ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

30.04.2020 • 4640
ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უნდა შეიტანოს. პროექტის ღირებულების 70 პროცენტს კი აღნიშნული ცენტრი დააფინანსებს [თუმცა არაუმეტეს 100 ათასი ლარისა]. პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 5 ათასი ლარი უნდა იყოს.

ცენტრის დაფინანსება შესაძლოა 70%-ზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს ან/და შეიცვალა დაფინანსება ხელშეკრულების გაფორმების თარიღის შემდგომ.

[highlight color=”blue”]პროგრამის პრიორიტეტებია:[/highlight] ინოვაციური პროექტები; ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები; ქალების მიერ წარმოდგენილი პროექტები; სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები; ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.

პროგრამის პირობების მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის (start-up) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. პოტენციურ ბენეფიციარს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, ცენტრში მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენის უფლება აქვს.

„პროგრამის ფარგლებში, პირობითად, შესაძლებელია შემდეგი პროექტების თანადაფინანსების მოპოვება: მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების მშენებლობა, თევზის მეურნეობის მშენებლობა, მაგრამ მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ის გათვლილია 20 და მეტ სულ პირუტყვზე, მეფრინველეობის შემთხვევაში – ფერმა გათვლილი უნდა იყოს 3 ათასზე მეტ ფრთა ფრინველზე და ა.შ. არ ფინანსდება მშენებლობა, მაგრამ თუ პირს სურს რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება, ამ შემთხვევაში შენობა უნდა არსებობდეს, ან თავად ააშენოს, ჩვენ კი შევუძენთ ინვენტარს, ტექნიკას. თუ არის წარმოება და მისი გაზრდა გვინდა, ან გადაიარაღება, ამ შემთხვევაშიც ვაფინანსებთ ძირითად საშუალებებს – დაზგები, ჩარხები და სხვა. რაც შეეხება ქალებს,  ენიჭებათ ის უპირატესობა, რომ ეძლევათ შესაძლებლობა თავისი თანამონაწილეობის 30%-დან, 20% მოიძიონ – ან სახელმწიფო გრანტი, ან ვთქვათ, ნებისმიერი არასამთავრობო გრანტი, ან დაფინანსება კერძო კომპანიებიდანაც. ოღონდ, ამ 20%-ის ფარგლებში. 10% თავად უნდა დააფინანსოს“, – გვითხრა პროექტის მენეჯერმა ლერი ტუნაძემ.

პროექტის განაცხადი აგროსერვისცენტრში შეუძლია შეიტანოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

პროგრამა განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიისა [თუმცა, დაფინასების მიზნებისთვის პროგრამა განხორციელდება ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების დაბებში].

გასათვალისწინებელია, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს მთელ რიგ საქმიანობებთან დაკავშირებულ ბიზნესიდეებსა და ხარჯებს.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრმის დაფინანსება, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წელს პირველად უნდა განახორციელოს, 375 516 ლარით უკვე შემცირდა. შესაბამისად, დაგეგმილი 25 პროექტის ნაცვლად, დაფინანსდება 10 პროექტი [პროგრამის დაფინანსების მიზნებისთვის სრული ბიუჯეტი იყო 942 200 ლარი, ამჯერად კი –  566 684 ლარია. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ბიუჯეტში შესული ცვლილებით გამოთავისუფლებული თანხა სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.]

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სულ 2 470 200 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო 491 700 ლარი კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაიტანეს. ეს თანხები კი, შემდეგ პროგრამებს დაემატება:

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრმის ფარგლებში წარდგენილი განაცხადს დაუშვებენ ოთხი კრიტერიუმის გათვალისწინებით: პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი; პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა; პროექტების დასაშვებობა და ხარჯების მიზნობრიობის ადეკვატურობა/შესაბამისობა.

პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებია:

ბენეფიციარი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია წარმოებასთან – უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს; პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და იჯარით მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს და იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ); უძრავ ქონებას, არ ადევს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იპოთეკა); არ არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული; ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არის ცენტრის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას არ უნდა ჰქონდეს პროექტის/პროგრამის პირობები დარღვეული.

პოტენციური ბენეფიციარი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული არ არის წარმოებასთან – უნდა წარმოადგენდეს საქართვლოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს; არ არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული; იმ შემთხვევაში, თუ არის ცენტრის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის/ბენეფიციარი, მას არ უნდა ჰქონდეს პროექტის/პროგრამის/ პირობები დარღვეული.

კონკრეტულად პროგრამის შესახებ და ასევე განაცხადის ფორმა, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: