მთავარი,სიახლეები

12 ათასი ინფიცირებული, ღია ეკლესიები და დახურული ინფორმაცია – Covid19 ბელარუსში

30.04.2020 • 2906
12 ათასი ინფიცირებული, ღია ეკლესიები და დახურული ინფორმაცია – Covid19 ბელარუსში

ბელარუსში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულა და არც კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. თავშეყრის ბევრი ადგილი, მათ შორის, ეკლესია-მონასტრები ღიაა მლოცველებისთვის. ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პანდემიის ფართო გავრცელებას, მინსკის ყველაზე დიდი, წმინდა ელისაბედის სახელობის მონასტრის წინამძღვარი კი კორონავირუსს „უღმერთობისთვის სასჯელს“ უწოდებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში Covid19-ით ინფიცირების 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს მხოლოდ ზოგად მონაცემებს ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა არ ასახელებს გავრცელების ძირითად წყაროებს და პანდემიის ეპიცენტრებს, რაც ძალიან აშფოთებს ბელარუსის მოსახლეობას. პროტესტს ინფორმაციის ნაკლებობის გამო მოქალაქეები ფეისბუქგვერდებსა და სხვა სოცქსელებში გამოხატავენ.

12 აპრილს, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2500 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ბელარუსში კათოლიკეებმა აღდგომა იზეიმეს, ერთი კვირის შემდეგ კი, როცა უკვე 4000 შემთხვევა იყო გამოვლენილი, 19 აპრილს, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა აღნიშნეს აღდგომა.

მიუხედავად მაღალი სასულიერო პირების გაფრთხილებისა, ხალხი მაინც მივიდა ეკლესიებში, არ დაიჯერეს, რომ ხატებზე კოცნით, ზიარებით და ახლოს დგომით ვირუსის გადადების მაღალი საფრთხე არსებობდა.

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს თავად სახელმწიფომ უზრუნველყო უფასო ავტობუსები, რომ ხალხი სასაფლაოებამდე მისულიყო, ტრადიციის მიხედვით ბელარუსში ამ დღეს საფლავებთან ახლოს შლიან სუფრებს და ახლობლები ერთად იყრიან თავს.

აღდგომიდან ორი კვირის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში ინფიცირებულთა რიცხვი 12 ათასამდე გაიზარდა.

„როგორ შემიძლია ადამიანებს ვუთხრა მიცვალებულთა მოხსენიების დღეს პატივი არ მიაგოთ მშობლებს-მეთქი? მე მხოლოდ რჩევის მიცემა და თხოვნა შემიძლია, რომ თავს გაუფრთხილდნენ. აღდგომას მეც და ხალხიც, ყველანი ვიყავით ეკლესიაში,“ – განაცხადა 26 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

განცხადებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ ტაძარი სოფელ ლიადიში, სადაც პრეზიდენტი ლუკაშენკო ესწრებოდა მართლმადიდებლური აღდგომის მსახურებას, დაიკეტა – „გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ბელარუსში ინფიცირებულია 12 208 ადამიანი, გარდაცვლილია – 79.


წყარო: BBC

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/NIKOLAI PETROV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: