აშენებული სართულები ამ კომპანიის მხრიდან თვითნებობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია „ძმების სახლმა“ ამ სახლის პირველი სამი სართული საერთოდაც უნებართვოდ ააშენა.

ამას ემატება ისიც, რომ ადგილი, სადაც კომპანია აშენებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამის საბჭოს პროექტის შეთანხმებაზე კომპანიამ როცა მიმართა, ორი სართული უკვე აშენებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა, შეთანხმება მაინც შედგა [მხოლოდ რვა სართულზე].

უნებართვო მშენებლობისთვის შპს „ძმების სახლი“ გასულ წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორჯერ დააჯარიმა. ჯერ უკანონო მშენებლობისთვის – 3000 ლარით, შემდეგ კი უკანონო მშენებლობის გაგრძელებისთვის – 1000 ლარით. საერთო ჯამში, კომპანიამ ორი უკანონო სართული 4000 ლარად დაიკანონა.

საბოლოოდ, სანამ მშენებლობის ნებართვას მიიღებდა, კომპანიამ მესამე სართულის დაშენებაც მოასწრო. ამ ყველაფრის შემდეგ  კომპანიას ნებართვაც მისცეს და K2 კოეფიციენტიც გაუზარდეს 8 სართულამდე. „ძმების სახლმა“ ეს შეთანხმებაც დაარღვია და 8-ის ნაცვლად 10 სართული ააშენა.

შპს „ძმების სახლი“ ცოტა ხნის წინ მერიის ერთგვარ დონორადაც იქცა, როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების დროს „კომპანიის თანადგომით მერია ხუთ ოჯახს სასურსათო პროდუქტით დაეხმარა“.

დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილება შევიდა – მინისტრის ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. საქართველოს განათლების მინისტრის 29 აპრილის ბრძანებით, აპლიკანტი შესაძლოა იყოს პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი.

ამავე ბრძანების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აპლიკანტი შესაძლებელია იყოს როგორც ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველი იმ საგნის გამოცდის ჩაბარებაა, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში კი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

12 ათასი ინფიცირებული, ღია ეკლესიები და დახურული ინფორმაცია – Covid19 ბელარუსში

ბელარუსში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულა და არც კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. თავშეყრის ბევრი ადგილი, მათ შორის, ეკლესია-მონასტრები ღიაა მლოცველებისთვის. ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პანდემიის ფართო გავრცელებას, მინსკის ყველაზე დიდი, წმინდა ელისაბედის სახელობის მონასტრის წინამძღვარი კი კორონავირუსს „უღმერთობისთვის სასჯელს“ უწოდებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში Covid19-ით ინფიცირების 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს მხოლოდ ზოგად მონაცემებს ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა არ ასახელებს გავრცელების ძირითად წყაროებს და პანდემიის ეპიცენტრებს, რაც ძალიან აშფოთებს ბელარუსის მოსახლეობას. პროტესტს ინფორმაციის ნაკლებობის გამო მოქალაქეები ფეისბუქგვერდებსა და სხვა სოცქსელებში გამოხატავენ.

12 აპრილს, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2500 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ბელარუსში კათოლიკეებმა აღდგომა იზეიმეს, ერთი კვირის შემდეგ კი, როცა უკვე 4000 შემთხვევა იყო გამოვლენილი, 19 აპრილს, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა აღნიშნეს აღდგომა.

მიუხედავად მაღალი სასულიერო პირების გაფრთხილებისა, ხალხი მაინც მივიდა ეკლესიებში, არ დაიჯერეს, რომ ხატებზე კოცნით, ზიარებით და ახლოს დგომით ვირუსის გადადების მაღალი საფრთხე არსებობდა.

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს თავად სახელმწიფომ უზრუნველყო უფასო ავტობუსები, რომ ხალხი სასაფლაოებამდე მისულიყო, ტრადიციის მიხედვით ბელარუსში ამ დღეს საფლავებთან ახლოს შლიან სუფრებს და ახლობლები ერთად იყრიან თავს.

აღდგომიდან ორი კვირის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში ინფიცირებულთა რიცხვი 12 ათასამდე გაიზარდა.

„როგორ შემიძლია ადამიანებს ვუთხრა მიცვალებულთა მოხსენიების დღეს პატივი არ მიაგოთ მშობლებს-მეთქი? მე მხოლოდ რჩევის მიცემა და თხოვნა შემიძლია, რომ თავს გაუფრთხილდნენ. აღდგომას მეც და ხალხიც, ყველანი ვიყავით ეკლესიაში,“ – განაცხადა 26 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

განცხადებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ ტაძარი სოფელ ლიადიში, სადაც პრეზიდენტი ლუკაშენკო ესწრებოდა მართლმადიდებლური აღდგომის მსახურებას, დაიკეტა – „გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ბელარუსში ინფიცირებულია 12 208 ადამიანი, გარდაცვლილია – 79.


წყარო: BBC

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/NIKOLAI PETROV

უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა შემცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას.

ბიუჯეტის ცვლილებას უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, უყარა კენჭი. 13 ხმით ორის წინააღმდეგ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი დამტკიცდა. პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ცვლილებები შეეხო მთელ რიგ სამთავრობო უწყებებს. მაგალითად, 90 ათასი ლარით შემცირდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება. 250 ათასი ლარით შემცირდა აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა 9 762 600 ლარით.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა 9 454 700 ლარით.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 2,9 მილიონი ლარი.

ამ თემაზე:

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

 

რუსეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 7 099 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 39,9%-ს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები  – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის ოპერატიუული რეაგირების შტაბი ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 85-ივე რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 106 498-ია, გარდაცვლილია 1 073 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 11 619.

რუსეთში დღე-ღამეში Covid-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ დაფიქსირებულა.

გასულ დღე-ღამეში რუსეთში Covid-19-ით 101 ადამიანი მოკვდა. „უკვე მეორე დღეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100-ს აჭარბებს” – წერს BBC-ი.

„ახლა მოსკოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 600-ს აჭარბებს, დიაგნოსტირებულთა რიცხვი კი 53 739-ია” – წერს BBC-ი.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 236 283-ია, აქედან გამოჯანმრთელდა 1 010 080 ადამიანი და გარდაიცვალა – 228 611.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იგი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.

ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უნდა შეიტანოს. პროექტის ღირებულების 70 პროცენტს კი აღნიშნული ცენტრი დააფინანსებს [თუმცა არაუმეტეს 100 ათასი ლარისა]. პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 5 ათასი ლარი უნდა იყოს.

ცენტრის დაფინანსება შესაძლოა 70%-ზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს ან/და შეიცვალა დაფინანსება ხელშეკრულების გაფორმების თარიღის შემდგომ.

[highlight color=”blue”]პროგრამის პრიორიტეტებია:[/highlight] ინოვაციური პროექტები; ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები; ქალების მიერ წარმოდგენილი პროექტები; სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები; ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.

პროგრამის პირობების მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის (start-up) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. პოტენციურ ბენეფიციარს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, ცენტრში მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენის უფლება აქვს.

„პროგრამის ფარგლებში, პირობითად, შესაძლებელია შემდეგი პროექტების თანადაფინანსების მოპოვება: მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების მშენებლობა, თევზის მეურნეობის მშენებლობა, მაგრამ მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ის გათვლილია 20 და მეტ სულ პირუტყვზე, მეფრინველეობის შემთხვევაში – ფერმა გათვლილი უნდა იყოს 3 ათასზე მეტ ფრთა ფრინველზე და ა.შ. არ ფინანსდება მშენებლობა, მაგრამ თუ პირს სურს რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება, ამ შემთხვევაში შენობა უნდა არსებობდეს, ან თავად ააშენოს, ჩვენ კი შევუძენთ ინვენტარს, ტექნიკას. თუ არის წარმოება და მისი გაზრდა გვინდა, ან გადაიარაღება, ამ შემთხვევაშიც ვაფინანსებთ ძირითად საშუალებებს – დაზგები, ჩარხები და სხვა. რაც შეეხება ქალებს,  ენიჭებათ ის უპირატესობა, რომ ეძლევათ შესაძლებლობა თავისი თანამონაწილეობის 30%-დან, 20% მოიძიონ – ან სახელმწიფო გრანტი, ან ვთქვათ, ნებისმიერი არასამთავრობო გრანტი, ან დაფინანსება კერძო კომპანიებიდანაც. ოღონდ, ამ 20%-ის ფარგლებში. 10% თავად უნდა დააფინანსოს“, – გვითხრა პროექტის მენეჯერმა ლერი ტუნაძემ.

პროექტის განაცხადი აგროსერვისცენტრში შეუძლია შეიტანოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

პროგრამა განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიისა [თუმცა, დაფინასების მიზნებისთვის პროგრამა განხორციელდება ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების დაბებში].

გასათვალისწინებელია, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს მთელ რიგ საქმიანობებთან დაკავშირებულ ბიზნესიდეებსა და ხარჯებს.

[toggle title=”ბიზნესიდეები, რომლებიც არ დაფინანსდება, ნახეთ აქ:“]
სამხედრო, ბირთვული და სახიფათო ნივთიერებების წარმოება;
სათამაშო ბიზნესი და აზარტულ თამაშები;
საფინანსო მომსახურება (მათ შორის სალომბარდო);
საქველმოქმედო საქმიანობა;
თამბაქოს წარმოება;
საიუველირო ნაწარმის დამზადება (გარდა მინანქარის ნაკეთობის დამზადებისა);
რესტორნის/კაფე-ბარის მოწყობა;
დეველოპერული საქმიანობა (მათ შორის პროგრამული საქმიანობა, Software დეველოპმენტი გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა);
ელექტრონული ბიზნესი (გარდა სოფლის მეურნეობის მიმარულების განვითარებისა);
სატრანსპორტო მომსახურება;
სამშენებლო საქმიანობა (გარდა თევზის მეურნეობის მოწყობისა, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობისა);
ჭაბურღილის მოწყობა;
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან/და რემონტი;
სათბურის მოწყობა;
მრავალწლიანი ბაღების გაშენება;
ერთწლიანი კულტურების პირველადი წარმოება;
მეფუტკრეობა (ფუტკრის ოჯახი, ამანათ-ნაყარი, სკები);
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის/ფრინველის შეძენა.
ისეთი თევზის მეურნეობის მშენებლობა/მოწყობა, რომლის აუზებისთვის ფართობი ნაკლებია 400 კვ.მ-ზე;
ისეთი მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც არ არის გათვლილი 20-ზე და მეტ პირუტყვზე;
ისეთი მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც არ არის გათვლილი 3 000-ზე და მეტ ფრთა ფრინველზე;
ისეთი მეფრინველეობის/მეცხოველეობის ფერმების მშენებლობა, რომელიც არ არის აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიით, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ნებართვების საფუძველზე;
პროგრამა არ ითვალისწინებს ასევე ისეთი იურიდიული პირების თანადაფინანსებას, რომლებშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის ან აქციებს;
პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/აქციონერი/მეპაიე ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების
მიმწოდებელ/შემსრულებელ კომპანიაში.

პროგრამა არ ითვალისწინებს ასევე შემდეგი ხარჯების დაფინანსებას:

ნებისმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი;
კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული დანაკარგი, მოსაკრებელი, ჯარიმა, საურავი და პირგასამტეხლო;
დასაქმებულზე გაცემული ხელფასი;
ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, გადაშენების პირას მყოფი სახეობების განადგურებას, ყალბ და პირატულ საქონელს;
ადამიანური რესურსის სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯები;
საწარმოს წილების/აქციების შეძენა;
სატრანსპორტო საშუალების შეძენა (გარდა სპეც. ავტომანქანებისა);
პროექტირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შესყიდვა;
დიზაინერული მომსახურება;
დაზღვევა, მივლინება, ტრენინგი, მარკეტინგი;
საგანგაშო და ვიდეო-აუდიო სისტემები (გარდა ხანძარ საწინააღმდეგო სისტემებისა);
სერტიფიცირება და კონსულტირება;
საკრედიტო და სხვა დავალიანების დაფარვა;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შეძენა (გარდა პროგრამის მიზნებისთვის
საწარმოსთვის წარმოების პროცესში საჭირო ტექნიკა). [/toggle]

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრმის დაფინანსება, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წელს პირველად უნდა განახორციელოს, 375 516 ლარით უკვე შემცირდა. შესაბამისად, დაგეგმილი 25 პროექტის ნაცვლად, დაფინანსდება 10 პროექტი [პროგრამის დაფინანსების მიზნებისთვის სრული ბიუჯეტი იყო 942 200 ლარი, ამჯერად კი –  566 684 ლარია. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ბიუჯეტში შესული ცვლილებით გამოთავისუფლებული თანხა სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.]

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სულ 2 470 200 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო 491 700 ლარი კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაიტანეს. ეს თანხები კი, შემდეგ პროგრამებს დაემატება:

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრმის ფარგლებში წარდგენილი განაცხადს დაუშვებენ ოთხი კრიტერიუმის გათვალისწინებით: პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი; პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა; პროექტების დასაშვებობა და ხარჯების მიზნობრიობის ადეკვატურობა/შესაბამისობა.

პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებია:

ბენეფიციარი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია წარმოებასთან – უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს; პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და იჯარით მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს და იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ); უძრავ ქონებას, არ ადევს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იპოთეკა); არ არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული; ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არის ცენტრის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას არ უნდა ჰქონდეს პროექტის/პროგრამის პირობები დარღვეული.

პოტენციური ბენეფიციარი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული არ არის წარმოებასთან – უნდა წარმოადგენდეს საქართვლოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს; არ არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული; იმ შემთხვევაში, თუ არის ცენტრის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის/ბენეფიციარი, მას არ უნდა ჰქონდეს პროექტის/პროგრამის/ პირობები დარღვეული.

კონკრეტულად პროგრამის შესახებ და ასევე განაცხადის ფორმა, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ბრიტანეთმა Covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილზე აინაცვლა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი Covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილზეა აშშ-ისა და იტალიის შემდეგ.

30 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 26 166 ადამიანი გარდაიცვალა Covid19-ით. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში ინიფიცრებულია 166 441 ადამიანი. worldometers.info-ს მონაცემებით, სტატისტიკა მკვეთრად შეიცვალა გუშინ, 29 აპრილს, როცა მონაცემებში აისახა Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი – 4 419.

ბოლო მონაცემების თანახმად, Covid19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში  [სულ 60 999] და იტალიაში [ 27 682] გარდაიცვალა.

რაც შეეხება Covid19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • ესპანეთი – განიკურნა 132 929 ადამიანი
  • აშშ – განიკურნა 124 023 ადამიანი
  • გერმანია – განიკურნა 123 500 ადამიანი

ახალი კორონავირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია, ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გავრცელდა 2020 წლის იანვარში.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/NEIL HALL

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები.

მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში.

მწვანე სივრცის რა ნაწილია ქალაქში შენი

ქალაქში ყველა მცხოვრებს თავისი წილი მწვანე სივრცე აქვს, სხვაგვარად რომ ვთქვათ არსებობს მსოფლიო ინდიკატორი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე სივრცის თანაფარდობას ადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ2 მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს. ეს სივრცე ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ყოველ 10, 15 წუთიან ფეხით სავალ მონაკვეთზე სკვერი, ბაღი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონა უნდა გხვდებოდეთ.

ევროპის ქალაქებში მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის თანაფარდობა სასურველზე გაცილებით მაღალიცაა: რიგაში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 113 მ2 მწვანე საფარი მოდის, სტოკჰოლმში 86 მ2 , ოსლოში – 52 მ2 , ამსტერდამში – 33 მ2 , ლონდონში – 153 მ2, ხოლო კოპენჰაგენში – 28 მ2.

სახალხო დამცველის 2019 წლის  სპეციალური ანგარიშის [უფლება სუფთა ჰაერზე – ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში] მიხედვით, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ განსაზღვრულა. ქუთაისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8 მ2 -ია, თუმცა შესაბამისი სტანდარტის არარსებობის გამო, ზუსტი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ბათუმსა და რუსთავში მწვანე საფარსა და მოსახლეობას შორის თანაფარდობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5-6 მ2-ია თუმცა, მუნიციპალიტეტებში არ არის დამტკიცებული კოეფიციენტის მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი.

მარიამ მუთიძის ინფოგრაფიკა/წყარო: სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)”.

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“

დემოკრატიულ ქვეყნებში კანონები და ქალაქდაგეგმარება დემოკრატიული, ღია საზოგადოების პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც  ერთმანეთის პატივისცემას, მათ შორის ერთმანეთის სივრცის პატივისცემას გულისხმობს.

მშენებლობებს არეგულირებს სხვადასხვა ტიპის დემოკრატიული პრინციპები და საზოგადოების ინტერესების დამცველი ინსტრუმენტები – რადგან ქალაქი ეკუთვნის საზოგადოებას და არავის საკუთრებაა.

არქიტექტორი და ქალქამგეგმარებელი ირაკლი ჟვანია საქართველოში სწრაფად ათვისებული თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისბალანსზე საუბრობს:  „პრობლემას საქართველოში ქმნის ის, რომ ავითვისეთ თავისუფალი ბაზრის პრინციპები, მაგრამ არ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია, რაც ქმნის დისბალანსს, შედეგად კი მიწის მესაკუთრეს ჰგონია ნაკვეთზე შეუძლია ააშენოს ის, რაც სურს, საზოგადოების და იმ ადამიანების აზრის გაუთვალისწინებლად, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ ახდენს გავლენას მშენებლობა.

ნებისმიერ შეზღუდვაზე, რასაც მენაშენეებს ვუყენებთ საკუთარი ჯანმრთელობის და გარემოს დასაცავად, მათ აქვთ პრეტენზია, რომ ბიზნესში უშლიან ხელს, ზღუდავენ, რომ მათ შეაქვთ ბიუჯეტში ყველაზე მეტი ფული და ა.შ.

ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ, რომლებიც ჩვენივე  ჯანმრთელობის და გარემოს დეგრადაციის ხარჯზე სულ და უფრო მეტ მოგებაზე ფიქრობენ“, – ამბობს ირაკლი ჟვანია.

თვითმკვლელი ქალაქი განაშენიანების გენერალური გეგმის გარეშე

K3 – ასე ჰქვია საკანონმდებლო ენაზე ერთი შეხედვით ისეთ თავისთავად რამეს, რასაც დასვენებას, ჟანგბადს, ჰაერს და განტვირთვას ვეძახით. K3 სიმწვანის კოეფიციენტია, რომლის მიხედვითაც მშენებელმა კომპანიამ ათვისებული ფართობის საშუალოდ 10 % უნდა გაამწვანოს. ამ სივრცეში უნდა შეგეძლოთ სუფთა, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის სუნთქვა და დასვენება. ხარისხიანი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსურნე რიგითი მოქალაქისთვის K3 სწორედ ეს კოეფიციენტია, მენაშენეებისთვის კი სკვერი ხშირად ყრუ კედელთან მოვალეობის მოხდის მიზნით დარგულ 3, 4 პალმას ნიშნავს ან სულაც არაფერს. ბათუმის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მწვანე სივრცის მოწყობა ყოველთვის გათვალისწინებულია, მაგრამ ხშირად არაფერი ეწყობა და ამისთვის არც არავინ ჯარიმდება.

12 სართულიანი კორპუსის „გამწვანებისთვის“ გამოყოფილი ტერიტორია/ფოტო: ცაგო კახაბერიძე, ბათუმელების არქივი

ორი საუკუნის განმავლობაში მწყობრად ნაშენებ ბათუმს, 21-ე საუკუნეში აღარ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც მენაშენეებს სრულ თავისუფლებას აძლევს. 2019 წლის 3 დეკემბერს ამოქმედდა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი, მაგრამ ირაკლი ჟვანია მიიჩნევს, რომ კოდექსი ვერ მოაგვარებს ძირითად პრობლემებს, რადგან კოდექსის გარდა ყველა ქალაქსა და დასახლებას სჭირდება  სპეციფიკის მიხედვით შედგენილი ქალაქდაგეგმარებითი დოკუმენტი – გენერალური გეგმა ან უფრო დეტალური, ლოკალური გეგმები სხვადასხვა არეალებისთვის.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ბათუმი დააზარალა ძირითადი მახასიათებლების სრულმა უგულვებელყოფამ, ქაოტურმა მშენებლობებმა, სამშენებლო კოეფიციენტის უკონტრლო მატებამ და მიდგომამ „ავაშენებ სადაც მინდა და რასაც მინდა”.

საქართველოს ძირითადი საზღვაო კურორტი, ბათუმი, აღარ ჰგავს სივრცეს, სადაც ადამიანი შეძლებს განტვირთვას, დასვენებას, ხმაურიანი მეგაპოლისისგან განრიდებას:

საჯარო სივრცეები, გამწვანებული ტერიტორიები დიდად განსაზღვრავს ქალაქის, უბნის, კვარტლის სიჯანსაღეს, ცხოვრების ხარისხს. მენაშენემ, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა ორიენტირებული მწვანე სივრცე შეიძლება დაკარგულ ტერიტორიად მიიჩნიოს, რადგან აქ მას ახალი ფართობის აშენება და შესაბამისად მეტი მოგების მიღება შეუძია, უმეტესწილად ასეც ხდება. სწორედ ამის აღსაკვეთადაა საჭირო სახელმწიფო რეგულაციები, რომ ასე არ მოხდეს და მშენებლობამ არ დააზარალოს ქალაქი.

რეგულაციები იმდენად ხშირად ირღვევა, რომ ქაოტური, უკონტროლო, დაუგეგმავი ქალაქმშნებლობა პრაქტიკულად “რეგულაციად” იქცა. სამწუხაროდ, ბათუმში დაწესებულ სამშენებლო კოეფიციენტებს, რაც ქალაქის მართებულ განვითრებას უზრუნველყოფს, იგივე ბედი ეწიათ. გადამეტება არა გამონაკლისად, არამედ სტანდარტად იქცა. ასე წამოიქმნა  ე.წ. ახალი ბათუმი, „არქიტექტურული ჯუნგლები” – როგორც მას ხშირად უწოდებენ. ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ, არავის მოსწონს, თუმცა მიდგომები არ იცვლება. ზუსტად ვიცით – გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მავნებლობას მაინც ვაგრძელებთ.

არსებობს ტერმინი ურბიციდი, რაც ქალაქზე ძალადობას ნიშნავს. გამოიყენებენ ქალაქის არასწორი განვითარების აღსანიშნად. ეს კი შეიძლება მოხდეს მისი სოციალური, არქიტექტურული, ურბანული, კულტურული მახასიათებლების განადგურებით. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, მისი განვითარება გარდაუვალია, თუმცა რაც ბათუმის თავს ხდება, ეს არ არის განვითარება, ეს ურბიციდია. პირდაპირი თარგმანით ურბიციდი თვითმკვლელ ქალაქს ნიშნავს. ბათუმი დღეს თავს იკლავს. ალბათ მართებული იქნება ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მას ვკლავთ, ვანადგურებთ და „განვითარების” სახელით ვაშენებთ, ზუსტად არ ვიცით რას, თუმცა რაღაც მახინჯს და არაჯანსაღს – ამბობს თამარ ამაშუკელი.

რას შეცვლის ქალაქში სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი

2019 წლის 3 დეკემბერს სრულად ამოქმედდა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი. როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი განმარტავს:

  • გაუქმდა ე.წ. K2 კოეფიციენტის კომისია და გაზრდის წესი შეიცვალა. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე.  მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვეღარ შეადგენენ მენაშენეები დეტალურ გეგმას. ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის  ნაკვეთები ერთიანად დასაგეგმარებელი იქნება.
  • განისაზღვრება თითოეულ კვარტალში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. განსაზღვრულია ისიც, რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს კვარტალში. თუ კვარტალში ერთი მაღალი შენობა აშენდება, გვერდით ისეთივეს ვეღარ ააშენებენ, საჭირო იქნება კვარტალში ყველას თანხმობა, რაც გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს.
  • ახალი კოდექსის მიხედვით კვარტლის დაგეგმვისას  განაშენიანება იქნება უფრო დაბალანსებული, რადგან რეგულაციები უზრუნველყოფს არ აშენდეს ერთ კვარტალში რამდენიმე მაღალი შენობა.
  • მრავალბინიანი მშენებლობის დროს სავალდებულოა წყალგამტარი ფენით მოპირკეთებული საბავშვო მოედნის მოწყობა. მშენებელი მიწას ვერ დატოვებს მოედნის სახით. გამწვანებული ზოლი უნდა იყოს მინიმუმ ათი პროცენტი.

ახალმა კოდექსმა ბათუმში მშენებლობების პროცესი წესით მნიშვნელოვნად უნდა დაარეგულიროს, თუმცა გენგეგმის არარსებობის პირობებში საჭირო იქნება მუდმივი მონიტორინგი, რეალურად რამდენად ზედმიწევნით შესრულდება კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები.

მწვანე სივრცეები საბჭოთა ეპოქაში

ადამიანის უფლებების უგულვებელმყოფი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ბევრად მეტი ყურადღება ეთმობოდა ქალაქების გამწვანებას, ვიდრე დღეს, საქართველოში მოქმედი თავისუფალი ბაზრის პირობებში, როცა მიწა საკუთრებაა. დიდი სკვერები და ბაღები ბათუმსა და თბილისში სწორედ საბჭოთა ეპოქაშია გაშენებული.

