მთავარი,სიახლეები

რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

23.07.2020 • 2136
რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა.

ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ გაწევრიანებაზე განაცხადა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის განმარტებით კი, ჯამბულ ხოზრევანიძე „აცდენილი იყო გუნდის ხედვებს“ და მასთან სტრატეგიულ-პრინციპულ გადაწყვეტილებებზე ვერ თანხმდებოდნენ.

„როდესაც ადამიანი საჯარო სამსახურშია, ის უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს საჯარო ფუნქციების განხორციელებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. ის, რომ რეალურად აცდენილი იყო და საჯარო სამსახურის რესურსებს იყენებდა პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ეს დღეს უკვე გამოჩნდა. მით უმეტეს სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სკრუპულოზური გადაწყვეტილებები, პლუს ამას სკრუპულოზური ხედვა თავიდან ბოლომდე იმ აქტივობებში, რასაც ვახორციელებთ. იქ სანერგეებია, მავნებლებთან ბრძოლაა, სხვადასხვა ტიპის სეზონებია – თხილის იქნება, ციტრუსის თუ სხვა, პოლიტიკური მიზნებით მანიპულირება საჯარო სამსახურში ჩემთვის მიუღებელია. საბოლოოდ გუნდი შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ის ხედვა, რომელიც ჩვენ გუნდს გვქონდა და ამას ჯამბულ ხოზრევანიძე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ვერანაირად ვერ ემთხვეოდა ჩვენი ხედვები. კონკრეტული მიზეზების ჩამოთვლა, როდის რა იყო, სწორად არ მიმაჩნია“, – განმარტა ტიტე აროშიძემ.

მინისტრს ვკითხეთ, რას ფიქრობს მინისტრების ჩართულობაზე სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიზიტებზე პარტიის ოფისში წინასაარჩევნოდ. ამ კითხვის პასუხად ტიტე აროშიძემ გვითხრა, რომ „ეს ხდება მხოლოდ არასამუშაო საათებში ან უქმეებზე“ და ეს საჯარო უწყებებში მკაცრად გაკონტროლებულია:

„ამაზე ძალიან მკაცრად ვთხოვ მე აქ სხვებსაც პასუხს. აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მისი [ჯამბულ ხოზრევანიძის] პოლიტიკური ხედვები არ ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს. ზოგადად, არასწორ, მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებდა, რაც არ შეესაბამებოდა არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც ჩვენი გუნდის პრინციპულ ხედვებს. მინისტრის მოადგილე, რომელიც სამუშაო პერიოდში ახდენს გასვლას მოსახლეობაში და ამას იყენებს იმისთვის, რომ აგიტაცია გასწიოს პირობითად, „ლელოს“ კამპანიაზე, ეს უკვე ჩემთვის მიუღებელია. როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვს და საუბრობ „ლელოს“ ამოცანებსა და პროგრამებზე, რაც დადასტურდა და დამალულიც არ არის – დღეს უკვე მან დაადასტურა თავისი ეს ხედვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოადგილე როდესაც იყენებს საჯარო სამსახურის რესურსს – ეს არის სამუშაო დრო, სამსახურის ავტომანქანა, ის საქმეს უნდა აკეთებდეს და ორიენტირებული იყოს სოფლის მეურნეობაზე“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გაათავისუფლა თანამდებობიდან. აქ გაეცანით, რას ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე მის გათავისუფლებაზე.

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: