აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ აღმოჩნდა, მათ სიმპტომური მკურნალობა დაენიშნათ და დღეს აღარ აქვთ სიცხე. რამდენიმე დღეში პაციენტებს განმეორებით ჩაუტარდება PCR ტესტირება, რის შემდეგაც გვეცოდინება გამოჯანმრთელების მაჩვენებელი,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ.
დღეს, 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 2 სამედიცინო პერსონალია.
25 ივლისისთვის საქართველოში კოვიდ 19 ინფიცირების სულ 1117 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 917 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა – 16.
ოზურგეთში სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყაჩაღობის დროს გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძიების ვერსიით ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გუშინვე ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში დააკავეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მ.ლ.-ს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო.
რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს გამოქვეყნდა და ამავე დღეს ამოქმედდა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ის 2020 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
კომპენსაციის [300 ლარი] მიღების უფლება აქვს საზღვარგარეთ თვითდასაქმებულს, რომელსაც 2019 წელს უფიქსირდება საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.
პირველ აგვისტომდე გაუგრძელდათ ასევე რეგისტრაციის ვადა „ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან“.
ასევე, 2020 წლის 1 აგვისტომდე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირებულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალებაც ექნებათ.
მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მთავრობის წინაშე და მას საბოლოო ანგარიშს წარუდგენს.
იმ მოქალაქეებმა კი, რომლებთაც რეგისტრაციასთან ან კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, ან დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, ელექტრონული ფოსტის საშუალებთ: infosesa@moh.gov.ge
როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით:
2020 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული.
მათგან 121 520 პირმა უკვე მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს.
საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა.
ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი და არსებობს თუ არა სახელმწიფოში ასეთი სახიფათო ნარჩენების უტილიზაციის წესი.
ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი, მუდმივად ორთქლდება. სწორედ ეს ორთქლია მომწამვლელი. ორთქლი დღის შუქზე უხილავია. განსაკუთრებით ინტენსიურია აორთქლება, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა მოწამლოს ადამიანი – დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.
იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციას, რომელიც ჯერ რატიფიცირებული არ არის, მოქალაქეებს ვერცხლისწყლის უსაფრთხოდ უტილიზაცია არსად შეუძლიათ. ეს კონვენცია მოითხოვს ვერცხლისწყლის, როგორც პროდუქტის, ასევე ნარჩენის რეგულირებას.
“მინამატას კონვენციის ხელმოწერით საქართველომ დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი. თუმცა, ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს 2017-2021 წლის პროგრამაში. კონვენციას საქართველო ხელი 2017 წელს მიუერთდა, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სისტემა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გატეხილი თერმომეტრებიდან დაღვრილ ვერცხლისწყალს არა უბრალო ნაგავსაყრელზე, არამედ სპეციალურ შემგროვებელ პუნქტში, გარემოსთვის უსაფრთხო წესით მოათავსებენ.
“ვერცხლის წყალი მიეკუთვნება სახიფათო ტოქსიკურ ნარჩენებს. რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დეტონატორზე და ნაგავსაყრელზე მისი განთავსება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სისტემა არ არის აწყობილი, შეიძლება ვერცხლისწყალი 1100 ლიტრიან მუნიციპალურ კონტეინერში მოხვდეს. ამას ვერავინ გააკონტროლებ”, – ამბობს გარემოსდაცვითი მმართველი კახა გუჩმანიძე.
“მისი ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემდეგ, ის იჟონება ნიადაგში, რაც აბინძურებს გარემოს, ბინძურდება შიდა წყლები. ერთი თერმომეტრით კატასტროფა არ მოხდება, მაგრამ საზიანოა. როცა გროვდება დეტონირებული სხვადასხვა ნარჩენი, შემდეგ მიდის ე.წ. წვის, ანუ ჟანგვის პროცესი, ამ პროცესში გამოიყოფა მეთანი და სხვა მავნე ნაერთები… რა თქმა უნდა, დაბინძურებული ნიადაგი, შიდა წყლები და შემდეგ ჰაერი ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება”.
კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი სახიფათო ტიპის ნარჩენების გაუვნებელყოფისთვის, წესით სპეციალური პუნქტები უნდა არსებობდეს, სადაც მოქალაქეები მიიტანენ ნარჩენებს. ეს პასუხისმგებლობა შეუძლია აიღოს სანდასუფთავების სამსახურმაც. “ჩვენთან ასეთი პუნქტები არ არსებობს, მოქალაქეს თუ უნდა, რომ უსაფრთხოდ მოიშოროს ასეთი ნარჩენი, სპეციალურ ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდეს, მაგრამ ასეთი მცირე ნარჩენისთვის, საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს”, – ამბობს ის.
ბათუმის სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/უტილიზაციას ახორციელებენ, მაგრამ მოსახლეობიდან ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვება მათი ვალდებულება არ არის, პასუხი არც 112-ზე აქვთ. სპეციალისტებმა იმ ორგანიზაციებთან გადაგვამისამართეს, რომლებიც სახიფათო ნარჩენების გატანასა და მათ უსაფრთხო უტილიზაციაზე მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ეკომედი, სადაც გვითხრეს, რომ მათი კონტრაქტორები ძირითადად არიან ორგანიზაციები, რომელთაც მუშაობის პროცესში ვერცხლისწყლისშემცველი და სხვა სახიფათო ტიპის ნარჩენები წარმოექმნებათ. ეკომედის დირექტორის, კახაბერ ხუბუას თქმით, სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის საწვავი და შემდეგ მათი უტილიზაცია ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ერთეულ მოქალაქეებთან მისვლა არ იქნება ხარჯეფექტური. ამ ტიპის ნარჩენების ტრანსპორტირება და უტილიზაცია, ზოგჯერ კილოგრამობით ითვლება, ზოგჯერ ცალობით. მაგალითად, კილოგრამის განადგურების ფასი 15-22 ლარია, ცალობით 1.80-2.20 ლარი. “პირობითად, 10 თერმომეტრი რომ მოგროვდეს, ეს საწვავის ხარჯსაც ვერ დაფარავს”, – ამბობს კახაბერ ხუბუა. მისივე აზრით, საამისოდ საჭიროა ამ ტიპის ნარჩენების შეგროვების უფრო მასშტაბური ორგანიზება, მაგალითად მუნიციპალურ დონეზე.
“2014 წელს საქართველოში სულ 4,200 კგ. Hg/წ ვერცხლისწყალი გამოიყო. ყველაზე მაღალი რაოდენობის ვერცხლისწყალი (1,898 კგ. Hg/წ ყველა გარემოსდაცვით კომპონენტში) ლითონის პირველადი წარმოების შედეგად გამოიყო (ინდუსტრიული ოქროს მოპოვებისა და თუჯის წარმოების ჩათვლით). ვერცხლისწყლის გამოყოფის მთავარი წყაროა ასევე ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების მოხმარება და განკარგვა. მათი საერთო რაოდენობაა 1,165 კგ. Hg/წ, სადაც ყველაზე დიდი ინდივიდუალური წილი ამომრთველებსა და თერმომეტრებზე მოდის“, – მინამატას პირველადი შეფასების ანგარიში [2017].
მინამატას პირველადი შეფასების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2017 წლის მონაცემებით, წყალში მოხვედრილი ვერცხლისწყლის საერთო რაოდენობა დაახლოებით არის 240 კგ. Hg/წ, რისი მთავარი წყაროც ჩამდინარე წყლის სისტემა/გაწმენდა, ასევე ვერცხლისწყლის შემცველი ისეთი პროდუქტების მოხმარება და განკარგვაა, როგორიცაა თერმომეტრები, ლაბორატორიული, ქიმიური ნივთიერებები და საზომი აპარატები. ვერცხლისწყლის წყალში ჩადინების მნიშვნელოვანი წყაროა სპონტანური ნაგავსაყრელებიც – განსაკუთრებით ციცაბო ფერდობებსა და სოფლებში, სადაც ნარჩენების შეგროვების ოფიციალური სისტემა ან არასრულფასოვანია, ან საერთოდ არ არსებობს.
ვერცხლისწყლის ორთქლით მწვავე მოწამვლა ვლინდება მოწამვლიდან რამდენიმე საათში. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი ყლაპვის დროს, პირღებინება, ფაღარათი, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი. ამასთან ვლინდება სხეულის კანკალი, შესაძლებელია ხველა და ქოშინი. ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევაში დაზარალებული, პირველ რიგში, უნდა გაიყვანონ შენობიდან სუფთა ჰაერზე. ვერცხლისწყლის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი კუჭის ამორეცხვა.
კატეგორიულად არ შეიძლება: ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად მტვერსასრუტისა და ცოცხის გამოყენება; ვერცხლისწყლის საკანალიზაციო მილში ჩაშვება ან სანაგვეში გადაგდება; ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეკომენდაციები, როგორ მოვიქცეთ თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გატყდა:
ოთახში უნდა გაიღოს ყველა გარეთ გამავალი ფანჯარა და კარი და განიავდეს ოთახი;
ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები;
გამოირთოს გათბობისა და კონდიცირების სისტემები
ვერცხლისწყლის წვეთები უნდა მოაგროვოთ და შეინახოთ უსაფრთხოდ. სანამ ვერცხლისწყლის შეგროვებას დაიწყებთ, მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით და აავსეთ წყლით. ამ ქილაში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.
ვერცხლისწყლის ბურთულები უნდა შეაგროვოთ წებოვანი ლენტით, ქაღალდით ან მუყაოთი. დასველებული ბამბის ტამპონით, პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან პიპეტით. მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა მოიწმინდოს სველი ტილოთი. იატაკი უნდა დამუშავდეს რამდენჯერმე. შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩააწყვეთ პარკში და თავი ჰერმეტულად მოუკარით. ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაშ უნდა განიავდეს.
“მკვლელი სისტემა”, “ნუ მომკლავ” – ამ და სხვა ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე იმართება. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ კრიმინალური შემთხვევების გახშირებას და თვლიან, რომ ხელისუფლების მუშაობა კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტურია.
“ეს არის სოლიდარობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, უსამართლობის და გახშირებული კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი… ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მაღალკვალიფიციური კადრებით საგამოძიებო ორგანოების და სამართალდამცავი სტრუქტურების დაკომპლექტება, არ უზრუნველყო სამართლიანობის განცდის გაძლიერება,” – გვითხრა თამარ ბუთირიშვილმა. ის “ლელოს” ბათუმის ქალთა საბჭოს კურატორია.
“ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი, ყველაფერი კარგად ჩანს… ასე გამოდის, ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტები აკეთებენ გამოძიებას,” – გვითხრა ნონა ხაზარაძემ.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს.
გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თურქულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხების დაცვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა.
საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, თურქულმა კომპანიამ უზრუნველყო თავის სპეციალურ საკარანტინო ზონაში გადაყვანა. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, თურქმა სპეციალისტებმა განმეორებით გაიარეს ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე პროექტებზე მუშაობას შეუდგნენ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა. ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, დამატებითი თანამშრომლები საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით ჩამოვიდნენ“.
ბათუმში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი -კლინიკა „ბრაზერში“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება.
ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.
ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში.
განახლება
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ: თორნიკე მჟავანაძეს, რამაზ გოლომანიძეს და ზურაბ გოლიაძეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი წარადგინა, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩიეს.
ირაკლი გვარჯალაძე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობდა, მარიამ გუგუნავა უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მეუღლე.
უსკოს წევრი გახდა ნოდარ მელაძეც. იგი აქამდე ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე იყო. ნოდარ მელაძე პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის შვილის მამამთილია.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასი თვეში 3300 ლარია, თუმცა იმ წელს, როცა არჩევნები ტარდება, ეს ხელფასი ორმაგდება. უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 5 ათასი ლარია, მოადგილის – 4 ათასი.
ახალი, რიგით მეორე მარკეტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის 139 ნომერში მდებარეობს. „ფარფური“ მომხმარებელს თავს პროდუქციის ხარისხითა და დაბალი ფასებით ამახსოვრებს.
მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ყველაფერი, რაც მარკეტზე ფიქრისას თავში გაგიელვებთ.
„ფარფურის“ მარკეტები იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ღარიბებს პურს უფასოდ აძლევენ. საყოველთაო იზოლაციის დროს, მარკეტებმა 70 ათასამდე პური გასცეს.
თუმცა, ეს არაა ერთადერთი სოციალური პასუხისმგებლობის აქტი, რომელსაც კომპანია „ფარფური“ დამფუძნებლის, მერაბ ფარტენაძის ინიციატივით ეწევა.
[checklist]
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარანტინის პერიოდში, დაკეტილი სოფლების მოსახლეობას 3000 ცალი პური უფასოდ დაურიგდა
2000 ცალი პური, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული გადასცეს საჩუქრად „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას
35 სასაჩუქრე კალათა გადაეცა მერიას, შეჭირვებული მოსახლეობისთვის დასარიგებლად
მოსახლეობისთვის დასარიგებლად 30 სასაჩუქრე კალათა გადაეცა აეროპორტის დასახლების მერიის სტრუქტურულ ერთეულს
45 შშმ ბავშვს გადაეცა სასაჩუქრე პროდუქტისა და ტკბილეულის კალათები
აეროპორტის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას კომპანია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ეხმარება პროდუქტით, გამაგრილებელი სასმელებით და სხვა.
[/checklist]
„პანდემიის პირობებში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე კომპანია მოგებას არ არიცხავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ, ასაღებ ფასად ვყიდით. მოსახლეობას პირადად ვპირდები, რომ ფასები არც გაიზრდება“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე, „ფარფურის“დამფუძნებელი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მაღაზია ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიხსნება. ქსელი გაფართოებას გააგრძელებს ბათუმშიც:
„ჩვენი მომხმარებელი პროდუქციის ხარისხითა და ფასებით კმაყოფილია. მაღაზიების გახსნამდე კარგი საწყობი გავაკეთეთ, სადაც პროდუქცია სათანადო პირობებში ინახება. სურსათის უვნებლობის სააგენტომ რამდენჯერმე შეგვამოწმა და შენიშვნა ან მითითება არ ჰქონიათ“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.
მერაბ ფარტენაძე (შუაში) მეგობრებთან ერთად.
„ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაღაზიაში ახალი და ჯანსაღი პროდუქციაა, ხოლო ფასები – დაბალი. მფლობელსაც ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ ფასები არ გაიზარდოს,“ – ამბობს მოქალაქე რუსუდან თავბერიძე, რომელმაც გახსნისთანავე გადაამოწმა მარკეტში არსებული ფასები.
კომპანიის დირექტორის, დავით ბუქიძის თქმით, „ფარფური“ მუდმივად ზრუნავს სურსათის უვნებლობასა და ხარისხის კონტროლზე:
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს. ამჟამად მარკეტებში 75 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლებად ავიყვანეთ მუშაობით დაინტერესებული ადამიანები განურჩევლად ასაკისა და სქესისა და შანსი მივეცით გამხდარიყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. მათი დიდი ნაწილი სტუდენტია და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სწავლისა და მუშაობის შეთავსებაში. თავდაპირველად გვაქვს მოკლევადიანი სტაჟირება, რომელიც ასევე ანაზღაურებადია,“- ამბობს დავით ბუქიძე.
„ფარფურის“ რიგით პირველი ფილიალი ბათუმში, აეროპორტის გაზატკეცილზე N228-ში მდებარეობს.
გვეწვიეთ და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენთან ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია!
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
15 წლის მოზარდი ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში ცოცხალი იპოვეს.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
15 წლის მოზარდი გუშინ ღამე იპოვეს. მანამდე მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთხმად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური და დაქტილოსკოპიური კვალი.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
დღეს, 24 ივლისს, კორონავირუსი საქართველოში კიდევ 19 პირს დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 1104, გარდაიცვალა – 16, გამოჯანმრთელდა – 912.
24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა ერთი პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი 19 შემთხვევიდან 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ასევე, ინფიცირებულია ერთი სამედიცინო პერსონალი, სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი ჯერ უცნობია.
დღეის მონაცემებით, 214 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.
სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 912, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.
საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დღეს საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული.
Google earth-ით დანახული “ოცნების ქალაქის” ტერიტორია
აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე.
მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები კი შვიდი წლისანი არიან. მალე 9 წელი გავა, რაც აქ ვცხოვრობ. არ მქონდა ქირის გადახდის საშუალება და აქ შემოვსახლდი. დღემდე თავი გამაქვს სოციალური დახმარების წყალობით, ბავშვების გამო მუშაობას ვერ ვახერხებ“.
მაია ბოლქვაძე “ოცნების ქალაქიდან”
აქ იყო გაუსაძლისი პირობები, არ იყო დენი, წყალი, დღემდე არ არის კანალიზაცია, მოუწესრიგებელია გზები. უიმედო წლების შემდეგ ახლა დაიწყო კორპუსების მშენებლობა და ყველა ასაკის აქ მცხოვრებ ადამიანს გაუჩნდა იმედი, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრებს და ექნება სახლი. ახალ კორპუსში, როგორც ამბობენ, თეთრი კარკასი იქნება. ყველას ძალიან უხარია.
ოცნების ქალაქი
„ოცნების ქალაქში“ დაახლოებით 1000 ბავშვი ცხოვრობს. მჯერა, პროცესები ისე წარიმართება, რომ ყველა ის მხარე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ბავშვებს არ დატოვებს სახლის გარეშე“, – ამბობს მაია.
„ოცნების ქალაქში“ ამჟამად საცხოვრებელ სახლებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აშენებს. მისი წარმომადგენელის, თამუნა ჩხეტიას თქმით, კომპანიისთვის საამაყოა ამ პროექტში მონაწილეობა.
„582 ბინაზე გათვლილი, სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ბათუმში. სახლები გათვლილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
დასაქმებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, ამ დროისათვის დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივია. სამუშაოებში პერიოდულად „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანებიც ერთვებიან.
მშენებლობა წლის დასაწყისში დაიწყო და მომდევნო წლის ზაფხულში ვგეგმავთ ჩაბარებას. ნამდვილად ძალიან საამაყოა, როცა იცი, რომ აშენებ კორპუსებს, რომლებშიც ის ადამიანები იცხოვრებენ, ვისაც ბინა არ აქვთ“.
სამშენებლო კომპანია „დაგი“ 2003 წელს დაარსდა და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი.
კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს საოფისე ფართობების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს.
კომპანია მუდმივად ცდილობს, მიჰყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან კი – OHSAS სერტიფიკატი. ასევე, კომპანია 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში”, ამ სიაში მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ხვდებიან.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ბათუმში შეხვდებით ამ რეგულაციის დარღვევის ფაქტს, განსაკუთრებით ხელვაჩაურის მიმართულებით.
ეს სამარშრუტო ტაქსი „ბათუმელებმა“ დღეს, 24 ივლისს გადაიღო.
გარდა ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვისა, მიკროავტობუსში არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე, იკრძალება კონდიციონერის გამოყენებაც, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
„სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
სამართალდამცველები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც, რომელთაც მუდმივად ამონიტორინგებენ მობილური ჯგუფები“, – აცხადებს შსს.
ამავე წყაროს ცნობით, გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფები იყენებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებს.
„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებენ შს სამონს-ში.
ბოლო მონაცემებით, საქარველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა მთლიანობაში გამოვლენილი. დღეს, 24 ივლისს, კორონავირისის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.
„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით, ქვეყანაში გახშირებულ საგანგაშო კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, დღეს, 24 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია: “შვილების გადასარჩენად”.
ფაქტია, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულყოფილად არ მუშაობს ხელისუფლების არც ერთი რგოლი, არც ერთი უწყება. ეს მდგომარეობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პროფესიონალ და წესიერ ადამიანებსაც კი აღარ უტოვებს შესაძლებლობას შეცვალონ ძალადობრივი გარემო ჩვენს ქვეყანაში და ამის ფასს ჩვენი შვილები საკუთარი სიცოცხლით იხდიან.
მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს ახალგაზრდებს შემოგვიერთდით, რათა ყველამ ერთად გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არსებულ ვითარებას და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან არა მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციისა და მისი აღმოფხვრისკენ, არამედ დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს.
ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა.
ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ გაწევრიანებაზე განაცხადა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის განმარტებით კი, ჯამბულ ხოზრევანიძე „აცდენილი იყო გუნდის ხედვებს“ და მასთან სტრატეგიულ-პრინციპულ გადაწყვეტილებებზე ვერ თანხმდებოდნენ.
„როდესაც ადამიანი საჯარო სამსახურშია, ის უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს საჯარო ფუნქციების განხორციელებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. ის, რომ რეალურად აცდენილი იყო და საჯარო სამსახურის რესურსებს იყენებდა პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ეს დღეს უკვე გამოჩნდა. მით უმეტეს სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სკრუპულოზური გადაწყვეტილებები, პლუს ამას სკრუპულოზური ხედვა თავიდან ბოლომდე იმ აქტივობებში, რასაც ვახორციელებთ. იქ სანერგეებია, მავნებლებთან ბრძოლაა, სხვადასხვა ტიპის სეზონებია – თხილის იქნება, ციტრუსის თუ სხვა, პოლიტიკური მიზნებით მანიპულირება საჯარო სამსახურში ჩემთვის მიუღებელია. საბოლოოდ გუნდი შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ის ხედვა, რომელიც ჩვენ გუნდს გვქონდა და ამას ჯამბულ ხოზრევანიძე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ვერანაირად ვერ ემთხვეოდა ჩვენი ხედვები. კონკრეტული მიზეზების ჩამოთვლა, როდის რა იყო, სწორად არ მიმაჩნია“, – განმარტა ტიტე აროშიძემ.
მინისტრს ვკითხეთ, რას ფიქრობს მინისტრების ჩართულობაზე სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიზიტებზე პარტიის ოფისში წინასაარჩევნოდ. ამ კითხვის პასუხად ტიტე აროშიძემ გვითხრა, რომ „ეს ხდება მხოლოდ არასამუშაო საათებში ან უქმეებზე“ და ეს საჯარო უწყებებში მკაცრად გაკონტროლებულია:
„ამაზე ძალიან მკაცრად ვთხოვ მე აქ სხვებსაც პასუხს. აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მისი [ჯამბულ ხოზრევანიძის] პოლიტიკური ხედვები არ ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს. ზოგადად, არასწორ, მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებდა, რაც არ შეესაბამებოდა არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც ჩვენი გუნდის პრინციპულ ხედვებს. მინისტრის მოადგილე, რომელიც სამუშაო პერიოდში ახდენს გასვლას მოსახლეობაში და ამას იყენებს იმისთვის, რომ აგიტაცია გასწიოს პირობითად, „ლელოს“ კამპანიაზე, ეს უკვე ჩემთვის მიუღებელია. როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვს და საუბრობ „ლელოს“ ამოცანებსა და პროგრამებზე, რაც დადასტურდა და დამალულიც არ არის – დღეს უკვე მან დაადასტურა თავისი ეს ხედვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოადგილე როდესაც იყენებს საჯარო სამსახურის რესურსს – ეს არის სამუშაო დრო, სამსახურის ავტომანქანა, ის საქმეს უნდა აკეთებდეს და ორიენტირებული იყოს სოფლის მეურნეობაზე“.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გაათავისუფლა თანამდებობიდან. აქ გაეცანით, რას ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე მის გათავისუფლებაზე.
„აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში, არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე – რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს. ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს…“ – ეს პოსტი „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნინო კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა და ამ ჭურჭლის ფოტოებიც თან დაურთო.
რესანის ნამუშევრები
ნინომ მეგობრებს ურჩია დაინტერესდნენ ამ ნივთებით, რადგან ჭურჭელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და უსაფრთხოა.
მოწონებების რაოდენობას და კომენტარების შინაარსს თუ გადავხედავთ, რესანის მიერ ფეისბუქში შექმნილ გვერდსაც დიდი გამოხმაურება აქვს. ის ამ გვერდზე საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს ათავსებს. ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ თებერვალში შექმნილი გვერდი უკვე საკმაოდ პოპულარულია.
რესანის თქმით, ხეზე მუშაობის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო, ბაბუა ხეზე მუშაობდა, ძირითადად კარ-ფანჯრებს ამზადებდა და რესანმაც მისგან აითვისა ხის დამუშავება. შემდეგ კი ამ საქმეში მრავალფეროვნების საჭიროება დაინახა – თავისუფალ დროს ხის ჭურჭლისა და ჭაღების დამზადება დაიწყო. მისი დამზადებული ნივთებიდან განსაკუთრებული ინტერესი ხის მაჯის საათმა გამოიწვია.
„პირველად მაჯის საათი დავამზადე ხისგან, მექანიკური ელემენტებით ავამუშავე, შემდეგ დავიწყე ჭაღების, ჭურჭლის და სხვადასხვა ნივთის დამზადება – ნივთები ბევრს მოეწონა და უამრავი შეკვეთა მივიღე, მოთხოვნა არის“, – გვიყვება ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში ცხოვრობს.
რესანის ნამუშევარი
ამ ეტაპზე რესანი ცდილობს მოიპოვოს დაფინანსება, რომლითაც თანამედროვე დანადგარებს შეისყიდის: „მე მაქვს მხოლოდ ბაბუას ნაქონი რუსული წარმოების დაჟანგული დანადგარები. თანამედროვე დანადგარებით მინდა ისეთი დახვეწილი ნივთები დავამზადო, რომ ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ გავიტანო“, – გვიყვება რესანი საკუთარ გეგმებზე.
რესანის თქმით, დაახლოებით 10 000 ლარი სჭირდება იმისათვის, რომ თანამედროვე დანადგარები შეიძინოს და შექმნას ისეთი სახელოსნო, სადაც სხვებსაც დაასაქმებს.
რესანის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ ამის გამო ვერ შეძლო ოცნების ასრულება – უმაღლესი განათლების მიღება. პანდემიამდე, ჩაის კრეფის სეზონზე, რესანი ოჯახთან ერთად თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. პანდემიამ კი მის ოჯახს შემოსავლის ეს წყაროც გადაუკეტა.
სწორედ კორონავირუსის პერიოდში დაიწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე სერიოზული ფიქრი. თურქეთში გამომუშავებული ფულით ორი „ჩარხი“ შეაკერინა ბათუმში, მოიწყო ელემენტარული სამუშაო გარემო და შეუდგა თავისი ახალი გეგმის განხორციელებას. შემდეგი ეტაპი კი ფეისბუქში სპეციალური გვერდის შექმნა იყო, სადაც საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფოტოები გამოაქვეყნა…
რესანისთვის მოულოდნელად გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
ახლა ოჯახი სოციალური დახმარებით და რესანის მიერ დამზადებული ნივთებისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს.
რესან ჟოჟაძის ხელნაკეთი ჭურჭელი
რესანი გვიყვება, რომ სამუშაო მასალად ხშირად შეშას იყენებს: „შეშად ვყიდულობ წაბლს და რაღაც ნაწილს ვიყენებ, როგორც სამუშაო მასალას.“
რესანის თქმით, დამუშავებულ მასალას ხარშავს და შემდეგ ზეითუნის, თაფლის ან ფორთოხლის ზეთით ამუშავებს.
„ვცდილობ სხვადასხვა ფორმა მოვიფიქრო, სახელოსნოში ვარ დილიდან საღამომდე, ზოგჯერ ღამის 12 საათამდეც, მოთხოვნა არის და მინდა დავაკმაყოფილო“.
ვკითხეთ გაყიდვების შესახებაც. გვითხრა, რომ დაკვეთებს ძირითადად ფეისბუქის საშუალებით იღებს. დამკვეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და იწყებს ნივთის შექმნას. რამდენიმედღიანი დაუზარელი შრომის შემდეგ ნივთიც მზადაა. მერე უკვე ნივთს ადრესატთან ფოსტით აგზავნის.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბატონო ჯამბულ, რა არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი?
არ ვიცი, არ უთქვამთ. ჯობია მათ ჰკითხოთ ამის შესახებ. მე თვითონაც ველოდები, რომ გავიგო რა არის მიზეზი.
ამის მიზეზი ხომ არ გახდა თქვენი „ლელოსთან“ კავშირი?
რა თქმა უნდა არა. მოდით ასე ვთქვათ – ჩემი ლელოსთან კავშირი იყო დღეს და არა გუშინ, ეს მე გადაწყვეტილი არ მქონდა. ყველამ რომ იცოდეს, ალბათ გახსოვთ 2016 წელს მე ღიად განვაცხადე ჩემი დამოკიდებულების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა ხელისუფლებას ემორჩილებოდა მონურად, ყველაფერს ასრულებდნენ უსიტყვოდ და შემდეგ გადმოპორტირდენ „ქართულ ოცნებაში“.
ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. მე, რომელმაც დავტოვე პოსტი და ვიბრძოლე, 2012 წლამდე ყველა წნეხი გადავიტანე, დამიჭირეს, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს 2008 წელს. მაშინ ეს ადამიანები მოსკუპულები იყვნენ იქ და ტაშს უკრავდნენ, რა ლამაზი და კარგი რეჟიმიაო. რომ გვიჭერდნენ და „უპრაგონოდ“ გვაჯარიმებდნენ, მაშინ არ ამოუღია ხმა ამ ხალხს. დღემდე მე კიდევ მქონდა იმედი… არამხოლოდ მე – მათ, ვინც 26 მაისს, 7 ნოემბერს მონაწილეობდა აქციებში, ყველგან ვიყავი და დღესაც მაქვს ნაიარევი. ისინი ამ დროს წამოსკუპულები იყვნენ კაბინეტებში და ზემოდან დაგვყურებდენ.
2012 წლის ბეშუმის ინციდენტი გახსოვთ ალბათ – ყველაფერი სახეზეა. რამდენი ჩამოვთვალო? – მე მქონდა შეხვედრა პარტიულ ხელმძღვანელობასთან, ეს ყველამ იცოდა, მათ შორის ჩემმა მინისტრმაც, მე მათ მიმართ რა დამოკიდებულებაც მქონდა.
ანუ თქვენ აპროტესტებდით წინა ხელისუფლების კადრების „ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ ხომ 2017 წლიდან მინისტრის მოადგილე ხართ?
რა თქმა უნდა. 9 წელი „ნაცების“ დროს და 8 წელი ჩვენ დროს, ზემო აჭარაში თუ ერთი გამორჩეული ადამიანი ვერ ვნახეთ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია.
ანზორ ბოლქვაძეს გულისხმობთ?
დიახ, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ანზორ ბოლქვაძე, ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის, ყველა იყო გაოცებული მისი დასახელებით. დანარჩენს, თუ რატომ გამათავისუფლეს, ამაზე პასუხს მე თავადაც ველოდები. მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვფიქრობ, რომ ვიყავი მინისტრის წარმატებული მოადგილე. ამის ბევრი ფაქტი არსებობს, 2019 წელს მათ შორის ენჯეოებმა მაღიარეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოხელე. ახლა თუ რაღაცის მიბმა უნდათ, მე ეგ არ მაინტერესებს. სხვა რაიმე კონფლიქტი არ მქონია. შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც გათავისუფლებაზე არ გეუბნებიან პირველი პირები და გეუბნება შუამავალი. მე ეს არ დამიმსახურებია, ვემსახურებოდი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას.
თქვენ გაღიზიანებთ ანზორ ბოლქვაძის კიდევ ერთხელ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება, იმის მიუხედავად, რომ ის „ოცნების“ დეპუტატია მთელი ეს წლები?
თავიდან დავიწყო? – მე მაგას ვაპროტესტებდი 2014 წელსაც, როცა ამირჩიეს [ხულოს] საკრებულოს თავმჯდომარედ. არავითარი კონტაქტი მაგ ადამიანთან არ მქონდა. უბრალოდ, მე, როგორც კარგ ოჯახში აღზრდილი, მას არასდროს ვეკამათებოდი ქუჩაში, რადგანაც იყო „ქართული ოცნების“ რაღაც ჯგუფის წევრი. 2016 წელს ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2016 წლიდან – 2020 წლამდე ყველამ იცოდა, რომ ჩვენ გვინდოდა სამართლიანობის აღდგენა, კითხვას ვსვამ – თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ შეიძლება ანზორ ბოლქვაძის შემობრუნება, რატომ არ შეიძლება სხვა „ნაცების“ შემობრუნება? – მოვიყვანოთ მაშინ ისინიც. პიროვნულად ბატონი ანზორის არაფერი მაინტერესებს, პოლიტიკურად ის არის ჩემთვის მიუღებელი. პიროვნულად კარგი კაცია, კარგი ოჯახი აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს. კაცი, რომელიც გუშინ სააკაშვილს აღმერთებდა, „ქართულ ოცნებას“ ქვებს ესროდა… ლოგიკა სად არის?
ამბობთ, რომ თქვენი ამას ღიად აფიქსირებდით და ამის გამო დაგატოვებინეს თანამდებობა?
სხვათა შორის, არ ვაფიქსირებდი არასდროს ღიად. გუნდის წევრებს შორის ვაფიქსირებდი ყველა დონეზე.
მითხარით თქვენს თანხვედრაზე „ლელოსთან“?
ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, გვქონდა ერთი ფასეულობები, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იქ არის. როგორ ფიქრობთ, მე მეგობრებისა და თანამოაზრეების გარეშე მივიღებდი გადაწყვეტილებას? – ძალიან დიდ ხანს ჩვენ ვმსჯელობდით ამაზე, მაგრამ ოფიციალურად ვერავინ დაგიდასტურებთ იმას, რომ მე ეს გუნდის გარეთ გავიტანე. როგორც ჩანს, მათთვის უფრო ღირებული ის ადამიანია. მე არ ვარ კომფრომისტი, ვერ ჩავღუნავ თავს იმიტომ, რომ სკამი მაქვს. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც ახლა არ უნდა ვთქვა. არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს გათავისუფლებას ჩემს გადაწყვეტილებასთან, ეს შეგიძლიათ ჩემს ხელმძღვანელს ჰკითხოთ.
თქვენ უშვებდით, რომ „ლელოში“ წახვიდოდით და თანამდებობაზეც დარჩებოდით?
ჩემი „ლელოში“ წასვლის მიზეზი არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები – ისევ ძველი სახეები გუნდში, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში.
მაგრამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თქვენ ხომ არ მიგიღიათ?
ეს სხვა თემაა, ეს მათ ჰკითხეთ, მე ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ველოდები გავიგო, რა უწერიათ ბრძანებაში, მაინტერესებს. გასაღები დავტოვე მანქანაზე და წავედი თბილისში ოჯახთან.
ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს. ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა.
ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან.
ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს.
53 წლის მაყვალა სურმანიძე ჯარას მეფუტკრეა. ის ხულოს მაღალმთიან სოფელში, ფუშრუკაულში ცხოვრობს. მაყვალა პროფესიით მასწავლებელია, იგი 14 წელია მეფუტკრეა.
„ჩემი მამამთილი აწარმოებდა ადრე ბიოთაფლს, თითქმის 71 წელი, ბოლო 14 წელი კი მეც მეფუტკრე გავხდი. სოფელი გოდერძის უღელტეხილთან 14 კილომეტრითაა დაშორებული და გარემოც გვიწყობს ხელს, რომ ბიოთაფლი ვაწარმოოთ“, – ამბობს მაყვალა.
ჯარას თაფლის უპირატესობა ისაა, რომ თაფლის წარმოება მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში, ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.
„ერთადერთი, რაშიც ჩვენ ხელს ვუწყობთ ფუტკარს, არის ის, რომ ვაკეთებთ ჯარას და ფუტკარს ვუშვებთ შიგნით. თაფლის წარმოება, ფიჭის დამზადება და ყველა სხვა პროცესი მიდის ბუნებრივად“.
ჯარას თაფლის უპირატესობაზე გვესაუბრება გენადი დოლიძეც, რომელიც ქედაში, სოფელ ნამონასტრევში ცხოვრობს. მისი თქმით, ჯარაში არ არის ხელოვნური ფიჭა და მას ფუტკარი ბუნებრივად ამზადებს. სწორედ ასეთი ფიჭიანი თაფლი გააქვთ საზღვარგარეთ გასაყიდად.
„გარდა იმისა, რომ ჯარაში ბიოთაფლი მზადდება, ტკიპებისგან დასაცავადაც ბიოწამალს ვიყენებთ. ყველა სტანდარტს ვიცავთ და მასზე მოთხოვნაც მაღალია“, – გვეუბნება გენადი დოლიძე.
მას ჯარა სოფლიდან 16 კილომეტრში აქვს განთავსებული. გენადის ოჯახს 40 სკაც აქვს. მეფუტკრეობას მისი ოჯახი წლებია მისდევს და აპირებს, რომ წარმოება კიდევ უფრო გაზარდოს.
ჯარას თაფლს აწარმოებს რამინ ჯიჯავაძეც, რომელიც ასევე ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს.
„ჩემი ოჯახი ისტორიულად ჩართულია მეთაფლეობაში. ჯარას თაფლი ადრე უფრო მივიწყებული იყო, ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, თუმცა დღეს ყველაზე მოთხოვნადი ბიოთაფლია და ფუტკრის ოჯახებსაც ვამრავლებთ.
ჯარაში ძალიან ბუნებრივად ცხოვრობს ფუტკარი, თავისი გუნება-განწყობით აშენებს სათლს და ამზადებს თაფლს. ტკიპაზეც მხოლოდ ბუნებრივი პრეპარატებით ვწამლავთ ჯარას“, – ამბობს რამინ ჯიჯავაძე.
ჯარა მეფუტკრეა ჯემალ ბერიძეც. ის შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს და 20 წელია რაც მეფუტკრეობას ეწევა. ჯემალ ბერიძე ჯარას თავადაც ამზადებს ხოლმე და როგორც გვეუბნება, დაახლოებით ერთი სრული დღე მაინც სჭირდება მის დამზადებას.
„სასურველია წიფლის ხისგან დამზადდეს ჯარა, თუმცა ამ ხის მოჭრაზე შეზღუდვაა და ნებართვას ხშირად ვერ ვიღებთ. ამ დროისთვის 22 ჯარა მაქვს დამზადებული, შარშან 120 კილოგრამი თაფლი ავიღე, წელს – ვნახოთ“, – გვეუბნება ის.
ჯემალ ბერიძემ ბიოსერტიფიკატი წელს პირველად მიიღო. ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს ბიოთაფლის წარმოების გაზრდაზეც იფიქროს.
ასლან შაქარაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე და, ასევე, საწარმო „აგრო ქედას“ გამგეობის წევრია. სწორედ ეს ასოციაცია ეხმარება ბიოთაფლის მწარმოებლებს სტანდარტების დაცვაში და თაფლის რეალიზაციაშიც.
„წელს 18-მა მეფუტკრემ აიღო ბიოსერტიფიკატი, აგვისტოში კი კიდევ 6 მეფუტკრე ელოდება ბიოსერტიფიკატს გერმანიიდან. წელს სულ ცოტა 3 ტონამდე ბიოთაფლს ველოდებით 24 ჯარადან. იზრდება წარმოება, რადგან ბუნებრივ თაფლზე გაიზარდა მოთხოვნა“, – ამბობს ის.
ჯარადან თაფლის ამოღების პროცესს ასლან შაქარაძე უშუალოდ აკვირდება:
„ადგილზე ხდება დაფასოება, დანომვრა, კოდის მინიჭება და მწარმოებლის სახელი და გვარი იწერება. შემდეგ ეს პროდუქცია გადმოგვაქვს საწარმოში, რომელიც ასევე აგვისტოში მიიღებს ბიოსერტიფიკატს, აქედან კი თაფლის ადგილობრივ თუ ევროპულ ბაზარზე გატანაში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გვეხმარება, რომელმაც 2018 წელს დაიწყო ბიოთაფლის შეგროვება კომერციული მიზნით“.
ჯარა, სადაც ფუტკარი ბიოთაფლს ამზადებს/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია
ასლან შაქარაძის თქმით, 2020 წლის თებერვალში ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ჯარას თაფლის ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში დაარეგისტრირა.
„ჯარას თაფლი წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჯარაზე და აჭარაზე მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – „ჯარა“ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და შეიქმნა ჯარა თაფლის საპრომოუშენო გვერდიც“.
შაქარაძის თქმით, იმისათვის, რომ ბიოთაფლი დამზადდეს, სკაში არ უნდა იყოს გამოყენებული ჟანგვადი მასალა, აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი ფიჭა და არა პარაფინნარევი.
როგორც ასლან შაქარაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში ბიოსანთლის წარმოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ იყენებენ ხელოვნურ ფიჭას სკებში.
„ფაქტობრივად, ბიოცვილი არ არსებობს ბაზარზე, მაგრამ თუკი ჯარასა მეფუტკრეებისგან შეგროვდება ბუნებრივი ცვილი, დროთა განმავლობაში შევძლებთ ბიოფიჭის დამზადებასაც. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ბიოფიჭა რომ დაბეჭდო, საბეჭდიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიო მოთხოვნებს“.
დღეს ერთი კილოგრამი ჯარას ბიოთაფლის ფასი 25 ლარიდან იწყება, თუმცა შესაძლოა ფასი ისევ გაიზარდოს.
________________________________________
მთავარ ფოტოზე: ჯემალ ბერიძე, ჯარას მეფუტკრე შუახევიდან.
კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა.
რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იკვეთება, რომ პარტიების ნაწილი შეთანხმების რესურსს ამ თემაზე უკვე ამოწურულად თვლის, ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად საკუთარი კანდიდატით უნდა მივიდეს ამომრჩეველთან, ნაწილი კი ელის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას საერთო კანდიდატებზე შეთანხმება მოუწევს.
„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები აჭარის სამივე ოლქში ექვსივე პოზიციაზე, ანუ პარლამენტისთვის და უმაღლესი საბჭოსთვის… როცა პოლიტიკურმა პარტიებმა კონსულტაციები დაიწყეს, მაშინ თქვეს, რომ თბილისში შეთანხმდებოდნენ და რეგიონებში ეცდებოდნენ ამას. ცოტა რთულია ამდენმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწიოს… კარგია, რომ თბილისში შედგა ეს შეთანხმება,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მას არ სმენია და, შესაბამისად, არც ჩართული ყოფილა პარტიების საერთო შეხვედრებში, სადაც რეგიონებში საერთო მაჟორიტარების შეთანხმებაზე იქნებოდა საუბარი. ჩვენ მას ასევე ვკითხეთ: რატომ შეიძლება ეს არ აწყობდეს ოპოზიციურ პარტიებს, როცა ამით სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსი იზრდება?
„თბილისში იყო უფრო ეს საჭირო, სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ოლქია, პოლიტიკური მნიშვნელობა მეტია… რა თქმა უნდა, სასურველი იყო დიდ ქალაქებშიც მომხდარიყო ეს შეთანხმება, მაგრამ ეს ურთულესი საკითხია… აჭარაში ეს შეთანხმება არ იყო იოლად მისაღწევი, რადგან აქ უმაღლესი საბჭოს არჩევნებიცაა,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აზრით, აჭარის მაღალმთიანეთში, რომელიც ახლა უკვე ერთი სამაჟორიტარო ოლქია, უმჯობესია ოპოზიციას ცალ-ცალკე კანდიდატები ჰყავდეს, რადგან იქ რამდენიმე მუნიციპალიტეტია. გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს ამომრჩევლის ქცევაზე – მისი დაკვირვებით, „პროპორციულზე მისაღები ხმები ხშირად მიბმულია მაჟორიტარი კანდიდატის რეიტინგზე. თბილისში 8-დან 6 დავთმეთ, იმ ექვსში არ იქნება მარტივი მუშაობა „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ როცა არ გყავს კანდიდატი,“ – განმარტავს გიორგი კირთაძე.
გიორგი კირთაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ თვლის, რომ შეთანხმება და კონსენსუსი არ შედგა. იგი მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცია, თუკი მეორე ტურამდე მივიდა საქმე, ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ოპოზიცია შეთანხმდა ერთიანი ძალისხმევით საარჩევნო ხმების დაცვაზე.
„…იგივე წარმატებით შეიძლებოდა შემდგარიყო შეთანხმება გურიაში და სადღაც შესაძლოა შედგეს, სადღაც ვერა, ოღონდ კავშირში არაა ეს კოალიციის ჩამოყალიბებასთან. ჩვენ შევთანხმდით საერთო რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის და დროზეა გასაშვები. ჩვენ ერთიანი სტრატეგია გვქონდა ასევე პროპორციული სისტემით საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.
ოპოზიციურ ძალებთან საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას საერთოდ გამორიცხავენ პოლიტიკურ მოძრაობაში – „ლელო საქართველოსთვის“. ეს პოლიტიკური ძალა არც თბილისზე შეუთანხმდა ოპოზიციურ პარტიებს. გამონაკლისი მხოლოდ ვაკის ოლქია, სადაც „ლელო“ არ აპირებს საკუთარი კანდიდატი დაუსახელოს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს – ელენე ხოშტარიას.
„ლელოს“ ყველა სამაჟორიტარო ოლქში ეყოლება „ლელოელი“ კანდიდატი… სხვა ტიპის შეთანხმება ჯერჯერობით არ არის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი კუპრაძე, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია აჭარაში. ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტთან საკუთარი კანდიდატით მივა, ანუ ე.წ. „გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან“ და დაარწმუნებს, რომ ის „ოცნებას“ არ წარმოადგენს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
ირაკლი კუპრაძე
„ლელო საქართველოსთვის“ უნდა იყოს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა. შესაბამისად, უცნაური და რთული იქნება სხვა ტიპის შეთანხმებაზე წასვლა… ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტს არ უნდა არც წარსული ძალა და არც თანამედროვე… ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ოლქებში დავამარცხოთ, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, პირველ რიგში,“ „ოცნების“, რადგან ის არის სახელისუფლებო პარტია,“ – აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.
„სასურველია კი არა, საჭიროა, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე…“ – კატეგორიულია პეტრე ზამბახიძის პოზიცია. იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერია აჭარის რეგიონში. პეტრე ბუნებრივად უყურებს იმას, რომ ყველა პარტიას საკუთარი კანდიდატის დასახელება სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს რეგიონებშიც მოძებნიან.
„მე მაქვს მოლოდინი საღი აზრი იმის, რომ დასავლური ღირებულებების პარტიები შეძლებენ, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ისეთი საერთო კანდიდატების დასახელებას, რომლებიც შეძლებენ სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხებას… აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე პარტია, რომელიც ამას დასთანხმდება. კამპანია როცა დაიწყება, ნახავენ ვის რა რეიტინგი აქვს… ისინი დაინახავენ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანი კანდიდატები. ადრე თბილისზეც ამბობდნენ, რომ არ გამოვიდოდა შეთანხმება, მაგრამ ხომ გამოვიდა? ვადა როცა მოდის, მაშინ რა პოზიციები ექნებათ, ამას ექნება არსებითი მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს პეტრე ზამბახიძე.
პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეუძლიათ. „ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდამდე, ანუ სექტემბრის ბოლომდე შედგება ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებები, მანამდე კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კანდიდატებსაც დააკვირდებიან.
პეტრე ზამბახიძე
„ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სჭირდება კონკრეტული კანდიდატის ცნობადობა, რეპუტაცია, პრინციპულობა, რომ ჩვენ ესა თუ ის ადამიანი დავასახელოთ ამ ნიშნით… „ევროპული საქართველო“ მზადაა დრო და ენერგია დახარჯოს, რომ რეგიონების დონეზე შევჯერდეთ კანდიდატებზე. მე, პირადად, ვიტოვებ იმედს, რომ სწორად მიიღებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას და შეძლებას ისეთი რეალური კანდიდატების მხარდაჭერას, რომელიც საერთო ჯამში ოპოზიციას მოუტანს გამარჯვებას,“ – გვითხრა პეტრე ზამბახიძემ.
პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ კონსენსუსი საერთო კანდიდატებზე იქნება გზავნილი საზოგადოებისთვისაც, რომ ეს პოლიტიკური ძალები კოალიციურ რეჟიმში მუშაობას შეძლებენ, თუკი ამომრჩეველი მათ ნდობას გამოუცხადებს.
„ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ძნელია განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, რომელსაც მეტი რეიტინგი გვაქვს, მაგრამ ჩვენ პარტიის მზაობა ამის მიმართ არსებობს,“ – დასძინა პეტრე ზამბახიძემ.
ანალოგიურად ფიქრობენ ახლადდაარსებულ პარტიაში „მოქალაქეები“. ეს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ დაფუძნებული პარტიაა. ეს პარტიაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას უახლოეს დღეებში აპირებს, თუმცა აქ თვლიან, რომ შეთანხმება საჭიროა და მოლაპარაკების პროცესი კანდიდატების დასახელების შემდეგ დაიწყება.
გენრი დოლიძე
„…აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის სურვილი აქვს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. ჩვენ სურვილია კანდიდატებზე შეჯერება. ეს დამოკიდებული იქნება ძლიერ კანდიდატზე, რომელიც რეალურად მოიგებს,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ, პარტია „მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ლიდერმა აჭარაში.
ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს.
აუქციონის მთავარი პირობით, „ორბი ჯგუფი ბათუმი“ ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უზრუნველყოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული შენობის/ნაგებობის (მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს) ექსპლუტაციაში მიღება/ამოქმედება;
პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია;
სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი შეინარჩუნოს სასტუმროს პროფილი.
გაყიდული ტერიტორიის ნაწილი – 3 022 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სასპორტო სკოლის შენობის გარეშე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა [აუქციონზე საწყისი ფასი მაშინ 1,3 მილიონი ლარი იყო]. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე დარეგისტრირდა.
2018 წელს კი, სამინისტრომ „მწვანე ხეივანთან“ ხელშეკრულება გააუქმა და ეს ტერიტორია შემდეგ იჯარით „ორბი ჯგუფ ბათუმს“ გადასცა.
ამ შეწყვეტილი ხელშეკრულების მიხედვით, სასპორტო სკოლის გვერდით 130 [±7] მეტრი სიმაღლის მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშენებულიყო. კომპლექსი მოიცავდა:
სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
საცხოვრებელ აპარტამენტებს;
არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;
საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს;
საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.
აღნიშნულ პროექტში ინვესტორს არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
დღეს დასრულებული აუქციონის პირობის მიხედვით, „ორბიმ“ სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ეს შენობა სარგებლობაში.
შენობის დემონტაჟს „ორბი“, აჭარის მთავრობის თანხმობით, მას შემდეგ შეძლებს, რაც დასრულდება ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვა და ის ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადაეცემა სარგებლობაში.
პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობით “ბე“-ს გამოკლებით) „ორბი“ გადაიხდის შემდეგნაირად:
2020 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 5 %-ს;
2021 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 25 %-ს;
2022 წლის 30 ივნისამდე – დარჩენილ საფასურს სრულად.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია.
„მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, – გვითხრა ნუკრი დეკანაძემ. აპარატის უფროსმა განმარტებისას თვითმმართველობის კოდექსსა და საბჭოს დებულებაზე მიუთითა.
არჩილ ჩიქოვანის [მოვალეობის შემსრულებელი] ბრძანების მიხედვით, საბჭო 2018 წლის 5 თებერვალს ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს. ამ ბრძანების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა.
ლაშა კომახიძეს, რომელიც 16 ივლისს გადადგა [„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას გადადგომა აიძულეს], უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა. შესაბამისად, ბუნდოვანია არჩილ ჩიქოვანს თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ვადით უნდა ეხელმძღვანელა, თუ კონკრეტული გადამდგარი მერის – ლაშა კომახიძის უფლებამოსილების ვადით.
გუშინ, 22 ივლისს ანუ ამ ბრძანების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, საბჭოსგან რეკომენდაციები მიიღო. საბჭო მერის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქში არსებულ რიგ პრობლემებზე ატყობინებდა და საკითხის შესწავლას სთხოვდა.
დათხოვნილი საბჭო აპირებს მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საბჭოს წევრებმა დაუდასტურეს.
მერის მრჩეველთა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იყო დაკომპლექტებული. ამ საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ არჩილ ჩიქოვანი კრიტიკულად განწყობილი საბჭოს ნაცვლად, მის მიმართ კეთილგანწყობილი საბჭოს შეკრებას აპირებს.
დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ.
“ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა მიმართულებით კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამინების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს “ოცნების” აქტიური წევრები იყვნენ.
დღეს ჩვენ გვიერთდება ჯამბულ ხოზრევანიძე, გუშინდელ დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე “ლელოს” აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის დასავლური კურსი იქნას შენარჩუნებული და გავაგრძელებთ ქვეყნის აღორძინებას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ლელოს” ახალი გუნდის წევრი ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის იმედია დაბრუნებას აქტიურად შეეცდება.
“2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც მაგალითისთვის ვიტყვი და აჭარას ამუხრუჭებენ.
მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ “ლელოსთან” ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ,”- განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.
ჯამბულ ხოზრევანიძის “ლელოს” რიგებში გაწევრიანებას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.
“დღეს “ლელოს” გუნდი ძლიერდება მებრძოლი ადამიანით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნის დროს აფიქსირებდა თავის ღირსეულ პოზიციას. მაშინ, როდესაც საჭირო იყო ბრძოლა ქუჩაში თუ აუდიტორიაში, ის იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ამ ადამიანს ვხედავთ “ლელოს” ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად და დასაყრდენად აჭარაში. ჩვენი მიზანია, დაფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის,”- ირაკლი კუპრაძე.
Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა შექმნა rent.myhome.ge, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება მარტივად იპოვონ ერთმანეთი.
ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი.
მასპინძლები შეძლებენ სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით.
განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის მარტივად სამართავად პლატფორმაში ინტეგრირებულია სპეციალური კალენდარი. Ამასთანავე შესაძლებელი იქნება აირჩიონ გადახდის ფორმა: ონლაინ გადახდა თუ ადგილზე ანგარიშსწორება. პლატფორმით სარგებლობა ნოემბრამდე საკომისიოს გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.
განთავსებული შეთავაზებები გამოჩნდება Myhome-ის დღიურად გაქირავების მოდულში, სადაც 2019-წლის ზაფხულში 125,000-მა უნიკალურმა მომხმარებელმა მოძებმა სასურველი საკურორტო ქონება.
„ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სრულყოფილი პლატფორმა ქართული უძრავი ქონების გაქირავებისთვის, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს. rent.myhome.ge დაეხმარება შიდა ტურიზმსა და ადგილობრივი სერვისების განვითარებას”- მადონა კაჭკაჭაშვილი Myhome-ის Product Owner.
პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა.
ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.
იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – ბრაზილიაში და 45 586 – დიდ ბრიტანეთში.
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 3 970 908 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 227 514 ინფიცირებული და ინდოეთი – 1 238 798 ინფიცირებული.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 8 656 734 ადამიანი.
ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული.
გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში 1 538 კუბ/მ ბეტონის საფარი უნდა დააგოს გზების პრობლემურ მონაკვეთებში.
„თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე… შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
140 ათას 300 ლარით გამოაცხადა ტენდერი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ქალაქში არაასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:
არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით – ჯამში 90 000 კვ/მ;
არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უვარგისი გრუნტის ამოღება და ბუნებრივი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსება (დატკეპნით) – 240 კუბ/მ.
გამარჯვებულმა „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ მითითებული ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს არაასფალტირებულ ქუჩებზე ორმოების კიდეების გაფხვიერების და დამუშავების სამუშაოები; მოახდინოს ბალასტით ორმოების შევსება, გასწორება-დატკეპნა, საჭიროების შემთხვევაში ზემოდან ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოსწორება“.
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოდის გზები, რომლებიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ასეთია, მაგალითად, ანგისა-ახალციხის გზის მონაკვეთი – ფრიდონ ხალვაშის გამზირი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარასა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დამთავრდება.
ტენდერში გამარჯვებულმა გზების დეპარტამენტის წერილობითი დავალების შესაბამისად, აჭარასა და გურიაში გზები ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა შეაკეთოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება [სამუშაოების ჩამონათვალი და მათი ღირებულებების ჯამი] არის 37 201 ლარი, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა – 20 მილიონი ლარი.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 2020 წლის ივლისი /
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში ჩაერთვება.
ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 23 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კონტრაქტი დაიდება და სამუშაოები დაიწყება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია ე.წ. „ოფენ ნეტის“ პროექტზე, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით, ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია და საქმე ეხება ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის გაყვანას მთელ საქართველოში, რაც მოიცავს ათასობით დასახლებულ პუნქტს“.
ნათია თურნავას განცხადებით, თავდაპირველად საპილოტე პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში:
„უახლოეს თვეებში დაიწყება სამუშაოები, ხოლო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს კიდევაც. საქმე პირველ ეტაპზე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 49 დასახლებულ პუნქტს, ეს არის 8 500 ოჯახზე მეტი, ვინც მიიღებს რამოდენიმე თვის განმავლობაში მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. პროექტი გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც“.
თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, ბიზნესისთვის, დისტანციური მუშაობისთვის და ა.შ.
თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა.
თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19.
პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის უცნობია, როდის შეიძლება გახსნას საქართველომ თურქეთთან საზღვარი.
დღეს, 23 ივლისს, საქართველოში covid19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, სამის წყარო უცნობია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 23 ივლისის მდგომარეობით 1085-მდეა გაზრდილი, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა – 16.