მწვანე სივრცისადმი საბჭოთა ეპოქის მეტნაკლებად გონივრულ დამოკიდებულებას ბევრი რამ განსაზღვრავდა:

„საბჭოთა ეკონომიკის სისტემაში არ არსებობდა მიწის ფასი, იყო სახელმწიფოსი და, შესაბამისად, არ მუშაობდა თავისუფალი ბაზრის პრინციპები. საბჭოთა კავშირშიც ესმოდათ, რომ ადამიანს სჭირდება სუნთქვისთვის ჟანგბადი და ჯანსაღი გარემო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მასიური გაუარესება აწვება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ხარისხზე და ადამიანთა შრომისუნარიანობაზე. სახელმწიფოსთვის კი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ირაკლი ჟვანია.

საბჭოთა ეპოქის დასასრულს, მიწის კომერციალიზაციისთანავე სახელმწიფოს კუთვნილი მიწები გადავიდა კერძო სექტორის ხელში და დაიწყეს ყველაფრის ისე შენება, როგორც სურდათ. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აპ პერიოდს გარდამავალ, მტკივნეულ ეტაპად აფასებს:

კერძო სექტორის ხელში გადასულმა სამშენებლო ბიზნესმა 90-იანი წლებიდანვე არასწორი განვითრების ხაზი აირჩა. ის ქალაქის და შესაბამისად მოქალაქის ხარჯზე იღებს სარგებელს, მდიდრდებიან ერთეულები, ზარალდება ყველა. სახელმწიფომ ვერ შეძლო ვითარების კონტროლი. მან ნებსით თუ უნებლიედ ქალაქის განვითარების სადავეები ხელიდან გაუშვა. ქალაქის განვითარებაში მთავარი არა ცალკეული მენაშენე , არამედ სახელწიფოა, რომელიც ამბობს სად, რა და როგორ უნდა აშენდეს. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოს ქალაქებში ხდება და არამხოლოდ, ვიცით რაც ხდება კვარიათში, გონიოში. ეს დაძრული, სწრაფმავალი მატარებელია, რომელიც ვიცით როგორც უნდა შევაჩეროთ, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

ერთადერთ გამოსავალს ის მოსახლეობის აქტიურობაში ხედავს,  საერთო სივრცის, ჩვენი ქალაქების მიმართ მეტ ყურადღებაში. თვლის, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა ურბანული  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,  რაც ხელისუფლებას  მეტად ანარიშვალდებულს და გამჭვირავალეს გახდიდა.

აუცილებელია  მოქალაქეების სურვილი, მკაფიოდ  იყოს დაფიქსირებული ქალაქების განვითარების  სტარტეგიულ დოკუმენტებში, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ გადადგმულ  ყველა ნაბიჯში უნდა იყოს ასახული მოქალაქის ინტერესები.

როგორც ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები, ასეა ქალაქიც – ერთის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ხარჯზე არ უნდა დაზარალდეს მეორეს  პირობები. ქალაქი ჩვენი საარსებო, საერთო სივრცეა, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება და სურვილების  შეჯერება, რაც ქალაქის ინტერესებს უნდა შეესადაგებოდეს.

დაისის ფერადი საფრთხე

სამშენებლო სექტორი, მითუფრო უკონტროლო სამშენებლო პროცესი ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მავნე დამაბინძურებელიცაა. მშენებლობების თანმდევი მტვრის მყარი ნაწილაკები, რომლებიც სულფატების, ნიტრატების, ამიაკის, ნატრიუმის ქლორიდის, შავი ნახშირბადისა და მინერალური მტვრისგან შედგება, მიიჩნევა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაცილებით მავნებელია, ვიდრე ჰაერის  ნებისმიერი სხვა დამაბინძურებელი.

ბათუმში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები აბუსერიძისა და ქათამაძის ქუჩებზეა განთავსებული.

სადგურებში იზომება ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში. ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ვებგვერდზე air.gov.ge

დღის განმავლობაში სამრეწველო მტვრის, გამონაბოლქვის და სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან მეტი ნაწილაკი იფრქვევა ჰაერში, ვიდრე ღამით. რაც მეტია დამაბინძურებელი ნაწილაკები მით მეტ არეკლილ სხივებს განაბნევენ ისინი და შედეგად დაისის ცა ბევრად კაშკაშაა აისთან შედარებით.

ერთადერთი „სარგებელი“, რაც დაბინძურებულ ჰაერს და მასში კონცენტრირებულ მავნე ნივთიერებებს მოაქვს ათასფერადი დაისებია. ბუნების და ფიზიკის კანონების ირონიად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველაზე ლამაზი დაისების ნახვა ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებში შეგვიძლია.

ბათუმის დაისებს ვერაფერი შეედრება.

დაისი ბათუმში

__________

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

 

Exit mobile version