ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

15.07.2020 •
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება], რაშიც 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც სამინისტრო აუქციონზე ყიდის, ამ ეტაპზე კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“ იჯარით აქვს აღებული. „ორბი“ ამ ტერიტორიას ცათამბჯენების მშენებლობისთვის იყენებს [დასაწყობებული აქვს სამშენებლო მასალები, ამუშავებს ბეტონის ქარხანას].

ბათუმი, გასაყიდი ტერიტორია სასპორტო სკოლასთან / ფოტო აუქციონიდან

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 23 ივლისს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას უსასყიდლო  გადასცეს ეს შენობა სარგებლობაში.

შენობის დემონტაჟის უფლება კი მყიდველს ექნება აჭარის  მთავრობის თანხმობით ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვისა და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისთვის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ.

ბათუმი, გასაყიდი ტერიტორია სასპორტო სკოლასთან / ფოტო აუქციონიდან

ნახეთ აუქციონის პირობები სრულად:

[checklist]

  • „საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობით “ბე“-ს გამოკლებით) გადახდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად:
    2020 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 5 %-ის გადახდა;
    2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25 %-ის გადახდა;
    2022 წლის 30 ივნისამდე დარჩენილი საფასურის გადახდა;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 190 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • მყიდველია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით აღნიშნული ტერიტორიისთვის (ზონა) დაშვებული შენობის/ნაგებობის (მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება;
  • მყიდველი ვალდებულია პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარის ინვესტიცია;
  • მყიდველი ვალდებულია სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 10 (ათი) წელი შეინარჩუნოს სასტუმროს პროფილი;
  • მყიდველი ვალდებულია, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართის ცალკე საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია და მხოლოდ აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე პროფილის შენარჩუნების ვალდებულების გავრცელება;
  • მყიდველი ვალდებულია, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისას უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს მიწის ნაკვეთზე არსებული/განთავსებული შენობა-ნაგებობები.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, მყიდველს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა/ნაგებობის დემონტაჟის უფლება ექნება ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვისა და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისთვის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ“.

[/checklist]

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვრა: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონში ვაჭრობის ბიჯი 500 000 ლარია.

სასპორტო სკოლის და იმ ნაკვეთის მიმდებარედ, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება, „ორბი ჯგუფი ბათუმს“ ორი ცათამბჯენი უკვე აშენებული აქვს და მესამესაც აშენებს. როგორც ბათუმის მერიაში 2019 წელს გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან.

„ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. ეს მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] ადრე კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს 28 945 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

აუქციონზე გატანილ ტერიტორიას, ნიადაგს, „ორბი“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იკვლევდა. როგორც მაშინ „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს სამუშაოები არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, ამიტომ „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/217189/

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სასპორტო სკოლა [მარჯვნივ] /2019 წ. / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: