მთავარი,სიახლეები

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

23.07.2020 • 1277
რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

არ ვიცი, არ უთქვამთ. ჯობია მათ ჰკითხოთ ამის შესახებ. მე თვითონაც ველოდები, რომ გავიგო რა არის მიზეზი.

  • ამის მიზეზი ხომ არ გახდა თქვენი „ლელოსთან“ კავშირი?

რა თქმა უნდა არა. მოდით ასე ვთქვათ – ჩემი ლელოსთან კავშირი იყო დღეს და არა გუშინ, ეს მე გადაწყვეტილი არ მქონდა. ყველამ რომ იცოდეს, ალბათ გახსოვთ 2016 წელს მე ღიად განვაცხადე ჩემი დამოკიდებულების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა ხელისუფლებას ემორჩილებოდა მონურად, ყველაფერს ასრულებდნენ უსიტყვოდ და შემდეგ გადმოპორტირდენ „ქართულ ოცნებაში“.

ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. მე, რომელმაც დავტოვე პოსტი და ვიბრძოლე, 2012 წლამდე ყველა წნეხი გადავიტანე, დამიჭირეს, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს 2008 წელს. მაშინ ეს ადამიანები მოსკუპულები იყვნენ იქ და ტაშს უკრავდნენ, რა ლამაზი და კარგი რეჟიმიაო. რომ გვიჭერდნენ და „უპრაგონოდ“ გვაჯარიმებდნენ, მაშინ არ ამოუღია ხმა ამ ხალხს. დღემდე მე კიდევ მქონდა იმედი… არამხოლოდ მე – მათ, ვინც 26 მაისს, 7 ნოემბერს მონაწილეობდა აქციებში, ყველგან ვიყავი და დღესაც მაქვს ნაიარევი. ისინი ამ დროს წამოსკუპულები იყვნენ კაბინეტებში და ზემოდან დაგვყურებდენ.

2012 წლის ბეშუმის ინციდენტი გახსოვთ ალბათ – ყველაფერი სახეზეა. რამდენი ჩამოვთვალო? – მე მქონდა შეხვედრა პარტიულ ხელმძღვანელობასთან, ეს ყველამ იცოდა, მათ შორის ჩემმა მინისტრმაც, მე მათ მიმართ რა დამოკიდებულებაც მქონდა.

  • ანუ თქვენ აპროტესტებდით წინა ხელისუფლების კადრების „ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ ხომ 2017 წლიდან მინისტრის მოადგილე ხართ?

რა თქმა უნდა. 9 წელი „ნაცების“ დროს და 8 წელი ჩვენ დროს, ზემო აჭარაში თუ ერთი გამორჩეული ადამიანი ვერ ვნახეთ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

  • ანზორ ბოლქვაძეს გულისხმობთ?

დიახ, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ანზორ ბოლქვაძე, ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის, ყველა იყო გაოცებული მისი დასახელებით. დანარჩენს, თუ რატომ გამათავისუფლეს, ამაზე პასუხს მე თავადაც ველოდები. მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვფიქრობ, რომ ვიყავი მინისტრის წარმატებული მოადგილე. ამის ბევრი ფაქტი არსებობს, 2019 წელს მათ შორის ენჯეოებმა მაღიარეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოხელე. ახლა თუ რაღაცის მიბმა უნდათ, მე ეგ არ მაინტერესებს. სხვა რაიმე კონფლიქტი არ მქონია. შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც გათავისუფლებაზე არ გეუბნებიან პირველი პირები და გეუბნება შუამავალი. მე ეს არ დამიმსახურებია, ვემსახურებოდი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას.

  • თქვენ გაღიზიანებთ ანზორ ბოლქვაძის კიდევ ერთხელ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება, იმის მიუხედავად, რომ ის „ოცნების“ დეპუტატია მთელი ეს წლები? 

თავიდან დავიწყო? – მე მაგას ვაპროტესტებდი 2014 წელსაც, როცა ამირჩიეს [ხულოს] საკრებულოს თავმჯდომარედ. არავითარი კონტაქტი მაგ ადამიანთან არ მქონდა. უბრალოდ, მე, როგორც კარგ ოჯახში აღზრდილი, მას არასდროს ვეკამათებოდი ქუჩაში, რადგანაც იყო „ქართული ოცნების“ რაღაც ჯგუფის წევრი. 2016 წელს ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2016 წლიდან – 2020 წლამდე ყველამ იცოდა, რომ ჩვენ გვინდოდა სამართლიანობის აღდგენა, კითხვას ვსვამ – თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ შეიძლება ანზორ ბოლქვაძის შემობრუნება, რატომ არ შეიძლება სხვა „ნაცების“ შემობრუნება? – მოვიყვანოთ მაშინ ისინიც. პიროვნულად ბატონი ანზორის არაფერი მაინტერესებს, პოლიტიკურად ის არის ჩემთვის მიუღებელი. პიროვნულად კარგი კაცია, კარგი ოჯახი აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს. კაცი, რომელიც გუშინ სააკაშვილს აღმერთებდა, „ქართულ ოცნებას“ ქვებს ესროდა… ლოგიკა სად არის?

  • ამბობთ, რომ თქვენი ამას ღიად აფიქსირებდით და ამის გამო დაგატოვებინეს თანამდებობა? 

სხვათა შორის, არ ვაფიქსირებდი არასდროს ღიად. გუნდის წევრებს შორის ვაფიქსირებდი ყველა დონეზე.

  • მითხარით თქვენს თანხვედრაზე „ლელოსთან“?

ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, გვქონდა ერთი ფასეულობები, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იქ არის. როგორ ფიქრობთ, მე მეგობრებისა და თანამოაზრეების გარეშე მივიღებდი გადაწყვეტილებას? – ძალიან დიდ ხანს ჩვენ ვმსჯელობდით ამაზე, მაგრამ ოფიციალურად ვერავინ დაგიდასტურებთ იმას, რომ მე ეს გუნდის გარეთ გავიტანე. როგორც ჩანს, მათთვის უფრო ღირებული ის ადამიანია. მე არ ვარ კომფრომისტი, ვერ ჩავღუნავ თავს იმიტომ, რომ სკამი მაქვს. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც ახლა არ უნდა ვთქვა. არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს გათავისუფლებას ჩემს გადაწყვეტილებასთან, ეს შეგიძლიათ ჩემს ხელმძღვანელს ჰკითხოთ.

  • თქვენ უშვებდით, რომ „ლელოში“ წახვიდოდით და თანამდებობაზეც დარჩებოდით? 

ჩემი „ლელოში“ წასვლის მიზეზი არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები – ისევ ძველი სახეები გუნდში, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში.

  • მაგრამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება  თქვენ ხომ არ მიგიღიათ?

ეს სხვა თემაა, ეს მათ ჰკითხეთ, მე ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ველოდები გავიგო, რა უწერიათ ბრძანებაში, მაინტერესებს. გასაღები დავტოვე მანქანაზე და წავედი თბილისში ოჯახთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: