მთავარი,სიახლეები

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

13.07.2020 • 3223
200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას – 200 და 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

მთავრობის ახალი დადგენილებით:

[checklist]

  • კომპენსაციას – 200 ლარი – მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის აპრილამდე ბოლო ხელფასი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მანამდე, 2019 წლის ივლისიდან, უფიქსირდებათ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც;
  • ხოლო კომპენსაციას – 300 ლარი – ასევე მიიღებენ ის ინდმეწარმეები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებიც, რომლებსაც წლიური დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების [2020 წლის 21 მაისის] შემდეგ წარადგინეს.

[/checklist]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

„დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან“.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ არ გაიცა კომპენსაცია იმ პირებზე, რომელთა მონაცემებიც კერძო კომპანიამ გადააგზავნა საკომპენსაციოდ, მაგრამ მათ დაუდასტურდათ ხელფასის მიღება საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც.

ამიტომ, თუ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდში დასაქმებულს ბოლო ხელფასი მიღებული აქვს კერძო კომპანიისგან, ის მიიღებს კომპენსაციას მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მას [ამ ხელფასის მიღებამდე] აღნიშნულ პერიოდში, ხელფასი მიღებული ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც.

შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, რომ ასეთი დასაქმებულების შესახებ დამქირავებლის მიერ უკვე წარდგენილია ინფორმაცია, სამსახური გადაამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული კომპენსაციის გაცემის პირობას, შეადგენს შესაბამის სიას და მას გადასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

„დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, კომპენსაცია ასეთ პირებზე გაიცემოდა, თუ მათ დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე [ამასთან, 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტი უნდა იყოს].

ახალი ცვლილებით კი, კომპენსაციას ის პირებიც მიიღებენ, რომლებმაც დეკლარაცია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების [21 მაისის] შემდეგ წარადგინეს. შესაბამისად, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ [შემოსავლების] სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

დადგენილი წესით, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე.

საქართველოში თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია პირველ ივლისს დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა, ეს ჯერ [13 ივლისისთვის] მთავრობის დადგენილებაში ასახული არ არის.

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ“ განაცხადა 9 ივლისს პრემიერმა გახარიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: